THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წათე და უხილავი მეგობარი

ირმა ხურცია

თოვდა. ზეცა ოცნენებს მიწაზე ფანტავდა. პატარა წატემ დიდი სარკლიდან პატარა ხელი გადაყო და ერთი ოცნება დაიჭირა. იცით, რაზე ოცნებობდა ზეცა? რომ მიწაზე ყოველი ბავშვი ძალიან, ძალიან ბედნიერი ყოფილიყო. ამიტომ თითოეულ მათგანს უხილავ მეგობარს უგზავნიდა.წათეს თავისი ოცნება, ნატვრაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მამამ სახლში ბუხარი გააკეთებინა, პატარა ბიჭი თოვლს ნატრობდა. ახლა კი, ამ თოვლიან საღამოს, იმ მობრდღვიალე ცეცხლის პირას იჯდა და თავის უხილავ მეგობარზე ფიქრობდა. თუმცა ვერ ხედავდა, იცოდა, რომ მის გვერდით იყო და არც არასდროს მიატოვებდა. ეს ფიქრი წარეს გულს უჩქროლებდა და სხეულკს უცვეულო სიტბითო უვსებდა. ატბობდა ცეცხლის ბრიალა ალიც. თვალებს უცრემლებდა, მაგრამ მაინც დაჟინებით უმზერდა. წათეს მოაგონდა, დილით დედას რომ ეუბნებოდა მეზობელი ქალი. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლსი ცქერა მხედველობას ავითარებს, ორგანიზმს აკაჟებს, ნერვებს ამშვიდებსო. მერე ისიც გაახსენდა პატარა ძამიკომ რომ უთხრა დედას, ძილის წინ ბუხარი Yჩაკეტე, თოვლის ბაბუა არ ჩამოვიდესო. არა და, ქრისტეშობის დღესასწაული დგებოდა, შობის ღამეს კი ყოველი პატარა ელოდება თოვლის პაპას. წათემ წარმოიდგინა, თითქოს დახურული ბუხრის საკვამლე მილში ზის თოვლის პაპა და აკაკუნებს. უეცრად მართლა გაისმა კაკუნი, მერე ტკაცუნი, შემდეგ ღრიალი და ბუხრიდან უზარმაზარი მწვანე ცხოველი გამოვარდა. პირიდან ცეცხლს აფქრვევდა. წათე სკამიდან წამოხტა, ვიღაცამ მას (ალბათ, უხილავმა მეგობარმა) შუბი მიაწოდა. ბიჭმაც სწრაფად მოიქნია და საზარელ მხეცს აძგერა. განგმირული ბოროტი არსება საკუთარ ცეცხლში ჩაიფერფლა. ბიჭმა უხილავ მეგობარს მადლობა გადაუხადა.
ამასობაში ხმაურზე საწოლი ოთახიდან დედა და წათეს და-ძმები გამოცვივდნენ.
_ რა ხმაურია? _ იკითხა დედამ და იქვე დაგდებული შამფური აიღო _ ეს რა გითამაშია, ნაკვერჩხალი იატაკზე გადმოგიყრია, ასე ხანძარი გაჩნდება.
_ წია, წია, _ დაუძახა ძმას პატარა დაიკომ, რომელსაც უფროსი ძმის ქოშებში ჩაეყო მსუქანი შიშველი ფეხები და საღამურის ამარა კარებში იდგა. ის წათეს წიას ეძახდა. დანარჩენებსაც ასე დაუმოკლა სახელები: თია,ნია, გია, აია. საკუთარ თავზე კი _ მია ვარო, ამბობდა.
წათემ ხელი ჩაკიდა პატარას და ვიდრე ოთახიდან გავიდოდა, მწვანე ბუხარს გახედა. კიდევ კარგი, მია არ შეაშინა იმ საზარელმა მწვანე მხეცმაო _ გაიფიქრა. დას კი უთხრა:
_ წამოდი, მია, შენი ძილის დროა.
პატარა მიას მალე ჩაეძინა, უფროსები კი დიდ სამზადისში იყვნენ. ქრისტე
შობის დღესასწაული, ხომ ყველა ბავშვს უყვარს. აიამ კი კვლავ შეახსენა დედას, ძილის წინ ბუხრის ჩაკეტვა არ დაგავიწყდესო.
_ რატომ არ გინდა ბუხრიდან თოვლის პაპა ჩამოვიდეს? _ გაუკვირდა დედას.
_ მე ისეთი თოვლის პაპა მინდა მამიკოსნაირი ყაბალახი რომ ექნება მოხვეული თავზე.
_ მერედა ვინ გითხრა, რომ არ ექნება?
_ მე ვუთხარი _ აბუზღუნდა თია _ იქნებ, სულაც, ისეთი თოვლის პაპა მოვიდა, ტელევიზორში რომ აჩვენებენ, ბურთიანი ქუდით. _ გულში კი გაიფიქრა, საერთოდ არ არსებობს თოვლის ბაბუაო.
ამასობაში 12 საათიც შესრულდა.
”ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო" _ წამოიწყო წათეს ბებია ქეთუსიმ. გალობას ბავშვებიც აყვნენ. დედა ბედნიერი სახით შესცქეროდა შვილებს .მამა ლიტონიობაზე იყო. გარეთ თოვლიანი თეთრი Gღამე იდგა. ისმოდა სადღესასწაულო ზარების რეკვის ხმა. ღია სარკმლის რაფაზე მოციმციმე თაფლის სანთელი წათეს უჩვეულო განცდით იპყრობდა: ფიქრობდა, მიწა დედაა ადამიანებისთვის, ზეცა _ მამაო. ციდან კი ამ დროს მიწაზე ისე უხვად მოდიოდა თოვლის ფანტელი, როგორც ბეთლემის ღამეს წყალობა.
იძინებდა პატარა წათე.
მას ამაღამ ყველაზე ლამაზი სიზმარი დაესიზმრება და ისიც მოაგონდება, რომ ის საზარელი მხეცი გველეშაპია და ადრეც უნახავს. სად? სად და წმინდა გიორგის ხატზე.