THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თაია

ნინო სადღობელაშვილი

თაიამ იცის-თოვლი მერცხალია, რომელიც ბუდეს ნაძვზე იკეთებს... ამიტომ, თოვლი პირველად იქ მოდის, სადაც ნაძვია, ნაძვის გარეშე არაფერიც არ მოვა..
თაია კი იმ სოფელში ცხოვრობს, რომელიც ნაძვის ტყის ძირში მატყლივით ჩაფენილა.. სულ ასე იყო-გაიწვდენდი მზერას და, მწვანე, ფუმფულა ნაძვები გეგებებოდნენ, ხასხასა ტოტებიდან მტვერივით იცვენდნენ ფიჭისსუნიან ჰაერს და თაიასკენ უბერავდნენ სულს.
ახლა თაია თვალებს ხუჭავს, რომ იმ ტყისკენ აღარ გაიხედოს. ნეტა იმ თვალის დახუჭვაც შეიძლებოდეს, გარეთ კი არა, გულში რომაა, მარტო გადამწვარი ნაძვები კი არა, ის ფიქრებიც რომ აღარ დაინახოს, ის ჩხვლეტია, გულისხელა დარდი, რომელიც დიდი თვითმფრინავების ხმით მოვიდა და სწორედ ამ გულში ჩამოყარა ცეცხლიანი ცრემლები..
სადღაა ნაძვის ტყის ბუდე, ცეცხლმა ჩაბუგა და ჩაანახშირა..
არა, არ გაიხედავს იმ ტყისკენ თაია, მაგრამ რა ქნას, როცა რაღაც ეჭვი აეკვიატა და არ ასვენებს, ყველგან თან დაყვება: გადავა ეზოდან-გადაყვება ეჭვიც, შეიფუზება საბანში-ისაც ეგრე.. პატარაა თაია, ჯერაც გადაყვლეფილი მუხლისთავები აქვს და თევზივით სლიპინა მზერა, მაგრამ მაინც დიდივით გრძნობს-ეს ეჭვი ზრდის, პურის და თაფლის მაგივრობას უწევს, ზრდის და ვინ იცის, როგორად გაზრდის, ვეღარ ერევა!..
თავის ოთახში ზის თაია და, ღამდება. ორი ღამის მერე შობა მოვა. შობა ყველაზე მეტად უყვარს თაიას და ახლა კიდევ უფრო სტკივა გული-რაღაც უცნაურად გაზრდილი რომ უნდა დახვდეს.. ბუმბულივით მჩატე და ტკბილი კი აღარა, პირიქით, დიდი ეჭვით გულავსებული.
ფანჯრიდან მუჭისსისხო ვარსკვლავები მოჩანს, გულაბი მსხლებივით ასხია ზეცას. ყვითელი, მსუყე სინათლე გასდით.
ოთახში მამა შემოდის. თაია ასცქერის მას და ხედავს-მამა ისე დაუძალებლად იღიმება, ისე ძალიან მართლა იღიმება, რომ გული გაგისკდება ამ ღიმილის მონატრულ კაცს!...მარცხენა ხელით ხურავს კარს, მარცხენა ხელით იჩოჩებს სკამს თაიასკენ, წინ უჯდება, მარცხენათი უწევს შუბლიდან შეოფლილ თმას, რადგან მარჯვენა ხელი აღარა აქვს მამას. იმ ომში იყო, სადაც თაიას თვალწინ ცეცხლიანი ცრემლები სცვიოდა თვითმფრინავებს.
ერთი ცრემლი მასაც დაეცა და სწორედ ის მკლავი ჩამოათალა, რომლითაც მამა საღამოობით, თეთრ ფურცელზე ლექსებს ჩორკნიდა..
და, აგე, რამდენი თვეა მამას აღარ გაუღიმია, თაიაზე უფრო ჩუმად და განმარტოებით დაიარებოდა და ახლა კი, რა უცნაურია, რომ მამა თვითონ შემოვიდა გოგოს ოთახში, ჩამოუჯდა წინ და გულისჯიბიდან ამოღებული, გაცრეცილი ქაღალდი გახსნა.
- თაია, ნახე!
გოგოს თვალები უნათდება, ქაღალდს დასცქერის.
- რაა, მამა?
- სხვენში ვიქექებოდი. იქ ვიპოვე, ბებოს ჩანთაში.
მამა ქაღალდს ცალი ხელით ასწორებს. სტრიქონებს შუქი ალმაცერად დასდის და ისედაც ძველ იერზე ფოლიანტის არშიასავით ექარგება.
მამა ხმამაღლა კითხულობს:
- “..ძვირფასო თ..
შენ არცკი იცი, რა სიმწვანე ჩაუდგა მთებს ჩემი ფანჯრების იქით. არც ის იცი, რა სურნელი დგას ახლა ჩემს ეზოში-ახალმოსული ბალახის და ვაშლის ყვავილის! ასეთი რამ არასდროს განმიცდია-მინდა გავიდე და დავკოცნო ყოველი ახალი ფოთოლი, რომელიც დილაობით ტოტებზე მხვდება, დაბადება მივულოცო და დიდი, გემრიელი სიცოცხლე ვუსურვო!.. მინდა, ბავშვებივით ავიტაცო ისინი ჰაერში და ჩემი ეზოდან შენ დაგანახო, შენამდე ავზიდო!..
დიახ, მე და შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ და გავმრავლდეთ, როგორც ეს ფოთლები და, ვარსკვლავები მათ თავზე!
გული რამ დაგიფრთხო ბეღურა-ჩიტო? გეგონა, აღარასდროს მოგწერდი? გეგონა, ძალა არ მეყოფოდა შენი სიყვარულისთვის? სულელო, თუკი ჩემს პაპებს და პაპისპაპებს რამე ბრძოლა გადაუხდიათ, დევებს და კლდეებს, აფთრებს და ალქაჯებს შეჭიდებიან, ეს სულ იმიტომ, რომ ჩემ სისხლს ჩემამდე ევლო და, მერე ამ სისხლით შენ შემყვარებოდი.. ბალახის ღერზე ვდგავარ და ათასი მთის სიმაღლიდან გეძახი, ბეღურა-ჩიტო! შენგამო ვიმარჯვებდით, შენგამო ვეცემოდით დაღლილებიც და დაქანცულებიც, შენგამო მოვდიოდით ასე დიდხანს და, რა გაუვალი გზა იყო!
ხვალ მოვალ და მუჭით ჩემი ეზოს წყაროსწყალს მოგიტან. მერე კი მოგიჯდები გვერდში, ჩავიდებ ხელში შენ პატარა თათს და, სამუდამოდ დაგარწმუნებ იმაში, რომ მე და შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ!
ძვირფასო თ.. გაზაფხულს გილოცავ!..”
მამა კეცავს ფურცელს და თაიას კალთაში უდებს.
- ესაც ჩემი საშობაო საჩუქარი!-თავზე კოცნის და მარცხენა ხელით თაიას მოცახცახე მუხლებს ეფერება.
ფანჯრიდან დაშვებული ვარსკვლავების ფარდა შრიალებს, შრიალებს და თაია ძალიანგუმანით გრძნობს-გულში ნაძვი როგორ ამოსდის. ყველა დარდის და ეჭვის გამქარვებელი, თაიას გულის ნაძვი, რომელსაც შობაღამეს უხვად დაათოვს..