THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ემზარ კვიტაიშვილი


ახალი წელი ტყეში
ღამით, ახალ წელიწადს,
თორმეტი რომ გახდება,
ნეტავ ყველას განახათ –
კოჯრის ტყეში რა ხდება.
გამორბიან ქოხიდან –
მარდნი, თმახუჭუჭები
და ნაძვის ხეს ტანმაღალს
ეხვევიან ჯუჯები.
ათასფერად მოქარგულ
ტოტებს რა არ ჰკიდია;
იქით – ოქროს თევზია,
აქეთ – ვერცხლის ჩიტია.
გოჭის გვერდით ნაცარა
დასკუპულა ბაჭია;
ენას უყოფს ყურცქვიტას
მაიმუნი პრანჭია.
იქვე კონწიალობენ
ციცქნა დათვის ბელები,
ჩაუბღუჯავთ თათებში
ნუგები, ჩურჩხელები…
კენწეროზე ფაფუკი
კუდით ჩამოკიდული,
ციყვი გახლავთ ნამდვილი,
არ გეგონოთ ფიტული.
აცეკვებულ ფანტელებს
შეჰხარიან ჯუჯები
ხავსისგან მოქსოვილი
აცვიათ ფაჩუჩები.
ხტიან, კოტრიალობენ
იმ ნაძვის ხის გარშემო,
რა ამბავში არიან,
შეგახედათ, ბავშვებო.
თქვენ გლოცავენ: იხარეთ,
ჩვენი მთით და ბარითო,
ასეთ ახალ წელიწადს
მრავალს დაესწარითო!