THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჩიკი-ჩიკი

მაკა მიქელაძე



ჩიკი-ჩიკი- ჩხიკი-ჩხაკ,
პაპა ჩორკნის ჩიჩილაკს,
რაკ-რაკ, ტაკ-ტუკ, რაკი-რაკ,
_ ბებო რას ჭრიის? _ გოზინაყს.
_ ახალ თოვლზე, სუფთას,
დედა რას შლის? _ სუფრას.


ალაგებს და ალაგებს
ნაირ-ნაირს ნუგბარს,
_ რა გვაკლია? _ ჩიტის რძე
მამა ამბობს: – ვიყიდე.
_ მე დავანთებ სანთლებს,
სახლი ათინათდეს.
უხ-უხ-უხ, რა არი?!
მხიარულობს ბუხარი!
მივუცუცქდი ჩურჩხელებს,
სანამ დროა, უშველეთ.
ტკბილი კვერი, ქადა,
არ ვემდურით მადას.
ჩირიმ-ჩირიმ-ჩირიმ,
ჩამიჩი და ჩირი.

წკირიმ-წკარუნ-წკარე,
ვაწკრიალებთ ზარებს.
ჭიქებს გვივსებს მე და შენ
მაჭარი და ზედაშე.
თოვლს მოკვალავს მეკვლე
საბა, მათე, თეკლე,
გამოაღეთ კარი
სურვილების ზღვარი,
_ აქ რას ეძებ? ნაზუქებს,
თოვლის პაპის საჩუქრებს.
პაპა, პაპებს არ მეტყვი,
თოვლის პაპა რას ჩუქნის?
_ წელს მაჩუქა ჩუბუხი,
პაჭიჭებიც ფაფუკი,
მე მაჩუქეს წიგნი,
და თოჯინა დიდი.
მე – ნაქსოვი კაბა,
_ მეც მაჩვენე, სად გაქვს?
მყავს ახალი ცხენი,
მოსართავი შვენის.
მერე რა რომ ხისაა?
ცხრა მთას გადიჭენებს.
თეკლა, საბა, მათე,
გარეთ თეთრად ბარდნის.
გარეთ გადით, გარეთ,
ვერცხლი ფარავს მთვარეს.
ვარსკვლავების ციმციმით,
ცაზე შობა იცინის.