THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფარვანა

მანანა მაჩაბელი
ვუძღვნი რუსიკო და გურამ ხუჭუებს


ერთ შორეულ, მაღალი მთებით შემორკალულ პატარა სოფელში ბებია და შვილიშვილი ცხოვრობდა. პატარას არც დედა ჰყავდა და არც მამა. ორივე საშინელმა, ულმობელმა სენმა გადაიყოლა ისევე, როგორც სოფლის არაერთი ბინადარი. დაცარიელდა სოფელი. სულ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანიღა გადარჩა. არემარეს აღარ აცოცხლებდა ბალღების მხიარული ჟივილ-ხივილი. აღარც მწყემსების გადაძახილს პასუხობდა ბუმბერაზი მთების გუგუნად ქცეული ექო. დამუნჯდა სოფელი. სიჩუმემ და სევდამ დაისადგურა ოდესღაც სიხარულით და ათასი ხმებით აღვსილ სოფელში.
ო, როგორ ენატრებოდა პატარას დედა! მისი იავნანა, მისი თბილი, სიყვარულით გამთბარი სიტყვები, მასთან თამაში და უდარდელი სიცილ-კისკისი!
ო, როგორ ენატრებოდა ტოლებთან გალაღება, თამაში და ანცობა!
არადა როგორ სჭირდებოდა დედის რჩევა-დარიგება! ვიღას უნდა ესწავლებინა მისთვის ცხოვრების ოღროჩოღროებში თავაწეულად გავლა?!
ღმერთთან მისასვლელი რთული გზის ძიება?! ცოდვა-მადლის გარჩევა?! ბებიასო _ იტყვიან. კი ბატონო, ბებიას კი შეეძლო, აკი მან არ აღზარდა პატარას დედა?... მაგრამ ბებიას რომ აღარ შემორჩა ძალი? უბედურებამ გატეხა. იმასაც ძლივს ახერხებდა ლუკმა პური რომ არ დაჰკლებოდა მის ანაბარა დარჩენილ პატარას, არ შეცივნოდა. დასამოძღვრავად კი ძალა აღარ რჩებოდა. მართალია პატარა, რაც კი შეეძლო, ეხმარებოდა ბებიას ყოველდღიური ჭაპანის გაწევაში. მაგრამ მზე ჩაიწვერებოდა თუ არა, ბებია ძლივძლივობით მილასლასდებოდა საწოლთან, ღამე მშვიდობისაო, უსურვებდა პატარას და ძილ-ბურანში ეფლობოდა. ძილშიც ვერ ისვენებდა. წუხდა და შფოთავდა და ასე გრძელდებოდა ცისკრის დადგომამდე ... და კვლავ გრძელი, რთული და გაუსაძლისი დღე იწყებოდა.
პატარა ამ დროს ძილზე და მოსვენებაზე სულაც არ ფიქრობდა. ბებია დაიძინებდა თუ არა, ფანჯარასთან მოიკალათებდა და მზერას ღამეული ზეცის სიშორეს მიაპყრობდა, სადაც უთვალავი ვარსკვლავი ციმციმებდა და კიაფობდა. ამ ვარსკვლავების სიმრავლეში ეძებდა დედას პატარა. მას ხომ უთხრეს, რომ დედას სული ზეცაში აფრინდა. ჰოდა, თუკი ზეცაშია დედა, პატარა უსათუოდ მოძებნის მას! მოძებნის და დედამიწაზე დააბრუნებს!
დაჟინებით უმზერს პატარა ცას. ვარსკვლავები კი ციმციმებენ, თვალს უკრავენ, უღიმიან. თვალები უჭრელდება, თავბრუ ეხვევა. ხან ერთ ვარსკვლავს მიამსგავსებს დედის ღიმილს, ხანაც ეჩვენება, რომ ერთ მოვარდისფრო ვარსკვლავს რაღაცის თქმა უნდა ...
ერთ მშვენიერ ღამეს, მართლაც მშვენიერი რომ აღმოჩნდა მისთვის ის ღამე, ის-ის იყო, მოემზადა პატარა შრომიანი და დამღლელი დღის შემდეგ ფანჯარასთან მოსაკალათებლად და ვარსკვლავების სამზერად, დედის მოსაძებნად, და ამ დროს შეამჩნია, ოთახში ცისფერ-ნაცრისფერი ფარვანა შემოფარფატდა და ოთახის კუთხეში მბჟუტავი სანთლის ალს ნარ-ნარად მიუახლოვდა. გაახსენდა პატარას ბებიას მონათხრობი, რომ ფარვანებს ხანმოკლე სიცოცხლე უწერიათ. სულ ერთი დღე ცხოვრობენ და უმრავალესობა ამ ერთი დღის გავლასაც ვერ ახერხებს. უყვართ ფარვანებს მოციმციმე ალთან გათამაშება. არადა ალთან თამაში სიცოცხლის ფასად უჯდებათ. მიუახლოვდებიან ალს თუ არა, მცხუნვარე ალი სხეულს უწვავთ და საბრალონი, იქვე სულს განუტევებენ ხოლმე.
შეეცოდა პატარას ფარვანა. ზეწამოიჭრა და ხელების ქნევით ალს მიახლოვებული ფარვანა საფრთხისაგან უკუაგდო. ფარვანა ოთახის კუნჭულებში დაბუდებულ სიბნელეში გაქრა. სანთლის ალი სიბრაზისაგან დაიკლაკნა.
_ შეხე, _ გაუკვირდა პატარას, _ რა ბრაზიანი ვინმე ყოფილა ალი! განა შეიძლება, ვინმეს სხვისი დაღუპვა სურდეს?! სხვისი დაღუპვით ხარობდეს?! დედა, დედიკო, სადა ხარ? შენ ხომ ამიხსნიდი, რატომ ხდება ასე! _ ხმამაღლა აღმოხდა პატარას. _ ფარვანა სადღაა? ნეტა დაიმალა თუ, ვაიმე, იქნება დროზე ვერ მივუსწარი და სადღაც, ოთახის რომელიმე კუნჭულში სული დალია? _ განაგრძო ხმამაღლა ფიქრი პატარამ. ფარვანას ძებნით თვალები დაეძაბა, მაგრამ, საუბედუროდ, არსად სჩანდა ერთი ციცქნა, ცისფერ-ნაცრისფერ ნაზი არსება.
_ ფარვანა, ფარვანა, გამოჩნდი რა, გახვეწები! ხომ ცოცხალი ხარ? გამოფარფატდი რა, დედას გაფიცებ! დამენახვე, გთხოვ. არაფერს დაგიშავებ, დედას გეფიცები!
პატარა სანთელს მიუახლოვდა და სული შეუბერა. ჩააქრო სანთელი.
_ შე ცუდო და ბოროტო! აღარასოდეს აღარ აგანთებ. სჯობს სულაც სიბნელეში ვიჯდე, ვიდრე შენს სიავეს ვუცქირო. მერე რა, რომ სიბნელეში შემეშინდება? არაფერიც არ შემეშინდება! დიაღაც, შენს ჯინაზე არ შემეშინდება! სიბნელე რა არის? რა არის და სინათლის საპირისპირო მხარე. ცალი მხარე ბნელია, ცალი _ ნათელი. ჰოდა, მეც წარმოვიდგენ, რომ იმ მეორე მხარესა ვარ, სინათლეში და აღარ შემეშინდება! თანაც, თუ ოთახი არ გავანათე, ზეცას ხომ უფრო ძლიერად გაანათებენ ვარსკვლავები და დედასაც სულ ადვილად მოვძებნი.
_ რა კეთილი ბავშვი ყოფილხარ! _ უცებ პატარას ოთახის ბნელი კუნჭულიდან ხმა შემოესმა. ისეთი ნაზი, ალერსით გამთბარი ხმა იყო, რომ პატარას სულაც არ შეშინებია.
_ რომელი ხარ, მაგ ბნელ კუნჭულში რომ იმალები? _ თამამად იკითხა პატარამ.
და ჰოი, საოცრებავ! იმავე წუთას ჩაბნელებული ოთახი ცისფერმა სხივებმა გაანათა და ფარვანა ფარფატით გოგონას მხარზე ნაზად დააფრინდა.
_ მე მართლა ფარვანა კი არა ვარ. მე შენი მფარველი სული ვარ. ზეციდან დედაშენმა გამომგზავნა. ყოველ ღამე მე და ის ზეციდან გადევნებთ თვალს და ვხედავთ, როგორი დაჟინებით გასცქერი ზეცას და როგორი გაფაციცებით ეძებ მას. _ ”აქა ვარ, შვილო, აქა ვარ!” _ შორიდან გადმაგძახის დედა, მაგრამ იმისი ხმა შენამდე ვერ აღწევს.
_ მართლა მხედავს დედა?! შენც მხედავ? ხომ არ მატყუებ?...თუმცა მაპატიე...ხომ არ გეწყინა?
- არა, ჩემო პატარავ. შენთვის ალბათ ძალზე მოულოდნელი იყო ჩემი ნათქვამი. დამიჯერე, დედა მართლაც ყოველ ღამე გიყურებს და იცოდე, ყოველთვის შენს გვერდითაა. წაიბორძიკებ თუ არა, დედა ხელს გამოგიწვდის და სწორ გზაზე გაგიყვანს. გეტკინება რამე და სულს შეგიბერავს და ნატკენს დაგიამებს. ცრემლით აგევსება თვალები და ზეციური ღრუბლით დაგიშრობს. ასეა ჩემო პატარა და კეთილო. დედა-შვილობა უჩვეულო, განსაკუთრებული რამაა.
_ მერე, რატომ თავისთან არ წამიყვანს დედა? წამიყვანოს რა! სთხოვე, მაგრად სთხოვე, რომ წამიყვანოს!
_ არა პატარავ, შენი ზეცაში წაყვანის დრო ჯერ არ მოსულა. ჯერ აქ, მიწაზე უამრავი საქმე გაქვს გასაკეთებელი. ჯერ შენ თვითონ უნდა გახდე დედა, შვილები დაზარდო და მერე, დიდი ხნის მერე, როცა ხანი გაივლის და ბებიაშენზე უფრო ხანდაზმული შეიქმნები, მაშინ, მხოლოდ მაშინ მოვა ზეცაში შენი წასვლის დრო.
_ კი მაგრამ, _ სიტყვა გააწყვეტინა კეთილ სულს პატარამ, _ დედა ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა იყო და მაინც წავიდა ზეცაში? თუ იმისთვის შეიძლებოდა, ჩემთვის რატომაა შეუძლებელი ზეცად ასვლა? _ იკითხა პატარამ და დიდრონი, თაფლისფერი თვალები კეთილ სულს შეანათა. ცისფერი სხივები ვარსკვლავებად აირეკლენ პატარას თვალებიდან და ოთახის კედლებზე ციმციმით ფერხული გამართეს.
_ ხდება ხოლმე, ჩემო პატარავ. ცხოვრება გაუთვალისწინებელ ხიფათს და ჟამიანობას მოუვლენს ხოლმე დედამიწაზე მცხოვრებთ და ისეც ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლე უდროოდ წყდება... მაგრამ... ჩემო პატარავ, სამუდამოდ კი არ წყდება სიცოცხლე! კეთილი, სუფთა სულის ადამიანები გარდაიცვლებიან, გარდაიქმნებიან და იქ, მაღლა ზეცაში ადიან და იქიდან გიყურებენ თქვენ, დედამიწაზე დარჩენილთ. იქიდან ლოცულობენ თქვენთვის და გაჭირვების ჟამს მათი ლოცვა დედამიწის შვილთ ჰფარავს და ინახავს.
_ ჩემი მეგობრები იქ, ზეცად წასულნი როგორღა არიან? _ არ დაივიწყა მეგობრებიც პატარამ.
_ კარგად არიან და მხიარულადაც. იქ ერთი ვარდების ბაღია. სულ ნაირფერი ვარდები ჰყვავიან იმა ბაღში. ანცი სიო დაჰქრის ვარდებს შორის და შენს მეგობრებთან ერთად ისიც კისკისებს და თამაშობს.
_ იქნება ერთი წუთით მაინც წამიყვანო მათთან? დედასთან, ჰა?
_ წაყვანით კი ვერ წაგიყვან, მაგრამ შენს დანაბარებს კი აუცილებლად გადავცემ. მაშ, რას მაბარებ, პატარავ?
რასა და... _ დაფიქრდა პატარა. რა დააბაროს? რა გაახარებს დედის გულს? რითი გაიხარებენ მისი ტოლები?
_ რასა და, ჩემო ფარვანა, უთხარი დედას, რომ ძალიან, ძალინ მიყვარს, უფრო ძალიან, ვიდრე ოდესმე მიყვარდა. ბებიასაც ძალიან უყვარს და ორივეს ძალიან, ძალიან გვენატრება. უთხარი, რომ რაც შემიძლია ბებოს ვეხმარები. უთხარი, რომ არა ვარ ზარმაცი...რომ ვცდილობ კარგი ვიყო. უთხარი, რომ ბებო ხშირად მაქებს. და...აკოცე...აკოცე...ძალიან ბევრი აკოცე დედიკოს! ჩემს მეგობრებს კი უთხარი, ჭკუით იყვნენ და ნუ იჩხუბებენ ისე, როგორც ხანდახან აქ იცოდნენ. უთხარი...მეტი აღარ ვიცი, რაღა დაგაბარო.
_ საკმარისზე საკმარისი დამაბარე, ჩემო კეთილო. აუცილებლად სიტყვა- სიტყვით გადავცემ, დარდი ნუ გექნება. ახლა კი, ჩემი გაფრენის დროა. შენ დაწექი და ტკბილად დაიძინე. იცოდე, შენს ძილს მე და დედაშენი ვდარაჯობთ და ბევრ ლამაზ სიზმრებს გამოგიგზავნით ხოლმე.
ფარვანამ ნაზად აკოცა გოგონას ლოყაზე და ღია სარკმლიდან ღამეულ სივრცეში გაუჩინარდა.
გოგონა კი კვლავ სარკმელს მიეჯაჭვა. კვლავ მზერა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მიაპყრო და გულისფანცქალით დაელოდა, ფარვანა-სული როდის მიაწვდიდა დედამისს მის დანაბარებს.
როგორ გგონიათ, ფარვანა პატარას დედას დანაბარებს მიუტანს?
მე ვიცი, რომ აუცილებლად მიუტანს!