THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ცირა ყურაშვილი

თუთაბერი აეროდრომზე
 თვითმფრინავი ლონდონიდან
მოფრინდება დრო დროზე,
თუთაბერი ბაბუს ელის
ნამდვილ აეროდრომზე.


ბაბუს ელის, ბიჭს წუხელი
არც კი დაუძინია,
არ ჩანს, მაგრამ მოფრინავსო,
მამას დაუჟინია.


ცაში ბაბუს ეძებს ბიჭი,
სად არ შეუჭყიტია...
მერე მამას ეკითხება–
მა, ბაბუა ჩიტია?


სალომე რაჭაში
სალომე არის პატარა,
სალომე არის დიდი,
რაჭაში მიდის სალომე,
რაჭაში მიდის.


სალოს უყეფენ ძაღლები,
სალომე, ნუ იძაგრები,
ლოყაზე გაკოცებენ და
ხომ გაკოცებენ ლოყაზე,


ხელებსაც აგილოკავენ.
სალომე არის პატარა,
სალომე არის დიდი,
ხან ეცემა და ხან დგება,
ხან მიდის.
სალო აქ პირველად არის
და ყველაფერი არია,
კითხულობს – იმას რა ჰქვია?
კითხულობს – ეს რა გვარია?
წიწილა დააფეთა და
კრუხი სულ გადარია.
გადაირბინეს ხბოებმა,
გადაირბინეს თხებმაც,
სალომე კუდში დასდევთ და
გვარ-სახელს ეკითხებათ.
ახლაც კიკინას მიაგნო,
მიბმულს ქათმების ბუდესთან,
სუ, ნეტა რას ეკითხება?
ნეტა რას ებუტბუტება?
,,–თეთრო, ლამაზო, კეთილო,
არ გამექცე და მიგანო,
მე სალომე ვარ, პატარავ,
შენ რა გვარი ხარ თიკანო?”


ანა აფთიაქარი
ანამ გახსნა აფთიაქი,
არ აკლია სრულებით
ანწლის წვენი, ვაშლის ძმარი,
ნუშის კურკის გულები.


მისაღებში ჩაამწკრივა
მისი პაციენტები,
ყველას მოაქვს რეცეპტები,
თეთრები და ცენტები.


თითოს თითო წამალს აძლევს
ჩვენი აფთიაქარი,
თან არიგებს – ჯანმრთელობის
საიდუმლო აქ არი.


თუ საუზმეს ამ ჩემს წამლებს
დააყოლებთ იქვე,
სურდო აღარ შეგეყრებათ,
აღარ დააცხიკვებთ.


ბარბი პოდიუმზე
მარის აღარ სჭირდება
ვიტრინასთან ჭვრიტინი
დედამ ბარბი უყიდა
ეს მშვენება ვიტრინის.
მარის ბარბი ოჯახში
მოიწონა სუყველამ,
მარიც თავს დასტრიალებს,
აცმევს, უჭრის, უკერავს.
ბარბის კერძსაც უმზადებს,
გეახლებათ როდი უმს,
პოდიუმსაც უმართავს,
რა სჯობია პოდიუმს.
და ნელ-ნელა მიირწევა
ბარბი გამოპრანჭული,
თეთრი, თეთრი თათმანებით,
შავი კაბის სარჩულით.
ერთი წრე და მარი იწყებს
ბარბის ახალ შემოსვლას,
იმ ტანსაცმელს უცებ გახდის,
სხვა სამოსით შემოსავს.
ხან ჩააცმევს უარშიოს,
ხანაც კაბას მაქმანით,
არ მომცდარა, აგვირისტა
საკერავი მანქანით.
არ ყოფილა იოლი,
იყო მოდელიორი.