THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მურმან ლებანიძე

რას ფიქრობს მარცვალი თოვლიან ხნულში
"რაც არ უნდა ჰყინავდეს,
რაც არ უნდა თოვდეს,
ლოლუები ბრწყინავდეს,
თოვლის ბუქი გრგვინავდეს
და მინდვრებში ჰქროდეს
ჩაკარდება თოვლი,
ჩათავდება თოვა,
შორი გზების მოვლით,
სულერთია, სულ ერთია,
გაზაფხული მოვა!
ისევ მოკრიალდება
მწვერვალები თეთრი,
ისევ მოტრიალდება,
ისევ მოგრიალდება
გაზაფხულის ეტლი!~
ასე ფიქრობს მარცვალი,
თვლემს თოვლიან ხნულში
და ყაყაჩოს ლაშქარი
ელანდება რულში


თოვლი მოსულა
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
წკრიალებს გული!
ჭრიალებს თოვლი
ბუხრებმა კვამლი
ლაჟვარდს მოჰფინეს:
ხარ-ირმებს ჰგვანან
ბუხრები შორით,
სერზე შემდგრებს და
რქადატოტვილებს.
და პირველ თოვლში
პირველი ციგა
პირველ გუნდებთან
ბრძოლით მოცურავს.
გამოდით გარეთ,
გამოდით გარეთ,
თოვლი მოსულა!
თოვლი მოსულა!
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.