THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მეზღაპრეები და ბრძენკაცები

რეზო ინანიშვილი

დადგებოდა გიორგობისთვე, დაიწყებოდა წვიმები, მერე ქრისტეშობისთვე. მოიყოლებდა ყინვასა და თოვლს, შეიბუდებოდნენ შიგნით ადამიანებიც, საქონელიც, გატკბებოდა ცეცხლი, ცეცხლისპირას _ მასლაათი. გაიმართებოდნენ წელში მეზღაპრეები, ვისაც არ უნდა მისდგომოდნენ, ყველას უხაროდა მათი სტუმრობა. შეეგებებოდნენ კარშივე, მიიპატიჟებდნენ ბუხართან, დაბალი ტაბლის თავში. დაჯდებოდა მეზღაპრეც, ჩაახველებდა, ყელს ჩაიწმენდდა, მოხალვათდებოდა. დაუსხდებოდნენ წინ ბავშვები, უფრო მოშორებით _ მრთველ-მქსოველი ქალები. დაუსხამდნენ ღვინოს, ასწევდა მეზღაპრეც ჭიქას. სვამდა და ცოტ-ცოტას, გამოზოგვით ატანდა მისატანებელს და ყვებოდა ტკბილად სასმენ ამბებს: როგორ გახდა ღარიბი დედაბრის შვილი დიდხელმწიფის სიძე, როგორ შეირთო დედინაცვლის მიერ მოძულებული გოგო უფლისწულმა, როგორ დაისაჯა ბოროტიო ვეზირი და როგორ შეისხეს ფრთები ცეცხლზე დადებულმა კაკაბმა და ხოხობმა.
_ `აგრე, კაკაბოოო, აგრე ხოხობოოო?
_ დიახ, ბატონოო.
_ მაშ თუ აგრეა, შეისხით ფრთები და გაფრინდით. გასკდი ფურის ტყავო დაგამოდი დედაჩემოო.
`შეისხეს ფრთები კაკაბმა და ხოხობმა და გაფრინდნენ, გასკდა ფურის ტყავი და გამოვიდა დედამისი~
მხოლოდ ოჯახის უფროსი, სოფელში პატივდებული კაცი არ იზიარებდა ბავშვებისა და ქალების სიხარულს. ვითომდა, გადაუდებელი საქმით გართული გვერდულად თუ გამოხედავდა მეზღაპრეს და ნაძალადევ ღიმილს უწყალობებდა მოსვლისას და წასვლისას.
მაგრამ არც მეზღაპრე რჩებოდა ვალში _ ისიც ორლესულ ღიმილსა და ამოუცნობ მუქარას აგებებდა ბრძენკაცს.
ასე იყო წინათ, ასე არის ახლაც.
დადიან და დააქვთ ორლესული ღიმილი და ამოუცნობი მუქარა საცოდავ მეზღაპრეებს და არავინ იცის, რა იქნება ბოლოს.