THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფიფქისა

ეკატერინე კუზანაშვილი
ნაწილი მეორე
     დილით ფიფქისა ისევ ხმაურმა გააღვიძა. ვიღაც ყვიროდა, ვიღაც კი არა, სეტყვია იყო:
       -სად არის ჩემი შვილი?! გეყოთ ნამუსი და სიმართლე მითხარით! ჩემი ერთგულებით განა ის მაინც არ დავიმსახურე, რომ სიმართლე ვიცოდე?! თქვენ შეგიძლიათ ფიფქისა მოატყუოთ, მაგრამ მეც ხომ ბავშვი არა ვარ, ადვილად გამაცუროთ?!..
       -კმარა! შენს ერთგულებას რომ ვაფასებ, სწორედ იმიტომ არ ჩაგაგდებ საპყრობილეში, მაგრამ დღეიდან არა მარტო სასახლეში აღარ გნახო მოსული, თვალშიც აღარ მომხვდე საერთოდ, თორემ ჩემს საქციელზე პასუხისმგებელი არ ვიქნები! გაათრიეთ!!! -სეტყვია შეპასუხებას აპირებდა, მაგრამ მსახურებმა ხელი სტაცეს, პირში რაღაც ჩასჩარეს და აფართხალებული მოხუცი დერეფანში გამოათრიეს.
 ფიფქისამ სეტყვიას ხმა იცნო თუ არა, მაშინვე წამოხტა და თმაგაწეწილს კაბაც კი არ ჩაუცვამს, ისე დაეშვა მამის კაბინეტისკენ, სურდა, სეტყვია დაემშვიდებინა. ცხადია, ყველაფერი ესმოდა და დანახვითაც ყველაფერი დაინახა, რადგან სწორედ იმ დროს მიადგა კაბინეტს, აფართხალებულ ვეზირს რომ მოათრევდნენ ქონდაქარები; არც ის გამოპარვია, თუ როგორ ჩაარტყა ზამთარმა სეტყვიას თავისი მძიმე კვერთხი. გოგონა შეშინებული, გაოგნებული, თვალებგაფართოებული უყურებდა მამას. იცოდა, რომ იგი ზოგჯერ სასტიკი იყო ქვეშევრდომების მიმართ, მაგრამ ასეთი არასოდეს ენახა. ზამთარმა მას მაშინ მოჰკრა თვალი, ბავშვი თავისი ოთახისკენ რომ გაიქცა ატირებული, დაუძახა, მაგრამ ფიფქისამ კიბეები აირბინა და ზურგსუკან კარი ისეთი ძალით მიიჯახუნა, ზამთარიც კი შეხტა. გოგონა კართანვე ჩაჯდა, ტიროდა, რადგან მამის სისასტიკემ მოუკლა გული, ტიროდა, რადგან ეჭვობდა, რომ მამამ მოატყუა, ხვდებოდა, ხოშკაკალას თავს რაღაც უბედურება დატრიალდა, რაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებდა... კიდევ იმიტომ ტიროდა, რომ ხვდებოდა, უძლური იყო და ვერაფერს შეცვლიდა. მოთქმით ტიროდა, ცრემლები ღვარღვარად ჩამოსდიოდა და ნუგეშისმცემლადაც არავინ ეგულებოდა . . .  უცებ
-ფიფქისა! . .  ფიფქისა! . .  -საკუთარი სახელი მოესმა.
გაკვირვებულმა მიხედ-მოიხედა, იცოდა, ოთახში არავინ იყო. შიშმა აიტანა.
-მე ვარ, ფიფქისა, შენი მელაკუდა.
გოგონამ მის წინ ჩაცუცქულ მელიის ლეკვს გაოგნებულმა შეხედა:
-შშშეეენააა?! -მოულოდნელობისაგან ბავშვს ენაც დაება, თვალებიც გაუფართოვდა და ის მწუხარებაც კი გადაავიწყდა, რის გამოც რამდენიმე წამის წინ ასე გულამოსკვნით ტიროდა.
-ჰო, მე გელაპარაკები, მე! ლაპარაკი მეც შემიძლია!
-შშშეენა? . . .   მმართლა? . . .   მმგონი გავგიჟდი! -ვერ იჯერებდა ფიფქისა და ისე ათვალიერებდა ლეკვს, როგორც არამიწიერ არსებას, მელაკუდა კი სველ დრუნჩს ხელებზე ადებდა, თითებს ულოკავდა, მერე უკანა თათებზე ჩაცუცქდა და უთხრა:
-მე ვარ, მე, ჩემო ფიფქისა, ჰო, მე! შენმა ცრემლებმა გული ამიჩუყა, მივხვდი, გიჭირს რაღაც, დახმარება გჭირდება და გადავწყვიტე, გამემჟღავნებინა, რომ ლაპარაკი მეც შემიძლია, მართალია, ადამიანებთან ლაპრაკი აკრძალული გვაქვს, მაგრამ შენ ისეთი კეთილი ხარ, ჩემიანები არ გამიბრაზდებიან.
-შენიანები? ვინ შენიანები? -მხოლოდ იმიტომ იკითხა ფიფქისამ, რომ რაღაც ეთქვა, თორემ ჯერაც ვერ გარკვეულიყო ბოლომდე, რა ხდებოდა მის თავს, ცხადში იყო ეს ყველაფერი, თუ, მწუხარებისგან გონარეულს, ელანდებოდა.
-ვინ ჩემიანები და, ჩემი მშობლები. მე მელიების მეფის ასული ვარ, მამაჩემს უზარმაზარი სამფლობელო აქვს და ყველა მელა მისი ქვეშევრდომია.
-აბა, მამიდამ რომ მითხრა, მონადირეებმა...
-ჰო, ვიცი, რაც გითხრა, მეც იქ არ ვიყავი?! მონადირეებმა ჩემი დაუდევრობის გამო დამოჭირეს, მშობლებს არ დავუჯერე, გავიპარე და სასახლიდან შორს წავედი სასეირნოდ, იქ კი ხაფანგში გავები და მამიდაშენის წყალობით შენთან მოვხვდი. ისე, ახალწლისამ სიმართლე გითხრა, მართლა მიპირებდნენ მონადირეები ტყავის გაძრობას.
გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა, ყველაფერი ცხადში ხდება, არაფერი მეჩვენებაო და ნაამბობით გულაჩუყებულმა ლეკვი გულში ჩაიკრა.
-ჩემო პატარა, არც შენ გქონია ნაკლები სადარდელი, როგორ გენატრება მშობლები, არა? ალბათ ისინიც როგორ ნერვიულობენ! აქამდე გეთქვა და გაგიშვებდი.
-ხომ გითხარი, აკრძალული გვაქვს-მეთქი ადამიანებთან ლაპარაკი.
-რატომ გაქვთ აკრძალული?
-ბეწვის გამო უამრავ მელას ხოცავენ და რომ შეიტყონ, ლაპარაკი შეგვიძლია, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება! . . .  შეიძლება ერთი მელაც აღარ დატოვონ ტყეში . . .  იცი რა? მოდი ამაზე საუბარს თავი დავანებოთ და მითხარი, რატომ ტიროდი?
-ეჰ! ...  ჩემო მელაკუდა, -თვალები ისევ ცრემლით აევსო გოგონას, -თითქოს ერთი სადარდელი არ მეყოფოდა, ახლა სხვა უბედურება დამატყდა თავს. 
-ნაწილობრივ ვიცი შენი ამბავი, იმ საღამოს, მამიდას რომ ელაპარაკებოდი, მეც ხომ მესმოდა, კიდევ მოხდა რამე?
-მოხდა. ჩემი წინდაუ...
წინდაუხედაობითო” -უნდოდა ეთქვა ფიფქისას, მაგრამ სიტყვა შუაზე გაუწყდა, რადგან უცებ კარის სახელური ვიღაცამ ჩამოსწია, თან კარს მოაწვა და რადგან დაკეტილი დაუხვდა, ძლიერად დააკაკუნა. ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა, მეგობრები შიშისგან შეხტნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და კარს მიაჩერდნენ.
-ფიფქისა, საყვარელო, კარი გამიღე, რაღაც უნდა გითხრა! -მოისმა ამ დროს.
-ბებიაჩემია, წელიწადი, -უჩურჩულა გოგონამ მელაკუდას, -არც კარს გავუღებ და არც ხმას გავცემ, ეგ უეჭველად მამაჩემმა გამოგზავნა.
-რისთვის? -ჩურჩულითვე ჰკითხა მელაკუდამ.
-მამაჩემმა რაღაც ისეთი ჩაიდინა, რომ... მოგიყვები მერე... და სინდისი ქენჯნის ალბათ, უნდა, რომ შემირიგდეს...
-ფიფქისა, არ გესმის?, ჩემო კუდრაჭა? გამიღე კარი!
ოთახიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
-ფიფქისა, ნუ ჯიუტობ, ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ გაბუტვა უზრდელობაა, ჩემო თვალის ჩინო.
 მეგობრები ისევ სუნთქვაშეკრულები ისხდნენ.
-კარგი, დედა, დაანებე თავი, ალბათ ტირილისას ჩაეძინა და ნუ გააღვიძებ.
-ეს მამიდაჩემია, ახალწლისა, -კვლავ უჩურჩულა ფიფქისამ მეგობარს.
-კი, მაგრამ შენს ძმას რა ვუთხრა? ის ხომ ჩვენს პასუხს ელოდება.
-ხომ გითხარი, მამაჩემი გამოგზავნიდა-მეთქი, კარგი ვქენი, კარი რომ არ გავაღე.
-ვუთხრათ, ეძინა და არ გავაღვიძეთო.
მცირე ხანს ჩამიჩუმი არ ისმოდა კარს იქიდან, ალბათ ყოყმანობდა წელიწადი, დაეჯერებინა თუ არა ახალწლისასთვის, მერე კი ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც თანდათან მიწყდა.
-წავიდნენ, -შვებით ამოისუნთქა ფიფქისამ, -რაზე ვლაპარაკობდით?
-ტირილის მიზეზს მიყვებოდი...   

*   *    * 
       სანამ ფიფქისა მელაკუდას ყველაფერს უამბობს, ჩვენ გოგონას ბიძას -ზაფხულს და მის ოჯახს ვესტუმროთ.
       ულამაზესი დღეა, ცა ისეთი ლურჯია, ახლადგაფერადებულს ჰგავს, მზეც თბილი და ალერსიანია. ზაფხულის სასახლის ეზო უიშვიათესი ხეებით, ყვავილებითა და ცხოველ-ფრინველებითაა სავეს. ისე ლამაზია იქაურობა, სუნთქვა შეგეკვრება, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მზესუმზირების ბაღია, გეგონება, ერთდროულად ათასი მზე ჩამოსულაო მიწაზე. აშრიალებენ ყვითელ ფურცლებს და ყველა ერთი თვალივით შესცქერის მზეს. სასახლის ბაღის შუაგულში, უზარმაზარი მუხის ჩრდილქვეშ, სავარძელში ზაფხული და დედოფალი ცისკრისა სხედან, ჰამაკში კი ფიფქისას ბიძაშვილები -პირიმზისა და ცისთვალა ნებივრობენ. პირიმზისას ქერა კულულები აქვს, ცისთვალას კი -ლურჯზე ლურჯი თვალები. ორივე მამიკოს შესცქერის პასუხის მოლოდინში. რა ჰკითხეს მათ ზაფხულს? რა და...
       -მამიკო, რატომ არ უშვებს ბიძია ზამთარი ფიფქისას ჩვენთან? ან ჩვენ რატომ არ მივდივართ მათთან სტუმრად?
-ბიძია გაზაფხულთან და ბიძია შემოდგომასთანაც კი მხოლოდ მაშინ მიდის ფიფქისა, როცა ჩვენ იქ არ ვართ. რატომ, მამიკო?
-ფიფქისას დედა სად არის, მამიკო?
       მამიკო დუმს, არ იცის, როგორ მოიქცეს, უამბოს, თუ არა ყველაფერი გოგონებს?! ცისკრისას შეხედა, დედოფალი მიხვდა, რომ ორჭოფობდა ზაფხული და უთხრა:
       -სჯობია, ვუამბოთ ყველაფერი, ესენი ისე პატარები აღარ არიან . . .
       -მაშ, კარგი, -მცირე დუმილის შემდეგ თქვა ზაფხულმა, სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და დაიწყო, -ჩვენ ოთხ ძმას შორის ზამთარი ყველაზე უფროსია. ჩემი ძმაა, მაგრამ უნდა ვთქვა -ბავშვობიდანვე უჟმური ხასიათით გამოირჩეოდა, იშვიათად გვეთამაშებოდა, თავს ადვილად არ გვიყადრიდა, უფრო მეტად მე მეჯიბრებოდა, ჩემს ოდნავ წარმატებასაც კი ვერ იტანდა, თუ მშობლები შემაქებდნენ, იმდენს ეცდებოდა, მერე აუცილებლად დაასჯევინებდა ხოლმე მათ ჩემს თავს... გავიდა დრო, გავიზარდეთ. ერთხელ, თქვენმა ბებია წელიწადმა წვეულება გამართა. ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი, მათ შორის იყო მყინვარწვერის ულამაზესი ასული -თოვლისა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი, რომ მის დანახვაზე სუნთქვა შეგეკვრებოდა, თვალთ დაგიბნელდებოდა და შენს გარშემო ყველაფერი ტორტმანს დაიწყებდა. დანახვისთანავე მოვიხიბლეთ მისით მეც და ჩემი ძმაც, მაგრამ თოვლისას, აშკარად, მე უფრო მოვეწონე, მთელი საღამო მე მეცეკვებოდა, მიღიმოდა, თუ დროებით სხვა რომელიმე სტუმრის გარემოცვაში აღმოვჩნდებოდი, თვალებით სულ მე მეძებდა... მოკლედ, არ ვიცი ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, ჩემი ძმა რომ არ ჩამდგომოდა ჯიბრში. ზამთარმა დაიჟინა, მე უფროსი ვარ, მე უნდა შევირთოო პირველმა ცოლი და აუცილებლად თოვლისა უნდა იყოსო პატარძალი. გულზე ლახვარივით მეცა მისი სიტყვები, მივხვდი, ვერ აიტანა, წვეულებაზე მე რომ გამომარჩია მყინვარწვერის ასულმა, მგრამ მშობლების ნებას წინ არ აღვუდექი და ბედს დავემორჩილე. ატყდა დიდი ფაციფუცი, მაჭანკლების მისვლა-მოსვლა... და ბოლოს, ყველაფერი ზამთრისა და თოვლისას ქორწილით დაგვირგვინდა. სწორედ ამ ქორწილისას გავიცანი დედათქვენი -განთიადის მზეთუნახავი ასული ცისკრისა. მაშინაც, როგორც ახლა, მის ნაფეხურებზე ნამი მარგალიტად რჩებოდა, მისი მზერა მაშინაც გარშემო ყველაფერს ათბობდა, სიცოცხლისა და სიყვარულის სურვილს უღვიძებდა . . .  და მან სულ დამავიწყა თოვლისაც და ჩემი ძმისგან მოყენებული ტკივილიც! -ზაფხულმა თხრობა შეწყვიტა, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, თან ცისკრისას უყურებდა, დედოფალმა კი ხელზე ხელი შეახო და ტკბილად, ტკბილად გაუღიმა . . .
       -მერე, მამიკო, მერე?
       -მერე? . . . მერე ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე მაშინ, ქალ-ვაჟს ერთმანეთი რომ მოსწონს: ერთმანეთს ვხვდებოდით წვეულებებზე, ვცეკვავდით, ბაღში ვსეირნობდით, მე ხშირად დავდიოდი მათთან სტუმრად, ქორწილის გამართვას კი არ ვჩქარობდით, რადგან მაშინ განთიადი ბნელეთის მეფეს ებრძოდა და ამ ომის დასრულებამდე დაცდა გადავწყვიტეთ. აი, სწორედ იმ დროს დაიბადა თქვენი ბიძაშვილი ფიფქისა და მოხდა ისეთი საშინელი რამ, რამაც ყველას, ყველას თავზარი დაგვცა -ზამთარმა, ჩემმა ძმამ, დედოფალი თოვლისა შეთქმულებაში დაადანაშაულა. დაიბარა თოვლისას მამა -მყინვარწვერი და დედოფალი სასახლიდან გაისტუმრა, რა თქმა უნდა, ბავშვის ნახვაც აუკრძალა. იფიცებოდა თოვლისა, ტყუილად დამდოო ბრალი ზამთარმა, მან რაღაც ჩაიფიქრა და მე თავიდან იმიტომ მიშორებსო, მაგრამ არავინ დავუჯერეთ, მამამისმაც კი ის ირწმუნა, ჩემი შვილიაო დამნაშავე და საწყალი თოვლისა საშინელ დილეგში გამოკეტა.
       -და, სინამდვილეში, არ იყო დედოფალი თოვლისა დამნაშავე? -იკითხა პირიმზისამ.
       -არა, და ეს უკვე ისეთ დროს გამოირკვა, სიმართლის გამხელას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მყინვარწვერის სასახლიდან ამბავი მოვიდა, თითქოს დედოფალი თოვლისა, დარდით დასნეულებული, სასიკვდილო სარეცელზე იწვა.
       -როგორ გამოირკვა, მამიკო, სიმართლე? -ცისთვალას თვალებში ცრემლი ედგა.
       -როგორ და, ამ შემთხვევის შემდეგ, თითქმის მთელი თვე დადარდიანებულ-დამწუხრებული დადიოდა ბიძათქვენი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვაჩვენებდა თავს, მერე ისე, სხვათა შორის, სხვადასხვა დროს ოჯახის ყველა წევრს გაგვაგონა -ასე როდემდე ვიქნები, ცოლი უნდა შევირთოო და თოვლისას გასტუმრებიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შეგვკრიბა ყველა და განაცხადა:
       -ფიფქისას ყველა თავს ვევლებით, არაფერს ვაკლებთ, მაგრამ მას დედა მაინც აუცილებლად სჭირდება, ამიტომ ცოლად ისეთი ქალი უნდა შევირთო, რომელიც მას ნამდვილ დედობას გაუწევს, სითბოს, ალერსს, ყურადღებას დედასავით არ მოაკლებს, ასეთის მოძებნა კი ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია... ასეთი ერთადერთია და . . .  არ ვიცი, ძმაო, როგორ გითხრა, მაგრამ . . .  ფიფქისას გულისთვის შენი საცოლე უნდა დამითმო, -მითხრა მე. თავდაპირველად, გაოგნებისაგან ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს დავმუნჯდი, თუმცა მარტო მე კი არა, ყველას ასე დაემართა. არ მახსოვს, დუმილი რამდენ ხანს გაგრძელდა, ის კი მახსოვს, რომ ამდენი ხნის ნაგროვებმა მრისხანებამ მაშინ ამოხეთქა:
-მთელი ცხოვრება ჯიბრში მიდგახარ, მთელი ცხოვრება ჩემს გამწარებას ცდილობ, რატომ? რა დაგიშავე ასეთი? თოვლისა მომეწონა, შენი დაიმართე, სანამ არ შეირთე, ახლა ცისკრისას დაადგი თვალი?! ახლა ვხვდები, თოვლისა მართლაც უდანაშაულო იყო და ყველაფერი იმისთვის მოიგონე, ის დაუბრკოლებლად მოგეშორებინა თავიდან, რომ ცისკრისაზე დაქორწინების უფლება მოგეპოვებინა. როდემდე უნდა მედგე ჯიბრში, როდემდე?! -ისე ვყვიროდი, ხმა ჩამეხლიჩა, გაზაფხული და შემოდგომა ძლივს მაკავებდნენ, -ცისკრისას სიახლოვეს არ დაგლანდო, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ!
       -ეგ რა შუაშია, მე ბავშვზე ვზრუნავ, ბავშვს დედა სჭირდება, დედა, რომელიც მოუვლის, მოეფერება . . .  დედა სჭირდება-მეთქი, დედა . . .  -რადგან ყოველთვის ვუთმობდი, ზამთარი არ ელოდა, ასე თუ განვრისხდებოდი და დაბნეული თავის გამართლებას ცდილობდა.
       -ჰოდა, თუ ბავშვზე ზრუნავ, თოვლისას შეურიგდი! -უყვირა მოთმინებიდან გამოსულმა გაზაფხულმა.
       -არა, არა, მას ვერ შევურიგდები, ვერ ვაღიარებ, რომ თოვლისა უდანაშაულო იყო, ეს ჩემსა და მყინვარწვერს შორის ომის მიზეზი გახდება . . . მეტყვიან, შენი მიზეზითააო მძიმედ ავად თოვლისა . . .
       -მოიცა, მოიცა . . .  ანუ, შენ გინდა თქვა, რომ თოვლისა მართლა უდანაშაული იყო და ტყუილად დასდე ბრალი? -მრისხანებისგან ერთიანად აკანკალებულმა ჰკითხა შემოდგომამ.
       -მმმე . . .   მმე . . .   მე ეს არ მითქვამს, ამას შენ ამბობ . . .
       -მოკლედ, სიმართლე თავად ჩემს ძმას წამოსცდა, გაირკვა, ცისკრისას ხელში ჩასაგდებად და ჩემს გასამწარებლად რომ მოიგონა ყველაფერი და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, ოჯახის ყველა წევრმა ზურგი აქცია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველასთვის თავის მოქონვა მაინც შეძლო, აი მე კი, იმ დღიდან კიდევ უფრო მეტად შევზიზღდი, ხოლო დედათქვენზე რომ ვიქორწინე, სამუდამოდ შემიძულა.
       -დედოფალი თოვლისა? მას რა დაემართა?
       -ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ასეთი ხმა გავრცელდა -დარდით მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალაო.
       -საწყალი ფიფქისა!
       -რა საბრალოა, ასეთი მამა რომ ჰყავს!
       ძალიან ატკინა გული გოგოებს მამის მონათხრობმა და უფრო მეტად მოუნდათ ფიფქისას გაცნობა, რომ მოფერებოდნენ და ენუგეშებინათ ბიძაშვილი.