THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პაწაწინა ყინულის ლოლუა და მზის სხივი

გუგული ტოგონიძე


ჩამოწანწკარებული თოვლის წვეთებისაგან, ღამით, ერთი პაწია, წვნიკა ყინულის ლოლუა გაჩნდა, სიფრიფანა, ყინულის ფოჩით ტანდამშვენებული. საწვიმარზე სხვა ლოლუებიც ეკიდნენ: რუმბმუცელები, ბოლოწვეტიანები, გაბუტულივით განზე გაქცეულები. ყინულის ჯუბები ჩაეცვათ და თოკზე გაკიდული გარეცხილი მატყლივით ჩამოკონწიალებულიყვნენ გაფიჩხულები, გარინდულები.
დედა ლოლუას შეშინებული ბარტყივით მიკვროდა წვნიკა ლოლუა. ისიც სხვებივით გახევებული და უმოძრაო.
- სულ ასე გაუნძრევლად უნდა ვეკიდო? – იკითხა გაჩენისთანავე.
- ააა?! - შეშფოთდნენ ყინულის ლოლუები, - ასეთი რამ ჩვენში არავის უკითხავს.
- უკითხავს კი არადა, აზრადაც არავის მოსვლია! ხმამაღლა ვერც იტყოდნენ…
- აუ, როგორ შეიცვალა დრო!
- მართლაც!
- ნება მომეცით, ფანჯარაში მაინც შევიჭყიტო.
- იყუჩე, სულელო, ნუ გაინძრევი!
მეტი რა გზა ჰქონდა, არც განძრეულა, მხოლოდ ძალიან ჩუმად ჩაიჩურჩულა:
- კეთილი, მაგრამ როდემდე? რატომ უნდა ვეკიდო ასე?…
- გაჩუმდი! - უბრძანა დედა ლოლუამ, – მომეკარი, რომ ძირს არ ჩავარდე და ინატრე, რომ დიდხანს ვიყოთ ასე უძრავად და ყოველთვის ყინვის ზარების ჟღარუნი გვესმოდეს.
წვნიკა ლოლუამ მიმოიხედა: ცა დაბლა ჩამოსულიყო. თითქმის შუბლით ეხებოდა სიცივისაგან აცახცახებულ, წვეროებამდე შეჭირხლულ ხეებს. ცერცეტა ქარის ფეხქვეშ ტკაცანი გაჰქონდა თხელ, სიფრიფანა ყინულის ზედაპირს. ჩხარაჩხურით ცვიოდნენ მოსხლეტილი ლოლუები და ძილბურანში გადასულ სიჩუმეს წამით აფხიზლებდნენ.
- ოიჰ! – ვიშვიშებდნენ ძირს ჩაცვენილები.
- გამაგრდი! –ჩამოსძახებდნენ ზემოთ დარჩენილები. – სამდურავი არ დაგცდეთ, ჯერ კიდევ არ თბილა, მზისაგან გფარავდეთ ყინვის ზარები.
- რა არის მზე? – იკითხა ერთხელ წვნიკა ლოლუამ
- სუ, სუ-უ! – წაიბზუკუნა რუმბმუცელამ.
- როგორია? – არ ისვენებდა წვნიკა. – რატომ არასოდეს მინახავს?
- ახლა იშვიათად ანათებს, – უჩურჩულა დედა ლოლუამ.
- ანათებს? მთვარე და ვარსკვლავებიც ხომ ანათებს, მაშ მშვენიერი ყოფილა. მითხარი, მშვენიერია?
- თავის დროზე ნახავ, იქნებ ხვალ, იქნებ ამ წუთსაც…
- აღარ გაჩუმდები? –გაბეზრდნენ ყინულის ლოლუები – შენ ირატრატე, ჩვენ კი ვილოცებთ, რომ ღრუბლებიდან არასოდეს გამოეხედოს, არასოდეს მისცემოდეს ძალა მის სხივებს.
პაწაწინა ლოლუამ იგრძნო, რომ რაღაც იდუმალს და საშინელს უმალავდნენ, მაგრამ შიშზე უფრო ცნობისწადილი აფორიაქებდა. ერთი სული ჰქონდა, ენახა მზე და აი, ერთ დღეს ნაცრისფერ ცაზე ოქროსფერი პატარა ფირფიტა ამოტვიფრა. წვნიკამ თვალი ვერ მოაცილა.
- ვაი, მზე! –ავიშვიშდნენ ლოლუები.
- ო! – აღტაცება აღმოხდა წვნიკას
ღრუბლებმა გაიღიმეს. ჰაერი ოქროსფერი გახდა. ჩამოწანწკალებული თოვლის წვეტები, კიდეებგაბრწყინებული ყინული, თოვლზე დაფენილი ფანტელები ნაპერწკლებივით აელვარდნენ.
მზემ ოქროსფრად მოავარაყა საწვიმარზე ჩამოკიდებული ყინულის ლოლუები და წვნიკასაც ყელზე სხივის ყელსაბამი მოავლო.
- მეც ვლამაზდები! – ბარტყივით აჭყლოპინდა წვნიკა ლოლუა და აღტაცებით შეხედა ბრდღვიალა მზეს
– რა მშვენიერიააა!
- ჩუმად , უბედურო! - უჩურჩულა დედა ლოლუამ.
- ჩხ-ხ-ხ! ჩხ-ხ-ხ! –ცვიოდნენ ძირს წყალშემდგარი კუკნა ლოლუები
– მზემ ძირს ჩამოგვყარა.
- ვაი! – ვიშვიშებდნენ ზემოთ დარჩენილები.
- მომეკარი, მაგრად მომეკარი, ჩემი სიცივე დაგიფარავს! Aახლა ხომ გაიგე, რად გვაშფოთებს მზის ამოსვლა? –ამბობდა დედა ლოლუა.
- მაშ, ჩიტებს რატომ გაუხარდათ მზის დანახვა? – კენწეროჩაქინდრულმა ხეებმას თავი ასწიეს, მხრები გაშალეს, თითქოს საცაა, გაფრინდებიანო.. – თქვა თუ არა ეს წვნიკა ლოლუამ, იმ წამს გაახსენდა, რომ წინა დღით თოვლსა და ბუქში, ყინულის ლოლუები სიხარულით ყიჟინებდნენ, გაფიჩხული პაწაწა ჩიტი კი მიწაზე მოწყვეტილი ფესვივით ეგდო.
- მაშ ჩიტებს რატომ უხარით მზის დანახვა?- გაიმეორა შეკითხვა წვნიკამ.
- ხა-ხა-ხა! – ლურჯი კბილები გამოაჩინეს ლოლუებმა. - ჩურჩუტო, ის რაც შეიძლება ერთისათვის სიკეთე იყოს, მეორესათვის ბოროტებაა, ამიტომ მშვენიერიც ვერ იქნება!
- ჰო, მაგრამ მზე მშვენიერია. – და წვნიკა მონუსხულივით შეაჩერდა მზეს.
- გაჩუმდი, უბედურო, მზის შეყვარება არ შეიძლება!
- ავაი, მზე შეუყვარდა? –ავიშვიშდნენ რუმბმუცელები, თავბოლოკები, ბოლოწვეტიანები.
- რასოდეს, არცერთ ლოლუას არ ჩაუდენია ეს.
- რა დრო დადგა?! ვის სმენია ლოლუას მზე შეჰყვარებოდეს?
- რატომ არ შეიძლება მზის შეყვარება?
- გიკვირს კიდეც?! – სიბრაზისაგან კბილები ააჩხრიალეს ლოლუებმა.
დილით წვნიკა ლოლუა მოლოდინით იყო სავსე. უსაზღვრო ნატვრით ელოდა მზის გამოჩენას. თუმცა რაღაც შეუცნობადის შიშიც იპყრობდა. ჩუმად, ძალიან ჩუმად ჩაიჩურჩულა:
- ო, როგორ მსურს კვლავ მისი ხილვა! ნეტავ რატომ არ შეიძლება მისი შეყვარება? რატომ მიწყრებიან ლოლუები? დედა ლოლუამ გუმანით იგრძნო წვნიკას გარინდების მიზეზი და შეპარვით ჰკითხა:
- გენატრება?
- ჰო.
- სულელო!
- რატომ ვარ სულელი?
ერთხელაც, როცა მზემ ერთი კი არა, რამდენიმე სხივი ააციმციმა ერთბაშად, აზლუქუნდნენ ლოლუები:
- რა მშვენიერი იყო ზამთრის დღეები, როგორ ამაყად გვეჭირა თავი!
- დადგა ჩვენი აღსასრული, გული დაგვიმძიმდა, ნელ-ნელა ვსუსტდებით.
- წყალი შემიდგა
- ნეტავ ვისი ჯერი მოვა უფრო ადრე?
- სუმთლად ვკანკალებ
დედალოლუასაც შეუდგა წყალი. წვნიკა ლოლუა მზის სხივს მალულად ემბორა. უცებ ძლიერი ტკივილი იგრძნო და თვალში ცრემლი ჩაუდგა. წუთით თავბრუ დაეხვა, თითქოს გული შეუღონდაო.
- ჩხ-ხ-კ!
- ჩხხ-ხ-კ! –ჩხრიალით, ხრიალით ცვიოდნენ მოსხლეტილი ლოლუები, ზოგიც წვეთებად მიწანწკარებდა.
წვნიკა ლოლუას მზისკენ დარჩა თვალი. მზის სხივი ალერსით აეკრა. წვნიკამ ელვის უსწრაფესად შეუშვა ხელი დედა ლოლუას ჯუბას. წვეთადქცეული ჰაერში გაირინდა, თითქოს ძაფზე ჩამოეკიდაო, ანაზდად ქარმა შემოუბერა და მაღლა აიტაცა.
- ვცოცხლობ! – აკისკისდა, აყიჟინდა წვეთი და სულ მაღლა, მაღლა ცისარტყელას ფერებს შეერია.