THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



”სალი კოლხელი”

შეხვედრა ,,სალი კოლხელის’’ ავტორთან
 
ნინო მოსულიშვილი
მცხეთის საბავშვო ბიბლიოთეკამ შეხვედრა მოუწყო მცხეთაში მცხოვრებ პოეტს, მწერალს, პუბლიცისტს, ქალბატონ ლია რუსიაშვილს. შეხვედრა გაიმართა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში. განხილვის საგანი გახლდათ ახლახან გამოსული საყმაწვილო წიგნ--,,სალი კოლხელის’’ მეორე ტომი--“ოქროს ვაშლის საიდუმლოება“. წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ მცხეთის № 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი პედაგოგები, მშობლები, კულტურის დაწესებულებათა მუშაკები. განხილვა დიალოგის ფორმით წარიმართა–– ყოველი მოსმენილი აზრის შემდეგ თავად ავტორი განმარტავდა–– რამდენად სწორად იყო აღქმული და გაგებული წიგნის მთავარი დედააზრი.
ბავშვები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ძალიან მოსწონთ წიგნში განვითარებული ამბები, წიგნის გმირები, სიტუაციები, რომლებითაც ვითარდება წიგნში აღწერილი ესა თუ ის სიუჟეტი. გაიმართა ცოცხალი საუბარი წიგნის ავტორსა და მკითხველებს შორის. ავტორმა ბავშვებს უთხრა, რომ წიგნში გადმოცემულია რეალური ამბები, რომ წიგნის გმირები სულაც არ არიან იდეალურნი, ისინი ჩვეულებრივი, თქვენნაირი ბავშვები არიან, მხოლოდ წიგნის მთავარი გმირია ცოტათი განსხვავებულიო.
შემდეგ ავტორმა უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ მრავალ შეკითხვას –– რომელი ასაკიდან დაიწყო წერა, ვინ არიან მისი საყვარელი მწერლები, რა პირობებში დაიწერა ,,სალი კოლხელი’’, როდის და როგორ დასახლდა მცხეთაში, როგორ ახერხებს შვიდი შვილის დედა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას, როდის გაგრძელდება წიგნი და ა.შ.
ავტორმა განმარტა, რომ ,,სალი კოლხელი’’ ჩაფიქრებულია თორმეტ წიგნად –– ათორმეტი მოციქულის სახელზე და იმედი აქვს, ღმერთი შეაძლებინებს მათ კეთილად გასრულებას.
ქ-ნი ლია რუსიაშვილის მეუღლემ, ზვიად ნოდიამ, ლიტერატორმა, ფოლკლორისტმა, პუბლიცისტმა –– ბევრი სასარგებლო რჩევა გაუზიარა ბავშვებს და ,,სალი კოლხელის’’, როგორც ქართულ მხატვრულ საბავშვო ლიტერატურაში ახალი, მართმადიდებლური სენტენციის დამამკვიდრებლის ფუნქციას გაუსვა ხაზი.
ბავშვებმა წაიკითხეს ქ-ნ ლია რუსიაშვილის ლექსებიც. ლია რუსიაშვილს ქართველი საზოგადოება იცნობს, როგორც გამორჩეული ხელწერის პოეტს, რომლის შემოქმედება აღბეჭდილია ღვთისბოძებული ნიჭიერებით, სიღრმით, ადამიანის სულიერი განწმენდისკენ სწრაფვით. მას ლიტერატურულ წრეებში მოიხსენიებენ, როგორც ქართველ მარინა ცვეტაევას...
ქალბატონ ლია რუსიაშვილზე ისაუბრეს ანა იმერლიშვილმა, თამარ თათარაშვილმა, ალექსანდრე დიდებაშვილმა... აღინიშნა, რომ დიდ ნიჭიერებას საზოგადოებისგანაც დიდი ყურადღება და დაფასება სჭირდება.
შემთხვევით არ იყო საუბარი გოდერძი ჩოხელზე, როგორც საზოგადოებისაგან გულგრილობის მსხვერპლზე. ერთხელ მას, უკიდურესად შეჭირვებულს, ერთ-ერთი ჩინოვნიკისათვის მიუმართავს დახმარებისთვის, რაოდენ დიდი იქნებოდა გოდერძის განცვიფრება და ამასთან, გულის ჩაწყვეტაც, როცა ასეთი პასუხი მოისმინა: შენ ლეიბორისტი ყოფილხარ და როგორ დაგეხმარებიო?!.
გოდერძი, რომელიც ხელისგულზე უნდა გვეტარებინა თითოეულ ქართველს, სწორედ ჩვენმა უგულისყურობამ და მისი დიდი შემოქმედების ჯეროვნად დაუფასებლობამ მოკლა!..
ამ შეხვედრაზე იმასაც გაესვა ხაზი, რომ საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ იმათი დაფასება, ვინც ჩვენს გვერდით არის და ჭეშმარიტი სულიერი პურით გვაპურებენ.


საბავშვო მწერლობის კარგი შენაძენი
ნინო მოსულიშვილი
აღმოსავლეთმა თუ დასავლეთმა საუკუნეთა მანძილზე ამ ჩვენს პატარა ქვეყანას რაც ვერ დააკლო, ახლა საყოველთაო გლობალიზაციის პროცესები უპირებენ ჩანთქმას. ნიშანდობლივია, რომ გლობალისტები ყველაზე მეტად იმ ეროვნულ ნიშატს უმიზნებენ და გვიშანთავენ, რამაც სწორედ ის ძნელი საუკუნენი გამოგვატარა – ენას, მამულს, სარწმუნოებას, ტრადიციებს. ამას ყველანი დღენიადაგ ვხედავთ, მაგრამ ქართველების რუკიდან წაშლის მცდელობის უსწრაფეს პროცესებთან თითქოს ყველანი უძლურნი ვართ, თავბრუდახვეულნი, მთვლემარენი ან გასაქცევად ჩემოდანჩალაგებულნი.
სულ პატარა მცდელობაც კი ამ პროცესებთან გაბრძოლებისა ატორტმანებულ ზღვაში გადმოსროლილ რგოლსა ჰგავს, რომელსაც უნდა ჩაეჭიდო, რომ გადარჩე!
ასეთად მომეჩვენა ლია რუსიაშვილის ახალი წიგნი “სალი კოლხელი”, რომელიც უკვე დავიწყებულ ქრისტიანულ ტრადიციათა წინ წამოწევის მცდელობაა და იმის ჩვენება, თუ როგორ უნდა იზრდებოდნენ და აზროვნებდნენ ქრისტიანულ ოჯახში ბავშვები––საზოგადოების მომავალი საყრდენები.
ლია რუსიაშვილს მცხეთელთა წიგნიერი ნაწილი პოეტად იცნობს..მისი გასაოცარ ლექსთა კრებულები მრავალი პოეზიისმოყვარულის ბიბლიოთეკაში ძევს. ლია რუსიაშვილის ფენომენი, როგორც განსაკუთრებული მოვლენისა ქართულ პოეზიაში, საბავშვო წიგნმა–– “სალი კოლხელი”–– კიდევ უფრო გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა. მას პროზაშიც ხელეწიფება სიტყვასთან ჭიდილი და არა ისეთი უღატაკესი ენით, როგორითაც უმეტესად თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის ნიმუშები იქმნება, არამედ საოცრად დახვეწილი ლიტერატურული ქართულით, რომელსაც იმ ძველის უკვე მონატრებული სურნელი ასდის, ასე რომ ხიბლავდა და ხიბლავს ქართველ წიგნიერ საზოგადოებას და რომელსაც დიდი ხალისით წაიკითხავენ ჩვენი ბავშვები.
წიგნს წამძღვანებული აქვს ცნობილი ლიტერატურათმცოდნეების – მიხეილ ქურდიანის, მაკა ჯოხაძისა და აკაკი მინდიაშვილის წინასიტყვაობანი. “ამ ტექნოკრატიულ-გლობალისტურ ხანის თაობას თუ რამ განსაკუთრებულად აკლია და სჭირდება, სწორედ სარწმუნოებრივი მწერლობაა მისი ჰუმანისტურ-ზნეობრივი ფასეულობებით. “სალი კოლხელი” სწორედ ამ მიმართულების ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება”. - წერს ბატონი მიხეილ ქურდიანი.
„ ლია რუსიაშვილს “ბავშვის ენის” ცოდნაში უთუოდ დაეხმარა ისიც, რომ ეს უაღრესად ნიჭიერი ქალი შვიდი შვილის დედაა და მისი დიდებული ოჯახისათვის ქრისტიანობა არა მხოლოდ თეორიულადაა ახლობელი და გასაგები, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესითაც. ეს ეკლესიური და შემოქმედებითი ღვთიური ნიჭებით უხვად დაჯილდოებული ოჯახი თავის სასიცოცხლო არეალში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მუდამ სხივმდინარი სიყვარულისა და კეთილშობილების სამსახურშია”. –– ასე აფასებენ ლიას შემოქმედებას მაკა ჯოხაძე და აკაკი მინდიაშვილი.
გზა დავულოცოთ ქალბატონ ლია რუსიაშვილს საბავშვო მწერლობაში. ვისურვოთ, რომ ყველა ბავშვის შეგნებაში სატანური „ჰარი პოტერი“ ქრისტიანულ, მართლმადიდებელ “სალი კოლხელს” დაეჯაბნოს!


,,სალი კოლხელი’’ –– ,,ჰარი პოტერის’’ ნაცვლად
ლინა გიორგაძე

„ამ წიგნის ავტორი შვიდი შვილის დედა და საუცხოო პოეტია. მის უჩვეულო, არაორდინარულ პოეტურ ხელწერას არაერთი ლიტერატურული წერილი უძღვნეს გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა“––წერენ წიგნის შესავალ წერილში მწერალი მაკა ჯოხაძე და თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. და თუ აქამდე ლია რუსიაშვილს მკითხველი საზოგადოება როგორც პოეტს ისე იცნობდა, ახლა მან სულ სხვა ამპლუაში თქვა სიტყვა. ეს არის საბავშვო ლიტერატურა.
თუმცა, წიგნი ,,სალი კოლხელი’’ ტრადიციულ საბავშვო ლიტერატურის ჩარჩოებში ვერ თავსდება. ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სარწმუნოებრივი მწერლობაა და ამით არის ფასეული. „დღეს, როდესაც სამყაროში ასე აშკარად არის გაფართოებული ცოდვის დიაპაზონი, მომძლავრებულია ბოროტი ძალების ზეგავლენა ადამიანზე, რასაც განსაკუთრებით იოლად ემორჩილება მოზარდი თაობა, გამორჩეული ფასი ედება იმგვარ ლიტერატურას, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მანკიერ ზეგავლენათაგან თავის დაცვაში დაეხმარება ყმაწვილებს. ამ ტექნოკრატიულ-გლობალისტური ხანის თაობას თუ რამ განსაკუთრებულად აკლია და სჭირდება, სწორედ რომ გამოკვეთილად სარწმუნოებრივი მწერლობაა მისი ჰუმანისტურ-ზნეობრივი ფასეულობებით. “სალი კოლხელი” სწორედ ამ მიმართულების ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება... ეს წიგნი მოკლებულია ფანტაზიურობას, ილუზორულობას, ჯადოსნურ-ზღაპრულ საშუალებებს სიუჟეტის განვითარებისათვის... აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც წმიდა მამებს არ შესძლებიათ, ცხადია, ღვთის ძალით და არა ეშმაკთან წილნაყარობით,” – წერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ქურდიანი.
წაიკითხონ ჩვენმა პატარებმა პატარა გოგონა სალისა და მისი და-ძმების მხიარული თავგადასავლები და იცხოვრონ ცოტა ხნით მათ სამყაროში; წაიკითხონ უფროსებმაც და აუხსნან უმცროსებს, რაც დგას ამ წიგნისა და იმ ცხოვრების მიღმა, რომელსაც ისინი ხილულად ეცნობიან. ავტორმა შექმნა იმგვარი ნაწარმოები, რომელიც ბავშვებს მოიზიდავს არა უარყოფითი ძალების დახმარებით–– ჯადოქრობებითა და მაგიით, არამედ ქრისტიანული სწავლებით, ვინაიდან ქრისტიანული ცხოვრების წესი, ეკლესიის სწავლებაზე აგებული დამოკიდებულებები მუდამ იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სიცოცხლის საწყისად. ასე რომ, წაიკითხონ ჩვენმა შვილებმა “სალი კოლხელი” –– “ჰარი პოტერის” ნაცვლად!


ყოველ საღამოს საღამურში გამოწყობილი ჩემი შვილები, თავიანთ ლოგინებში შეძვრებოდნენ თუ არა, საბანს გადაიფარებდნენ და მეტყოდნენ: დე, დაიწყე!...
... და მეც ვიწყებდი, ორ საწოლს შუა, პატარა სკამზე მჯდარი:
,,სალი, ჩვეულებისამებრ, ძმების ღრიანცელმა გამოაღვიძა. ნახევრადმძინარე გამოძვრა საბნიდან და ოთახიდან გაფლატუნდა...”
- სოფოც ეგრე არ გამოფლატუნდება ხოლმე დილაობით? - პირველსავე წინადადებაზე ხუმრობს გიორგი და დასძენს: თანაც თმაგაჩეჩილი...
- მასმენინე, ბიწო, სენი კომენტალები ალ მაინტელესებს, - ენის ჩლექით პასუხობს სოფიო და ძალიან ახარებს იმის აღმოჩენა, რომ წიგნის ყველაზე პატარა პერსონაჟი, სალის და, ნუკაც 6 წლისაა და ისიც ჯერ კიდევ იჩლექს ენას.
ჩვენ ლია რუსიაშვილის ,,სალი კოლხელს” ვკითხულობთ.
ირკვევა, რომ ნუკას გარდა, სალის კიდევ ხუთი და-ძმა ჰყავს: გვანცა, ანო, ირაკლი, ლევანი და თაკო. სულ შვიდნი არიან. მშობლებთან ერთად ერთ დიდ წითელი აგურის სახლში ცხოვრობენ, რომელშიც შემდგომ იმდენი უცნაური და საინტერესო ამბავი მოხდება, რომ...
თავიდან ყველაფერი ძალიან რეალურად, ბავშვებით სავსე, ერთი ლამაზი ოჯახის ყოველდღიურობით იწყება. ეს ყოველდღიურობა კი ისე სადად, უშუალოდ არის გადმოცემული. რომ ბავშვები სალი კოლხელის ოჯახურ გარემოთი შეუმჩნევლად ,,ხვდებიან” იქ, სალის დედაც, მათი დედებივით, ყოველ დილას ქურასთან ტრიალით იწყებს. მაგიდასთანაც იგივე დიალოგები და ამბები ხდება, სურვილებიც და შენიშვნებიც ძალიან ნაცნობია, მოკლედ, ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მათ ცხოვრებაში. ბუნებრივად, ბავშვის ენით გადმოცემული პატარების ქცევა, ჟესტი და ლექსიკა - ყოველივე ამის ზედმიწევნითი ცოდნით ნამდვილად გამოირჩევა თავად შვიდი შვილის დედა - ავტორი და გულიანად აცინებს მკითხველს. ჰოდა, ჩემებმაც იცინეს - ირაკლის და ლევანის გაუთავებელ ძიძგილაობაზე, ნუკას და თაკოს კინკლაობაზე, ათასგვარ ბავშვურ სიანცესა და ოხუნჯობაზე... მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში ბევრი დარიგება და შეგონებაც მოისმინეს, ბევრ ისეთ რამეს დაუფიქრდნენ, ადრე ყურადაც რომ არ იღებდნენ... და ეს ყველაფერი ძალზე დელიკატურად, ფაქიზად, ყოველგვარი ხაზგასმული დიდაქტიკის გარეშე ხდება. ავტორისეული დიდაქტიკა ერთგვარად მთავარ პერსონაჟშია გამოხატული: სალი ჭკვიანია, კეთილი, და-ძმებისადმი მზრუნველი და შემწყნარებელი, ღვთის მოშიში და მოყვარული. ამიტომაცაა, რომ როდესაც იგი უფალს ნამდვილ მეგობარს შესთხოვს, ღმერთი მას ამქვეყნად ყველაზე მართალ ბერს, გლახას მოუვლენს. გლახას გამოჩენით კი წიგნში ნამდვილი სასწაულები იწყება. რეალური ყოველდღიურობიდან, სრულიად შეუმჩნევლადმ რაღაც ირეალურ, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ ავტორს, მაგრამ ეს არ არის ზღაპარი, არც ჯადოქრობა, არც მაგია, ეს კეთილი სასწაულებია, ღვთისმიერი, ისეთი, როგორითაც საკმაოდ მდიდარია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.
საერთოდ, რელიგიურობა ამ წიგნის განსაკუთრებული ღირსებაა. ეს თემა, პატარებისათვის, საზოგადოდ, ცოტა რთულად გასაგები, აქ ძალიან მარტივად, უშუალოდაა მოწოდებული და განზოგადებული პერსონაჟების ყოველდღიურ ქცევასა თუ ყოფაში. სალის თავს გადამხდარი ამბები ისე საინტერესოდ ვითარდება, თანდათან ისე იძაბება და კულმინაციას აღწევს სიუჟეტი, რომ მკითხველის ასაკისა და გონებისათვის საკმარისი სიმძაფრე და დამაჯერებლობა ნამდვილად არ აკლია, და, რაც მთავარია, კეთილი დასასრული - ჭეშმარიტი რწმენის გამარჯვება მაგიაზე და ჯადოქრობაზე, რომლითაც წიგნის ზოგიერთი პერსონაჟია დაკავებული.
... სუნთქვაშეკრული, ხმაგაკმენდილი მისმენდნენ ბავშვები. და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რა ძალა აქვს ლოცვას, უფლისადმი მიმართვას განსაცდელის ჟამსა თუ ყოველ დღეს, რაიმე სურვილის, თხოვნის შესასრულებლად. ბავშვის გულიდან წამოსულ ლოცვას კი უფალი აუცილებლად შეისმენს ...
ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც ამ წიგნით ავტორს უნდოდა, ბავშვებისათვის სწორედ ამისი შეგონებაა.
აი, ეს პატარა ექსკურსი ლია რუსიაშვილის ,,სალი კოლხელის” შესახებ. განცდები, ემოციები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემს შვილებს, არამედ ყველა პატარა მკითხველს დაეუფლება.
ასე, გარინდებულ ჰაერში, ერთხანს ეკიდა წიგნის ბოლო სიტყვები: ,,გმადლობ, დედაღვთისმშობელო, გმადლობ კეთილისმყოფელო ჩვენო წმინდანებო, ყოვლად წმინდაო სამებაო, დიდება შენდა!”
მერე ერთბაშად დაირღვა სიჩუმე და ორივემ ერთხმად:
- დედიკო, მეორე წიგნს როდის მოგვიტან?
- ხომ ისევ სალიზე იქნება? - პასუხს არ დაელოდა სოფო.
- ნეტა, მერე რა მოხდება? - თავისთავს ჰკითხა გიორგიმ, რადგან მიხვდა. რომ ჯერ ამაზე პასუხს ვერავინ გასცემდა.
- მოგეწონათ? - წიგნი დავხურე მე.
- კი,დედიკო,კი! - აღფრთოვანებით შესძახა სოფიომ, გიორგიმ კი - დინჯად:––ეს წიგნი ბავშვებს კითხვას შეაყვარებს...



როგორ ვწეროთ ბავშვებისათვის?
ვანო ამირხანაშვილი
ისე, როგორც დიდებისათვის, ოღონდ ცოტა უფრო უკეთ.
გავრცელებული აზრია. სწორია თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეფექტური ნამდვილად არის. კარგია, როცა დიდებიც და პატარებიც ერთნაირი გატაცებებით, ერთნაირი ინტერესით კითხულობენ, მაგრამ პატარებს აქვთ სხვა ხედვა, რაღაც მესამე თვალის მსგავსი, რომელიც სრულიად განასხვავებს მათ აღქმას უფროსების აღქმისგან, სხვანაირად დაანახვებს, სხვა სიღრმეებს აღმოაჩენინეს იქ, სადაც არაფერი ან ყველაფერი ჩანს.
,,ისე, როგორც დიდებისათვის..”
ესე იგი, ჯერ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა წერა დიდებისათვის, უფროსი ასაკის მკითხველებისათვის, შემდეგ - ,,ცოტა უფრო უკეთ”.
ლია რუსიაშვილმა თავის დროზე დაამტკიცა, რომ მშვენივრად იცის, თუ როგორ უნდა წერა დიდებისათვის და, სხვათა შორის, გარკვეულწილად დიდებასაც მისწვდა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან კარგი და სერიოზული გამოხმაურებები ჰქონდა მის პოეტურ კრებულებს.
შესანიშნავი პოეტური განაცხადის შემდეგ მან გადაწყვიტა ,,ცოტა უფრო უკეთ”.
საინტერესოა, ვინ გვეტყვის, თუ რას ნიშნავს ეს ,,ცოტა უფრო უკეთ”? ბავშვებმა არ იციან, რა მოსწონთ პატარებს. ტყუილია გავრცელებული აზრი, თითქოს პატარებს მოსწონთ ის, რაც ჩვენ მოგვწონდა პატარაობისას. არა, ასე არ არის. გემოვნება იცვლება, თანაც მუდმივად, განუწყვეტლივ, პერმანენტულად, არასოდეს ჩერდება ერთ რომელიმე ნიშნულთან, ხან მაღლა ადის, ხან დაბლა ჩამოდის, ხან სულაც ქრება, იკარგება, უჩინარდება, მერე ისევ ჩნდება, ისევ გვიჩენს ილუზიას, თითქოს ურყევია, უძრავია, უცთომელია, თითქოს დრო ჟამის სვლას არ ემორჩილება, არ სდევს ჟამთა ცვლას.
პატარები. რა თქმა უნდა, თვითონ პატარები გვეტყვიან, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა არის კარგი, ნამდვილი, მოსაწონი.
,,სალი კოლხელი”. ავტორი ლია რუსიაშვილი. გამომცემლობა ,,ლეგა”, თბილისი, 2007 წელი.
ეს წიგნი ბავშვებს მოსწონთ.
ჩვენი საქმე ახლა მხოლოდ ის არ არის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოსწონთ ბავშვებს ეს ზღაპარი.
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ დაწერილია მათთვის და მხოლოდ მათთვის.
ლია რუსიაშვილი ახლოს იცნობს ბავშვის შინაგან სამყაროს, მის ფსიქოლოგიას, ინტერესებს, ოცნებებს, მისწრაფებებს. გასაკვირიც იქნებოდა, რომ არ სცოდნოდა შვიდი შვილის დედას და შესანიშნავ პოეტს. მან კარგად იცის, რომ ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა არ არის გზა, რომელსაც ჭეშმარიტებისკენ მივყავართ. აქ უფრო სხვა, უფრო ეფექტიანი მეთოდის მომარჯვებაა საჭირო, რაც, რასაკვირველია, ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი.
ლია რუსიაშვილმა წმინდა ლიტერატურული გზა აირჩია. იგი მორალისტურ იდეებს მხატვრულ სინამდვილედ აქცევს და ამით საკმაოდ დამაჯერებელს ხდის თავის თხრობას.
ლიტერატურაშიც არსებობს დედუქციის ცნება, ზოგადიდან კერძოს გამოყვანის წესი, რომელსაც ვერ ისწავლი, თუ დაბადებით არ მოგდგამს, თუ ბუნებრივად არ გვაქვს გაშინაგანებული სამყაროს სურათებად და ეპიზოდებად აღქმის უნარი.
,,სალი კოლხელი” ბავშვებს ასწავლის. სწავლება მოქმედებაში - შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მეთოდს.
შინაარსის განვითარების კვალად ბავშვი ბევრ ისეთ რამეს იცნობიერებს, რასაც შეგონებებისა და დარიგებების გზით ძნელად მიიღება, მაგალითად, რომ საჭიროა ჭამის წინ ილოცოს და ჭამის შემდეგ უფალს მადლობა გადაუხადოს; წყლის დალევის წინ პირჯვარი გადაიწეროს; რომ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი ავი თვალისგან ან თუნდაც როგორ გამოიყენოს თავისუფალი დრო.
ლია რუსიაშვილს სულაც არ უჭირს მხატვრული განზოგადებანი, თუმცა, ასე მგონია, შეგნებულად მიმართავს თხრობის დოკუმენტურ სტილს, საგანგებოდ ირჩევს რეალურ დრო-სივრცეს - თანამედროვეობა, მცხეთა, სვეტიცხოვლის უბანი. ამით უფრო ახლოს მიდის სინამდვილესთან, უფრო დამაჯერებელს ხდის მონათხრობს. მართალია, ბავშვებისთვის არ არსებობს ნამდვილი და გამონაგონი, მათთვის ყველაფერი ნამდვილია, მაგრამ მწერლის გუმანი უტყუარია - სწორედ რეალურის გზით უნდა წავიდეს ჭეშმარიტი რეალობისკენ, რომელიც არის ჭეშმარიტება, ღვთაებრივი ჭეშმარიტება...


თენგიზ კიკაჩეიშვილი
,,სალი კოლხელი” წარმოადგენს თანამედროვე საქრისტიანო მწერლობის უახლეს ნიმუშს. ამ ქრისტიანული მგზნებარებისა და აღმაფრენის შეცნობა, უწინარეს ყოვლისა, განსაკუთრებულ ადრესატს - ბავშვთა სამყაროს ესაჭიროება, მით უფრო რომ ჩვენს ეპოქაში, როდესაც გლობალიზაციის ქიმერამ უკვე კარგა ხანია წამოყო თავი, გადაუდებელ ამოცანად იქცა ეროვნული განცდის გამძაფრება...ეს წიგნი სწორედ დროის მოთხოვნას პასუხობს და ამასთან, ამდიდრებს თანამედროვე ქართულ მწერლობას ქრისტიანული ჟანრის გაძლიერებით. ერთი ვითარება ძალზე არსებითად გვესახება: წმინდა მხატვრული შემოქმედებითი ინტერესების გარდა ( ლია რუსიაშვილის პოეტური ნიჭიერება საყოველთაოდაა აღიარებული), ავტორს გამორჩეული სულიერი პასუხისმგებლობა ეკისრება მომავალი თაობის წინაშე, რამაც განაპირობა „სალი კოლხელის“ შექმნა. წიგნი წმინდა მამათა სწავლების სპეციფიკურ სისტემას ეყრდნობა და ახალგაზრდობასაც მის მიყოლას ურჩევს, და რაც მთავარია, „სალი კოლხელი“ მკვეთრად დაპირისპირებული და გამმიჯნავი ქრისტიანული ნაწარმოებია ყოველგვარი ჯადოსნურ–ეზოთერული მწერლობის მიმართ...


რიტა ბაინდურაშვილი
ყოველ საღამოს საღამურში გამოწყობილი ჩემი შვილები, თავიანთ ლოგინებში შეძვრებოდნენ თუ არა, საბანს გადაიფარებდნენ და მეტყოდნენ: დე, დაიწყე!...
... და მეც ვიწყებდი, ორ საწოლს შუა, პატარა სკამზე მჯდარი:
,,სალი, ჩვეულებისამებრ, ძმების ღრიანცელმა გამოაღვიძა. ნახევრადმძინარე გამოძვრა საბნიდან და ოთახიდან გაფლატუნდა...”
- სოფოც ეგრე არ გამოფლატუნდება ხოლმე დილაობით? - პირველსავე წინადადებაზე ხუმრობს გიორგი და დასძენს: თანაც თმაგაჩეჩილი...
- მასმენინე, ბიწო, სენი კომენტალები ალ მაინტელესებს, - ენის ჩლექით პასუხობს სოფიო და ძალიან ახარებს იმის აღმოჩენა, რომ წიგნის ყველაზე პატარა პერსონაჟი, სალის და, ნუკაც 6 წლისაა და ისიც ჯერ კიდევ იჩლექს ენას.
ჩვენ ლია რუსიაშვილის ,,სალი კოლხელს” ვკითხულობთ.
ირკვევა, რომ ნუკას გარდა, სალის კიდევ ხუთი და-ძმა ჰყავს: გვანცა, ანო, ირაკლი, ლევანი და თაკო. სულ შვიდნი არიან. მშობლებთან ერთად ერთ დიდ წითელი აგურის სახლში ცხოვრობენ, რომელშიც შემდგომ იმდენი უცნაური და საინტერესო ამბავი მოხდება, რომ...
თავიდან ყველაფერი ძალიან რეალურად, ბავშვებით სავსე, ერთი ლამაზი ოჯახის ყოველდღიურობით იწყება. ეს ყოველდღიურობა კი ისე სადად, უშუალოდ არის გადმოცემული. რომ ბავშვები სალი კოლხელის ოჯახურ გარემოთი შეუმჩნევლად ,,ხვდებიან” იქ, სალის დედაც, მათი დედებივით, ყოველ დილას ქურასთან ტრიალით იწყებს. მაგიდასთანაც იგივე დიალოგები და ამბები ხდება, სურვილებიც და შენიშვნებიც ძალიან ნაცნობია, მოკლედ, ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მათ ცხოვრებაში. ბუნებრივად, ბავშვის ენით გადმოცემული პატარების ქცევა, ჟესტი და ლექსიკა - ყოველივე ამის ზედმიწევნითი ცოდნით ნამდვილად გამოირჩევა თავად შვიდი შვილის დედა - ავტორი და გულიანად აცინებს მკითხველს. ჰოდა, ჩემებმაც იცინეს - ირაკლის და ლევანის გაუთავებელ ძიძგილაობაზე, ნუკას და თაკოს კინკლაობაზე, ათასგვარ ბავშვურ სიანცესა და ოხუნჯობაზე... მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში ბევრი დარიგება და შეგონებაც მოისმინეს, ბევრ ისეთ რამეს დაუფიქრდნენ, ადრე ყურადაც რომ არ იღებდნენ... და ეს ყველაფერი ძალზე დელიკატურად, ფაქიზად, ყოველგვარი ხაზგასმული დიდაქტიკის გარეშე ხდება. ავტორისეული დიდაქტიკა ერთგვარად მთავარ პერსონაჟშია გამოხატული: სალი ჭკვიანია, კეთილი, და-ძმებისადმი მზრუნველი და შემწყნარებელი, ღვთის მოშიში და მოყვარული. ამიტომაცაა, რომ როდესაც იგი უფალს ნამდვილ მეგობარს შესთხოვს, ღმერთი მას ამქვეყნად ყველაზე მართალ ბერს, გლახას მოუვლენს. გლახას გამოჩენით კი წიგნში ნამდვილი სასწაულები იწყება. რეალური ყოველდღიურობიდან, სრულიად შეუმჩნევლადმ რაღაც ირეალურ, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ ავტორს, მაგრამ ეს არ არის ზღაპარი, არც ჯადოქრობა, არც მაგია, ეს კეთილი სასწაულებია, ღვთისმიერი, ისეთი, როგორითაც საკმაოდ მდიდარია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია.
საერთოდ, რელიგიურობა ამ წიგნის განსაკუთრებული ღირსებაა. ეს თემა, პატარებისათვის, საზოგადოდ, ცოტა რთულად გასაგები, აქ ძალიან მარტივად, უშუალოდაა მოწოდებული და განზოგადებული პერსონაჟების ყოველდღიურ ქცევასა თუ ყოფაში. სალის თავს გადამხდარი ამბები ისე საინტერესოდ ვითარდება, თანდათან ისე იძაბება და კულმინაციას აღწევს სიუჟეტი, რომ მკითხველის ასაკისა და გონებისათვის საკმარისი სიმძაფრე და დამაჯერებლობა ნამდვილად არ აკლია, და, რაც მთავარია, კეთილი დასასრული - ჭეშმარიტი რწმენის გამარჯვება მაგიაზე და ჯადოქრობაზე, რომლითაც წიგნის ზოგიერთი პერსონაჟია დაკავებული.
... სუნთქვაშეკრული, ხმაგაკმენდილი მისმენდნენ ბავშვები. და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რა ძალა აქვს ლოცვას, უფლისადმი მიმართვას განსაცდელის ჟამსა თუ ყოველ დღეს, რაიმე სურვილის, თხოვნის შესასრულებლად. ბავშვის გულიდან წამოსულ ლოცვას კი უფალი აუცილებლად შეისმენს ...
ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც ამ წიგნით ავტორს უნდოდა, ბავშვებისათვის სწორედ ამისი შეგონებაა.
აი, ეს პატარა ექსკურსი ლია რუსიაშვილის ,,სალი კოლხელის” შესახებ. განცდები, ემოციები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემს შვილებს, არამედ ყველა პატარა მკითხველს დაეუფლება.
ასე, გარინდებულ ჰაერში, ერთხანს ეკიდა წიგნის ბოლო სიტყვები: ,,გმადლობ, დედაღვთისმშობელო, გმადლობ კეთილისმყოფელო ჩვენო წმინდანებო, ყოვლად წმინდაო სამებაო, დიდება შენდა!”
მერე ერთბაშად დაირღვა სიჩუმე და ორივემ ერთხმად:
- დედიკო, მეორე წიგნს როდის მოგვიტან?
- ხომ ისევ სალიზე იქნება? - პასუხს არ დაელოდა სოფო.
- ნეტა, მერე რა მოხდება? - თავისთავს ჰკითხა გიორგიმ, რადგან მიხვდა. რომ ჯერ ამაზე პასუხს ვერავინ გასცემდა.
- მოგეწონათ? - წიგნი დავხურე მე.
- კი,დედიკო,კი! - აღფრთოვანებით შესძახა სოფიომ, გიორგიმ კი - დინჯად:––ეს წიგნი ბავშვებს კითხვას შეაყვარებს...


მაკა ჯოხაძე
...იბადებიან ადამიანები დროისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობით. ეს მგრძნობელობა, აღქმა წარმავლობისა ხშირად აყალიბებს მსოფლმხედველობას, ცხოვრების წესს, აზროვნების ტემპს და რიტმსაც კი. დროსთან ამგვარი გამძაფრებული დამოკიდებულება განსაკუთრებით ხანდაზმულობასთან ერთად ჩნდება. ლია რუსიაშვილთან ეს ძალიან ადრე, თითქმის სიყმაწვილიდანვე დაიწყო. ამის ნიმუშია წინამდებარე ლექსები.
ამ წიგნს განსაცვიფრებელი რიტმიკა აქვს, უაღრესად თანამედროვე, ნევროზული, მშფოთვარე. ეს წიგნი ერთგვარი აღსარებაა და ლიამ არც კი იცის, რომ იგი დაწერილია უდიდესი ქვეცნობიერი სურვილით, საკუთარი სულიერი გამოცდილება, როგორც წინ მიმავალმა კაცმა, უკანა კაცის ხიდად გასდოს, წარმავალ ღირებულებებს გამოდევნებულ ადამიანს იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, დაცემისა და განწირულების ჟამს ნამდვილი ღირებულებების ფასი ასწავლოს.
...ეს მაღალი პოეზიის ენა და ლოღიკაა. ამ ლოღიკით უკავშირდება ერთმანეთს სამყაროს უკიდურესი წერტილები, ჩრდილოეთ პოლუსი სამხრეთ პოლუსს, აღმოსავლეთის ამომავალი მზე დასავლეთის ჩამავალ დაისს. ამ ენის წყალობით ურთულესი ასოციაციებით მოქსოვილ ბადეში ეხვევა მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი და უაღრესად გასაგები, მისაღები და თანაგრძნობის ღირსი ხდება ერთი შეხედვით გაუგებარი, უკიდურესი პარადოქსებით დასეტყვილი დედამიწა.
...განა ბევრს შეუძლია საკუთარ ადამიანურ არსს ასე გაუსწოროს თვალი? ასე ჩახედოს სულში, სახეში, თვალებში? არა, ამგვარ გმირობას მხოლოდ პოეზიით ცხებული ადამიანები სჩადიან. ლიამ ძალიან ადრე შეიცნო ბედნიერების ხანმოკლე დღესასწაულები, უფრო ზუსტად, დღესასწაულთა ხანმოკლეობა. ამიტომ მთელი ეს სამყარო თავისი “გრიგალებით”, “ვაცთა ელამი მეფეებითა” თუ “ამაყი წუმპეებით”, რახანია ქვიშის აღმართზე მიმავალი აქლემების ქარავანივით მიირწევა, სადღაც ზევითკენ მიემართება...
...დღევანდელ ყოფით კატალიზატორში ჩათრეულ საქართველოს პოეზიისათვის არა სცხელა, ისე, როგორც პირჯვრისგადასაწერი ენერგია ეწრიტება სისხლის უკანასკნელი წვეთივით… არადა, პოეზიაც პირჯვრის წერაა, ლოცვაა და სულის მოთქმაა, აწევა და ცისკენ გახედვაა, თუმცა ცაც და დედამიწაც, რა ხანია, შებღალულია მდაბიოთა უვიცობითა და ელიტართა გაყინული გონებით... უარესობის მოლოდინში იქნებ იმიტომაც განგაშობს გული...
და მაინც, მაღალი პოეზია ციური ენერგიის ჩამოტანაა დედამიწაზე. დიდი რისკია და ვფიქრობ, უხერხულიცაა ამ ენერგიაზე ლაპარაკი, რადგან ეს თითქოს იმასა ჰგავს, ვიღაცის ჩუმ ქვითინს ტელეფონის ყურმილში ქურდულად ყური მიუგდო, ვიღაცას ლოცვისას წაადგე თავზე და წამით მოხელთებული ღვთაებრივი ინტიმი დაურღვიო მიწასა და ცას შორის გახლეჩილ ადამიანს...
ლია რუსიაშვილს მთელი სულითა და გულით უყვარს უფალი ჩვენი და ასევე მთელი სულითა და გულით უყვარს პოეზია, ანუ სიტყვის მადლი და ენერგია... და განა ბავშვობიდან მოყოლებული ჰყოლია მას უფრო ერთგული, უანგარო მეგობარი და მესაიდუმლე, ვიდრე ლექსი?!
რა ვიცი, იქნება ვცდები კიდეც, მაგრამ მგონია, რომ არა ჰყოლია. გამომშვიდობებისას, მის შემხედვარეს მარინა ცვეტაევას სიტყვები მახსენდება, როცა იგი ორ დიდ პოეტს, მაიაკოვსკისა და პასტერნაკს ადარებდა:
“ტალანტი ადამიანს მიწიდან კი არა, ღვთისაგან ეძლევა, ამიტომ ვინც ტალანტზე უარს ამბობს, უარს ამბობს ღმერთზე”.
მერე რა, რომ შვიდი შვილის დედაა ეს უნატიფესი ქალი. მერე რა, რომ მიწაზე დადის და შრომობს... მისი კარავი ისევ იქ ირწევა, მაღლა, ნისლების საუფლოში, პოეზიის სანახებში... ნეტა რამდენ ხანს გაგრძელდება მისი დუმილი!...


როსტომ ჩხეიძე
ადრიანი დილაა. ჯერ რვა საათიც არ შესრულებულა და ტელეფონი რეკავს. ასეთ დროს მხოლოდ ახლობლები თუ დარეკავენ, ისიც თუ საჩქარო და გადაუდებელი საქმეა. ყურმილს ვიღებ და მესმის : ––გურამ ლებანიძე გაწუხებთ.
ჩვენ მხოლოდ ნაცნობები ვართ, კეთილი სალამი რომ აკავშირებთ, ესაა და ეს,
ჩემთან არასოდეს დაურეკავს, ახლა კი ასეთ დროს?
ნეტა რა მოხდა ამისთანა?
ძალაუნებურად ვიძაბები.
გურამ ლებანიძეს უფრო “კავკასიურ სახლში” გამართული ლიტერატურული თავყრილობებიდან დავუახლოვდი, იქ რამდენჯერმე დავესწარი მის გამოსვლასაც. რაინერ მარია რილკეს “დუინური ელეგიების” განხილვას საჯარო ლექციების მთელი ციკლი მიუძღვნა. კარგად იცის უცხო ენები და კულტურები, საკმაოდ განსწავლული პიროვნებაა.
ნეტა რას მეტყვის?
––გუშინ მოგისმინეთ “ალიონში” და ძალიან დავინტერესდი, ლია რუსიაშვილის ახალ წიგნზე რომ ისაუბრეთ. გამიკვირდა, რომ თურმე კარგა ხანია მიუტოვებია ლექსის წერა, არადა თქვენი თქმით, ძალიან ნიჭიერი პოეტი ყოფილა. მე არც კი გამეგონა. მაშინვე შევიძინე ეს წიგნი, დახლთან გადავშალე და რამდენიმე სტრიქონი წავიკითხე თუ არა, აშკარა იყო, ნამდვილ პოეტს დაეწერა. შინ რომ დავბრუნდი, სულმოუთქმელად გადავიკითხე. არა, პირველ შთაბეჭდილებას არ მოვუტყუებივარ. უდავო ტალანტია და ძალიან, ძალიან დამწყდა გული, წერა რომ მიატოვა. მთელი ღამე არ დამიძინია, ვბორგავდი, ვფიქრობდი. ძალიან კი მერიდება, ასე ადრე რომ დაგირეკეთ, მაგრამ ის უფრო მიკვირს, აქამდე როგორ გავძელი. ჩვენ დიდი პოეტი გვყავს დაკარგული, სულ ცოტა მარინა ცვეტაევას რანგისა. აბა!.. არა, არ ვაჭარბებ... ეჰ, ყოველგვარი ფუნდამენტალიზმი დამღუპველია, გინდ ქრისტიანული და გინდ რაც გენებოთ. ქრისტიანულმა ფუნდამენტალიზმმა დაგვაკარგვინა ჩვენი ცვეტაევა!
თქვენც იგრძენით, არა, რას ნიშნავს ახალი სახელი რომ იკვეთება დიდ პოეტურ სამყაროში?
გიხარიათ და... გენანებათ.
არა, ამის გამართლება შეუძლებელია, ტალანტი ხომ ღვთიური მადლია და მისი ჩახშობის ნება, ყოველგვარი წესითა და კანონით, არა გვაქვს!
იქნებ ჯერ გვიანი არ იყოს...
ისეთი გულისფანცქალით ელოდება ჩემს პასუხს, თითქოს რაიმეს გადაწყვეტა შემეძლოს, თითქოს ჩემს ნებაზე ეკიდოს, ამ უჩვეულო ლექსების შემქმნელი ისევ თუ აიღებს კალამს ხელში, ასე ნაადრევად რომ გადატეხა... რას ვიზამთ, ჩვენს პოეზიაში იქნებ ერთი ასეთი პოეტური ნატურაც უნდა გამოჩენილიყო.! ნუგეში ამაო ცდაა.
––იქნებ ჯერ გვიანი არ იყოს...
––ღმერთმა ქნას!
უკეთესი რა მივუგო...
ორივ ერთ ნაღველს წავუღივართ და უეცრად ვგრძნობ, როგორ იმარცვლება ჩემს გონებაში ლია რუსიაშვილის “წერილის ნაგლეჯის” სტრიქონები, არ მეგონა, ამდენი ფრაგმენტი თუ ჩამრჩებოდა ხსოვნაში:
“დიდი ხანია, წიფელი გახმა, უკანასკნელი შეხვედრის მოწმე და არაფერი არ ხდება ახლა, რადგანაც უნდა ყოველი მოხდეს! არს თქმულებაი ნათლით მოსილი, ლოცვით განბანილ ცოდვილთ ფარაზე... მთანგავს ჰაერი – ყოფნის ბორკილი! შემინდე! ყველას ღმერთი ჰფა...”
სტრიქონი წყდება და იქნებ შემთხვევითი არ იყოს, რომ სწორედ აქ, ამ ადგილას გაწყვეტილა. ეს ყოველთვის უნდა იგულისხმებოდეს, შეფარვით უნდა იგრძნობოდეს, პირდაპირ კი არ უნდა ვამბობდეთ, ღვთის მფარველობას მწყურვალებივით რომ მიველტვით...


ოთარ ჩხეიძე
... ეს ლია რუსიაშვილია, წიგნი მისი ამ სათაურისაა - ”წარვედ სახით შენდა”. წარვედო, წუთითაც რომ არ შეჩერებულა, გადაიარა, გაუჩინარდა მობრუნება რო აღარცა ნებავს! ეგება რო აღარცა ჰღირდეს––აღმოთქვა სათქმელი, სათქმელი თვისი. მიესალმა და გამოეთხოვა პოეზიასა. ეგება!
თქმითა თქვა სათქმელი, ჩასტია პატარა წიგნში.
... ”დროის წინარე არარაიდან არ გახსოვს, რატომ გამოიპარე”...
დროის წინარე არარაიდან!
... მერე იქ. წიგნში,
ქარებია უფრო შორეული ქროლვისთვისა, მზეებია, მთვარეა დაბინდული და სხივი - ფარეში მთვარისა, სხივი, სხივები, დუღილია მარადიული, სადღაც დროის საზღვარი როა, საიდანაც რო მოქანდაკე ჩამოდის. კოსმოსური ხილვებია, კოსმოსური განცდები!
... ხოლო
რიტმი, ამაღლებული, გაქანებული, მძაფრი, - ექსპრესისათვის რო შეუძლია დასთმოს ყველაფერი.
რიტმი მძლავრობს, რიტმი გუგუნებს! დაწერილია ჯვარედინი რითმითა, შვიდმარცვლოვანი და ათმარცვლოვანითიცა, გაწყობილია თითქოს პროზააო, - კალამი რო ვეღარ მოინაცვლებს ადგილსა, რო არ გაწყდეს, რომ არ შენელდესო. და მიედინება და მიედინება, მიდის, მიღელავს ქარსაყოლილი სიტყვათა ნაკადი, ნაკადი მძაფრი განწყობილებისა...
ასე იწყება და ასე თავდება –– თითქოს ერთი ღრმა ამოსუნთქვააო, წიგნი ესე პირველი და უკანასკნელი! თავდება და ეტყობა, აღარც გადაუწერია...
ჯერ ისევ ახალგაზრდა ქალია ლია რუსიაშვილი. ვინ უწყის, თუ რას გვიქადის წუთისოფელიო, ანთუ რას გვაუწყებს ზეგარდმო ძახილიო. ვინ იცის. ვინ უწყის..