THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქრისტესია

ცირა ყურაშვილი, იმედა ყურაშვილი

ცაზე პატარა ვარსკვლავი გამოჩნდა

ირისქალაქის იისფერ კაბადონზე ახალი, პატარა ვარსკვლავი როცა აინთო, ქრისტესია მაშინ დაიბადა. მისი მშობლები დიდხანს იყვნენ უშვილონი, დღედაღამ ცაში ცქერასა და ღვთის ვედრებაში იყვნენ და ვარსკვლავის გამოჩენა როგორ გამოეპარებოდათ. ირისქალაქელთაგან კი ბევრს არ შეუმჩნევია პატარა ვარსკვლავის გაჩენა, ამ დროს მათ ეძინათ, ან გადაუდებელ საქმეებზე ფიქრობდნენ. არადა, ახალ ვარსკვლავს ნელნელა ემატებოდა ნათელი და ბოლოს ლამაზად აციმციმდა.
–რა დავარქვათ, რა დავარქვათო?–იფიქრეს მშობლებმა და გადაწყვიტეს, რადგან ღმერთმა გვაჩუქა და გაგვაბედნიერა, ჩვენც ავდგეთ და ქრისტესია დავარქვათო.
ასეც მოიქცნენ.
იქვე, მეზობლად შავით მოსილი კეთილი დედაკაცი ცხოვრობდა. მან ქრისტესიას მშობლებს ურჩია, ბავშვი დროულად მონათლეთ, გულზე ჯვარი დაკიდეთ, უფალი ანგელოზს გამოუგზავნის მცველად და განსაცდელს აარიდებსო. ბედნიერმა მშობლებმა ყური უგდეს დედაკაცის რჩევას, მოძღვარი მოიწვიეს, ქრისტესია მონათლეს და სანაქებო ძეობაც გადაიხადეს.

ავაზაკების თავდასხმა. ახალმა ვარსკვლავმა მოიწყინა
თვეებს თვეები ემატებოდა. პატარა ქრისტესია დღითი დღე გონიერი ხდებოდა. როცა დედა სასეირნოდ წაიყვანდა, იისფერი ქალაქის მცხოვრებთ უკვირდათ, ეს რა უცნაური სახელი ჰქვია ამ ბიჭუნასო, მერე ასკვნიდნენ, ალბათ გამორჩეული ბიჭი იქნებაო..
ერთხელ, ირისქალაქის მმართველი სხვა ქვეყანაში გაემგზავრა სტუმრად.
მის გამგზავრებას დიდი არეულობა მოჰყვა. ამას ავაზაკთა თარეშიც დაერთო. ავაზაკები თავს ესხმოდნენ შეძლებულ ოჯახებს და ძარცვავდნენ. იისფერ ქალაქში ცხოვრება ჩაკვდა. პატარა ვარსკვლავმაც მოიწყინა, აღარც მზე იცინოდა და აღარც წვიმა მოდიოდა ღრუბლებიდან ძველებურად მხიარული შხაპუნით. შეშინებული ირისქალაქელები ჩურჩულით აუწყებდნენ ერთმანეთს ახალ-ახალ საშინელ ამბებს. ერთ დილით ყველამ შეიტყო, რომ ავაზაკებს სხვადასხვა განძეულთან ერთად ქრისტესიაც გაეტაცებინათ. იისფერი ქალაქის ხალხს ბავშვის გატაცებამ თავზარი დასცა. ასეთი რამ ადრეც სმენოდათ, მაგრამ იმ ამბის შემდეგ ბევრ წყალს ჩაევლო.
–აკი, ქრისტესია და მზაკვარი ხელი ვერ შეეხებაო? ღმერთი რომ იყოს, ან მფარველი ანგელოზი არსებობდეს, ხომ დაიცავდნენ ბიჭუნას ავაზაკების ხელისაგან? -ასე ბჭობდნენ ისინი.
ქრისტესიას მშობლებმა, როგორც კი ელდამ გაუარათ, მაშინვე მდევარი დაადევნეს ავაზაკებს, მაგრამ მათ კვალს ვერავინ მიაგნო, ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, არავინ იცოდა. დამწუხრდნენ საწყლები, აღარ იცოდნენ რა ექნათ, რა ეღონათ...

ფირანა ისჯება
ავაზაკებმა ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, წაბლნარში ერთ დაბურულ ადგილას შეისვენეს. ავაზაკების შიშით ირგვლივ ყველაფერი გაიტრუნა, ფოთლებიც კი აღარ ირხეოდნენ ხეებზე. პანტის ძირას, ნეშოში დედა ზღარბი გამოსულიყო და ხის ნაყოფს შეექცეოდა. როგორც კი საფრთხის მოახლოება იგრძნო, ერთი გადაუტუტუნა თავის ზღარბუკებს და ყველანი ისე დაიგორგლნენ, გეგონებოდა, ქარმა დიდი წაბლის ბუძგები ჩამოყარა ხიდანო.
ავაზაკებმა ქრისტესია პანტის ძირას, ნეშოზე ჩამოსვეს და თვითონაც იქვე ჩამოისვენეს. ავაზაკების უფროსმა– ქორიამ მტაცებლის მზერა მოავლო იქაურობას და ერთ ავაზაკს, სახელად –ფირანას, საგზლის ამოლაგება ანიშნა.
დამშეული ავაზაკები გარს შემოერტყნენ სახელდახელო სუფრას, რომელზეც ირმის შემწვარი ბეჭი და პურები იდო. ფირანამ ხანჯლით მოზრდილი ნაჭერი ჩამოთალა ირმის ბეჭს და ქორიას მიაწოდა. ავაზაკთუფროსმა ლუკმა ყბაში მოიქცია თუარა, დანარჩენი ავაზაკები ყიჟინით ეძგერნენ ხორცს და თავიანთი ბასრი ხანჯლებით დაუწყეს კეპვა, თან მადიანად ილუკმებოდნენ.
სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ავაზაკთა პირის წკლაპუნის ხმა ისმოდა. ზღარბუკებმა ფრთხილად გამოყვეს თავები ბუძგებიდან, მაგრამ ისევ შიგ შეიმალნენ შეშინებულნი.
პატარა ქრისტესია მორჩილად იჯდა და გაკვირვებული ადევნებდა თვალს მათ პურობას.
ავაზაკთუფროსმა იქვე მჯდომთ ანიშნა– ბიჭუნასთვისაც მიეწოდებინათ ხორცი და პური.
მენადიმეებმა მუცლები ამოიყორეს. ავაზაკთუფროსმა შვებით ამოისუნთქა, გაქონილი თითები ტუჩებით გაილოკა და იქვე გადატეხილ ხის კუნძს ნებიერად მიეყრდნო.
–ხედავ, ბიჭუნას მკერდზე?–ჰკითხა ქორიამ ფირანას. ამ სიტყვებზე მეორე ავაზაკმა ბიჭუნას თვალი შეავლო და ჯვარი შენიშნა.
–ახლავე მოხსენი და მომაწოდე!
ფირანა შეყოყმანდა და საქციელწამხდარმა აქეთიქით ისე მიიხედ-მოიხედა, თითქოს მშველელს ეძებსო.
ქორიამ იცოდა, მაცხოვრის შიში რომ ჰქონდა ავაზაკს და ფირანას ყოყმანმა კიდევ უფრო გააბრაზა.
–მხდალო, რაღას უცდი!– შეუტია და ხელი უბიძგა. ფირანამაც გული მოიცა–რისი მეშინია, ბოლოსდაბოლოს, ეს ჯვარი მბრწყინავი რკინაა, მეტი ხომ არაფერიო და მტკიცედ გაეშურა ბრძანების აღსასრულებლად.
მოულოდნელად, სველ ნეშოზე ფეხი გაუცურდა და პირდაპირ ზღარბების სამალავს არ დაეჟღვერთა? ზღარბუნებმა მოულოდნელ თავდამსხმელს თავიანთი ეკალ-ნემსების სიმწარე აგემეს. ტკივილისგან და შიშისგან გამწარებული ფირანა ყვირილ-ყვირილით წამოვარდა ფეხზე და ბილიკს სირბილით ისე დაადგა, ერთიც არ მოუხედავს უკან.
შეშინებული ზღარბები, რაღაი დაუპატიჟებელი სტუმარი მოიშორეს თავიდან, მაშინვე ბუჩქებში შეცუქცუქდნენ. ამ ამბის შემყურე ქორიას ხარხარი აუტყდა. ხმაურზე მთვლემარე ავაზაკებიც წამოიშალნენ, ჯერ იფიქრეს მდევარი ხომ არ გამოჩნდაო, მაგრამ, როცა მომხდარი შეიტყვეს, ქრისტესიას ხელი დაავლეს და სიცილ-ხარხარით გაეცალნენ იქაურობას.

კეთილი დედაკაცი
დიდ მწუხარებაში ჩავარდნენ ქრისტესიას მშობლები და როცა აღარ იცოდნენ რა ექნათ, რა ეღონათ. მეზობლად მცხოვრები კეთილი დედაკაცი ეკლესიაში წავიდა და დამწუხრებული მშობლების სანუგეშოდ მოძღვარი მოიწვია.
–ღმერთს კაცის მწუხარება და უბედურება არ ნებავს– უთხრა თავისი ტკბილი და იმედიანი ხმით მოძღვარმა ქრისტესიას მშობლებს,– ამ ქვეყნად არ არსებობს განსაცდელი, რომელიც მას ბედნიერებად არ ექცევა, თუ ღვთის რწმენა და სიყვარული ექნება. გწამდეთ, რომ თქვენი ბიჭუნა დაგიბრუნდებათ, დაბრუნდება ღვთისმოყვარული და სიკეთის მადლით აღვსილი, ოღონდ ხშირად ილოცეთ ეკლესიაში, რომ ბოროტმა სულებმა ვერაფერი ავნონო და მშობლების ლოცვები ასწავლა მათ.
დაიმედდნენ ქრისტესიას მშობლები, ლოცავდნენ კეთილ დედაკაცს, თან ერთმანეთს ეკითხებოდნენ– მოძღვრის პირიდან ამომავალი სიტყვა თაფლი იყო, თუ ბადაგი, ასე რომ დაგვიტკბო გულებიო.

ქრისტესია სხვაგვარი განძია
საღამოვდებოდა, როცა ავაზაკებმა მწვერვალის ძირას, უდაბური მღვიმის ადგილსამყოფელს მიაღწიეს. მღვიმეში მაღალი გვირაბი ჩადიოდა. გვირაბის თავზე, ორ უზარმაზარ ლოდს შორის იმოდენა ნაპრალი დაეტოვებინათ– კაცი თავისუფლად გაეტეოდა შიგ.
ცალთვალა ავაზაკმა მღვიმეში ჩასასვლელი, ლოდქვეშ გადამალული ბაგირი გამოაძვრინა და ავაზაკები მხიარული ყიჟინით, უმცროს–უფროსობის რიგის მიხედვით გვირაბში ჩაეშვნენ.
მღვიმეში, რომელიც ერთ დიდ გამოქვაბულად ექცია ვიღაცის ძლიერ მკლავებს, პატარა კოცონი ენთო. მისი შუქი გამოქვაბულის კლდოვან და სველ კედლებზე ციმციმებდა. კლდეში ოსტატურად გამოკვეთილ თაროებზე რკინის დიდი სკივრები ელაგა. მღვიმის ჭერიდან უამრავი წვეტიანი და სველი ქვის ლოლო ჩამოჩხვერილიყო. კოცონთან თეთრწვერა მოხუცი იდგა. გრძელ, ნაკერებდადებულ შავ სამოსზე ცხვრის ტყაპუჭი მოეცვა. მისი თოვლივით თეთრი წვერი შუქს მატებდა ამ ნახევრადბნელ გამოქვაბულს. კოცონის შორიახლო ხის მორებით შეჭედილი ტახტი იდგა. ტახტზე ნაბადი ეფარა და ზედ პატარა მუთაქა ეგდო.
ქორიამ გამოქვაბულში ფეხი დადგა, თუ არა, თეთრწვერა მოხუცი მიიხმო. მოხუცი აუჩქარებლად ეახლა ავაზაკთუფროსს და ავაზაკებმაც განძეულით დატვირთული ხურჯინი მის ფერხთით ფრთხილად დადეს. მოხუცი თავისი ძალაგამოლეული ხელებით განძეულის ამოლაგება-დასუფთავებას და მათ სკივრებში გადანაწილებას შეუდგა. მალე საქმეს მორჩა, ავაზაკები, კი გამოქვაბულიდან ფეხს არ იცვლიდნენ.
-კიდევ გვაქვს განძი, მოხუცო, -მიმართა ქორიამ მოხუცებულს, –ოღონდ სხვაგვარი განძია და მოვლაც სხვაგვარი ესაჭიროება.
ამ სიტყვებზე ერთერთმა ავაზაკმა პატარა ქრისტესია ნაბადდაგებულ ტახტზე ჩამოსვა.
–ეს ბიჭუნა შენი შემცვლელი უნდა გახდეს, ამიტომ ისე აღზარდე, მისი მოვალეობა ყოველთვის ახსოვდეს!
ამის შემდეგ ავაზაკებმა გამოქვაბული დატოვეს.

დიდი ბუაა, თუ გუდიანი კაცი?
პატარა ქრისტესია გამოქვაბულის დათვალიერებას მორჩა და ახლა მოხუცს შესცქეროდა თავისი გონიერი მზერით. თითქოს სურდა გამოეცნო, ვინ იყო მისი ახლანდელი პატრონი: იქნებ დიდი ბუა იყო, ან გუდიანი კაცი?
–ნუ გეშინია, ბაბუ, მე გუდიანი კაცი კიარა, ერთი საწყალი მოხუცებული ვარ. სიყმაწვილეში მარგალიტის ცრემლები მდიოდა. იმ მარგალიტებს დაეხარბნენ ავაზაკები, დამატყვევეს და ამ გამოქვაბულში მომიყვანეს. ქორიას ბაბუა იყო მაშინ ავაზათუხუცესი. ეგონა, წყაროსავით იდენდა ჩემი მარგალიტები, მაგრამ, ფაფუ, ვერ მივართვი!– ამ სიტყვებზე ბიჭუნას გაეღიმა. – თეოდე მქვია, გააგრძელა მოხუცმა, ახლავე კოცონს ფიჩხსა დავაყრი და უფრო კარგად დავინახავთ ერთმანეთს.
გამოქვაბულში შუქმა იმატა. ბიჭუნამ შეამჩნია, რომ მოხუცი არც ავაზაკებივით სახედაღმეჭილი იყო და არც ხმა ჰქონდა ისეთი ჟღრიალა, თითქოს დაჟანგული ჭიშკარი წიხლისკვრით გაიღოო. ქრისტესია მიხვდა– კეთილი მფარველი გამომიჩნდაო და მოხუცებულს მიენდო.

ხატის ქალი
გამოქვაბულში, აღმოსავლეთის კედელთან, პატარა ნიში იყო გამოჭრილი. ამ ნიშში, დროდადრო, თეოდე ბაბუა ძვირფასი ქვებით შემკულ ხატს ხან დააბრძანებდა ხოლმე, ხან, კი სადღაც გადამალავდა. ხატის გაუჩინარება და ავაზაკების მოსვლა ერთი იყო. ეტყობოდა მოხუცი ხატს ავაზაკებს უმალავდა.
ბიჭუნა დროდადრო ხედავდა, მოხუცი გულხელდაკრეფილი რომ იდგა ხატთან. თითქოს, რაღაცას ევედრებოდა თვალცრემლიანი. ხატის ქალს კი რა თბილი და ალერსიანი მზერა ჰქონდა, ასეთი თვალები მხოლოდ დედას თუ ექნებოდა. იგი მოხუცს ამშვიდებდა, ანუგეშებდა, ცოტაც კიდევ მოითმინე, ცოტაც კიდევ გაუძელი და გეშველებაო.
–ბაბუა, ეს ქალი დედაჩემია? –ეკითხებოდა ბიჭუნა თეოდე ბაბუას და ისიც თანხმობის ნიშნად გულში იხუტებდა დედის კალთას მოწყვეტილ პატარას.
ქრისტესია როცა წამოიზარდა, მოხუცმა თეოდემ ისიც აუხსნა, ვისი ხატი იყო და ისიც– გამოქვაბულში როგორ გაჩნდა. ეკლესია გაეძარცვათ ავაზაკებს და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატიც თან წამოეღოთ.
ერთ დილით ბიჭუნას ხატი ნიშში აღარ დაუხვდა, ავაზაკების სტუმრობის დრო დამდგარიყო. მართლაც დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, ჩამოხორხოცდნენ ავაზაკები და საგანძურს ახალი განძი შეჰმატეს. ღრეჭასა და ბილწსიტყვა ოხუნჯობებზე ეტყობოდათ– ურიგო ხასიათზე არ იყვნენ, მხოლოდ ფირანა იყო უგუნებოდ.
თეოდე ბაბუა ტახტზე იჯდა და ქრისტესიას რაღაც ამბავს ისე უყვებოდა, რომ მის ფაქიზ ყურთასმენას ავაზაკების ცუდი სიტყვები არ მისწვდენოდა.

ფირანას სიზმარი
–შენ მგონი ახალი სიზმარი გინახავს, აბა, გვიამბე!– უბრძანა ქორიამ ფირანას. ამ სიტყვებზე მეორე ავაზაკი გამოცოცხლდა და თხრობა დაიწყო –ღამე იყო,ხმა ჩამესმა–წამოდექო! მეგონა, მიხმობდი დიდო პატრონო და ფეხზე წამოვვარდი, მაგრამ ნაცნობი სიბნელის ნაცვლად ისეთი სინათლე ვიგრძენი, კინაღამ დავბრმავდი. ჩემს წინ იასამნისფერ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი თავშებურული ქალწული იდგა. ისე ასხივებდა მისი სახე და სამოსი, ირგვლივ ყველაფერს გარკვევით ვხედავდი–ბუჩქებს, გალავანს, საფლავებს.
–იასამნისფერკაბიანი დედაკაცი?– დაფიქრებით იკითხა ქორიამ– სახით ვის მიამსგავსე?
–სახით, სახით–აჩქარდა ფირანა–გახსოვს, დიდო პატრონო, ეკლესიიდან წამოღებული ის მოოჭვილი ხატი, მასზე გამოსახულს ჰგავდა...არა, კიარ ჰგავდა, ის იყო, სწორედ ის...
–მერე რაო?– ბრაზით იკითხა ქორიამ.
–ფირანაო,–მკაცრი ხმით მითხრა–რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო–ნუთუ არ გეყოთ ამდენი ძარცვა და ადამიანთა სისხლ...
–სსს...–დაუსისინა ქორიამ და თვალები გადაუბრიალა. შემდეგ ბიჭუნას გადახედა ცბიერად– ხედავ, ამ კურდღელივით მშიშარას ეს რა მოსჩვენებიაო და ფირანას ზურგი შეაქცია.

ბრჭყვიალა ნაცარი
–მოხუცო, როგორ მიდის შენი შეგირდის საქმეები?–შემპარავი ღიმილით დაეკითხა ქორია თეოდე ბაბუას და ბიჭუნას გვერდით მიუჯდა. დახედე, როგორ ბრწყინავს, მზე არის, ნამდვილი მზე!– აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ავაზაკთუფროსი.
ბიჭუნამ მოხუცისგან იცოდა, რომ შეგირდის მოვალეობა მხოლოდ განძის მოვლა-პატრონობა არ იყო. შეგირდს ეს განძეული უნდა ჰყვარებოდა დედაზე და მამაზე მეტად, საკუთარ თავზე მეტად. ქრისტესიამ ისიც იცოდა, რომ თუ კაცი განძეულს ხარბი თვალით არ უყურებს, ისინი თავიანთ ელვარებას ჰკარგავენ. შეგირდს არ ჰქონდა უფლება განძეულს ელვარება დაეკარგა, ამიტომ, ხარბი თვალით უნდა ეცქირა მათთვის. ავაზაკთუფროსიც ამას მოითხოვდა მისგან.
თეოდე ბაბუა კი უყურებდა ხარბი თვალით? არა, ბაბუას არ უყვარდა, უყვარდა კიარა, გახედვაც არ უნდოდა იმ სკივრებისკენ, რომელთა განძეულიც ვინ მოთვლის, რამდენი უბედურების სათავე იყო.
–ბაბუა, ასეთი კეთილი ღმერთმა რატომ მოგახვედრა ავაზაკებში?–ჰკითხა ერთხელ ქრისტესიამ მოხუცს.
მოხუცმა ბიჭუნას გვირაბის ღრიჭოდან ჩამომავალი მზის სხივი დაანახა და უთხრა: ხედავ, იმ სპეტაკ სხივს? იქნებ მას ზევით, თავის და-ძმებთან ერთად ნათელ ველ-მინდვრებზე ყოფნა ერჩია, მაგრამ მზის ბრძანებას დამორჩილდა და ამ ჯურღმულში ჩამოაღწია, რომ ნუგეში მოგვფინოს. განა ამ ჯურღმულში მის სისპეტაკეს რამე აკლდება? ჩვენც ამ მზის სხივს უნდა ვემსგავსოთ, ქრისტესია. როცა ზეციერი მშობელი თავის თბილ უბეში მიგვიხმობს, ამ სხივივით პირნათელი უნდა დავუბრუნდეთ მას. არც ამ საგანძურს დაეხარბო ჩემო კეთილო, ავაზაკებს აქ განძი ჰგონიათ, სინამდვილეში კი ამ სკივრებში ნაცარია, ბრჭყვიალა ნაცარი. –თქვა თეოდე ბაბუამ.
ქრისტესიამ წარმოიდგინა, როგორი სიხარბით ჩაიხედავდნენ ავაზაკები ამ სკივრებში და მათ რომ ნაცრით სავსეს იხილავდნენ, როგორ მოექცეოდათ ისედაც ბრაზიანი სახეები. ამის წარმოდგენაზე ბიჭუნას ხითხითი აუტყდა.
–გაინტერესებს, ჩემო ბიჭუნა, ამ განძეულს რად ვეძახი ,,ბრჭყვიალა ნაცარს”?–ჰკითხა თეოდე ბაბუამ ქრისტესიას.
–ამიხსენი, ბაბუ, ძალიან მინდა ვიცოდე, მე ხომ ბევრჯერ შევავლე თვალი და ნაცარი არსად დამინახავს, ისე ბრწყინავს, თითქოს ბევრი მზე ერთად დაემწყვდიოთ ავაზაკებს სკივრებში.
–კარგი, მომისმინე, ერთი ზღაპარი უნდა გიამბო.

ყმაწვილი თეოდეს, მომაკვდავი ქალის და მარგალიტების ამბავი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალი. მორთვა-მოკაზმვის გარდა, სხვა საზრუნავი არა ჰქონდა რა. იისფერქალაქელებს, დიდს, თუ პატარას მის სამკაულებზე რჩებოდა თვალი. ამ ქალაქში ერთი ქვისმთლელი ოსტატი, ყმაწვილი თეოდეც ცხოვრობდა და კიდევ ბევრი მშიერ-მწყურვალი, ჩაუცმელ-დაუხურავი, უსწავლელი გოგო-ბიჭი დაიარებოდა. თეოდე დღედაღამ შრომობდა, ორი კვირის ნაშრომ შემოსავალს საკვირაოდ ინახავდა. შაბათ-კვირას ბავშვებს გრძელ სკამებზე ჩამოსხამდა, ანბანს და ღვთის სიტყვას ასწავლიდა.
მეცადინეობას რომ მორჩებოდნენ, თეოდე ვის შარვალ-ხალათს გამოუტანდა საჩუქრად, ვის დახეულ ფეხსაცმელებს შეუცვლიდა, ვის კოპლიან ჩითის კაბებს და პატარა თავსაფრებს უსახსოვრებდა. როგორ არ ეყვარებოდათ თეოდე ბავშვებს.
მაგრამ დადგა დრო და თეოდეს ქვის სამუშაოები შემოელია, აღარც საქმე ჰქონდა, აღარც გასამრჯელო...არადა, დათქმული შაბათ-კვირა მოდიოდა.
იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა–პატარებს ვერ გავაწბილებო. ადგა და ერთ ყმაწვილ ქალს ესტუმრა. თან ჩვენში დარჩეს და თეოდეს ის ქალი უყვარდა.
–რა გაგჭირვებიაო?–ჰკითხა ქალმა.
ასე და ასეა ჩემი საქმე, ქვის სამუშაოები შემომელია და გასამრჯელოსაც ვეღარ ვიღებ. იქნებ ერთი ფრჩხილისტოლა მარგალიტი მასესხო და ორ კვირაში დაგიბრუნებო.
–მარგალიტი რად გინდაო?– ჰკითხა ქალმა.
–ფულად ვაქცევ და პატარებს გავახარებო.
–ეგ პატარები ხომ შენი საკუთარი შვილები არ არისო.–უთხრა ქალმა.
–ჩემი არა, ღმერთის შვილებიაო, –მიუგო თეოდემ.
–მე უფრო ჭკვიანი კაცი მეგონე, ღმერთის თუა, ღმერთი მიხედავსო. –ყმაწვილმა ქალმა თავი უარის ნიშნად გადააქნია და გაშორდა.
დაბრუნდა შინ დამწუხრებული თეოდე. ცალკე ქალის სიძუნწემ დაამწუხრა, ცალკე იმან, პატარების წინაშე პირი რომ უნდა შეერცხვინა. მიუჯდა თავის ხელით გამოკვეთილ ქვის მაგიდას თავდახრილი და დაღონებული...
თეოდე რომ გაისტუმრა, ყმაწვილ ქალს მერე უფრო მოეძალა სიბრაზე: ,,დამიხედეთ, ერთი ამ გაუთლელ ქვისმთლელს, ჩემი მარგალიტით ჭუჭყიანი კონკიების შემოსვა არ მომინდომაო?!” და გულის დასაამებლად თავის სარკეებიან ოთახში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და თვალებს არ დაუჯერა, სადღა იყო სამკაულების მოელვარე ფერი? თმებში ჩაწნული ბრილიანტები წყალგადასხმული ნაკვერჩხლებივით ჩამქრალიყვნენ, ძვირფას სამაჯურებს ნაცრისფერი დასდებოდათ. ყელს რამდენიმეფად მოვლებული მარგალიტების აცმა კი დაფნის მარცვლებივით გაშავებულიყო. თავზარდაცემული ქალი თავის პატარა ზანდუკებს მივარდა, თავი ახადა და ის სამკაულებიც რომ ჩაღამებულ–ჩაბნელებული იხილა–ღმერთო, ჩემო, ღმერთო ჩემოო, –წამოიძახა და წაიშინა თავში ხელები.
ქალი ჯავრისგან ლოგინად ჩავარდა და კვდებოდა.
დამწუხრებული თეოდე, კი ამ დროს ქვის მაგიდასთან იჯდა და ფიქრობდა: ღმერთო, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო?! რომ ნახა, საშველი არ იყო, გადმოცვივდა ცხელი ცრემლები. ატყდა მაგიდაზე ტაკა-ტუკი. დახედა ჩვენმა თეოდემ და რას ხედავს–ცრემლები კიარა, მსხვილი, ხოშკაკლის ტოლა მარგალიტები არ ჰყრია? ღმერთს მადლობა შესწირა გახარებულმა, დაავლო ხელი მარგალიტებს და ბაზარში გაიქცა.
თეოდემ ბაზარში ყური მოჰკრა ქალის ავადმყოფობის ამბავს, ამ ამბავმა დაამწუხრა და მის სანახავად წავიდა, თან იმედოვნებდა, იქნებ სიძუნწე შეინანაო. მივიდა ქალისას.
ქალს საამსოფლიო პირი აღარ ჰქონდა, მაგრამ მარგალიტის ამბავი მაინც იკითხა, რა ჰქენი, იშოვეო?
–მარგალიტიც ვიშოვე და მთელი ქალაქის პატარებიც გავახარეო –ღიმილით უპასუხა თანაგრძნობის მოიმედე თეოდემ.
–უჭკუოდ მფანტველი ყოფილხარო– უთხრა გაკერპებულმა ქალმა.
მომაკვდავ ქალს რომ სასიკეთო ვერაფერი შეატყო, ისევ დამწუხრდა ჩვენი თეოდე. მალულად გადმოსცვივდა ცრემლები და მარგალიტებად ძირს გაგორდა.
თეოდემ აკრიბა ისინი, ქალს ხელში ჩაუდო და უთხრა: ვინც ჭკვიანურად გაფანტავს, ის კეთილად შეკრებსო. ადგა და წავიდა.
წევს მომაკვდავი ქალი და ფიქრობს: საუცხოო მარგალიტები მაქვს, მაგრამ რად მინდა, უკვე ვკვდები, ეს მარგალიტები მაინც სხვას დარჩება. მოდი, გადავყლაპავ და ამ მარგალიტებიანად ჩავალ მიწაშიო. აიღო და სათითაოდ გადაყლაპა. ქალის მიერ გადაყლაპული მარგალიტები ისევ თეოდეს ცრემლებად იქცნენ და მომაკვდავი ქალის გულისკენ დაიწყეს დენა. წამოჯდა ქალი, გაახსენდა თავისი საქციელი, თვალზე ცრემლი მოადგა. ტირილით გული რომ იჯერა, თეოდეს დაუწყო ძებნა, მაგრამ მის ასავალ-დასავალსაც ვერ მიაგნო.ვისაც კი ჰკითხა, ვერავინ უპასუხა, ვინ თეოდე, რა თეოდეო, პასუხობდნენ გაკვირვებულნი. არც პატარებმა იცოდნენ, სად გაჰქრა მათი მწყალობელი.
რა უნდა ექნა ქალს. დაჯდა და დაიწყო ლოდინი. ჩამოივლიდნენ პატარები, დასხამდა სკამებზე და წიგნს აკითხებდა.
ქსოვდა, ქარგავდა ქალი და ელოდა თეოდეს...
–შეენ, ბაბუ?–ჰკითხა ბიჭმა
ბაბუმ ჩაიღიმა და ბიჭუნას კითხვა შეუბრუნა– თუ ხვდები, რისთვის გიამბე ეს ზღაპარი?
–თუ განძეულს კეთილი საქმისთვის არ მოვიხმართ, ელვარებას იმ ძუნწი ქალის სამკაულივით დაკარგავენ– მიუგო ქრისტესიამ.
–სწორია, გაუხარდა თეოდე ბაბუას, აი, რატომ არ მიუწვდათ ავაზაკებს ხელი ჭაბუკი თეოდეს მარგალიტებზე.

თეოდე ბაბუა ნამდვილი ოსტატია
გადიოდა დრო. გაზაფხულს ზაფხული ცვლიდა, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას ზამთარი. აბა, რას მიხვდებოდნენ როდის, რა დრო იყო, ლოდებს შორის ნაპრალი რომ არ არსებულიყო. მღვიმეში ხან მზის სხივი ჩამოაღწევდა, ხან წვიმის წვეთი, თოვლის ფანტელიც კი ჩამოფარფატდა.
თეოდე ბაბუა ბოლო დროს ძალიან დაუძლურდა. მხოლოდ ცეცხლის დასანთებად თუ წამოდგებოდა. დროდადრო, ავაზაკებიც ჩამოეშვებოდნენ გვირაბით, ან ცოტაოდენ შეშას და პურს ტომრით ჩამოუყრიდნენ დატყვევებულებს და თვალთაგან იკარგებოდნენ. შეშის სიცოტავის გამო მოხუცი მხოლოდ დღეგამოშვებით ანთებდა კოცონს. ბიჭუნას დიდი კაცივით დაეწყო ხელები მუხლებზე, მოწყენილი იჯდა ბნელ გამოქვაბულში. ენატრებოდა მშობლები, სახლი, იისფერი ყვავილების ქალაქი, როგორც თეოდე ბაბუა ეძახდა და მზე, დიდი, წითელი კოცონი, რომელიც დილით ინთებოდა და საღამოს ქრებოდა. ბიჭუნას თვალი ყოველთვის გვირაბის ჭუჭრუტანისკენ არბოდა, საიდანაც დღისითაც გარკვევით ჩანდნენ ვარსკვლავები.
ერთ დღეს მოხუცმა დიდი კოცონი დაანთო. კოცონის ალი ლამის გამოქვაბულის ჭერს სწვდებოდა და ყოველ კუთხე-კუნჭულს ანათებდა. ბიჭუნა გახარებული ტრიალებდა აქეთ-იქით და მოხუცის ფეხებთან ათასნაირ წვრილმანს აგროვებდა. რა აღარ იყო აქ: ლურსმნები, მავთულები, ფერადი ქაღალდები, ძვლები, ბუმბული.
თეოდე ბაბუამ დახედა თუარა ამ ხარახურას, შუბლზე ხელი მიიდო და თავისთვის თქვა: ახლა ცოტა მოთმინება იქონიე ჩემო ბიჭუნა და შენს მოწყენილობას კუდით ქვას ვასროლინებ.
ქრისტესიას ეძინა, როცა კოცონის შუქზე სხვადასხვა ფერის ქაღალდებისგან თეოდე ბაბუამ ყვავილები გამოჭრა, მავთულებზე დაამაგრა, მერე მავთულებს მწვანე და ყავისფერი ქაღალდები შემოახვია და კოცონისგან მოშორებით მიწაში ჩაარჭო.
ქრისტესიამ გაღვიძებისთანავე მოჰკრა თვალი ფერად-ფერადებს და თეოდე ბაბუას მივარდა. ბაბუა, ეს რა არის?
–ყვავილებია, ხომ გიამბობდი...დიდი, იისფერი, ყვითელგულა ყვავილი ზამბახია, ეს ყვითელი ყვავილი ხარისთვალაა, ეს მოვარდისფრო-მოიისფრო ფურისულაა, ეს პაწაწინა კი იაა. ბიჭუნა გახარებული ტრიალებდა ხან იქით, ხან აქეთ, რა ყოფილა ეს ყვავილები?

ბიჭუნამ პატარა მეგობრებიც შეიძინა
თეოდე ბაბუას გამხდარი ხელები უსაქმოდ არც მომდევნო დღე გაჩერებულა. მოხუცს ერთ მხარეზე გამხმარი თივა და ძველი ნაჭრები, მეორე მხარეს კი ბუმბული და ძვლები დაეწყო. გამოქვაბულის ერთი კუთხიდან მეორემდე მავთული გაეჭიმა, ბოლო ბუმბული დაუმაგრა თუ არა, ფრინველებს, უბრძანა თავიანთი ადგილები მოეძებნათ. ფრთოსნები აფათქუნდნენ და მავთულზე ლამაზად ჩამოსხდნენ.
მომდევნო დღეს მათ შინაური ცხოველებიც შეემატა. როგორ შეძლო ოსტატმა თეოდემ ასეთი საყვარელი და სასაცილო არსებების შექმნა, აბა, ჩვენ საიდან მივხვდებით. ფისუნია ქათქათა იყო, მხოლოდ ცალი ყური და კუდი ჰქონდა ნაცრისფერი, ხოლო რუხ, მგლისფერ ლეკვს მუცელი ჰქონდა თეთრი ბეწვით დაფარული.
ახლა, კი სახელები შეურჩიე შენს მეგობრებს, ჩემო პატარა!–უთხრა ქრისტესიას თეოდე ბაბუამ. ქრისტესიამ იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: ფისოს ციცუნია დაარქვა, ლეკვს ბახულა უწოდა.
აშრიალდნენ ყვავილები, აფათქუნდნენ ჩიტები...ყველა თავთავის ენაზე ატიტინდა, აჟღურტულდა, აკნავლდა, აყეფდა, ყველა ალაპარაკდა. ბიჭუნა გახალისდა. ხტოდა, თამაშობდა, კვალდაკვალ ლეკვი ბახულა დასდევდა და ფეხებზე საკბენად ეტანებოდა. პატარა ციცუნია კი მედიდურად გაფხორილიყო კერისპირას და ბახულას ონავრობას დამცინავი კრუტუნით შესცქეროდა.

თალალემ თვალი გაახილა
საკვირველება ის იყო, რომ ბიჭუნას დღის ბოლოს ისევ მოეწყინა. აბა, თეოდე ბაბუას თვალს რას გამოაპარებდი. და, აი, მოხუცმა რაღაც ჩაიფიქრა. ავაზაკების ნამუსრევ ძვალს ხელში დიდხანს ათამაშებდა, თან თავისთვის რაღაცას ფიქრობდა. მერე ადგა და ძვლის ფხეკა-დასუფთავება დაიწყო. ქრისტესიას ციცუნია ჩაეხუტებინა გულში და ეძინა. ბახულა კი ტახტზე ბიჭუნას ფერხთით ჩათბუნულიყო.
თენდებოდა, როცა მოხუცი საქმეს მორჩა. მართლაც მშვენიერი თოჯინა გამოუვიდა.
ბიჭუნამ როცა გაიღვიძა, თეოდემ დიდი, ბუთხუზა, გრძელთმიანი თოჯინა გაუწოდა და უთხრა: ახალი მეგობარი შეგძინე ჩემო ლამაზო, ვნახოთ, რას დაარქმევ. გახარებულმა ბიჭუნამ თოჯინა გულში ჩაიხუტა და თალალე დაარქვა. მაგრამ, აი, უბედურება! თალალე არც დადიოდა, არც ლაპარაკობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, თვალსაც არ ახელდა. თან, ხელს გაუშვებდი, თუ არა, მუთაქასავით დავარდებოდა ძირს. შეშფოთდა ბიჭუნა.
–ბაბუა, გააღვიძე თალიკო!– სთხოვა თეოდეს.
-ახლავე, ახლავე, –აფუსფუსდა მოხუცი–თალალე, გაიღვიძე, ბიჭუნა გეძახის!
თალიკომ გრძელი წამწამები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. ირგვლივ მიმოიხედა და იკითხა: სსს...სად ვარ? რა სსიცივეა!– მოხუცს ახლაღა გაახსენდა, რომ თოჯინას ტანსაცმელი არ ეცვა. თავისი ტყაპუჭი დაარღვია და თოჯინას მშვენიერი ტყავის კაბა შეუკერა. ჩააცვეს და რა ლამაზი იყო ჩვენი თოჯინა.
–თალალე, კიდევ თქვი რამე! –შეეხვეწა ბიჭუნა თოჯინას– მე, ბახულა და ციცუნია გისმენთ.
–თქვი, ბაბულიკო, თქვი, მეც გისმენ!– გაამხნევა თოჯინა თეოდე ბაბუამ, ტახტზე წამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და მოსასმენად მოემზადა.
წამოდგა ეს ჩვენი თალალე, კაბის ბოლოები გაისწორა, ხელები გაშალა და ეს ლექსი თქვა:
ჰარალე და ჰარალე,
თოჯინა ვარ თალალე,
დივლი, დივლი დალალე,
დავივარცხნი დალალებს
ჰარალე და დივლი,
ჩემი ფეხით ვივლიო!
,,ჩემი ფეხით ვივლიო?!–ატყდა ტასისცემა. გახარებულ პატარებს თალალეც მოეწონათ და მისი ლექსიც.
მაშ, ვინ გეგონათ გოგო–თალალეო,– კმაყოფილი იღიმებოდა თეოდე ბაბუა.

ავაზაკები დაბრუნდნენ
გამოქვაბულის ჭერქვეშ საერთო სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს ავაზაკები მოულოდნელად დაბრუნდნენ. ყველაზე ბოლოს ქორია გამოჩნდა. ავაზაკების მოღრეცილი სახეების დანახვისას შიშით ყველაფერი დადუმდა და გაქვავდა.
-ეს რა გითამაშნია, მოხუცო?– ყვავილების დანახვისას ბრაზიანი სახე უფრო მოეღრიცა ავაზაკთუფროსს და გაბოროტებულმა მიაშურა მათ.
ყვავილები ათრთოლდნენ, აკანკალდნენ და ისე დაპატარავდნენ, თითქოს მიწაში ჩაძრომა სურთო. ქრისტესიას გულმა საშინელების მოახლოება იგრძნო.
-უსაქმური ბებერი –უფრო და უფრო იპყრობდა სიშმაგე ქორიას გულს, – დამიხედეთ ერთი, ყვავილნარი არ მომინდომეს?! მე თქვენ გიჩვენებთ ყვავილებს! და ხელით კოკრების გლეჯა დაიწყო. მერე ჩექმებით შედგა და მიწაში ჩასრისა ყვავილთა პატარა, მზეუნახავი კოკრები და ღეროები. ბიჭუნას გულმა დაიკვნესა. სანამ ბოროტი ქორია გულს იჯერებდა, დანარჩენმა ავაზაკებმა ფთოსნებს მოჰკრეს თვალი და ლაპლაპა დანები მოიმარჯვეს. ცოტაც და ფრინველებსაც იგივე ხვედრი ელოდათ.
–ზემოთ აფრინდით, გაეცალეთ წყეულებს– ევედრებოდა ბიჭუნა გულში ფრთოსნებს, მაგრამ ისინი ადგილიდან არც იძვროდნენ. სადღა იყო მათი ფრთების სილაღე და სიმსუბუქე.
–ბაბუ, დაეხმარე საწყალ ფრინველებს, იღუპებიან!– წასჩურჩულა შეძრწუნებულმა ბიჭუნამ მოხუცს.
–აფრინდა, აფრინდა, ფრთოსანი აფრინდა–წაიჩურჩულა მოხუცმა და ხელი ოდნავ აიქნია. ფრინველები ჟივილ-ხივილით წამოიშალნენ, დანამომარჯვებული ავაზაკები ამაოდ დარბოდნენ გამოქვაბულში, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ფრთოსნებს, კი ვერაფერს აკლებდნენ. ფრინველები ჯერ გამოქვაბულის ჭერს მიაწყდნენ, მერე, კი ნელ-ნელა გვირაბში გაუჩინარდნენ.
დაღლილი და დაუძლურებული ავაზაკები ძირს დაეყარნენ.
სანამ უსიამო ,,სტუმრები” ამგვარ ყოფაში იყვნენ, თეოდე ბაბუამ პურის კიდობანი მოიმარჯვა, სახურავი ახადა და აკანკალებული თალალე შიგ ჩაახტუნა. მერე ციცუნიასაც წვდა და ისიც კიდობანში ჩასხა. სიჩქარეში ფისუნიას კუდი კიდობნის სახურავქვეშ მოეტნა. საწყალი ციცუნია გულისმომკვლელად აკნავლდა. კიდევ კარგი, თალალე მიეშველა და სახურავი ოდნავ ასწია, თორემ ცუდი დღე დაადგებოდა. ის იყო, ბახულაც საიმედოდ უნდა დაებინავებინა მოხუცს, რომ მრისხანე ხმა შემოესმა:
–ჰეი, ბებერო, რას ტრიალებ მაგ კიდობანთან?! ახლავე აქ მოდი და აგვიხსენი, ეს რა გართობა განგიზრახავს.?!
თეოდე ბაბუა აუჩქარებლად ეახლა ავაზაკთუფროსს.

ყველაზე დიდი განძი ღმერთის სიყვარულია
–თეოდევ, კარგო, ეს მშვენიერი სანახაობა რისთვის მოგვიწყვე?– შემპარავად შეეკითხა ქორია მიახლოებულ მოხუცს.
–დიდი დრო აღარ დამრჩენია ამ წუთისოფელში ჩემო ბატონო, ჰოდა ვიფიქრე, დარჩენილ დღეებს ცოტათი გავილამაზებმეთქი.
ბიჭუნას მოწყენილობა კი ერთი სიტყვითაც არ უხსენებია მოხუცებულს.
–ხედავ, ფირანა!– მიუბრუნდა ავაზაკთუფროსი მეორე ავაზაკს. ერთი ამ ,,კეთილშობილ” მოხუცს აუხსენი, როგორ უნდა გავილამაზოთ წუთისოფელი.
–წუთისოფელში უნდა ვილხინოთ და ვინადიმოთ– უხალისოდ დაიწყო ფირანამ.
_ჰეი, ჰეი, ვილხინოთ და ვინადიმოთ–შესძახეს ერთხმად ყაჩაღებმა, თუმცა ხმაში ძველებური რიხი აღარ ეტყობოდათ.
–უნდა ვიყაჩაღოთ–აგრძელებდა ფირანა.
–ჰეი, ჰეი, ვიყაჩაღოთ– ისევ გაიმეორეს ძალამოცემულმა ყაჩაღებმა.
–უნდა მვკლათ, რადგან ყველაფერზე ძვირფასია განძეული–თქვა თუ არა ეს , შეწუხებულმა ფირანამ ირგვლივ მიმოიხედა, უცებ ნიშში იმ ხატს არ მოჰკრა თვალი?! ელდა ეცა ავაზაკს. რა მკაცრად უმზერდა ხატზე გამოსახული ქალწული!
–მოვკლათ, მოვკლათ! –სიხარულით აიტაცეს ავაზაკებმა, –განძეული ყველაფერზე ძვირფასია.
–ხედავ, მოხუცო, რა ყოფილა ყველაზე ძვირფასი? –უთხრა ქორიამ, აი, რითი უნდა გავილამაზოთ წუთისოფელი!
–მე, კი მთელი მსოფლიოს განძეულში არ გაგიცვლით იმ სიმდიდრეს, რაც გამაჩნია–მშვიდად მიუგო მოხუცმა.
–რომელ განძეულს გულისხმობ, ამოღერღე ბებერო! – მოთმინება დაელია ქორიას.
–ჩემს განძს ღმერთის სიყვარული ჰქვია.
–ქრისტესიას ამ სიტყვებმა გულზე ცხელ ტალღასავით გადაურბინეს. ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა ბიჭუნას სხეულში. ხოლო, როცა ბურანიდან გამოერკვა– დაინახა, სიცილ-ხარხარით როგორ აწყდებოდნენ ავაზაკები ერთმანეთს.
–ღმერთის სიყვარულიო, გაიგონე, რა თქვა? ხა, ხა, ხა...
–ყველაზე დიდი განძიაო! ხი, ხი, ხი...
–ღმერთი განძიაო! ხე, ხე, ხე... და სიცილით ჩაბჟირებულნი უმწეოდ ასავსავებდნენ ფეხებს.
–თეოდე ბაბუა მშვიდად, მოთმინებით, სიბრალულით დასცქეროდა ავაზაკებს. ბიჭუნამ შეამჩნია, რომ ამ ხორხოცში ფირანა არ მონაწილეობდა. შეშინებულ ავაზაკს ხატისთვის მიეპყრო მზერა და რაღაცას ბუტბუტებდა.
–მაშ, ყველაზე დიდი განძი ღმერთის სიყვარულია, არა?– მუქარით დაეკითხა ქორია მოხუცს და ჩასისხლიანებული თვალებით ჩააცქერდა. მოხუცმა თავი მიიბრუნა, რომ ავაზაკის სახე არ დაენახა.–აი, თურმე რატომ აკლდება ჩემს განძეულს ელვარება, იქნებ ბიჭუნასაც გადაავიწყე მისი მოვალეობა?
ქრისტესიას გამოცდის დღეც დადგა
–ბიჭუნა, იხმო ქორიამ ქრისტესია –აიღე ნახშირი! ბიჭმა ნახშირი აიღო.
–ახლა, კი გაიმეორე და კედელზე დამიწერე: ჩ ე მ ი მ ო ვ ა ლ ე ო ბ ა ა, გავაღმერთო, ველაციცო, შევიყვარო, მოვეფერო, ვესათუთო...ლამის დადნა ავაზაკთუფროსი.
– ჩემი მოვალეობაა, ჩემი მოვალე...ველა...ვალე...ველა...ციცო...დაებორკა ბიჭს ენა. მერე ძალ–ღონე მოიკრიბა და ...–ჭირივით მეჯავრება ეგ თქვენი ნაცარი!– მიახალა ავაზაკთუფროსს.
–ნაცრის ხსენებაზე ავაზაკთუფროსს ელდა ეცა, –ბრჭყვიალა ნაცარი– გაიმეორა და თავზარდაცემულმა გადახედა განძეულიან ზანდუკებს.
–წყეულო ბებერო, აი, თურმე, როგორ ზრდი შენს მოწაფეს.
–ავაზაკთუფროსის მოქნეულმა სილამ თეოდე ბაბუა კედელს მიანარცხა. მოხუცს ცხირიდან სისხლი წასკდა და თეთრი წვერი წითლად შეეღება. სანამ შეძრწუნებული ბიჭუნა მოხუცს მივარდებოდა წამოსაყენებლად, ბახულა ღრენით ეცა ავაზაკთუფროსს მუხლზე და ბასრი კბილები ჩაასო. ავაზაკთუფროსმა დაიღრიალა. ლეკვი ჯერ წიხლისკვრით მოიშორა, მერე, კი ჩექმიანი ფეხი ისე ამოჰკრა, საწყალი ბახულა რამდენჯერმე ამოტრიალდა ჰაერში და გამოქვაბულის კედელთან ისე დაებეყვა, რა გადაარჩენდა საწყალს? ბიჭუნამ ღრენის ხმაზე უკან მიიხედა და თვალი მოჰკრა ავაზაკთუფროსის ვეება ჩექმას, რომელიც ელვის სისწრაფით იზრდებოდა და და საცაა გამოქვაბულის ჭერს დაფარავდა.
-მიხსენი დედოფალო!- აღმოხდა შეძრწუნებულ ბიჭს.

დედის ლოცვის ძალა
სწორედ ამ დროს, ქრისტესიას დედა აივანზე იჯდა და ღარიბი გოგო-ბიჭებისათვის წინდებს ქსოვდა. უცებ, თითქოს უხილავმა არსებამ უჩურჩულაო, ფეხზე წამოდგა, საქსოვი გვერდზე მიდო, ლოცვანი საჩქაროდ აიღო და კითხვას შეუდგა.,,ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ღვთისმშობელო, –ამბობდა ქალი, თან ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა– იხსენ და დაიცევ ჩემი შვილი ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილსა ჩემსა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცედ შემწედ , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”
ლოცვა დაამთავრა, თუ არა, ისეთი შვება იგრძნო, თითქოს დიდი ლოდი მოიცილა გულიდანო.
იქ, კი გამოქვაბულში, წამიც და ქორიას ჩექმიანი ფეხი ბიჭუნასაც ყვავილებივით მიწაში ჩასრესდა...უცებ, ნიშის მხარეზე საშინლად დაიგრუხუნა. გამოქვაბულში ელვა გაიკლაკნა და ქორიას შემართულ ფეხს მეხივით დაატყდა. ავაზაკთუფროსმა ერთი შეჰღრიალა და მოჭრილი კუნძივით გადაგორდა ძირს. ავაზაკები საწრაფოდ მისცვივდნენ მეთაურს, გაჭირვებით წამოაყენეს და მხარში აქეთ-იქიდან ამოუდგნენ.
გრუხუნის ხმაზე დაზაფრულმა ფირანამ ჯერ თავზე წაივლო ხელები, მერე ხატის წინ დაემხო, შეშინებული ფორთხავდა და პატიებას თხოვდა წმიდა ქალწულს. ბოლოს, როცა ავაზაკებმა ფაცხა-ფუცხით აზიდეს თავიანთი ფეხგაშეშებული მეთაური, ფირანამ ხატი მოკრძალებით გადმოაბრძანა ნიშიდან.
–თეოდე ბაბუა, დედოფალი მიჰყავს–შეშფოთდა ბიჭუნა და ფირანას კალთაზე ჩაებღაუჭა, –სად მიგყავს დედოფალი?
–ეკლესიაში, თავის ადგილზე დავაბრძანებ, ნუთუ ხელს შემიშლი, ჩემო ბიჭუნა?! მე ხომ ჩემს სიცოცხლეში ჯერ ერთი სიკეთეც არ გამიკეთებია?! – შეევედრა ავაზაკი.
–გაუშვი, ჩემო ლამაზო, – მოესმა ბიჭუნას თეოდე ბაბუას ხმა, –წინ დიდი გზა აქვს.
ბიჭუნა დაფიქრდა. აბა, ქრისტესია, რისი ქრისტესია იქნებოდა, თუ ისეთი კაცი არ შეებრალებოდა, რომელსაც თავის დღეში ერთი სიკეთე რაა, ისიც კი არ ექნებოდა გაკეთებული.
–მადლობელი ვარ, მოხუცო –უთხრა ფირანამ ბაბუას, ხატი მოკრძალებით წაიმძღვარა წინ, მერე კი გვირაბში ბაგირს აჰყვა.
–ეჰეჰეო– ექოდ ჩამოესმათ მისი ხმა და ცოტა ხანში დაშლილი ბაგირისგან საიმედოდ დაწნული და დამაგრებული კიბე გამოქვაბულში მყოფთათვის ჩამოეშვა.

თეოდე ბაბუა გამოქვაბულის დატოვებას განიზრახავს
პატარები თეოდე ბაბუას შემოეხვივნენ და მოხუცებული თავის საწოლზე დააწვინეს. თალალე მოხუცს გასისხლიანებულ სახეს ნაჭრით უწმენდდა, თან საცოდავად ფშლუკუნებდა.
–ნუ ტირი, ბაბულიკო, მე არაფერი მიჭირს, ამშვიდებდა მოხუცი თალალეს და თავზე ხელს უსვამდა. მერე ბახულა მიიხმო. ლეკვი ტახტს დაებჯინა და მოხუცს ხელები აულოკა. –ცოცხალი ხარ, შე საწყალო?– ჰკითხა ბაბუამ. ბახულას გული აუჩუყდა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა.
თეოდე ბაბუა ერთხანს წყნარად იწვა, მერე კი ქრისტესიას დაბალი ხმით უთხრა: ამ გამოქვაბულის დატოვების დრო დადგა, ჩემო ლამაზო! მე ჩემი მშობელი მიხმობს ცაში, შენ კი შენი მშობლები გელიან, პატარავ. უმადურად ნუ მოიგონებ აქ გატარებულ დღეებს. ბევრი ვერაფერი შევძელი, მაგრამ სინათლე ხომ დაგანახეთ? ხედავ? იმ ვარსკვლავს გაჰყვებით, ის გიჩვენებთ გზას შინისკენ.
პატარები ხედავდნენ, რომ თეოდე ბაბუა ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა, ტახტზე მიუცუცქდნენ და მის თბილ ნაბადში გაეხვივნენ.
––ახლა, კი თქვენც დაიძინეთ, დაღლილები ხართ, მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობრებო!– მოხუცმა ხელი მოხვია თავის პატარებს და გულში ჩაიხუტა.

ავაზაკთა ბუდე დაინგრა
დილით, როცა პატარებმა გაიღვიძეს, თეოდე ბაბუა ვერსად ნახეს. მთელი გამოქვაბული გადაჩხრიკეს, მაგრამ ბაბუას კვალი არსად ჩანდა. შეწუხდნენ პატარები. მერე კი გული დაიმშვიდეს – ალბათ მოწნული კიბით ცაში ავიდაო და თვითონაც გასამგზავრებლად მოემზადნენ. ის იყო, მეგობრებმა გვირაბში ჩამოშვებულ კიბეზე ფეხი შედგეს, რომ გამოქვაბული მოულოდნელად შეზანზარდა, თაროებიდან სკივრები დამოყირავდა და მთელი განძეული ძირს მიმოიფანტა. რა არ იყო ამ მოელვარე გორაში, ათასნაირი სამკაული, ძვირფასი ჭურჭელი, იარაღი...გაბრწყინდნენ და გალამაზდნენ, მოელვარე ყვავილებივით ასწიეს თავები – არა, მე ვჯობივარ, არა მეო. თითქოს ყველა ხელს უწვდიდა პატარებს და ეუბნებოდა: ასე რამ დაგაბრმავათ, შემოგვხედეთ, რა ლამაზები ვართ, იქ, ზევით, იცით, როგორ დაგშვენდებითო. ბიჭუნას, ბახულას და ციცუნიას სამკაულების დარდი აგრერიგად არ ჰქონდათ, თალალეს კი... ოო, თალალეს თვალი დარჩა ყელსაბამებზე. ერთს მაინც წავიღებ თან, რა დაშავდებაო, გაიფიქრა თოჯინამ და ის იყო, მოელვარე გორას უნდა მივარდნოდა, რომ ქრისტესიამ მარცხენა ხელი მტკიცედ ჩასჭიდა თალალეს, ხოლო მარჯვენათი ჯვარი ისე გადასახა განძეულს, როგორც თეოდე ბაბუამ ასწავლა.ჯვარი გადასახა და ჰოი, საკვირველებავ! თვალმარგალიტის ელვარება ჩაქრა, ჩაბნელდა, განძეული უამრავ ნაცრისფერ გველად იქცა. გველები გამოქვაბულის მთელ იატაკს და მის სველ კედლებს მოედვნენ. შეშინდნენ პატარები და მოწნულ კიბეს მისცვივდნენ. ჯერ ციცუნია შეხტა კიბეზე, მერე ლეკვი, ლეკვს ბიჭუნა, ბიჭუნას თალალე მიჰყვა. სულმოუთქმელად ადიოდნენ, თითქოს ეშინოდათ გველები გვირაბის კედლებსაც არ ამოჰყოლოდნენ და გზა არ გადაეკეტათ მათთვის. ნახევრად ბნელ გვირაბში პატარები ხელის ცეცებით მიჰყვებოდნენ მოწნულ კიბეს. მოულოდნელად, თალალეს ღამურა მიაფრინდა თვალებზე. კიდევ კარგი, ბიჭუნას ცალი ხელი თოჯინასთვის მაგრად ჩაევლო, თორემ შეშინებული თალალე გველებით სავსე გამოქვაბულში მოადენდა ზღართანს. პატარებმა ისევ მედგრად გასწიეს წინ. რყევა და ზანზარი, რომელიც გამოქვაბულში იგრძნეს, კვლავ გრძელდებოდა. მალე გვირაბში შუქმა იმატა. ლოდებს შორს ნაპრალიც გამოჩნდა. პატარები ჯერ ლოდზე აცოცდნენ, შემდეგ, კი რადგან რყევა ძლიერდებოდა, ლოდიდან ფეხი დაჰკრეს და სირბილით გაეცალნენ იქაურობას.
ტყე-ტყე გზის გაგრძელებას აპირებდნენ, რომ უკან დაბრუნებულ ავაზაკებს მოჰკრეს თვალი. კოჭლობით მომავალმა ქორიამ ავაზაკებთან ერთად სულ ახლოს ჩაუქროლა ბუჩქებში ჩამალულ პატარებს. შეშფოთებული ავაზაკები ამ რყევა-ზანზარში განძეულის გადასარჩენად მიიჩქაროდნენ. ყველანი ერთმანეთის მიყოლებით ჩაეშვნენ გვირაბში, მხოლოდ ფირანა აკლდათ.
–ახლა კი მოვკურცხლოთ აქედანო– თქვა ბიჭუნამ და ის იყო, პატარებმა ფეხი იშვირეს, რომ მოულოდნელად რაღაცამ დაიქუხა. მეგობრებმა მიიხედეს და რა დაინახეს – გვირაბის ყელმა ჯერ ბოლი და ცეცხლის მოელვარე ენები, შემდეგ კი ფერფლი და თავგაჭეჭყილი, წელში გაწყვეტილი გველები ამოსტყორცნა. კიდევ ერთხელ დაიგრიალა. მიწა ზათქით ჩაიშალა და პატარებმა დაინახეს, როგორ ჩაიქცა გვირაბი.

მოსეირნე ვაშლები...რა არ ხდება ამ ქვეყანაზე
გზადაგზა, ფერდობებზე პატარებმა უამრავი ფერად-ფერადი ყვავილები შენიშნეს.–ხედავ, აქ მოსულან ჩვენი მეგობრები– გაიხარეს პატარებმა.
რა ლამაზი იყო იქაურობა! გოგო თალალე დამუნჯებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. მოულოდნელად, ცაზე ღრუბლები შეიყარა. წვიმამ წამოუშხაპუნა, მერე ღრუბლები ქარმა გადარეკა და ცაზე შვიდფერი ცისარტყელა აკიაფდა. ქრისტესია თვალს ვერ წყვეტდა ამ ლამაზ სანახაობას.
–იცი, ვინ შექმნა ასეთი სილამაზე?–ჰკითხა ბიჭუნამ თალალეს.
–თავისით გაჩნდა–თქვა თალალემ.
–გაჩუმდი, სულელო! –გაუწყრა ბიჭუნა– როგორც შენ გაჩნდი შენით, არა?
თოჯინა თალიკო მოიბუზა და ცრემლი მოადგა.
ბიჭუნა შეწუხდა, რომ მეგობარი გაანაწყენა.
–თალალე!
თოჯინამ ზურგი შეაქცია.
–თალალე, არ გეწყინოს, გოგო!
თოჯინა გაბუტული იდგა.
–თალალე, არ გამებუტო, თორემ იმ მზეს ხომ ხედავ, შენ რომ დიდი კოცონი დაარქვი, იმ კოცონში შევალ და აღარ გამოვალ, თავს არ ვიცოცხლებ, იცოდე.
–ვაიმე– თქვა თოჯინა თალალემ.
–თალალე, თუ გინდა ყვავილობანა ვითამაშოთ, კარგი თალალე? მე მიწის ბელტი ვიქნები, შენ ყვავილი.
–არ მინდა– ჯიუტად თქვა თოჯინა თალალემ.
–თუ გინდა, ყვავილი მე ვიქნები, შენ პეპელა იყავი.
–არც ეგ მინდა.
–მაშინ წყაროსთვალი იყავი, მე კენჭი ვიქნები, ან თავკომბალა, ტყაპ და შენთან გადმოვხტები.
–არა, არ მინდა!– ჯიუტად აქნევდა თავს თალიკო.
–თალალე, ხედავ იმ ცისარტყელას, ოღონდ შემირიგდი, იმ ცისარტყელას ფეხქვეშ ხიდად გაგიდებ და ზედ გაგატარ–გამოგატარებ.
–ნეტამც!–ნატვრით თქვა თოჯინამ.
ცისარტყელის ერთი სხივი მაშინვე კიბესავით ჩამოეშვა ზეციდან. იგი ამ კიბეზე შეპაკუნდა. ცისარტყელა ხიდად იქცა. ბიჭუნამ ხელი მოჰკიდა და თოჯინა ხიდზე რამდენჯერმე გაატარ-გამოატარა.
რა კარგია მზისქვეშ,
ხელი რომ ჩავკიდეთ,
ვესალმებით ერთადცისარტყელის ხიდებს,
ცისარტყელის ხიდებს– ამღერდა თოჯინა-გოგონა.
პატარებმა ერთ გადატეხილ ხის ძირას, დიდ კუნძთან შეისვენეს. იქვე, ძირს ჩამოცვენილი პანტა ვაშლები იპოვეს და ის იყო აკრეფა დააპირეს, რომ საოცრება– ვაშლებმა ფეხი არ აიდგეს? მიდიან ვაშლები, მიჰყვებიან პატარები. ბახულა გაბრაზდა – ჩვენ შიმშილით და წყურვილით პირი გვიშრება, ამათ კი რა სეირნობა გაუმართავთო, ღრენით გადახტა და ერთ ვაშლს თათი დაჰკრა თავში...თითი ჩხვლეტია ეკალზე მოუხვდა. შეშინებულმა ლეკვმა საბრალოდ დაიწკმუტუნა და ისევ ბიჭუნას ფეხთან მიიტუზა.
–ესენი ხომ ზღარბებია, ფრთხილად, ეკლები აქვთ– თქვა ბიჭუნამ – ნახე, როგორ შრომობენ, ვაშლს იმარაგებენ. თალალე მოხიბლული დასცქეროდა პატარა ზღარბუკებს. მხოლოდ ბახულა იყო უკმაყოფილო. ზღარბებს ირგვლივ ურბენდა, მიწას ყნოსავდა და გაჯავრებული ბურდღუნებდა: მოსეირნე ვაშლები...მოსეირნე ეკლები, ღმერთო, რა რა ხდება ამ ქვეყანაზე!

ბახულა თავს იწონებს
ღამით პატარები ვარსკვლავს გაჰყვნენ. მთელი ღამე სვენებ-სვენებით იარეს, რომ თენდებოდა ერთ სოფელს მიუახლოვდნენ. მოულოდნელად, რომელიღაც ეზოდან ძაღლი გამოვარდა და ციცუნიას ღრენით ეცა. ბრრ–აიფხორა ციცა, თუმცა ეტყობოდა, ცუდი დღე დაადგებოდა საწყალ ფისუნიას.
სანამ ბიჭუნა და თალალე მიეშველებოდნენ, ლეკვი ბახულა მამაცად მივარდა მომხდურს და ისე ჩაასო კბილი კანჭში, რომ შეშინებული ძაღლი კუდამოძუებული და დარცხვენილი ღრენა-ღრენით მიიმალა.
–ყოჩაღ, ბახულა, შენ კატების საუკეთესო მეგობარი ხარ – შეაქო ბიჭუნამ.
–ჰღრრ, ჰღრრ...ციცუნიას მეგობრობას თავსაც შევწირავ –დაიღრინა ლეკვმა.
–დამიხედეთ მამაცს! – აკრუტუნდა ციცა და ბიჭუნას ფეხებზე გაექლასუნა.
–ჩემისთანა ბახულა იშვიათია...თქვა ლეკვმა – მოდი, ჩემს ლექსს ვიტყვი, კარგი?
–თქვი, ბახულია, ბიჭო, ვინ გიშლის– უთხრა ბიჭუნამ და პატარები სმენად იქცნენ.
ჩემისთანა ბახულა*
ჯერ არსად არ ნახულა.
ციცა, მომკლავს დარდები,
თუ არ შეგიყვარდები...
ავდგები და ვისკუპებ,
წყალში გადავვარდები,
მოდექი და იცინე
ფეხს რომ გავაფიჩინებ.
–მეხი არ დაგაყარე მაგ ფეხებზე– თქვა ციცუნიამ და კუდი აბზიკა.

ბახულას მოთმინების ძაფი გაუწყდა
მეგობრები პატარა ქალაქს მიუახლოვდნენ. ,,ირისქალაქი” – ეწერა დიდი, ლურჯი ასოებით აბრაზე. გზადაგზა ლამაზი შადრევნები, იისფერი ყვავილნარები და ათასგვარი ნუგბარით სავსე მაღაზიები ხვდებოდათ.
–მშია, – დაიკვნესა თალალემ, – შიმშილისაგან თავი მტკივა!
–მე, კი გული ისე ამიჩქარდა, როცა თევზის მაღაზიას ჩავუარეთ! – წუწუნით თქვა ციცუნიამ.
–პატარები პურის მაღაზიასთან ჩამოსხდნენ დასასვენებლად. მაღაზიიდან ისეთი მადისაღმძვრელი სუნი იფრქვეოდა, ბახულამ ვეღარ მოითმინა, თაროს მივარდა, ერთ პურს პირი დაავლო და მოკურცხლა. გამყიდველი, რომელიც უცნაური პატარების თვალიერებით იყო გართული, შეშფოთდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მერე თვალი გააყოლა უცნაურ ლეკვს, ჯერ დაბნეულად გაეღიმა, მერე სიცილი აუტყდა, იცინა და იცინა.
შერცხვენილმა პატარებმა ის იყო, მყუდრო ადგილი მოძებნეს, რომ აქლოშინებული ბახულაც მოვარდა თავისი პურით.
ბიჭუნამ ლეკვს ზურგი შეაქცია, ლეკვმა თავისი პურით გარს შემოუარა ბიჭუნას, მერე პური ქვაზე ფრთხილად დადო და შეჰყეფა.
–ჰამ, ჰამ, მოთმინების ძაფი გამიწყდა!
-ქურდო, – თქვა გაბრაზებულმა ბიჭუნამ, –ავაზაკო, რა მალე დაივიწყე მოხუცის ანდერძი!?
ბახულას შერცხვა და ბიჭს წკმუტუნით გაუგორდა ფეხებში.
–ტყუილად ნუ მელაქუცები, მე ნაქურდულ პურს არ შევჭამ.
–არც მე შევჭამ, ვაი, თავი!– დაიკვნესა თალალემ.
–არც მე, – თქვა ციცუნიამ, – თევზი რომ ყოფილიყო კიდევ მესმის, მაგრამ ნაქურდალ პურს კი არა და არა, არ შევჭამ!
–მაშინ ავდგები და თაროზე დავაბრუნებ! –თქვა ბახულამ და გულდაწყვეტილმა დახედა ქვაზე მაცდურად დადებულ პურს.
–ვინღა იყიდის შენს ნაკბილარ პურს! – აღშფოთდა ბიჭუნა. მერე თალალეს ხელი ჩაჰკიდა და ბახულას გაეცალა. ციცუნიამაც აიბზიკა კუდი. ბახულამ თვალი გააყოლა პატარებს, როცა ციცუნიას კუდიც თვალს მიეფარა, დანაღვლიანებულმა პურს კბილი ჩაავლო და წელმოწყვეტილი მაღაზიისკენ წაჩანჩალდა.

ჰამ, ჰამ, ბაბუას ავაზაკობა არ უყვარდა
გამყიდველი რაღაცას ანგარიშობდა, როცა წკაპუნის ხმა შემოესმა, აიხედა და ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე წკაპაწკუპით მომავალი თავჩაქინდრული ლეკვი არ დაინახა? პირით ის ფუმფულა პური მოჰქონდა, დილით მაღაზიიდან რომ გაიტაცა. ლეკვმა პური იატაკზე დადო, წინა თათებით ზედ დაებჯინა და ქალს ნაღვლიანად მიაჩერდა. გაკვირვებულმა გამყიდველმა პირჯვარი გამოისახა და ლეკვს დააცქერდა –რაო, პატარავ, რატომ დაბრუნდი?–ჰკითხა და მის წინ ჩაიცუცქა.
ქალის ალერსიან ხმაზე ბახულას თვალები ცრემლებით აევსო. პური იატაკიდან აიღო, გაცუნცულდა და თაროზე ჩამოდო. მერე უკანა ფეხებზე დადგა, წინა თათები გულზე დაიკრიფა და და გამყიდველს უთხრა: ჰამ, ჰამ...მე თეოდე ბაბუას შვილობილი ვარ. ბაბუას ავაზაკობა არ უყვარდა. მისი ანდერძი დავარღვიე, ჰამ, ჰამ...მაპატიე, მეტად აღარ ვიქურდებ, დეიდა!
გამყიდველი ქალი შეწუხდა, თუმცა ლეკვის ,,სიტყვებიდან” მხოლოდ ჰამ, ჰამ, ესმოდა, მიხვდა, რომ ლეკვი დანაშაულს განიცდიდა. ზურგზე ხელი გადაუსვა, თან ჩურჩულებდა– შე საწყალო, პატარა არსებავ, შენც ხომ ღვთის გაჩენილი ხარ, შენც ხომ გშია და გწყურია. რად დააბრუნე, წაიღე, ღმერთმა შეგარგოს!
მერე პური აიღო და ბახულას წინ დაუდო.

ხეტიალი დასრულდა
პატარებმა დიდხანს იხეტიალეს იისფერი ქალაქის ქუჩებში. სანატრელი სახლისკენ კი გზა ვერა და ვერ გაიგნეს. ბიჭუნამ არ იცოდა სად იდგა თავისი სახლი, ის ხომ ძალიან პატარა იყო, როცა ავაზაკებმა გაიტაცეს.
ამდენი ხეტიალით შეწუხებულმა პატარებმა ინატრეს: ნეტა თეოდე ბაბუა აქ იყოს, ხომ დაგვეხმარებოდა ჩვენი კეთილი მოხუცებულიო. ამ ნატვრაში იყვნენ, როცა მაღალგუმბათიან შენობას მოჰკრეს თვალი. ქრისტესია სწრაფად გაუძღვა პატარებს და ცოტა ხანში ისინი ტაძრის წინ აღმოჩნდნენ. წირვა დასრულებულიყო და ხალხი ჯგუფჯგუფად მიეშურებოდა შინისკენ. ქრისტესიამ თალალეს ჩაჰკიდა ხელი და როგორც თეოდე ბაბუამ ასწავლა, ტაძარს ირგვლივ სამჯერ შემოუარეს.
პატარებმა ტაძარში შეაბიჯეს, მოძღვარს საკურთხევლის კარი დაეხურა და სიჩუმე სუფევდა. თალალემ და ქრისტესიამ ყველა ხატთან მოილოცეს და აი, საოცრება, მათ წინ თეოდე ბაბუას სათაყვანებელი წმიდა ქალწულის ხატი ეკიდა. ხატთან თალხსამოსიანი ახალგაზრდა კაცი იდგა თავჩაქინდრული. კაცმა თავი ასწია და...ეს ხომ ფირანაა, თქვა გაკვირვებულმა ბიჭუნამ. ავაზაკის სახელის ხსენებაზე საბრალო თალალე აკანკალდა. სადღა იყო თეოდე ბაბუას კიდობანი, თორემ დაუხმარებლადაც კარგად ჩაიმალებოდა შიგ. ბიჭუნას დანახვით გახარებულმა ფირანამ მორჩილი გაგზავნა და მოძღვარი იხმო.
–მოწყალე თვალით გადმოგვხედა ღმერთმა, ისმინა მშობელთა ლოცვები! – თქვა გახარებულმა მოძღვარმა და ქრისტესია აკურთხა.
პირჯვარი გამოისახეს, წმიდა ქალწულს შეწევნა სთხოვეს და გახარებულებმა დატოვეს ტაძარი.
–ახლა, კი შენი მშობლები გავახაროთ–თქვა ფირანამ.
ყოფილი ავაზაკი ფრთაშესხმული მიაქროლებდა შინისაკენ ხელჩაჭიდებულ ბიჭუნას. ხალხი გაკვირვებული შესცქეროდა უცნაურ პროცესიას. ახალგაზრდა კაცი ბიჭუნას მიარბენინებდა, ბიჭუნას ბუთხუზა, სახემოთხუპნული გოგონა მისდევდა. გოგონას ლეკვი, ლეკვს თეთრი ფისო. ქუჩაში მიმავალ ქალს და კაცს წამოეწივნენ და ფირანამ ნაბიჯს უკლო. ქალმა უკან მიიხედა, ქრისტესიას მიაპყრო თავისი ნაღვლიანი თვალები და ამოიოხრა – ჩემს ბიჭუნასაც ასეთი ოქროსფერი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდაო. ქისტესიამ შეხედა ქალს და საგულეში გული კინაღამ სიხარულით გადაუტრიალდა. ეს ხომ მისი დედა იყო! ქალი და კაცი უკან უკან იხედებოდნენ. ქალი რაღაცას ეუბნებოდა კაცს, თან ცრემლებს იწმენდდა.
–ვინ ხართ, რა გაგჭირვებიათ, ან სად გარბიხართო?–ჰკითხა კაცმა ფირანას.
– მე ფირანა ვარ, ეს კი თქვენი ქრისტესიაა მეგობრებთან ერთადო.
– ქალმა და კაცმა ყურს არ დაუჯერეს. ისევ დააკვირდნენ ცისფერთვალა, ოქროსფერთმიან ბიჭს. მართლა ის იყო, ქრისტესია, აბა, სხვა ვინ იქნებოდა?
– ბიჭუნა დედ-მამამ ჩაიხუტა გულში. იმ სიხარულს რა გამოთქვამს? რა სიხარული, რა სიცილ-ტირილი! სიხარულისგან თალალეც ასლუკუნდა, ცრემლებმა ლოყა ჩამოურეცხა და შავ-შავ ზოლებად დააჩნდა სახეზე, მაგრამ ვინ დაეძებდა თალალეს ჭუჭყიან ლოყებს, კოცნიდნენ, ეფერებოდნენ პატარა ტყვედყოფილებს.
– ქრისტესია დაბრუნდაო? შეიყარა მთელი ქალაქი. კეთილი დედაკაციც იქ იყო. ულოცავდნენ გახარებულ მშობლებს და ღმერთს მადლობას სწირავდნენ გულმოწყალებისათვის.
– დაღამდა. სიხარულმა დაისადგურა ქრისტესიას სახლში. ამ ბედნიერებას მხოლოდ თეოდე ბაბუა აკლდა. ბიჭუნამ ცაში აიხედა და იმ გზისმკვლევ ვარსკვლავში მოხუცის ნათელი სახე დაინახა.
–აბა, ჩემო კეთილო, არ შემარცხვინო, ჩვენ ხომ ცაში უნდა შევხვდეთ ერთმანეთს –ამხნევებდა მოხუცის მომღიმარი სახე ქრისტესიას.
                                                  
                                                              ***
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც სხვა, ნამდვილ ზღაპრებში. ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად. ქრისტესიამ ხომ ადრიდანვე შეიყვარა ღმერთი .
ღმერთმაც შეიყვარა ქრისტესია და მისი მეგობრები.

                               დ ა ს ა ს რ უ ლ ი

შენიშვნა – ბახუს ლექსი ეკუთვნის თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონს- დედა ირინას.