THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზის სხივის აღმავალ კიბეზე

ია საკანდელიძე
ნოოსფეროს აკადემიის ასოცირებული პროფესორი,
რომან "ხურდაში მოქცეულთა სიყვარულის" ავტორი

ამბობენ, ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას _ კიბე, ზღვას _ ხიდი და ადამიანს _ სამართალი. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ზეციური კიბიდან ზღვაზე ფეხით მავალი ძე ღვთისა _ უფალი ჩვენი იესო, რათა თავისი ღვთიური სასწაულებით გაეხსნა ადამიანთა რწმენის კარიბჭე და ამქვეყნიური სამართლის დამკვიდრებით ეს დანაკლისიც შეევსო კაცთა მოდგმისთვის.
სამწუხაროდ, ბევრი ბოროტი ძალა ებრძოდა უფლის სიკეთეს, სასწაულებსა თუ თავგანწირვას, თუმცა ადამიანური თვითშეცნობის ამ გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას ინტუიციურ აზროვნებასა და ღვთიურ თვალსაწიერთან აღმართული ათეისტური კედელი წარმოადგენდა. სწორედ ამ კედლის ნგრევის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მანანა წერეთლის მხატვრულ-შემეცნებითი მოთხრობების კრებული "ცისა, ლექსო და ეს სამყარო", რომელიც უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული და დამკვიდრებული "ჰარი პოტერისეული" მაგიური ხედვის საუკეთესო ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს.
თუ "ჰარი პოტერის" ავტორი მძაფრი ემოციური დატვირთვით გვიხატავს ბოროტი, საშინელი ბნელი ძალების ქმედებებს და ჰალუცინაციური გამოვლინებებით ამ ძალების დიდი შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენს, მანანა წერეთლის ზღაპრული სამყაროს გმირები: ლექსო და მისი მფარველი ანგელოზი _ ცისა, მხოლოდ ღვთიური, ქრისტიანული კანონებით ებრძვიან ბოროტ ძალებს და ჩვენ ირგვლივ მყოფთა ცხოვრების წესს ამხელენ, მართალი, დაუცველი ადამიანების გვერდით დგებიან და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ ამცნობენ მკითველს.
ყველა მოთხრობაში, რომლებიც სიუჟეტურად ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ავტორი მოზარდებში იმ ჩვევების გამომუშავებას ცდილობს, რომელიც მომავალში იმ ადამიანური სამართლის დამკვიდრებას დაუდებს საფუძველს, რაც აგრერიგად აკლია ჩვენს სამყაროს. საინტერესოა ისიც, რომ ცისასა და ლექსოს სასწაულების აღმავალი კიბის საყრდენს ქართული ენის საოცარი სიღრმე წარმოადგენს.
ლექსის მთქმელ ლექსოს ყოველ ემოციურ-პოეტურ აღმოთქმას მკითხველი თავად მიჰყავს კონკრეტულ-სიტუაციურ გამოსავალთან. ლექსოს თითქოს უბრალო, ხალხური ფოლკლორის ფესვებიდან ამომავალი ყოველი რითმა ქართული ენის იმ სიღრმეებში ახედებს მოზარდს, სადაც როგორც დიდი იოანე ზოსიმე ბრძანებს: "ამა ქვეყნისა ყოველი სიბრძნე დამარხულ არს და შემონახულა".
ლექსოს მისი მფარველი ანგელოზი ცისა უმშვენებს გვერდს და აძლიერებს ციური აღმავალი კიბის გამოსავლენად და ამ ზღაპრულ კიბეზე აღსას¬ვლელად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი არ კმაყოფილდება თავისი გმირების მხოლოდ ინტუიციური და რწმენითი საზვერეების წვდომის უნარით. იგი ასტროლოგიისა და სხვადასხვა მეცნიერების ფლობის დიდ მნიშვნე¬ლობაშიც არწმუნებს მკითხველს და იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ ზღვის ხიდი, ცის კიბე და ადამიანური სამართალი სწორედ ამგვარი შეცნობით შეიქმნება და გამოვლინდება.
ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანანა წერეთლის ეს წიგნი ქართული შემეცნებითი სამყაროს საგულისხმო შენაძენი და საინტერესო მიგნებაა მოზარდთა აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში, რამეთუ XXI საუკუნე ინტუიციური ხედვის გარეშე ვერ გაამთლიანებს ასე ნაწილ-ნაწილ განვითარებულ მეცნიერულ დისციპლინებს და, შესაბამისად, ადამიანთა აზროვნებას.