THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წათეს დაბადების დღე

ირმა ხურცია

წათეს აღდგომის დღესასწაულის სიხარული ჯერ არ განელებოდა, რომ დაბადების დღე მოადგა კარს.
- დაბადების დღის აღნიშვნა აუცილებელია - თქვა ქეთუსი ბებომ - რადგან ამით მადლიერებას გამოვხატავთ უფლისადმი, რომ ამ ქვეყანაზე მოგვავლინაო და ხაჭაპურის ცომის მოზელას შეუდგა. დედას წათეს დაბადების დღეზე დიდი ტორტი უნდა გამოეცხო.
ანდრია და გიორგი ძმისთვის თავიანთ ნახატებს ამზადებდნენ. თამარმა და ნინომ წათეს ახალ ლაზურ ტანისამოსს ვერცხლისფერი სირმები დააკერეს. ტარიელ ბაბუმ შვილიშვილს ყაბალახი აჩუქა. მარიამმაც მოუმზადა საჩუქარი ძმას, დილით წიას ნაცვლად, წათე-ო - გარკვევით დაუძახა. უცნობი იყო რას აჩუქებდა უფროს ვაჟს მამა.
წათე 8 წლის ხდებოდა. დღეობაზე მეგობრები და საყვარელი ზღაპრის გმირი - ნაცარქექია ყავდა მოწვეული.
ნაცარქექია სიხარულისაგან კინაღამ გადაირია, ბუხარი რომ დაინახა:
- ცეცხლი რომ ჩაქრება, ნაცარი არ გადაყაროთ, მე წავიღებ გუდითო - გამოაცხადა.
- ბავშვებო, “ნაცარქექიას დღეობანას” წესი ასეთია: ჩემი წინაპრებისეული სამეფო, რომლებიც დროებით ცხრა თავიანმა დევებმა ჩაიგდეს ხელში, კვლავ დავიბრუნე და ის იუბილარს ეკუთვნის, მაგრამ ვიდრე ტახტს და გვირგვინს გადავცემ, მას რამდენიმე გამოცდა უნდა ჩავუტარო, რომ დავრწმუნდე ჩემს სამეფოს ღირსეული ხელმწიფე ეყოლება. ახლა კი სათითაოდ ყველას, გაძლევთ უფლებას, მოიგონოთ სახელი ამ სამეფოსთვის, საუკეთესოს იუბილართან - მომავალ ხელმწიფესთან ერთად შევარჩევ.
- “ვაჟკაცეთი” - წამოიძახა გიორგიმ.
- გოგონებმა რა დავაშავეთ? - გაცხარდა ნინო
“ნაცარქექიეთი”, “ვარსკვლავეთი”, “საზღაპრეთი” - ყვიროდნენ ბავშვები.
- არ არის აუცილებელი ეთი-თ მთავრდებოდეს სამეფოს სახელწოდება - გაეღიმა ნაცარქექიას. ყოველთვის თავმდაბალმა წათემ გამოაცხადა:
- სამეფოს სახელს დავარქმევ მე, მომავალი ხელმწიფე!
- აბა ყური დაუგდეთ - გააჩუმა ბავშვები ნაცარქექიამ.
- სამეფოს ასე ვუწოდებ “უკვდავეთი”, რადგან მას უკვდავი სული იფარავს და აქ არასოდეს კვდებიან - თქვა წათემ.
- ძალიან კარგი - შეაქო წათე ნაცარქექიამ - ახლა კი, გამოცდისთვის მოემზადე. პირველი გამოცდა ასეთია, უნდა დაგეჭიდო, თუ დაგამარცხე, დავფიქრდები, გამოდგები თუ არა ხელმწიფედ.
დიდხანს ჭიდაობდნენ ნაცარქექია და წათე.
- წათე, წათე - ყვიროდნენ გულშემატკივრები. ტყუილად ხომ არ დადიოდა წათე ორთაბრძოლის გაკვეთილებზე, დაამარცხა ნაცარქექია.
- ოჰო, რა მაგარი ყოფილხარ, როგორ დამანარცხე - ძლივსძლივობით წამოდგა წაქცეული ნაცარქექია და “ხელმწიფის ტახტზე” ჩამოჯდა.
- ახლა განათლება შევუმოწმოთ ტახტის მემკვიდრეს - წარმოთქვა ცოტა ხნის შემდეგ - ბავშვებო, დაუსვით შეკითხვები, ვნახოთ რა იცის ჩვენმა წათემ. იცოდეთ, საუკეთესო შეკითხვის ავტორს უფლება ეძლევა, ბუხარში მწვადი შეწვას. ----ბავშვებმა ორივე ხელი ასწიეს, ისე ძალიან უნდოდათ კითხვის დასმა.
- როდიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის საერთოა?
- ქრისტეს შობიდან - იყო პასუხი
-რომელია პირველი სახელმწიფო მსოფლიოში?
- ეგვიპტე, შუამდინარეთი...
-ციფრები 1 ,2, 3 და ა.შ. ვინ შემოიღო?
- ეს არაბული ციფრებია და ევროპაში არაბებმა შემოიტანეს.
- ვინ და როდის შემოიღო გამოკლებისა და ტოლობის ნიშნები?
- დიოფანტემ მესამე საუკუნეში...
- ვაზის რამდენი სახეობაა საქართველოში..? - საქართველოში ვაზის ხუთასამდე ადგილობრივი ჯიშია.
- რომელმა პოეტებმა უძღვნეს ლექსები სამას არაგველს?
- გრიგოლ ორბელიანმა, ლადო ასათიანმა, გოდერძი ჩოხელმა და სხვებმა.
- სად გადაასახლა მე-17 ს-ში შაჰმა ქართველები?
- ფერეიდანში
- სად არის იმერხევი?
- ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა...
- სად არის დაკრძალული წმ. მოციქული სვიმონ კანანელი?
- აფხაზეთში. -საკმარისია!- დააშოშმინა ბავშვები ნაცარქექიამ - არ მახსოვს რამდენი წლისა ვარ, მგრამ ის კი ვიცი, რომ, ამიერიდან არასოდეს მოვკვდები, რადგან ასეთი კარგი ბავშვები ყოფილხართ უკვდავეთში...
შემდეგ გამოცდას კი გულკეთილობის ტესტი ქვია . ხელმწიფე ხომ გულმოწყალე უნდა იყოს, ვნახოთ, კეთილია თუ არა ჩვენი მომავალი მეფე?
აღმოჩნდა, რომ წათეს ძალიან, ძალიან კეთილი გული ქონდა.
- ახლა კი კენჭი ვყაროთ, რამდენს სურს წათეს ხელმწიფობა - ეს ბოლო გამოცდა იყო. ბავშვებმა ერთის ნაცვლად კვლავ ორი ხელი ასწიეს.
- გაუმარჯოს უკვდავეთს! გაუმარჯოს ხელმწიფე წათეს! - ყვიროდნენ პატარები.
- გაუმარჯოს წათესნაირ ხელმწიფეებს - მოჟრიამულე ოთახში ბაბუა ნიკოლოზი შემოვიდა.
- მოხუცებს თუ სცემთ პატივს თქვენს სამეფოში? - იკითხა ღიმილით და წათეს მიუახლოვდა, რომელიც უკვე “ხელმწიფის ტახტთან” იდგა.
- რა თქმა უნდა, მობრძანდით! - იყო პასუხი.
- შემთხვევით არაფერი ხდება - საყვარელი ფრაზა წარმოთქვა ბაბუა ნიკოლოზმა - სწორედ იმ დროს მოვსულვარ, როცა ხელმწიფეს ტახტზე ასვლა უნდა მივულოცო და საჩუქარი გადავცე. აი, ეს ჩემგან სახსოვრად, წათე! - და ბიჭს ძველებური ხანჯალი გაუწოდა.
- ბავშვებო, თქვენც შეგიძლიათ მიულოცოთ წათეს “გამეფება” და საჩუქრები გადასცეთ - მიმართა ბავშვებს ნაცარქექიამ.
ოთახში წათეს მამა შემოვიდა. მასაც ქონდა საჩუქარი “ხელმწიფისათვის”. იუბილარმა საჩუქარს ქაღალდი შემოხსნა. კომპაქტდისკი იყო. ბედნიერმა “ხელმწიფემ” ხმამაღლა წაიკითხა კომპიუტერული თამაშის სახელწოდება: “დიდგორის ომი”.
- ვაშაა! გაუმარჯოს უკვდავეთს! - წამოიძახა ნაცარქექიამ. ბავშვებმა ტაში შემოჰკრეს. დავითი ბედნიერი შესცქეროდა აღფრთოვანებულ წათეს, რომელსაც მეგობრები შემოხვეოდნენ.
- წათე, ხომ გვათხოვებ დისკს? - ეკითხებოდნენ ბავშვები.
- აუცილებლად, აუცილებლად! - პასუხობდა ბიჭი.
ახლა კი სუფრის გაშლა მიბრძანებია! - გამოაცხადა “ხელმწიფემ”.
- აბა, ყველანი მობრძანდით მაგიდასთან - დაუძახა ბავშვებს წათეს დედამ.
- პატარები ხალისით მიცვივდნენ სკამებს, რომლებზეც სხვა და სხვა წარწერა იყო: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი, ჯავახეთი, მესხეთი, აჭარა, აფხაზეთი, იმერხევი, საარაგვო, მთიულეთი, ხევი, თუშეთი, ფშავი და შესაბამისი ტანისამოსი იდო.
- აირჩიეთ, ვისაც სადაც გსურთ, ვინც ყველაზე სწრაფად გადაიცმევს ამ ტანსაცმელს, საჩუქრად ჩემი მეგობარი ამირანის წიგნს ვაჩუქებ - წაახალისა ბავშვები ნაცარქექიამ.
ამირანის წიგნი ლუკას ერგო.
სუფრის ერთ თავში “ხელმწიფის ტახტი” დადგეს, მეორეში - თამადის, რომელიც ნაცარქექიამ შეარჩია. “ხელმწიფეს” გული სიხარულისაგან მაგრად უცემდა, ისევ ისეთ სითბოს გრძნობდა, როგორსაც მაშინ, როცა უხილავ მეგობარზე ფიქრობდა. თუმცა, ახლაც ფიქრობდა მასზე. მეგობარი ხომ მარტო გასაჭირში არ გჭირდება, არამედ ლხინშიც.
- ყოველი ახალი სადღეგრძელოს შემდეგ, შეგიძლიათ რიგ-რიგობით, ყველა “კუთხემ” იმღეროთ და იცეკვოთ - გამოაცხადა თამადამ და ქეთუსი ბებოს გამომცვარი ხაჭაპური გასინჯა. სუფრას ტარიელ ბაბუს მიერ საგანგებოდ ბავშვებისთვის დაწურული საფერავიც ამშვენებდა. ლხინი დაიწყო. სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ცეკვა, ცეკვას ლექსი და პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
დიდი ჟრიამული გამოიწვია მწვადების შეწვის პროცესმა. მწვადი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ არც ერთი ცალი აღარ შერჩა შამფურზე. ბავშვებმა ცარიელი შამფურებით “ხმალაობა” დაიწყეს. უეცრად საშინელი ხმაური ატყდა, მერე ოთახში ღრიანცელით საზარელი მხეცები შემოვარდნენ. “ხელმწიფე” არ დაიბნა, ტახტიდან წამოვარდა და ხანჯალი იშიშვლა. სკამებიდან წამოხტნენ მისი მეგობრებიც. ბიჭებს ვიღაცამ შუბები მიაწოდა. (როგორც ჩანს, მათაც ყავდათ უხილავი მეგობრები). გოგონები გვერდით ოთახში შეცვივდნენ, ბიჭები კი მხეცებს დაერივნენ. მედგრად იბრძოდნენ ნაცარქექია და ბაბუა ნიკოლოზიც. დახოცილი მხეცები უკვალოდ ქრებოდნენ.
- გოგონებო, დაბრუნდით, ჩვენ გავიმარჯვეთ - დაიძახა “ხელმწიფემ”.
გოგონები წათეს დედასთან ერთად დაბრუნდნენ, რომელსაც ხელში ულამაზესი, სანთლებით მოციმციმე ტორტი ეჭირა.
- მრავალჟამიერ... - წამოიწყო სიმღერა გიორგიმ; მას აჰყვა ანდრია, თამარი, ნინო და სათითაოდ ყველა ბავშვი; არ მღეროდა მარიამი, მაგრამ პატარა ბუთხუზა ხელებით გამეტებით უკრავდა ტაშს.
- ხელმწიფევ, შენ არ გვიმღერებ? - კითხა ნაცარქექიამ წათეს.
წათემ არ გააწბილა მშობლიური ზღაპრის საყვარელი გმირი და დაიწყო:
“დღესა დღეობა ვისია?!
წმიდისა გიორგისია...”