THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წითელი კვერცხი

ირმა ხურცია

წათეს დღესასწაულებიდან ყველაზე ძალიან აღდგომა უყვარდა. აღდგომის დღესასწაულის სიხარულს ვერაფერი შეედრება, ის მის მოლოდინთან ერთად იწყება და დიდხანს, დიდხანს არ ნელდება.
- კვერცხი, რომელსაც აღდგომაზე ვღებავთ, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.. როგორც კვერცხიდან იჩეკება ახალი ბარტყი, ისე აღდგომის შემდეგ უფალი ადამიანებს გვჩუქნის ახალ სიცოცხლეს, რომელიც ცათა სასუფეველში გაგრძელდება - განუმარტა მოძღვარმა ბავშვებს - წითელი ფერი კი მაცხოვრის მიერ ჩვენი სიყვარულისთვის გაღებული სისხლის ნიშანია...
- ალბათ, ამიტომ ამბობენ, წითელი ფერი სიყვარულის ფერიაო- გაივლო გონებაში წათემ.
აიამ ათი წითელი კვერცხი შეჭამა. ბავშვებზე დაფეთებულ დიდედა კატოს ეს ამბავი სულაც არ აშინებდა.
- სააღდგომო კვერცხი არავის არაფერს ავნებს, რამდენიც არ უნდა ჭამოსო - ამბობდა მშვიდად.
დიდედამ ასი კვერცხი შეღება წითლად. მას თია და ნიაც ეხმარებოდნენ. გოგონებმა პასკის გამოცხობაც ისწავლეს, ოღონდ თია კინაღამ ჩავარდა თონეში, პასკები რომ ამოჰქონდა. ანდრო პაპას ოჯახში დიდი ფუსფუსი და სამზადისი იყო. სადღესასწაულო სუფრაზე მთელი სოფელი და, მასთან სოფლის მოძღვარიც იყო მოწვეული.
წათესთან ჭინკორიკო მოვიდა და უთხრა:
- გინდა, გავეჯიბროთ, ვის უფრო მაგარი კვერცხი აქვს?!
ჭინკორიკო პატარა სოფლელ ბიჭს უფროსებმა შეარქვეს, რადგან ძალიან ცელქი იყო, მუდამ ჭინკასავით წინ და უკან დახტისო, ამბობდნენ მასზე. ახლა ჭინკორიკო მუჭში წითელ კვერცხს მალავდა, არავის აჩვენებდა, მაგრამ იქადდა, ყველას დაგიმტვრევთ კვერცხებს ციცარის კვერცხითო. დანაქადები შეასრულა კიდეც. წათეს და მის და-ძმებს, ასევე სხვა ბავშვებს ერთი კვერცხიც კი არა შეარჩინა მთელი. დიდედა კატო სამზარეულოდან ადევნებდა თვალ-ყურს პატარებს, ხვდებოდა, რაღაცას ოინბაზობდა ჭინკორიკო.
- აბა, ბავშვებო, პასკები უნდა დაგირიგოთ, ოღონდ მხოლოდ იმათ, ვისაც კვერცხები დაგემტვრათ - დიდედა კატომ ეზოში საგანგებოდ პატარებისათვის გაშლილ მაგიდაზე პასკები დააწყო. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჭინკორიკო რჩებოდა უპასკოდ, რადგან მხოლოდ მას არ დამტვრევია კვერცხი.
წათეს შეებრალა ჭინკორიკო, თუმცა იცოდა, მერე მასაც მისცემდა დიდედა პასკას, მანამდე კი თავისი დაუთმო.
- წათე, გინდა ჩემთან წავიდეთ, მე კიდევ მაქვს ერთი ასეთი მაგარი კვერცხი და მარტო შენ გაჩუქებ! - უთხრა მადლიერმა ჭინკარიკომ წათეს. წათე დათანხმდა.
- ეს ხომ ხის კვერცხია და არა ციცარის! - წამოიძახა წათემ, როცა მას ჭინკორიკომ კვერცხი გაუწოდა.
- მერე რა?! - იხტიბარი არ გაიტეხა სოფლის ბიჭმა.
წათე გაბრაზდა, რომ გააცურეს. კიდევ უფრო გაბრაზდა პატარა ძმების გაწბილებული სახეები რომ მოაგონდა, დამტვრეული კვერცხები რომ ეჭირათ ხელში. მერე ისევ ჭინკორიკოს შეხედა გაბრაზებულმა, მაგრამ გადაწყვიტა ეპატიებინა, რადგან მოაგონდა რომ დღესასწაული იყო, თან გუშინდელი აღსარებაც არ დავიწყნია.
აღსარებისთვის წათე გულმოდგინედ მოემზადა. მერე კალამი და ფურცელი აიღო და რაღაც ჩამოწერა. ჩვენ არ ვიცით, რა ეწერა იმ ფურცელზე, რადგან ამის შესახებ არავის ეუბნებიან გარდა მოძღვრისა. მოძღვარი კი ყოველი ადამიანის აღსარებას საიდუმლოდ ინახავს.
წათე წირვაზე მოსახსენიებელსაც ხშირად ტოვებდა. გუშინაც ასე მოიქცა. მოსახსენიებელში ყველაზე ლამაზად მას თავისი დებისა და ძმების სახელები ჩამოეწერა:
თამარი
ნინო
გიორგი
ანდრია
მარიამი
დახედა ამ სახელებს და მოაგონდა, დიდედა კატომ რომ უთხრა მეზობელ ქალს, ჩვენ კიდევ ველოდებით ბავშვსო...
- ნეტავ ,ვინ იქნება შემდეგი?! - გაიფიქრა წათემ.