THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ატირებული ირემი

დოდო ხიმშიაშვილი

ალიონზე ლეკვების წკავწკავი შემომესმა. პერანგისამარა შევვარდი ხულაში და თივაში ჩაწოლილ ნაიდას წავადექი თავზე. მივუახლოვდი თუ არა, შემომიღრინა და ლეკვებს დაუტრიალდა. ბრმა, უმწეო, ვარდისფერცხვირიანმა ლეკვებმა ერთი ამბავი ატეხეს. მაშინვე გავეცალე და ბიძიას დავუწყე ძებნა. ბიძია სანადიროდ წასულიყო ჭალაში და ფესანგი ლეკვების გაჩენა ვეღარავის ვამცნე.
მზე რომ შემაღლდა, გვარიანად ჩამოცხა. ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს. მარტო ჭრიჭინობელას კრუალიღა ისმოდა. თხებს ჯიქნები დაეტიკნათ და ადრე ჩამოვრეკეთ.
ჩვენი ჭიშკრის წინ მოვიყარეთ თავი. საბანაოდ გაპარვას ვაპირებდით. მეტია ხტოდა, შიშველ ფეხისგულებზე ხელებს იტყაპუნებდა და ოინბაზობდა.
- ბურთი წამოიღე, - მითხრეს გოგოებმა.
- ჯანიკო! - დამიძახა ამ დროს ბუციამ.
- ბატონო! - ვუპასუხე.
გოგონებს გუნება გაუფუჭდათ.
- მოდი აქ, - თქვა და თვითონვე გამოვიდა ჭიშკარში, ხელში რაღაცა პარკი ეჭირა, - იცი ეს რა არის?
პარკს მივწვდი, მაგრამ მაშინვე გავუშვი ხელი... პარკში რაღაცა ცოცხალი ფრთხიალებდა.
- ლეკვებია, წაიღე და წყალში გადაყარე, თორემ სადაცაა ბიძაშენი მოვა და ამ ექვსი ლეკვის გაზრდასაც მოინდომებს, -ცხარობდა ბიცოლა.
- გადავყარო? წყალში? - არ ვიცი, რატომ გამიხარდა. პარკს ხელი წავავლე და ყველანი თავდაღმართზე დავეშვით....
- ფრთხილად, ღრმა წყალში არ შეხვიდე!... - დაგვადევნა სიტყვა ბუციამ.
ერთი ყიჟინითა და წიოკობით შევცვივდით ხიდქვეშ. შუა მდინარემდე სულ სირბილით მივედით, მდინარის Lლივლივა წყალი სასაიამოვნოდ ელამუნებოდა მზით გარუჯულ წვივებს.
მეტია წელამდე ჩამდგარიყო წყალში. მისი გაცრეცილი კაბა მდინარეს აეტივტივებინდა და მედუზას დამსგავსებოდა. გადაპრსულ თავზე პეშვით წყალს ისხამდა და გაიძახოდა:
- უჰ, რა კარგია! უჰ, რა კარგია!.
უცებ ჩემკენ შემოტრიალდა, წყლის შემოსხმა დამიპირა, მაგრამ მე ავიცდინე და რაღაცის სათქმელად პირდაღებულ ჭაპულოს პირდაპირ ხახაში შეასხა წყალი. წაპულოს კინაღამ სული შეუგუბდა და მეტიას გამოუდგა. ჩვენს სიცილ-ხარხარზე ხიდზე მიმავალი სოფლელები ჩერდებოდნენ. ზოგი სერიოზულად გადმოგვყურებდა, ალბათ, გულში გვტუქსავდა, ზოგი იცინოდა, - ბაღნებო, ბაღნებო! - გვეძახდა, ალბათ, რამის თქმა თუ უნდოდა, მაგრამ ვის ეცალა მათი ყურის დასაგდებად.
მე ახლა გამახსენდა ჩემი `ცოცხალი პარკი”. თასმა შევიხსენი და ლეკვები წყალში ტყაპატყუპით გადავყარე.
საცოდავები! ... ქვებივით ჩაცვივდნენ, მაგრამ მალე ისევ ამოტივტივდნენ და საზარელი წკავწკავი ატეხეს.
თვალთ დამიბნელდა, წავბარბაცდი, ხელები თავში ვიტაცე. ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, გოგოებს შეეშინდათ და შემომეხვივნენ.
- დაიჭირეთი, ამოვიყვანოთ... მიშველეთ! - ვიყვირე და ლეკვებს დავედევნეთ.
ყველანი გადავარჩინეთ. საცოდავად ცახცახებდნენ. მზეზე გავიყვანეთ, გახურებულ სილაზე დავსხით, მაგრამ საქმე მაინც ცუდად იყო.
- ნუ გეშინია, არ დაიხოცებიან , - მამშვიდებდნენ გოგოები.
- მოდი, წისქვილში წავიყვანოთ, - ვთქვი მე.
სველი ლეკვები გულზე მივიხუტეთ და ივანიკა ბიძიას მივადექით წისქვილში.
- ეს რა გიქნიათ, თქვე შეჩვენებულებო, ეს რა გიქნიათ! - გაგვიჯავრდა ივანიკა ბიძია, მაგრამ წისქვილში მაინც შეგვიძღვა და ხელად ააგიზგიზა ცეცხლი. კერიასთან თივა დააგო, ლეკვები ცეცხლს მიუფიცხა, მერე სკამ-ლოგინიდან ქეჩა გადმოათრია და ზედ წაახურა. ლეკვების ისევ წკავწკავებდნენ. - ამ ჯიშიანი ლეკვების წახდენა შეიძლება?! - ვიშვიშებდა ივანიკა ბიძია.
- შიათ უბედურებს, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ ივანიკამ.
- შიათ? - ვთქვი და მაშინვე გავიქეცი.
ეზოში ძუძუებდასიებული ნაიდა გამწარებული დაძუნძულებდა, ლეკვებს ეძებდა.
- ნაიდა! - ჩუმად დავუძახე.
დავუძახე თუ არა, ჩემსკენ გამოქანდა და ამეკრა.
საყელოში ჩავავლე ხელი, ჭიშკარში გავედი და გავიქეცით. წისქვილს რომ მიუახლოვდით, გამექცა და პირდაპირ შეიჭრა შიგ.
- რაა, ეს გოგო, რას არ მოიფიქრებ! - გაიცინა ივანიკა ბიძიამ.
ლეკვები მაშინვე ძუძუს დაეწაფნენ. ნაიდამ ისეთ თვალებით ამომხედა, ნამდვილად მადლობა მითხრა. მე კი, რა მადლობის ღირსი ვიყავი. უხერხულობისაგან სარეკელას დავაშტერდი....
ხელად დაებერათ მუცლები ლეკვებს, დედის სითბო ეამათ და ჩაეძინათ. ჩვენ შეგვაშრა სველი კაბები და თმები. ისე ამოვიარეთ აღმართი, ერთმანეთისათვის ხმა არ გაგვიცია.
- მკვდრები დაიბადნენ და გადავყარეთ, - მომესმა ბუციას ხმა, ეზოში რომ შევედი.
აივანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. შევდექი და გაოცებისაგან ხმა ვერ ამოვიღე.
- მოდი, რა გიჩვენო! - დამიძახა ბიძიამ, რომელსაც სანადირო ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ გამოეცვალა.
აივანზე უზარმაზარი ირემი ეგდო.
- ვაიმე! - ვთქვი და ირმის წინ წავიჩოქე. - ცოცხალია? სად დაიჭირე? რატომ ესროლე?... რა ლამაზია!
- არა, ბიძია, არ მისვრია, თვითონ მოიტეხა ფეხი.
ირემს ძალიან ლამაზი, დიდრონი წყლიანი თვალები ჰქონდა. თითქოს სადღაც მენახა ასეთი თვალები, თითქოს ვიღაც ჩემი ახლობლის თვალებს მიაგავდნენ.
- მე მიყურებს? - ვკითხე კოტეს.
- გეჩვენება... კარგი, გამოდი, ნუღარ უყურებ, - დამიყავა ძმამ და ფეხზე წამომაყენა.
აფთიაქში შევარდი და სახვევები გამოვიტანე. ბიძიამ გაიღიმა და გამომართვა, მერე ანდროს, ვარდენს და კოტეს დაუძახა, მომეხმარეთო. თვითონ ირემთან ჩაიჩოქა და მოტეხილი ფეხი გაუსწორა, ირემმა თავი გაიქნია, შეზმუვლა, თვალები გადაატრიალა და დახუჭა. მე მუხლებზე დავდექი და ირემს ყელზე მოვეხვიე. ყვრიმალებზე რაღაც სისველე ვიგრძენი.
- ეს რა არის? - სახტად დავრჩი. მაგრამ მაშინვე მივხვდი, ირემი ტიროდა!
ფეხზე წამოვიჭერი, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ალბათ, ცუდი ფერი მედო. ტირილს ძლივს ვიკავებდი. სწორედ ამ დროს ლუკა ბაბუამ ქარვის კრიალოსნით ცხვირზე მომიღუტუნა და მეც ძალად გავიღიმე.
- გამოდი, ბაბუა, აქეთ, რა მოგივიდა... - თვითონაც გატეხილი ხმით მითხრა ბაბუამ.
ამ დროს ჭიშკარი წყნარად გაიღო - ნაიდა შემოძვრა. პირში ჭრელი ლეკვი ეჭირა.
სიხარულისაგან კინაღამ ვიყვირე.
ის იყო ბუციამ სადილად დაგვიძახა, რომ ნაიდამ ბოლო ლეკვიც შემოარბენინა ეზოში. მალე ისევ გაისმა მოშიებული ლკვების წკავწკავი. ბუცია შეშფოთდა, ეტყობოდა, მიხვდა ჩემს ახალ ოინს. კოტემ თვალი ჩამიკრა. გამიღიმა, მაგრამ ბუციამ გადმომხედა. სიცილის მადა დამეკარგა. ბიძიამ ჭამას თავი დაანება და გაოცებით დაგვიწყო ცქერა, ახლა კი შეუძლებელიიყო სიცილის შეკავება და ცოტა დამაკლდა, კინაღამ გადავიხარხარე....
აივანზე საშინელი ბრახაბრუხი გაისმა. გავარდი და რას ვხედავ! - ირემი წამომდგარა და აქეთ-იქით აცეცებს დამფრთხალ ლამაზ თვალებს.
- კოტე! გრიგოლ ბიძია! - ავყვირდი, მაგრამ უკვე გვიან იყო.
ირემს თვალებში რაღაც სხივმა გაუელვა და ელვის სისწრაფით გადაევლო აივანს....
გადაევლო ღობეს....
ვიდექით სამივენი და გავცქეროდით გალაღებულ ირემს....
მალე თვალს მიეფარა და ბიძიამ ისღა მოასწრო, ძაღლებს უბრძანა შეჩერდითო...
წავიდა ჩვენი ირემი.
- გზა მშვიდობისა! - მიაძახა კოტემ, ხელი გადამხვია და ოთახში შემიყვანა.