THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შუშანა მგელაძე

ლექსები

ყველა კარგი ბავშვი


ქუჩაში და სახლში,
სკოლაში და ბაღში,
აი, როგორ ფიქრობს
ყველა კარგი ბავშვი:


- ახლა ჩვენს ქალაქში
ბევრი საქმე არის,
ბაღნარად რომ იქცეს
მისი მთა და ბარი,


უნდა მოვიმარჯვოთ
წერაქვი და ბარი.


ააყვავე ეზო,
გაახარე ვაშლი, -
მუდამ ასე ფიქრობს
ყველა კარგი ბავშვი.


გაკვეთილებს სწავლობს,
დედას უდგას მხარში,
სისუფთავეს იცავს
ყველა კარგი ბავშვი.



უსაქმურის ქცევა
ჰგავს ჭრიჭინას ჭრიჭინს,
უნდა გვასახელო,
გოგო ხარ თუ ბიჭი.


ქუჩაში და სახლში,
სკოლაში და ბაღში,
შრომობს, შრომობს, შრომობს
ყველა კარგი ბავშვი.




ქართული ზღაპარი


თეთრი შუბი, თეთრი რაში,
ჩანჩქერივით ფაფარი,
მზეჭაბუკმა დალეწა
დევის თავშესაფარი.
დღეს მე თვითონ წავიკითხე
ეს ქართული ზღაპარი.




ნატვრა


- ორიანი რომ მივიღე,
როგორ მიხვდი, დედა?
- ჩიტმა მითხრა, ჩიტმა მითხრა,
ის ყველაფერს ხედავს!



თეთრი ქარავანი


შეხე, ცხვარი ჩამორეკეს,
წინ მოუძღვის მწყემსი თომა,
ბარში ისევ ზაფხულია,
მთებში უკვე ჩამოთოვა.


ბერი პაპაც მოაბიჯებს
კომბლითა და ხელში სტვირით,
ბიჭოს, ბიჭოს, დამიხედეთ,
მურაც მოსდევს, როგორც გმირი.


მოდის თეთრი ქარავანი,
მთიდან ბარად მოდის ფარა.
რა ბატკნები დაუზრდიათ
კაცის გულის გასახარად.


ბაკი-ბუკი, ბაკი-ბუკი,
მოდის ვაცი, როგორც კაცი;
რქებნამგალა, წვერფაფუკი,
თეთრი, როგორც სკოლის ცარცი.


როცა სწავლას დავამთავრებ,
მინდა მთებში გავყვე გოლას,
ძია გიგო სარქალია,
ის მასწავლის ცხვრების მოვლას.




პირველკლასელი ნიკალა


ბოჩოლას მოუმარაგა
ნამჯა და სარეველები,
ჩაის კრეფითაც გაწაფა
თავის პატარა ხელები.


მთელი ზაფხული გავიდა
ყანის და ბოსტნის მოვლაში,
დღეს მეგობრები მოსულან,
ერთად მიდიან სკოლაში.


წამოიშალნენ ჩიტებიც,
სერს გაღმა ყივის მამალი,
სოფელს ღიმილით დასცქერის
მზე, მთიდან ამომავალი.


სწავლის დაწყებას ულოცავს,
მასწავლებელი - ენამზე,
ხასხასა ია ციმციმებს
გადაშლილ "დედაენაზე"




გაზაფხული


მთიდან მორბის მდინარე,
მოაგორებს ქვებს,
გაზაფხული მოდისო -
ყვავილებმა თქვეს.




მარტი წავიდა


მარტი წავიდა, გაგვშორდა,
მზემ სძლია, ვეღარ იავა,
პეპელას ფრთები შეგვახო,
ამ თმაქოჩორა ნიავმა.


მთიდან დაეშვა ჩანჩქერი,
სიპ კლდეს ტალღები ახალა,
ხის ტოტზე ციყვი ფუსფუსებს,
მზეზე კაკლები დახალა.


აპრილის წვიმა მოვიდა,
რა საამური ხმებია,
აყვავებული ასკილი
ვარდის ბუჩქს გადახვევია.


ფუტკარმა გაიზუზუნა,
შემოიფრინა ველები,
ტვირთაკიდულნი დადიან
მშრომელი ჭიანჭველები.


მიწაში თესლი გაღვივდა,
მზის შუქი მასაც ეამა,
კლდეზე გადმოდგა ყაყაჩო
და გაიღვიძა იამა.


გაზაფხულის სიმფონია


სიმფონია, სიმფონია,
ჭრიჭინებს ქნარი.
გაზაფხული მოიმღერის,
ჩურჩულებდა ქარი.


პეპელამაც ჩაიქროლა,
თეთრი კაბა ეცვა.
და ჩანჩქერი ყვავილებში
ჩაწვა, ჩაიკეცა.


ბუდე მთელი დახვედრია,
გაეხარდა მერცხალს,
ცისარტყელამ დაამშვენა
ნაწვიმარი ზეცა.


ტყეში ნუკრი დაიბადა,
ახელს ლამაზ თვალებს,
ნაძვის რტოზე ჩამომჯდარა
გოლიათი მთვარე.


იღიმება ია-ია
ახმაურდა ჩანჩქერები,
ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული,
ყვავილების ჯადოქარი -
კარს მოგვადგა გაზაფხული.


აშრიალდა ბაღში ნუში,
აყვავილდა ტყეში პანტა,
არაკრაკდა სალამური,
ცხვარი მთაზე გაიფანტა.


იღიმება ია-ია,
ტყემლებს ჰხურავთ თეთრი ფატა,
მოფრენილან ჩიტუნები
და პეპლები ფრთაფარფატა.


ახმაურდა ჩანჩქერები,
ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული,
ჩვენს საყვარელ სამშობლოში
მოაბიჯებს გაზაფხული.



შემოდგომის სურათი


წვიმა მღერის, წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,
შველი ტყისკენ გარბის,
ქამა სოკო ქოლგასა ჰგავს,
თავს აფარებს ზღარბი.


ქარი უკრავს ვიოლინოს,
წერო თევზებს იჭერს,
დათუნია ეზიდება
თაფლით სავსე ფიჭებს.


ციყვი ზის და საჩურჩხელე
კაკალს ძაფზე აგებს,
მადლიანი შემოდგომა
ყველას ამარაგებს.



ნიკოს კნუტი


დაიკარგა ნიკოს კნუტი,
აპრეხილი ჰქონდა კუდი,
ოქროსფერი ჯუბა ეცვა,
თავს ეხურა თეთრი ქუდი.


იქნებ ვინმემ ნახეთ სადმე,
მოიყვანეთ, თუ გწამთ ღმერთი,
თორემ ნიკოს მეგობარი
არ ჰყოლია კნუტის მეტი.


ტირის, ტირის, სცვივა ცრემლი,
ვერ აწყნარებს ბებო, დედა,
კნუტი ყვირის - მომეშველეთ,
კუდი ღობეს გამოება.


და გამოხსნა ნიკომ კუდი,
ჩაიხუტა გულში კნუტი,
ოდელია, დელა, დელა,
ბედნიერი არის ყველა.






ზაზას ფისო

ფისო, შენ გეკითხები,
რად გამრავლდა ვირთხები?


- ეს სულ ზაზას ბრალია,
მანებივრებს ძალიან
შემაჭამა ძალათა
ხორციანი სალათა.


თბილად, რბილად კრუტუნებს,
უფენია საგები,
ზაზას განებივრებულს
აღარ მოსწონს თაგვები.



თაკოს კაბა


შეუკერეს თაკოს კაბა ჩითის,
ზედ ეხატა უთვალავი ჩიტი.
ფისუნია სიხარულს ვერ იტევს,
უდარაჯებს თაკოს კაბის ჩიტებს.



ღაბუა და ბაბუა


ნაცრისფერი ღაბუა
ქათამი ჰყავს ბაბუას.
ზაფხულია თაკარა,
თუ ჭაღარა ზამთარი,


ყოველ დილით საუზმედ
თითო კვერცხი მზად არის,
მოაგროვა ღაბუამ,
შეუჭამა ბაბუამ.

ეშმაკია ქათამი,
ქოჩორა და თამამი,
ბეღლის სხვენზე ავიდა,
კვერცხს აგროვებს თავიდან.

ეძებს, ეძებს ბაბუა,
ხმას არ იღებს ღაბუა.
არც ნაკლები, არც მეტი,
მოაგროვა ცამეტი.

და აი, ერთ დილასაც
თავმომწონე ღაბუამ
ცამეტივე წიწილი მიუყვანა ბაბუას
- ჩემო დაკარგულებო,

ბამბის თეთრო ქულებო,
თქვენთვისა მაქვს კალათი,
შიგ ჩაგიგეთ ხალათი,
ჩემი გამონაცვალი.

ჰა, მიირთვით მარცვალი! -
ეუბნება ბაბუა
სახლში მისულ ღაბუას.
უხარიათ წიწილებს,
ყველა ერთად იძინებს.






ლელა


ლელამ ბაფთით შეიკრა
ქერა თმები, ხვეული,
მდინარეში ბანაობს,
გაიკაჟა სხეული.


იბანავა მურიამ,
იბანავა ბოჩოლამ,
წყალში შესვლას ვერ ბედავს
მამალი და ქოჩორა.


ახლა სადილს ამზადებს
ქალი, საქმით ნაქები,
მიუტანა ცალ-ცალკე
ყველას თავის საკვები.


მამალსა და ქოჩორას
დაუყარა საკენკი,
ჩაცუცქული მურიკა
ხორცს მიირთმევს დაკეპილს.


მწვანე ბალახს ბოჩოლა
ახრამუნებს ნელა,
ახლა დროა მიხედოს
გაკვეთილებს ლელამ.