THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ცასწავალა

გოდერძი ჩოხელი


ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას


მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას, ყველასა აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.
ცასწავალა ღობემძვრალზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.
ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.
ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ბალახებიდან, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
სიჩუმეში ისე დაირხა ხმა, ყველა მას შეაცქერდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.
ცასწავალამ ერთ ხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახლა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი, ვტყუი!
ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.
ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი, მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთიმეორეს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა არ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.
ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი, ვტყუი, ვტყუი! - ის-ის იყო ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალასა და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.
მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.
მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:
- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?
- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.
- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?
- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.
- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?
- არა, არავის დავუპატიჟივარ, მაგრამ...
- “მაგრამ” აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება, ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალო! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუიო! - ვინ არის შენი მოსატყუებელი? უფროსებისა მაინც აღარა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?
- არავინ.
- ობოლი ხარ?
- დიახ... - თქვა საწყალმა ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.
- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღეღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ დაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კანკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღური შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგა ხანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.
- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.
ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფადD მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.
დილით ადრე გავირეკე მთისკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა მოლაღურმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღური და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.
შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.
ცაზე მსუბუქად მიცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.
ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:
- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე, უკანასკნელ ძალღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
ყველანი მას შეჰყურებდნენ.
ის წერტილივით ჩანდა.
უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.
უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.
საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღურმა ბევრი იტირა. სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით იქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტნაკლებად ყველასა გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.