THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სინანულის ცრემლი

მადონა ნატრიაშვილი

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ღარიბი ქვრივი ცხოვრობდა. მას ერთადერთი შვილი ჰყავდა. მათი პატარა სახლი ტყის პირას იდგა. ბიჭი მამას ბავშვობიდან სანადიროდ დაჰყავდა. ამიტომ მისი ბადალი მონადირე იმ არემარეში არ მოიძებნებოდა. დედა-შვილი უყვარდა სოფელს და პატივს სცემდნენ მათ.
ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ბიჭმა დაიგვიანა. შეშფოთდა დედა და დასახმარებლად მეზობლებს მიმართა. საძებნელად გაემართნენ და იქვე, სახლთან ახლოს, ნადირისაგან დაჭრილი, გონწასული იპოვეს. სხეული ღრმა ჭრილობებით ჰქონდა დაფარული. შეწუხდნენ ახლობლები. დედა შვილის სასთუმალს არ სცილდებოდა. ვის არ მოჰქონდა წამალი, მაგრამ ჭრილობები არ ხორცდებოდა.
ერთ ღამეს უძილობით დაქანცულ ქალს ჩათვლიმა. სიზმარში ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
- მეფის სასახლის ბაღში ლურჯი ვარდი ხარობს. შენს შვილს იმ ვარდის ფოთლებისაგან დამზადებული მალამო მოარჩენსო.
და გაუდგა დედა გზას.
იმ ქვეყნის მეფე ორი წლის წინ ომში დაღუპულიყო. ქვეყანას კი ურწმუნო, უგულო, კაცთმოძულე დედოფალი მართავდა. მასაც ერთი შვილი ჰყავდა. უფლისწული კი, დედისგან განსხვავებით, ხალხს უყვარდა.
მთელი დღე იარა დედამ. დაღამდა და სასახლის კარებსაც მიადგა. მცველებმა კარი არ გაუღეს. ქალი ტიროდა, ეხვეწებოდა, ევედრებოდა, დედოფალთან წარედგინათ. ხმაურზე დედოფალი გამობრძანდა.
ქალი შეაკრთო მისმა ლამაზმა, ყინულივით ცივმა, ამაყმა სახემ. დედამ მოუყვა თავისი გასაჭირი. დედოფალმა გულგრილად მოუსმინა თვალცრემლიან ქალს, რადგან მისთვის ცრემლი უცხო იყო. მას ხომ ცხოვრებაში არ უტირია და აუღელვებლად უთხრა:
- შენი სულელური სიზმრისა მე არ მჯერა. ანგელოზები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ. აქ უაზროდ ხეტიალს გერჩივნა შვილისთვის მიგეხედა. ლურჯი ვარდი კი სასახლის სიამაყეა. ის არავის დაურგავს, თვითონ ამოვიდა და ასე ჰყვავის ზამთარ-ზაფხულ. ერთი ფოთოლიც რომ ჩამოვარდეს, მოკვდება.
- მაგრამ მე ხომ შვილი... - არც კი დაამთავრებინა ქალს სიტყვა დედოფალმა, ზურგი აქცია და მცველს უბრძანა, გაათრიეთო.
გარეთ ციოდა. სულ მთლად გაყინული, ქანცგამოცლილი ქალი მიწაზე ეგდო. მერე ძალა მოიკრიბა, წამოდგა და სასახლის ბაღისკენ გაემართა. სიბნელეში ძლივს იკვლევდა გზას. გარს ტყის მხარეს ეკალ-ბარდებით დაცული ღობე ეკრა. დედა ისე აცოცდა ამ ეკალ-ბარდებზე, თითქოს ია-ვარდებით მოფენილ ხალიჩაზე ადგამდა ფეხებს.
მთვარის შუქზე ტალღებივით ლურჯად ლივლივებდა ვარდის ფურცლები და ირგვლივ არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევდა. ქალი დასწვდა ვარდს, ორი ფოთოლი მოსწყვიტა, გულში ჩაიკრა და გზას გაუდგა. მთელი ღამე შეუსვენებლად იარა. გამთენიისას სოფელს მიადგა.
შვილს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო.
ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ქვეყანას მტერი შემოესია. დიდი და პატარა ომში წავიდა. მტერი დამარცხდა, მაგრამ ბრძოლის ველზე უფლისწული სასიკვდილოდ დაიჭრა. დიდხანს ებრძოდა სიკვდილს, ჭრილობები არ უხორცდებოდა. გლოვობდა ქვეყანა.
ერთ დღეს სასახლის კარებს შავებში ჩაცმული ქალი მიადგა. დედოფალთან შეხვედრა ითხოვა. ისიც გამობრძანდა.
ქალის წინ თმაგათეთრებული, მხრებში მოხრილი, თვალებში სიცოცხლეჩამქრალი დედოფალი იდგა. სადღა იყო ქედმაღლობა, სიამაყე. ქალმა ბოხჩა გაუწოდა მას და უთხრა:
- აქ მალამოა. რწმენით აცხეთ ჭრილობებზე უფლისწულს. ილოცეთ და ღმერთი შეგეწევათო.
მეორე დღეს მზის პირველმა სხივმა გაანათა უფლისწულის ოთახი. უფლისწულმა თვალები გაახილა. ფეხზე წამოდგა, დედას მოეხვია და ფანჯარასთან მიიყვანა.
- დედა, გახსოვს, ჩვენს ეზოში ლურჯი ვარდი რომ ხარობდა? თითქოს იმის საამო სურნელი დგას ოთახში.
ბაღის გადაღმა შავებში ჩაცმული ქალი იდგა. დედოფალი დააცქერდა ქალს.
- ჰო, შვილო, იმ ვარდის ფოთლებისგან დამზადებულმა მალამომ გიხსნა სიკვდილისაგან.
- მერედა, ვინ მოიტანა?
- ანგელოზმა, შვილო.
- ანგელოზი მოფრინდა? აკი ამბობდი, ანგელოზები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენო?
ანგელოზები მიწაზეც არსებობენ. ისინი არ დაფრინავენ. მიწიერ ანგელოზებს ფრთების ნაცვლად სითბოთი, სიკეთით სავსე თვალები და მოყვასის სიყვარულით სავსე გული აქვთ.
შაოსანი გზას გაუდგა. დედოფალს ცხოვრებაში პირველად ჩამოუგორდა ღაწვებზე ცრემლი.
ეს სინანულის ცრემლი იყო.