THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გულით სატარებელი საჩუქარი

მანანა ხომერიკი

იქ, სადაც მაღალი, თოვლიანი მთებია, მიუვალ კლდეთა შორის დგას ბროლივით გამჭვირვალე ყინულის სახლი, რომლის პოვნა ყველაზე ყოჩაღ და გამოცდილ მთასვლელსაც არ შეუძლია.
ამ სახლში უხსოვარი დროიდან ცხოვრობს ორი მოხუცი: თოვლის პაპა და თოვლის ბებია. ისე არიან მიჩვეული სიცივეს, სითბო რა სახსენებელია, მზემ ერთი წუთითაც რომ შემოუჭვრიტინოთ, ცემინება და ხველა აუტყდებათ. ამიტომ ყინულის სახლთან მუდამ ნისლია დადარაჯებული და მზის სხივებს ახლოს არ აკარებს იქაურობას.
ერთხელ, როცა მოხუცები ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ, მზის ცელქი სხივები როგორღაც დაუსხლტნენ ნისლს და ყინულის სახლში შეიპარნენ. ყინულის ტახტზე თოვლის პაპა იჯდა, ხელში ჩონგური ეჭირა და ზედ დასძახოდა:
აბა, დელი დელია, ხვალ ახალი წელია.
ნაძვის ხესთან ყმაწვილებს ყელი მოუღერიათ.
ავიკიდებ ჭრელ ხურჯინს, აღმა დაღმა ვატარებ,
საახალწლო საჩუქრებს დავურიგებ პატარებს~.
მზის სხივებს პაპას სიმღერა მოეწონათ და აჰყვნენ, აცეკვდნენ. ყინულის სახლის ჭერი და კედლები ცისარტყელას ფერებით მოიხატა. მერე თქვეს, მოდით, თოვლის პაპა გავათბოთო და მოხუცს ჯერ ხელები გაუთბეს და მერე გაყინულ ცხვირზეც მიეფერნენ. უცებ თოვლის პაპამ ისე ხმამაღლა დააცემინა, გეგონებოდათ, მეხი გავარდაო. ხველაც აუტყდა. თითქოს მიწა იძრაო, ყინულის სახლი აზანზარდა, სახურავიდან ყინულის ჩურჩხელებიც ჩამოცვივდა, მთებს თოვლის ზვავები მოსწყდა და უფსკრულებში გრიალით ჩაეშვა.
შეშინდნენ ცელქი მზის სხივები, ეს რა ბრაზიანი თოვლის პაპა ყოფილაო და ცხრა მთის იქით გადაიკარგნენ.
რაღა ემღერებოდა თოვლის პაპას?! მზის სხივების სითბომ ცუდად გახადა! ყინულის ტახტზე წამოწვა, თოვლის ფუმფულა საბანი დაიხურა და თოვლის ბებოს გასძახა, იქნებ, მომხედოო!
ყინულის ტახტთან თოვლის ბებოც მისუხსუხდა:
- ადამიანო, რა ხველა აგიტყდა, დაინგრა ქვეყანა, ზვავებმა ამოავსო გზები, ლამის სახლიც თავზე დაგვენგრეს!
- საიდანღაც მზის სხივები შემოიპარნენ, გამათბეს და ცუდად გავხდი.
თოვლის ბებიამ თოვლის პაპას კიდევ ერთი თოვლის საბანი დაახურა.
- ცივ ჩაის დაგალევინებ, სითბოს გამოიტანს სხეულიდან და გამოკეთდებიო.
- ცივ ჩაის შოკოლადის ნაყენი მირჩევნია და არც შაქარლამაზე ვიტყოდი უარს, ძალიან მშველის! _ უპასუხა თოვლის პაპამ.
ბებიამ ყინულის ვეებერთელა ტოლჩაში სამკურნალო ბალახები ჩაყარა, წყაროს ცივ-ცივი წყალი დაასხა, შიგ ერთი კვნიტი შაქარყინული ჩააგდო და პაპას მიართვა. თოვლის პაპამ სულმოუთქმელად დაცალა ტოლჩა და ბებიას უთხრა
- სასწრაფოდ უნდა მოვრჩე, ხვალ ახალი წელია და ბავშვებთან დაგვიანება არ შეიძლებაო!
მართლაც, სულ მალე თოვლის პაპამ თოვლის საბნები გადაიხადა და ტახტზე ყოჩაღად წამოჯდა.
- ვატყობ წამალმა მიშველა, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ეს მითხარი, რას მატან ბავშვებთან საჩუქრად?
- თოვლის ბებიაც ყინულის ტახტზე წამოსკუპდა, მეუღლის გვერდით და დაიწყო:
- შოკოლადისა და ნაღების ნაყენი ხომ ვთქვი? შაქარყინულიც, გოზინაყიც, კიდევ ბევრი შოკოლადის გუნდა მოვამზადე.
_ თოვლის გუნდები გამიგია, შოკოლადისა კი არა! _ გაოცდა პაპა.
_ შოკოლადის გუნდა ჩემი ნახელავია! ნიგვზის, თხილისა და ნუშის გულია გადაზელილი შოკოლადში, უგემრიელესია!
_ მოიტა, ცოტას მეც გავსინჯავ, მომიხდება ნაავადმყოფარზე! - ნერწყვი გადაყლაპა თოვლის პაპამ. ბებიამ უარის ნიშნად თავი გააქნია:
_ მე ხომ გითხარი, ბავშვების საჩუქარს ერთი თხილიც არ მოაკლდება-მეთქი!
_ ჰო, კარგი, კარგი! _ დაყაბულდა პაპაც _ კიდევ რა მიმაქვს?
თოვლის ბებიამაც ჩამოთვალა: ხრამუნა, ნაირ-ნაირი ნამცხვრები, კნატუნა კანფეტები, შოკოლადები, ჩურჩხელები...
კმაყოფილი თოვლის პაპა იღიმებოდა. მერე ფანჯარაში გაიხედა. მთის მწვერვალები ნამგალა მთვარეს მოევარაყებინა.
_ აი, ჩემი გამგზავრების დროც დადგა! _ თქვა პაპამ, სავსე ხურჯინი მხარზე გადაიკიდა, ხელში ჩონგური დაიჭირა და იკითხა, ხომ არაფერი დამრჩა ხურჯინში ჩასადებიო?
ბებიამ ეშმაკურად ჩაიცინა:
_ დარჩა, როგორ არ დარჩა!
_ აბა, ჩქარა მოიტა, ჩავდოთ ხურჯინში!
_ არა, იმისთანა საჩუქარია, არც ხურჯინში ჩაიდება და არც ჯიბეში,- უპასუხა ბებიამ
_ რაა ეგეთი? _ ჩაფიქრდა თოვლის პაპა.
_ სიყვარული! სიყვარული! გულის გარდა არსად ინახება. გულით უნდა ატარო და გულითვე გაუნაწილო ბავშვებს.
_ ეგ ხომ მეც კარგად ვიცი, _ გაიღიმა პაპამ კეთილად. მერე ყინულის სახლის კარი გააღებინა ბებიას და მთვარის შუქით განათებულ თოვლიან ბილიკებს ყოჩაღად გაუყვა. ნიავს შორს მიჰქონდა თოვლის პაპას ჩონგურზე ნამღერი ლექსიც: აბა, დელი, დელია, ხვალ ახალი წელია...