THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ცეროდენას ქორწილი

ლელა მეტრეველი

ეკატოს ერთ-ერთ წიგნში წითელჩოხიანი ცეროდენა ცხოვრობდა. ცეროდენა კი, ცხადია, იმიტომ ერქვა, რომ ერთი ციცქნა იყო. წიგნში პატარა მზე, მთვარე და ვარსკვლავებიც იყვნენ, ყაყაჩოებიც, გვირილებიც, პეპლებიც, ჩიტებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მგელიც.
ეკატომ იმდენი ფურცლა წიგნი, რომ ცეროდენას წითელი ჩოხა გაჭუჭყიანდა და განაცრისფრდა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები გაყავისფრდნენ, აღარც პეპლები და ყვავილები ხასხასებდნენ.
- მოდი, ყველას დავბან, - გადაწყვიტა ერთ დღეს ეკატომ, სააბაზანოდან სამონი და შამუნი* მოარბენინა, მერე შესაფერი ტაშტის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად იპოვა. ეკატოს შეეშინდა, ცეროდენა ნაბან წყალს არ გადაყოლოდა და, დიდი ფიქრის შემდეგ, პატარა სათამაშო ჯამი გაავსო წყლით.
- ჭუპა-ჭუპა გინდა? - ჰკითხა ეკატომ ცეროდენას და ხელი გაუწოდა. ცეროდენა წიგნიდან ამოვიდა და ეკატოს ხელისგულზე შეაცოცდა. მანაც ჩოხა გახადა, წყლიან ჭურჭელში ჩასვა და სამონით კარგად გასაპნა, თმები შამუნით დაბანა, წყალი გადაავლო, ამოიყვანა და ცხვირსახოცში გახვია, მერე კი ბალიშზე დააწვინა. ეკატომ მზე, მთვარე, ვარსკვლავები, პეპლები, ჩიტები, ყაყაჩოები და გვირილებიც დაბანა, მგელი კი წიგნში დატოვა: ბოროტი ხარ და მეტს არ იმსახურებო.
დაბანილი მთვარე და ვარსკვლავები ეკატომ ცეროდენას დაულაგა ბალიშზე, მზეც იქვე დააძინა და იქაურობა ყვავილებით მორთო. მერე ცეროდენას ჩოხა გარეცხა და გასაშრობად გაკიდა.
ცეროდენამ დილით რომ გამოიღვიძა, მთვარესა და ვარსკვლავებს უკვე ეძინათ, მზეს კი გაღვიძებოდა და სხივებს აფრქვევდა, ჩიტები მხიარულად ჭიჭიკებდნენ, ყვავილები გახარებულები ბრწყინავდნენ და ზედ პეპლები დაფრენდნენ.
ცეროდენამ გარეცხილი ჩოხა ჩაიცვა, პირი დაიბანა, ქოჩორი გადაივარცხნა და ეკატოს გამოეცხადა.
- დილა მშვიდობისა, ეკატო, რაღაც უნდა მოგიყვე, - თქვა მან, - სანამ წიგნში ვიყავი, სულ ვფხიზლობდი, წუხელ კი, ბალიშზე რომ დამაწვინე, დამეძინა. სიზმარში ჩემსავით ციცქნა გოგონა - ცეროდენუკა ვნახე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით კოშკში რომ ცხოვრობს. ისეთი ლამაზი და კეთილი იყო, ერთი დანახვით შემიყვარდა. წავალ, მოვძებნი და ცოლად მოვიყვან.
- ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით როგორ წახვალ? - გაოცდა ეკატო.
- ფეხითაც რომ გავუდგე გზას, ოდესმე მივაღწევ. - მტკიცედ განაცხადა ცეროდენამ.
ეკატოს შეყვარებული ცეროდენა შეეცოდა და ყველაზე სწრაფ ჩიტს სთხოვა, ზურგზე შეისვი და ცხრა მთას იქით გადააფრინეო. ჩიტს კეთილი საქმეების კეთება უყვარდა და უყოყმანოდ დათანხმდა.
ეკატომ ცეროდენას პირჯვარი გადაწერა და უთხრა:
- თუ გზაში გაგიჭირდეს, მთელი გულით ინატრე, რაც გჭირდება და ღმერთი აუცილებლად დაგეხმარებაო.
ცეროდენა ჩიტს ზურგზე შეასკუპდა. ჩიტი გაფრინდა. რვა მთა და რვა ზღვა დაუბრკოლებლად გადაიფრინეს, მეცხრე მთაზე კი ისეთი ჯანღი ჩამოწვა, ჩიტი გზას ვეღარ იკვლევდა.
- მზეო, მზეო, გამოჩნდი! - გულით ინატრა ცეროდენამ. მზემაც არ დააყოვნა და გამობრწინდა. ჩიტმა მთა გადაიფრინა, ზღვის სანაპირო შეამჩნია და იქ დაეშვა.
ცეროდენამ ირგვლივ მიმოიხედა და სიზმარში ნანახი გარემო ეცნო: მაღალი კლდის ძირში ბროლის კოშკი იდგა, კოშკის მეცხრე სართულის სარკმლიდან ცეროდენუკა იყურებოდა. ცეროდენას თვალი მოსჭრა მისმა სილამაზემ. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, თავზე გვირილების გვირგვინი ეკეთა, გრძელ შავ თმას ნიავი უფრიალებდა.
- აქა ვარ, ჩემო სიხარულო, მიყვარხარ და შენს წასაყვანად მოვედი! - შესძახა ცეროდენამ. ცეროდენუკამ გადმოხედა და მორცხვად გაუღიმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასაც მოეწონა ცეროდენა. ცეროდენამ კოშკში ასვლა მოინდომა, მაგრამ კოშკს კიბეები არა ჰქონდა, ჩიტსაც ფრთები დაეღალა და ისვენებდა. მეტი რა გზა იყო, ცეროდენუკამ ნაწნავი ჩამოუშვა და ყოჩაღი ცეროდენა მას აჰყვა, მაგრამ ჩამოსვლაც ხომ უნდოდათ. ჩიტი, ცხადია, ორივეს ვერ ასწევდა. თანაც, ცეროდენუკას დიდი მზითევი ჰქონდა.
- ჩემო მეგობარო პეპლებო, ახლავე აქ გაჩნდით! - ისევ მთელი გულით ინატრა ცეროდენამ. იმ წუთშივე იმდენი პეპელა მოფრინდა, კოშკის სარკმელი მთლიანად დაფარეს.
- როგორმე ეკატოსთან უნდა დავბრუნდეთ! - სთხოვა მათ ცეროდენამ. პეპლებმა ულამაზესი ხალიჩა შეკრეს და ცეროდენა თავის საცოლესთან ერთადD ზედ დასვეს.
დასვენებულმა ჩიტმა ცეროდენუკას მზითევი დაილაგა ზურგზე და ყველანი ერთად გაფრინდნენ.
იფრინეს, იფრინეს და ისევ ეკატოსთან ჩამოფრინდნენ. ეკატო და მისი სათამაშოები ნეფე-პატარძალს მოუთმენლად ელოდნენ, საქორწილო სუფრაც გაშლილი ჰქონდათ და ირგვლივ არავინ დარჩენოდათ დაუპატიჟებელი.
ცეროდენამ და ცეროდენუკამ ჯვარი დაიწერეს და მერე დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. ეკატოც ბედნიერად იზრდებოდა და ახალ წიგნებს ფურცლავდა.