THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ტარიელ ხავთასი

ფუტკარს
ჩემს ყვავილებზე იფრინე, -
არ გეუბნები უარს,
მაგრამ თუ სტუმრად მოხვედი,
რატომ არ გავხარ სტუმარს?!
ხელში ნესტარი ჩამასვი,
ცრემლი მადინე ცხარე;
თაფლი შაქარზე ტკბილი გაქვს,
კბენა რად იცი მწარე?


წერილი
- წერილს ვის სწერ დალი?
- ისევ ჩემს თავს, მზია.
- წამიკითხე აბა!
- ჯერ არ მიმიღია.


მერცხალი
ისევ ჩემთან მოფრინდი,
შენი ბუდე აქ არის.
მოდი, მითხარ თუ როგორ
გაატარე ზამთარი.
თათსაც ვერ დაგაკარებს
ვერც ფისო, ვერც ფინია,
ახლოს მოდი, ძვირფასო,
ჩემი ნუ გეშინია.
ოღონდ კუდმაკრატელავ,
გულნატკენს ნუ დამტოვებ:
დედოფალას ქუდს ვკერავ, -
მაკრატელი მათხოვე.


გაუმარჯოს საქართველოს
მივდივარ და მივიღმერი:
ოერია-რერასაო.
ვენაცვალე საქართველოს
ცხრათვალა მზის ცქერასაო,
მოტიკტიკე ბიჭუნიას,
გოგოს - ბროლისყელასაო,
გლეხი კაცის თოხს და ნამგალს,
მჭედელსა და მკერავსაო,
ჩემი ქვეყნის ტბას და ჩანჩქერს,
ვაკესა და მწვერვალსაო,
მგალობელს თუ მომღერალსა
მხატვარსა თუ მწერალსაო,
ქართველ კაცის ბაღს და ვენახს,
მის ჩაუქრობ კერასაო.
გაუმარჯოს საქართველოს, -
ჩემი გულის ძგერასაო.