THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წვიმის კაცუნები

გუგული ტოგონიძე

- წვიმავ, წვიმუკავ, ჩქარა, ჩქარა მოდი! - ნიავივით აჩურჩულდნენ გაზაფხულზე გაკვირტული ტოტები, მიწიდან ამოწვერილი ყლორტები: ბაღში, ვენახში, ბოსტანში, ბაღჩაში, ტყეში, მინდორში...
- ეჰეი, ჰეი... ი, წვიმის კაცუნებო, გესმის, რამდენგან მოგველიან?! - დაიქუხებდნენ ღრუბლები ისე, რომ ელვას დაანთებდნენ ცაზე.
ჭექა-ქუხილზე პაწაწა, ცისფერ, მწვანე, ვარდისფერ, ლალისფერ ნამცეცა კაცუნებს გაეღვიძებოდათ და კისრისტეხით გადმოეშვებოდნენ დაბლა.
- გაზაფხულის წვიმის კაცუნებო, სად, სად მიგეჩქარებათ? - თვალს გაახელდა ქარი.
- როგორ თუ სად? მიწა უნდა მოვრწყათ, პირი დავბანოთ ხეებს, ყვავილებს წყალი სწყურიათ...
წმინდა, გამჭვირვალე წვეთები ხტუნვა-ხტუნვით, სიმღერით ჩამორბოდნენ. მხიარული ცეროდენები ხან სახურავზე დაიწყებდნენ სირბილს, ასკინკილის თამაშს, გადაკორტიალდებოდნენ კიდეც და ტყაპატყუპით ძირს ხტებოდნენ. ხის სიფრიფანა ფოთლებზე დასკუპდებოდნენ, გაბანდნენ ხეებს, ყვავილებს, მერე ღეროებზე ჩამოკონწიალდენენ, წკაპა-წკუპით დაბლა ჩამოცვივდებოდნენ და სიცილ-კისკისით ბალახზე გასრიალდებოდნენ. დამდგარ წყალში აჭყუმპალავდებოდნენ, შიგ ჩაყვინთავდნენ.
წვიმის კაცუნები აფერდებდნენ ხის ფოთლებს. ვარდისფერები - ვარდისფერ ყვავილებს, ცისფერები - ცისფერს. მთებს, სახლებს ღებავდნენ. ყველაფერს, ყველაფერს ასუფთავებდნენ. ბოლოს ალმასებს ჩამოარიგებდნენ და ისე უხმოდ, სწრაფად გაუჩინარდებოდნენ, თითქოს დაბლა არც კი ყოფილანო. მერე ცაზე ცისარტყელას გამოეკიდებოდნენ.
- ზუუ... ზუ... უ... - დაუბერა ცივმა ქარმა, გაშტერებით მდგარ ხეებს დაუარა. ჰაერში ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ფოთლები ააფრიალა, ოთხკუთხივ მიმოფანტა და სტვენა-სტვენით სადღაც გადაიკარგა თითქოს აქ მხოლოდ იმისთვის მოვარდა, რომ ხეები გაეძარცვა და წასულიყო.
ერთხელ, ერთ გაზაფხულის წვიმის კაცუნას, წყლის ბაიას რომ აფერადებდა, ანაზდად ჩაეძინა. ყვავილმა გულში ჩაიკრა ცეროდენა, - მზის სხივმა არ წამართვასო, - გაიფიქრა და წყალში ჩაეშვა. მერე იქ რა დაემართა ციცქნა კაცუნას, არავინ იცის, საიდუმლოდ დარჩა. ეს კია, მაღლა რომ ამოცურდა, უკვე გვიანი შემოდგომა იდგა.
ქარს წვიმა მოჰყვა. ტყვიასავით დამძიმებული ღრუბლებიდან ზანტად დაეშვნენ ნაცრისფერი, ნამცეცა წვიმის კაცუნები. მათ ჭყლიპარტა, ბენტერა ჭინკები მოჰყვნენ და წვიმით გაშავებულ ხის ტოტებზე ტყლაშატყლუში დაიწყეს.
- ტყლაშ! - დახტოდა ფოთლებზე წვიმის ჭინკა.
- ვაი! - თითქოს მათრახი დაჰკრესო, დაიძახებდა შემკრთალი ფოთოლი და ცახცახით ძირს წამოვიდოდა..
- ტყაპ! - დასკუპდებოდა წვიმის ჭინკა ძირს ჩამოვარდნილ ფოთოლზე, ზედ მანჭვა-გრეხით ბაგიბუგს გამართავდა და წითლად მოდუღდუღე ფოთოლზე ჭანჭახს დააყენებდა.
წვიმის გუბეებში ტყაპატყუპით დახტოდნენ წკიპურტა ჭინკები და შიგ წკუმპალობდნენ.
ნაცრისფერი კაცუნები ზანტად ჩამოდიოდნენ დაბლა. ხის ტოტებზე, ფოთლებზე, ტბის ზედაპირზე მდუმარედ სხდებოდნენ, თითქოს სადღაც შორს ფიქრიან ბურუსს წაეღო ისინი.
წვიმდა და წვიმდა... ტბის მახლობლად, ბუჩქებში შემოდგომის ზაფრანა ასლუკუნდა: - როდისღა გადაიღებს, როდისღა?! Mცივა...
ყველაფერი თვალის ერთი მოვლებით დაინახა გაზაფხულის კაცუნამ.
- ნეტავ, სად ვარო? - გაიოცა და ყვავილის ტირილი რომ შემოესმა, გაკვირვება ვეღარ დამალა.
- ი, წვიმა არ მინდაო, ტირის... საოცარია!.. - ნათქვამი ისე ხმამაღლა გამოუვიდა, რომ ტბის ზედაპირზე მოცეკვავე წვიმის ჭინკები ხტუნვა-ხტუნვით მიუახლოვდნენ, მის გარშემო წრე შეკრეს და ახითხითდნენ. ცისფერი წვიმის კაცუნას დანახვამ კი არ გააოცა ისინი, გაამხიარულა, რადგან მისი იერსახე სასაცილოდ მოეჩვენათ.
ბენტერა ჭინკებს არაფერი აოცებდათ.
გაოცება ხომ იმათ იციან, ვისაც ჩაფიქრება შეუძლია? ესენი კი, აბა, რაზე დაფიქრდებოდნენ?
მათი აზრით ხეები ასე მაღლები იყვნენ.
შემოდგომის წვიმას რომ მოჰყვნენ, ბუჩქები, ყვავილები, ხეები - ყველაფერი ისე დაუხვდათ, როგორც ნოემბრის მიწურულში იცის ხოლმე. ამიტომ, არ იცოდნენ, რა იყო აღმოცენება და გაზრდა.
- რა აცინებთ? - გაიკვირვა გაზაფხულის კაცუნამ.
- ვინ ხარ? - როგორც იყო, მოისაზრა ერთმა თვალებდაჭყეტილმა ჭინკამ.
- წვიმის კაცუნა.
- ხი... ხი... ხა, ცრუობ, წვიმის კაცუნები ნაცრისფერები არიან, შეხედე...
და მართლაც, ნაცრისფერი წვიმის კაცუნები დაბლა ეშვებოდნენ მოწყენილი, ცივი და ნაღვლიანი სახეებით, ყვინთავდნენ წყალში.
სულაც არ ჰგავდნენ იმ კაცუნებს, ცეკვა-ცეკვით, სიმღერით რომ ჩამორბოდნენ. ყვავილებს არწყულებდნენ.
შემოდგომის ჭინკებს ტბის სანაპიროსთან ჭანჭახი დაეყენებინათ და შიგ ჭყაპაჭყუპით დახტოდნენ. მათთან ერთად წვიმის კაცუნებიც ჭყლაპუნობდნენ.
ჭყლიპარტა ჭინკები, ნაცრისფერ კაცუნებს ჭანჭახით წკუმპლავდნენ და თავზე ჭოტებივით დაჭყიოდნენ.
ცისფერი წვიმის კაცუნა რაღაც საოცარმა ნაღვლიანმა გაოცებამ შეიპყრო (მას ხომ არასოდეს ენახა შემოდგომის წვიმის კაცუნები და არც ის იცოდა, რომ შემოდგომა იდგა).
- საოცარია! - დაიყვირა ხელმეორედ.
წუთით გაირინდნენ წვიმის ჭინკები, ნაცრისფერი კაცუნები... და მერე იკითხეს:
- რა არის საოცარი?
- რა და... ვერ გამიგია, სად წავიდნენ ცისარტყელას ფერის კაცუნები, ჭექა-ქუხილს რომ მოჰყვებიან თან?!
ჭინკებმა თვალები მოწკურეს, ლოყები გასკდომამდე გაბერეს, სიცილს ძლივს იკავებდნენ.
ნაღვლიანმა ნაცრისფერმა კაცუნებმა კი, როგორც იყო, გაბედეს ხმის ამოღება:
- ჭექა-ქუხილი... ცისარტყელა... ეგენი რა არის, რომ არ ვიცით, არ გვინახავს.
- შეუძლებელია... - გაიკვირვა ცისფერმა წვიმის კაცუნამ, მაგრამ პასუხის მოლოდინით სავსე მათ თვალებს რომ წააწყდა, - არ სცოდნიათო, - დარწმუნდა, - …ძლიერი, ძლიერი ხმა აქვს ქუხილს.
- გრიგალზე ძლიერი?
- ჰო, მასზე ძლიერი, აი, ისეთი... - აღარ იცოდა, როგორ აეხსნა ცისფერ წვიმის კაცუნას და უცებ გაახსენდა, ამბობენ, ქუხილი ამირანის ხმააო. მის ხმაზე ცაც კი იძვროდა, ღრუბლები ერთმანეთს ისე მიეხლებოდნენ, რომ თვალებიდან ცეცხლივით სცვიოდათ ნაპერწკლები. ქუხილის ხმაზე იღვიძებდნენ ნაირფერი კაცუნები, სიმღერით ცეკვით ეშვებოდნენ დაბლა. პირს ბანდნენ ყვავილებს, წყალს ასმევდნენ ბალახებს, ხეებს, რომ პაწაწები დიდები გაზრდილიყვნენ.
- ეგ მოჭორილია! - აყაყანდნენ შემოდგომის ჭინკები, - ხეები ყოველთვის დიდები არიან.
- თქვენ არ ზრდით ხეებს? მაშ, რატომღა მიდიხართ?
სულელმა ჭინკებმა არ იცოდნენ, რატომ მოდიოდნენ... ვერაფერი თქვეს და ცისფერ წვიმის კაცუნას ჰკითხეს:
- თქვენ?!
- აკი გითხარით, რომ არ გადახმეს ნათესები, ყვავილები, ხეები... ჩვენ საქმეს მოვრჩებით და მერე მზის სხივებს ვუხსნით გზას, რომ გაათბონ.
- ვინ, ვინ დაგვიდასტურებს? - სიტყვა გააწყვეტინეს სულელმა ჭინკებმა და ავისმანიშნებლად ახითხითდნენ.
ცისფერმა წვიმის კაცუნამ მიმოიხედა. ნაცნობი ვერავინ დაინახა, თან გაჰყოლოდნენ გაზაფხულის წვიმებს.
ხეები? ხეები კი, გაძარცვული ხეები, მწუხარების ძილბურანში გახვეულიყვნენ. ყვავილებიც ვერ დაუდგებოდნენ მოწმედ, რადგან ისინიც შემოდგომისანი იყვნენ და არც ამირანის ხმა მოესმინათ.
ცეროდენას შეცბუნება ცბიერ ჭინკებს გაუხარდათ და ერთი აყალმაყალი ატეხეს.
- აკი ვთქვით, მოჭორილია.
- ხეები ასეთები არ იყვნენო... ხა-ხა-ხი-ხა.
- გაზაფხულის ცისფერმა კაცუნებმა გაზარდესო.
- აქ არაფერი მოეწონა.
- არა, არა, ეგ არ მითქვამს! - შეწუხდა გაზაფხულის კაცუნა. - ვხედავ, წარმტაცია, ალმასივით ბრჭყვიალა, თეთრი წინწკლები რომ ყრია ბალახზე. წყლის ზედაპირს ბროლივით ციმციმა რომ ფარავს (მან თრთვილისა და ყინულის სახელი ჯერ არ იცოდა). საოცარია, - ხეს სცვივა წითლად მოღუდღუდე, ნარინჯისფერი, ყვითელი ფოთლები...
- ეგ არის საოცარი? - ისევ ახითხითდნენ ჭინკები, - ეგ ყველაფერი ხომ ყოველთვის ეგრეა.
- რადგან უკვირს, აოცებს, ეგრე არ ყოფილა, - გაბედეს კვლავ ხმის ამოღება ნაცრისფერმა კაცუნებმა.
- ჩუმად ერთი! - თვალები დაუბრიალეს მათ ჭყლიპარტა ჭინკებმა, - ცისფერმა წვიმის კაცუნამ იცრუა, მატყუარა უნდა დაისაჯოს.
და სანამ ცეროდენა რამეს მოისაზრებდა, იგრძნო, ხელები ყინულის სირმის ძაფებით ჰქონდა გათოკილი, შემოდგომის კაცუნებს შეავლო თვალი, თავები ნაღვლიანად ჩაეკიდათ. ცისფერი წვიმის კაცუნა მათმა სიმხდალემ გააცეცხლა და შეჰყვირა:
- სად, სად ხართ გაზაფხულის კაცუნებო?! - მერე ერთხელ კიდევ ყველას თვალი მოავლო, იგრძნო, ჭინკები ბევრნი იყვნენ, იგრძნო და შეებრალა ნაცრისფერი კაცუნები, მათ ხომ არ ენახათ მქუხარე ღრუბლები, არც ამირანის ხმა მოესმინათ?!
ბენტერა ჭინკებმა უზრუნველად, თავისთავად გაზრდილი რომ ეგონათ ხეები, ცისფერი წვიმის კაცუნა ყინულის სასახლეში ჩაკეტეს.
ბევრი ეძინა, თუ ცოტა, ცეროდენამ არ იცოდა. ბურანს რომ თავს აღწევდა, ენძელას ხმა შემოესმა. გაზაფხულის მოსვლას ულოცავდა. მისი ხმის კვალდაკვალ ყინულის სასახლეში მზის სხივიც შემოციალდა. ცისფერი წვიმის კაცუნა ხელში აიყვანა და ოქროსფერი ღრუბლის სარეცელზე მიაწვინა.
იქ, წვიმის სასახლეში ნაირფერი კაცუნები ცისარტყელას ქსოვდნენ. მქუხარე ღრუბლები ელვას ანათებდნენ ცაზე. ჭექა-ქუხილზე ცისფერ, მწვანე, ლალისფერ წვიმის კაცუნებს გამოღვიძებოდათ და ხტუნვა-ხტუნვით დაბლა ეშვებოდნენ;
- წკაპ-წკუპ! - ამღერდებოდნენ ხის ფოთლებზე.
მერე ღეროებზე ჩამოკონწიალდებოდნენ, ჩამოცვივდებოდნენ დაბლა და დამდგარ წყალში ჭყუმპალაობდნენ.
პირს უსველებდნენ ყვავილებს, ნერგებს... ცისფერ წვიმის კაცუნას, კვლავ რომ ეწვია წყლის ბაიას და ფურცლები აუხასხასა, მაშინდელივით ჩაეძინა? ძილი ხომ ბენტერა ჭინკებს შეახვედრებდა? ჰოდა, რა დააძინებდა?! ისევ მზის სხივებს აჰყვა, რომ ჭექა-ქუხილზე თან ჩამოჰყოლოდა გაზაფხულის წვიმის კაცუნებს.