THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დამიბრუნეთ ჩემი ირმები

გოდერძი ჩოხელი

თუ გახსოვთ არაგვის ხეობაში, ანანურის ქვემოთ, მურყნიანი ჭალა იყო.
ახლა იქ მოუსვენარი მდინარე ხელოვნურ ზღვად დამდგარა და მრუმედ იტალღება.
თუ გახსოვთ, იქვე ჟინვალი იყო, ძველი ნაქალაქარი, ძველი ციხეებით და პატარა ეკლესიებით.
მურყნიან ჭალასა და ჟინვალს შორის ველები იყო.
მთიულურ ფარდაგივით ლამაზი ველები.
ყვავილებით ათასფრად შემკობილნი.
ტურფა და მწვანილოვანნი.
აი სწორედ იმ ველებზე, ღამ-ღამობით, როცა მთვარე გადმოადგებოდა საარაგვოს, ორი ირემი ბალახობდა.
იქვე, ველის პირას პატარა ბიჭი იჯდა და სალამურს უკრავდა.
ბიჭს ოქროსფერი კუკულები ბეჭებზე ეყარა.
ფეხშიშველა იყო, არც ტანზე ემოსა არაფერი.
ირმები შეიძლება დაგენახა, მაგრამ ბიჭს იშვიათად თუ ვინმე შეამჩნევდა.
ზემოთ ანანურის ეკლესია იდგა.
ირმები ხანდახან გაყუჩდებოდნენ, თავებს მაღლა ასწევდნენ და ეგრე გარინდებულები შეჰყურებდნენ ეკლესიას.
ანანურს მაშინ სულ სხვა ღვთაებრივი შუქი დაჰკრავდა.
ზემოთ იდგა.
ზემოდან გადაჰყურებდა ქვეყანას. და არა ქვემოთ.
ახლა კი ზემოდან უყურებს ქვეყანა ანანურს.
ანანურის ეკლესიას ქვემოდან ზემოთ რომ უყურებდი, სხვა ეშხი ჰქონდა, სხვა სიდიადე.
ალბათ ის ორი ქორბუდა ირემიც გრძნობდა ამას და იმიტომ შეჰყურებდნენ ისე გარინდებულები.
რატომღაც, რატომღაც მგონია, რომ ჩვენც ზემოთ უნდა შევხედოთ ჩვენს წარსულს და არა ქვემოთ.
გავყუჩდეთ, გავირინდოთ ირმებივით და ავთრთოლდეთ...
ავთრთოლდეთ, როცა წარსულს შევყურებთ ზემოთ და ფეხშიშველა ბიჭი სალამურს უკრავს.
ანანურში განთქმული მონადირეები ცხოვრობდნენ, მაგრამ არასოდეს არავის გაუვლია გულში იმ ირმებზე სანადიროდ წასვლა.
მხოლოდ საცქერლად მიდიოდნენ ხოლმე ხანდახან.
თითქმის ყველა ანანურელმა იცოდა მათი არსებობა.
ჭალის ანგელოზებს ეძახდნენ. თუკი როდისმე, დღისით შეშაზე წასულნი შემთხვევით დაინახავდნენ, პირჯვარს იწერდნენ, დანახვისთანავე შენდობას შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: დაგვიფარეთ, დაგვიფარეთ ჭალის ანგელოზებოო.
ზოგი ბედნიერი იმათ მწყემს ბიჭსაც მოჰკრავდა ხოლმე თვალს.
ზოგი ნაკვალევს წააწყდებოდა. ახალმოსულ თოვლზე, ირმების ნაჩლიქარს შორის მკრთალად ეტყობოდა ბიჭის ნავალი.
მკრთალად ეტყობოდა, თითქოს ჩიტის სიმძიმეც კი არ ჰქონდა.
გაზაფხულის პირზე, ანგელოზთ ღამე რომ დადგებოდა, რამდენიმე მორწმუნე ქალი, ხავიწის პატარა კვერებს გამოაცხობდა, პატარა შოთებზე დადებდა, ზედ ასევე პატარა სანთლებს დაანთებდა და არაგვის გაღმა, მურყნიან ჭალაში დაუტოვებდა ირმების მწყემსს.
ეს, რა თქმა უნდა, ღამით ხდებოდა და თუ შეესწრებოდი, ისე იყო სანთლების შუქით განათებული დაბურული ჭალა, იტყოდი, რაც კი რამ ცაზე ვარსკვლავებია, აქ ჩამოსულან და მურყნებს შორის ჩამომსხდარანო.
წლიდან წლამდე ჰკმაობდა ირმების მწყემსს შესაწირი.
წლიდან წლამდე მაძღარი იყო მისი გული...
მარტო ერთი დარდი ჰქონდა: სად, როდის და რომელ ველზე მოეძოვებინა თავისი ირმებისათვის მწვანე ბალახი.
ყარაულობდა, რომ მგელი არსაიდან წამოჰპარვოდათ.
ზამთრობით უფრო ჭირდა.
თუმცა ზამთრობითაც უხვად ჰქონდათ ირმებს ნეკერი.
იღბლიანი და ბარაქიანი ჭალა იყო.
ირმებს რატომღაც არ უჩნდებოდათ შვილი.
იმათთვის ბიჭი იყო შვილიც და პატრონიც.
ჩაიწვენდნენ ღამღამობით შუაში და ათბობდნენ.
ჭალა ისე დაბურული იყო, ზაფხულობითაც კი ვერ აღწევდნენ მზის სხივები.
ერთ ღამეს იდგნენ შუა ველზე და ჩვეულებრივზე უფრო გარინდებულნი შეჰყურებდნენ ანანურს.
არც ბიჭი უკრავდა სალამურს.
ისიც მოწყენილი ჩანდა.
ეკლესიაც ვეღარ იდგა ძველებურად.
გუშინს აქეთ მის ზემოთ მიწასა თხრიდნენ, აფეთქებდნენ.
გუშინ ჭალის გაჩეხვაც დაიწყეს.
რაღაც ხდებოდა.
მაგრამ რა?
ირმებმა არ იცოდნენ.
განუწყვეტლივ მიმოდიოდნენ მანქანები.
არაგვს ხან ჭალის ერთ მხარეს გადაუგდებდნენ, ხან მეორე მხარეს.
მოჭრილ ხეებს მანქანებზე აწყობდნენ და სადღაც მოჰქონდათ.
არაგვს აქეთა მხრიდან იქეთ რომ გადაუგდებდნენ, სადინარში უწყლოდ დარჩენილი თევზები ფართხალებდნენ.
ირმების მწყემსი ბიჭი შეუსვენებლივ დარბოდ ასეთ დროს. წყლისაკენ მიარბენინებდა აფართხლებულ თევზებს.
ირმები იდგნენ და უყურებდნენ.
ორ კვირაში განახევრდა ჭალა.
ერთ თვეში თითქმის აღარაფერი დარჩა, მხოლოდ აქა-იქ იყო ბღუჯა-ბღუჯად რამდენიმე მურყანი.
ირმებმა და ბიჭმა მუხიანებს შეაფარეს თავი.
აქ კი ყველა სამტროდ მიესია. ღორებიც კი მათ ეტანებოდნენ.
ირმები მოწყენით ჩაჰყურებდნენ ჭალაზე შემორჩენილ მურყნებს.
ღამ-ღამობით ჩადიოდნენ და იქ იძინებდნენ.
შემოდგომა იყო.
თბილოდა.
თოვდა.
ისე ხვავრიელად თოვდა, თითქოს ღმერთს ზეცის ყველა კარი გაეღო.
ერთ ღამეში ისეთი თოვლი მოვიდა, სიარული გაუჭირდთ ირმებს.
ბარისკენ ჩაიწიეს. ჟინვალს მიაშურეს.
იქ უკვე აღარავინ ცხოვრობდა შორიდან მოსული მუშების გარდა.
მიტოვებული სახლებიდან შიში იმზირებოდა.
ჩამოწვა ნისლი.
უფრო უმატა თოვამ.
მწყემსმა ბიჭმა კვალი დაკარგა.
ვეღარ დაინახა, საით წავიდნენ ირმები.
თვითონ ანანურისკენ აუყვა მდინარის ნაპირს.
თოვდა.
ისეთი თოვლი იყო, ლამის იყო დამხრჩვალიყვნენ ირმები.
სადღაც სინათლე ჩანდა.
იქით მიაშურეს.
ძლივს მიარღვევდნენ თოვლს. ერთი რომ დაიღლებოდა, მეორე მიდიოდა წინ.
ყვიროდნენ, პატრონს ეძებდნენ.
პატრონს მათი ხმა არ ესმოდა, ზემოთ მიუყვებოდა მდინარის ნაპირს.
ირმებმა შუქთან მიაღწიეს.
შეჰღრიალა ჯერ ერთმა, მერე მეორემ.
მუშათა საცხოვრებელი ვაგონიდან არავინ შეხმიანებია მათ.
_ უიმეეე! _ უფრო ხმამაღლა შეჰყვირა ირემმა.
_ კტო ტამ? _ მისმა შიგნიდან.
ცოტა ხანს დუმილი ჩამოვარდა.
მერე ვაგონის კარი გაიღო და იქიდან შინელიანი კაცი გამოვიდა.
შეკრთა ირმების დანახვაზე, უცებ შებრუნდა და კარი მოიხურა.
ირმები იდგნენ და გარინდებულები შეჰყურებდნენ ვაგონიდან გამომკრთალ სინათლეს.
არ გასულა ხუთი წუთი და ისევ გაიღო კარი, ახლა უფრო ფართოდ, ოღონდ კაცი არ გამოჩენილა.
მხოლოდ ცეცხლი გამოკრთა, ჯერ ერთხელ, ახლა მეორედ.
ირმები უხმაუროდ მიესვენენ თოვლში.
თოვდა.
ხუთ წუთში ყველანაირ კვალს ფარავდა.
მწყემსი ბიჭი ახა უკვე ქვემოთ მოუყვებოდა მდინარის ნაპირს.
ტიროდა პატარა ბიჭი.
სინათლეს მოჰკრა თვალი და ისიც იქით წავიდა.
ვაგონის მოშორებით გაჩერდა და მუდარით გასძახა:
_ დამიბრუნეთ ჩემი ირმები!
არავინ გამოპასუხებია მის ძახილს.
ვაგონის კარიც მოხურული იყო.
მთელ ღამეს ისმოდა ბიჭის ტირილი:
_ დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ ჩემი ირმები! _ იძახდა გულსაკლავად.
მერე თითქმის ყოველ ღამე ესმოდათ იმ ადგილას მისი ხმა.
ძველ ნასოფლარში არქეოლოგებიც იძინებდნენ ხანდახან და მათაც გაიგეს ეს ხმა, მათთვის სიდუმლოდ დარჩა _ ვინ იყო, ირმებს რომ თხოულობდა, ან ვის სთხოვდა, ან ვინ იყო ასე გულქვა, ბიჭის მუდარას რომ ჯიუტი დუმილით ხვდებოდა.
იქნებ იმ ვიღაცამ ქართული არც იცოდა.
ღამე ემატებოდა ღამეს არაგვის ხეობაში.
თოვლი დნებოდა.
არაგვს მთებს შორის გასასვლელი აღარ ჰქონდა.
დატბორილი წყლით ნელ-ნელა იფარეობოდა ანანურის ჭალა.
ნელ-ნელა, ადამიანი რომ წყალში იძირება და მშველელს უხმობს, ასეთი განწირული ხმა გაუგონიათ არქეოლოგებს ბოლოს:
_ დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ ჩემი ირმები!

***

ახლა თუ გაივლით იმ ადგილას, მრუმე სიჩუმეა.
მხოლოდ ზღვა ჩანს, ხეობიდან ხეობაში ზლაზვნით მოარული.
რამდენჯერაც ამ ადგილს ჩავუვლი და ეს ამბავი გამახსენდება, გული მტკივა და სულის სიღრმიდან ირემი ყვირის.