THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნამეხარი მუხა

გოდერძი ჩოხელი

 
გამთენიისას, ჯერ ვარდისფრად აენთო ჩაჭრილაის მთის წვერი, მერე მეწამულმა ფერმა გადაჰკრა და ქვემოთ ხეობიდან ლურჯ-მელნისფრად ამომავალ ღამეს თანდათან წვრილი ყვითელი ძაფები ჩაეღვარა ტანში...
აღმოსავლეთიდან ამობრჯღვინდა ყვითელი საოცრება...
მზე!
ოქროს ტაბაკს დაემსგავსა გუდამაყრის ხეობა.
მერე თანდათან ჩამოცხა და საამო ჟრუანტელად დაუარა მზის სხივების გალობამ მიწას. მიყუჩდა მიწა. მარტო ლურჯად ყელგადაგდებული მთის ნიავი დააშრიალებდა მსუბუქ კაბას აქა-იქ.
მიწის მწვანე ხალიჩაზე ნებიერად გამოიძაბნენ ხეთა ჩრდილები და თავიანთივე პატრონების ირგვლივ ფერხულის შემოსავლელად გაიწოდეს ხელები, მზეს მიჰყვებოდნენ და ნება-ნება მოდიოდნენ წრეში.
ლურჯ-ყვითელ სამოსელში გამოწყობილი სულიწმინდა გალობდა ირგვლივ.
ზეგარდის გორზე ამაყად მხრებგაშლილი იდგა მუხა. ტკბილი ჟივ-ჟივი გაჰქონდა იმის ფოთლებში შეყუჟულ ფრთოსნებს. მხარმკლავიანი პატრონის სიძლიერით გაქეზებული მუხის ჩრდილი ამაყად ნებივრობდა თვალჟუჟუნა ყვავილებში.
იდგა მუხა და შრიალებდა.
ცა იყო წმინდა.
მერე ოზანოს მთის იქეთიდან გაცრეცილი ყური ამოყო ნისლმა, ამოიწეწა, ამოიწეწა, გორისფხას გამოჰყვა და...
ჩაჭრილაის მთის წვერს საყვარლისაგან ნასახსოვრებ ყელსაბამივით შემოეხვია.
წარბი შეიკრეს მთებმა, არ ესიამოვნათ `ჩაჭრილაის~ დანისლვა.
თანდათან გაიზარდა ნისლი, აიწია, აიწია და საკმეველივით შეეფრქვია მოწმენდილ ცას.
საავდროდ გაემზადა გუდამაყრის ხეობა. კურუმად გაიკლაკნა შავი არაგვი.
გაფითრებულ ცაზე ფერხული ჩამოუარეს შავჩოხიანმა შავმა ღრუბლებმა. გაჩაღდა ცეკვა, ასტყდა დგანდგარი, ქალწულის ყვითელი ნაწნავები გაიკლაკნენ დამრეზილ ცაზე.
შავი ნაბდები წამოისხეს გუდამაყრელმა მწყემსებმა. მოღუშულმა ცამ თანდათან უფრო ჩამოაბნელა ჩაჟამული ხეობა. ჩამოიწია, ჩამოიწია, თანდათან ქვემოთ ჩამოვიდა. მოდის და მოჩურჩულებს...
_ მე მოვალ შენთან, დედამიწავ, გახსენ კარები,
მე მოვალ შენთან, შენს უბეში შევეფარები!
ყველაფერი განაბულა, გატვრენილა და ერთიან, ჩუმ სუნთქვად შეზრდილა!
ცას უყვარს მიწა!..
ცას ქორწილი აქვს!..
შავი ქორწილი...
მოდის, მოდის... მძიმედ, მძიმედ მოიწევს მიწისაკენ და...
გავარდა მეხი!
რაღაც არაამქვეყნიურმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ ხეობას.
შავი კვამლი ავარდა მუხის გულიდან. მერე იმ კვამლში ცეცხლის ყვითელი ენა ამოიწია და საკუთარმა ცეცხლმა შეტრუსა მუხის ფოთლები.
დამწვრის სუნი შეერია დამძიმებულ ჰაერს. ირგვლივ ყველაფერი იყო მქისე, შავად მოღუშული. მარტო მუხის ტოტებიდან გამოჩნდა ცეცხლისფერი ენა, რომელიც შიგნით, ხის გულმკერდში ლახვარივით ტრიალებდა და გამოსავალს ეძებდა.
იწვოდა მუხა.
ცას უყვარდა დედამიწა და ქვემოთ ჩამოსული, მდუღარე ცრემლებით ტიროდა.
წვიმდა. მუხას თანდათან ედებოდა ცეცხლი და იწვოდა.
მერე თანდათან იმძლავრა წვიმამ და რა ტირილით გული იჯერა, შემსუბუქებულმა ცამ ისევ ნება-ნება აიწია ზემოთ, ამაღლდა-ამაღლდა და თავის ადგილას დაჯდა. პირდაბანილ ცაზე მზემ გამოიხედა და ჩასასვლელად გამზადებულმა, გაიღიმა.
თანდათან გაწვრილდა მუხლის გულიდან ამონადენი კვამლი. გაწვრილდა, გაწვრილდა და გაწყდა.
გაწვიმდა...
შავად გამოიხედა გულ-მკერდ გამომწვარმა ხემ.
ერთი შავი მაყარი კიდევ მიემატა გუდამაყრის ხეობას.
მთელი ზამთარი აკრთობდა შორეული ზეცის სიმარტოვიდან მოსულ თეთრ თოვლს მუხის სიშავე.
ხანდახან მონადირეებისაგან დამფრთხალი კურდღელი შეაფარებდა ხოლმე გამომწვარ მუხაში თავს და ფეთქავდა, შეშინებული და განაბული.
მუხას, მართალია ეძინა, მაგრამ საზარელ ხილვებში იყო წასული. სტკიოდა გამომწვარი ტანი. გრძნობდა, რომ რაღაცა ფეთქავდა მის შიგნით და გული ეგონა. რას მოიფიქრებდა, რომ კურდღელი იყო. მერე ის ფეთქვაც თანდათან სუსტდებოდა, სუსტდებოდა და იკარგებოდა. დამშვიდებული კურდღელი, ხტუნვა-ხტუნვით ჩარბოდა სოფლისაკენ. ყურები ზურგზე ჰქონდა გადაკიდებული.
მთელი ზამთარი ასე იყო. მერე თანდათან გაიღვიძა მიწამ. გაიღვიძეს ხეებმაც. ქალწულებივით მოქნეულ ტოტებზე დასკდნენ კვირტები. ჭრელი ჯუბა მოქსოვა გაზაფხულმა.
მუხის ფესვებში ჯერ ენძელამ ამოიხედა და ისე მოეწონა ცის ტაბლაზე გაჩახჩახებული მზე, თვითონაც ყვითლად გაიცინა.
მერე ლურჯთვალა იებმა მიმოაბნიეს მიდამო. ისინიც რიდით შეჰყურებდნენ მათ თავზე წამოყუდებულ მუხას და ლურჯი მხრებით კანკალებდნენ.
_ თქვენ ნუ გეშინიათ, პატარებო, ცა თქვენ არაფერს არ გერჩით. გაიშალენით, გაიშალენით... რისი გეშინიათ, თქვე პატარებო, თქვენა! ამ ქვეყანაზე მოუსვლელობაა უბედურება, თორემ რაკიღა მოხვედით, ნუღარაფრისა გეშინიათ. ისეთს რას წაგართმევთ გამჩენი, რაც თვითონ არ მოუცია... ამ საწუთროს თუნდ ერთი წუთით, თუნდ ერთი წამით მაინც ეყოფა საგზლად თქვენი სუნთქვა. თქვენ ღირსნი ხართ თავისუფლების...
ჩამოსძახოდა ლურჯთვალა იებს, ნამეხარი მუხა.
გუდამაყრის ხეობაში გაზაფხული იდგა.