THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პატარა დინოზავრები - დიზი და დუზი

თამრი ფხაკაძე

დიდი, დიდი ხნის წინათ, ერთი პატარა დინოზავრი ცხოვრობდა ქვეყანაზე. სახელად დიზი ერქვა.
დიდი დინოზავრები საჭმელს რომ ეძებდნენ, დიზი ლამაზ-ლამაზ ყვავილებს ათვალიერებდა ხოლმე. რამდენჯერმე, ჯოგს ჩამორჩა კიდეც. ჰოდა, ერთხელაც გზა აებნა ერთ უზარმაზარ მინდორში და დაიკარგა.
მარჯვნივ წავიდოდა, მინდორი იყო.
მარცხნივ წავიდოდა, მინდორი იყო.
წინ წავიდოდა, მინდორი იყო.
უკან დაბრუნდებოდა და, იქაც მინდორი იყო!
რაღა ექნა? იფიქრა, იფიქრა და დასახლდა იმ შუაგულ მინდორზე.
ჯერ - სახლი აიშენა. მერე - ეზო შემორაგა. მერე ყანა დათესა. მერე ჭა ამოთხარა. მერე ნაკადულზე წისქვილი დადგა. მერე თონე გააწყო. მერე კოშკი ააშენა. მერე კოშკის წვერზე დიდი კოცონი დაანთო, ვარსკვლავიან ცას ახედა და ინატრა:
- ეჰ, ნეტა მეგობარი პატარა დინოზავრი მომცა! ძალიან მოწყენილი ვარ ასე მარტო!
სწორედ ამ დროს ციდან ნატვრა-ოცნების ვარსკვლავი მოწყდა.
დატრიალდა ქარბორბალა, აბრჭყვიალდა ვარსკვლავის სხივები და გინდ დაიჯერე, გინდ არა, - მეორე პატარა დინოზავრი დაეშვა მიწაზე.
- ესეც მეგობარიიი!! - შესძახა გახარებულმა დიზიმ და სასწრაფოდ დაეშვა კოშკის კიბით დაბლა - შენ ალბათ, დუზი გქვია?
- არაფერიც არ მქვია, - თქვა ციდან ჩამოვარდნილმა პატარა დინოზავრმა - მაგრამ ეგ სახელი მომწონს. დუზი მერქვას!
რომ იცოდე, რა მშვენივრად დამეგობრდნენ!
დილით ნაკადულში საჭყუმპალოდ მიდიოდნენ, მერე ყანას თოხნიდნენ, მერე ჭიდან წყალს იღებდნენ, მერე ხორბალს ფქვავდნენ და პურებს აცხობდნენ, მერე ლამაზ ყვავილებს კრეფდნენ მინდორში. სულ ბოლოს - სახლის სახურავს ღებავდნენ. დღეს რომ წითლად შეღებავდნენ, ხვალ - ყვითლად, ზეგ - მწვანედ, მაზეგ ლურჯად და ასე...
ერთმანეთს არასდროს ეჩხუბებოდნენ. პირიქით, სულ ერთმანეთზე ზრუნავდნენ.
- მეგობარო, მზემ ძალიან არ დაგაცხუნოს... - ეტყოდა დიზი.
- მეგობარო, ხომ არ მოგშივდა? - ეტყოდა დუზი.
- მეგობარო, ეს ლამაზი ყვავილი შენი იყოს, - იტყოდა დიზი.
- ეს ნახატი შენ დაგიხატე, მეგობარო, - იტყოდა დუზი.
ამასობაში, ქვეყანაზე დიდი დინოზავრების დიდი ომი დაიწყო. დაერიენ ერთმანეთს დიდი დინოზავრები და სულ კუდებით ითრიეს. ისეთი საშინელი ღრიალი ატეხეს, დედამიწას ზანზარი გაუდიოდა. მტვერი ბუღად ადიოდა და არაფერი ჩანდა. ომი რომ დამთავრდა, აღარცერთი დიდი დინოზავრი აღარ იყო ცოცხალი. სულ გადახოცეს ერთმანეთი. აი რა სისულელე ჩაიდინეს!
ჩვენი პატარა დინოზავრები, დიზი და დუზი კი შუაგულ მინდორში მყუდროდ ცხოვრობდნენ და არაფერი გაუგიათ.
ყოველ დილით ნაკადულში ჭყუმპალობდნენ, ყანას თოხნიდნენ, ჭიდან წყალი მოჰქონდათ, ხორბალს ფქვავდნენ და პურებს აცხობდნენ, მინდორში ყვავილებს კრეფდნენ და სახლის სახურავს ფერად ფერადად ღებავდნენ.
არასდროს ჩხუბობდნენ და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.
არც ომი დაუწყიათ და არც ერთმანეთი დაუხოციათ.
ახლაც მხიარულად და მეგობრულად ცხოვრობენ.
ზუსტად არ ვიცი, რომელ მინდორზე სახლობენ, მაგრამ მგონი, ჯერ მარჯვნივ უნდა წახვიდე, მერე კი მარცხნივ...
რა იცი, იქნებ ნახო კიდეც?
სახელები არ დაგავიწყდეს! ერთს დიზი ჰქვია, მეორეს - დუზი.