THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მეტიჩარა ჩანგალი

ლელა ცუცქირიძე

ერთ რესტორანში, რომელსაც გრძელ და უცნაურ სიტყვას “ფეშენებელურს” ეძახდნენ, ოფიციანტებთან, ჭიქებთან, მზარეულებთან და კოვზებთან ერთად დანა-ჩანგლებიც მუშაობდნენ.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ერთ დანას ერთი ჩანგალი ისე შეუყვარდა, რომ სიყვარულისგან სულ კრიალი დაიწყო!
ჩანგალი ძალიან მეტიჩარა იყო: მდიდარ საქმროზე ოცნებობდა და შეყვარებულ დანას ზედაც არ უყურებდა.
ოფიციანტებს ისე ეცოდებოდათ შეყვარებული დანა, რომ სულ მეტიჩარა ჩანგლის გვერდით დებდნენ, იქნებ, ერთმანეთს დაუახლოვდნენო, მაგრამ ამაოდ...
ერთხელ რესტორანში ერთი ისეთი სიმპათიური, ახალგაზრდა ბიზნესმენი შემოვიდა, რომ მის დანახვაზე მეტიჩარა ჩანგალს ლამის გული წაუვიდა: ბიზნესმენი ერთი ნახვით შეუყვარდა!
ბიზნესმენი სწორედ იმ მაგიდას მიუჯდა, სადაც მეტიჩარა ჩანგალი და შეყვარებული დანა იდო.
მეტიჩარა ჩანგალმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიზნესმენს ცოლად გაჰყოლოდა და კეკლუცობა დაიწყო. ბიზნესმენი კი სულაც ვერ ამჩნევდა, საუზმობდა და თან გაზეთს კითხულობდა.
მეტიჩარა ჩანგალს უყურადღებობა ძალიან ეწყინა, მაგრამ გული არ გაიტეხა. ხან ერთ მხარეს შეტრიალდა, ხან მეორე მხარეს, ერთი ნახოს, რა ლამაზი ტან-ფეხი მაქვსო, მაგრამ ამაოდ...
ბიზნესმენმა ისაუზმა, გაზეთი დაკეცა, ოფიციანტთან ანგარიში გადაიხადა და წასასვლელად მოემზადა.
მეტიჩარა ჩანგალს ელდა ეცა! სიმპათიური, ახალგაზრდა საქმრო ხელიდან ეცლებოდა. მთელი ცხოვრება ამ უკულტურო, ღარიბ, გაუნათლებელ დანებთან, თეფშებთან და ჭიქებთან რა მაცხოვრებსო და არც აცია, არც აცხელა, ბიზნესმენის მდიდრული პიჯაკის ჯიბეში ჩახტა!
ახალგაზრდა, სიმპპათიურ ბიზნესმენს ეს სულაც არ შეუმჩნევია, თავის ბიზნესზე ფიქრობდა. ჯერ ოფისში წავიდა, მერე საქმიან შეხვედრაზე და სახლში გვიან დაბრუნებულმა მოსამსახურეს სთხოვა, ხვალისთვის ტანსაცმელი მომიწესრიგეო.
მოსამსახურემ ღიღინით გააპრიალა ახალგაზრდა პატრონის ფეხსაცმელები, მერე შარვალს აუსვ-დაუსვა ჯაგრისი, მერე პიჯაკი დაფერთხა და იქიდან მეტიჩარა ჩანგალი არ გადმოვარდა?!
მოსამსახურემ გაოცებისგან დაუსტვინა, ისეთი წესიერი პატრონი ჰყავდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მის ჯიბეში ჩანგალს იპოვიდა.
მეტიჩარა ჩანგალი ცხვირაბზუებული უყურებდა მოსამსახურეს და გულმოსული ფიქრობდა: ერთი, როდის გავხდები ამ სახლის დიასახლისი, რომ ეს უტიფარი სახლიდან დავითხოვოო.
მოსამსახურემ კი აიღო ჩანგალი, ყურადღებით დააკვირდა, დარწმუნდა, რომ ჩვეულებრივი ჩანგალი იყო - არც ვერცხლის, არც ოქროსი და არც საგვარეულო გერბი ჰქონდა სადმე.
ალბათ ჩემს პატრონს მეგობრები გაეხუმრნენო, ჩაიხითხითა და ბევრი აღარ უფიქრია, მეტიჩარა ჩანგალი სანაგვე ურნაში გადაუძახა!