THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვატოს ძილისპირული

ქეთევან ჭილაშვილი


ვატო დასაძინებლად დაწვა. დაბალ სკამზე ჩამომჯდარმა ბებიამ ზღაპარი წამოიწყო.
- ბებო, ეგ არა, დათუნას ზღაპარი მიამბე, - თავქვეშ ხელი ამოიდო ვატომ.
- დათუნასი? - ნეტავ ეს რომეილიღა ზღაპარიაო? გაიკვირვა გულში ბებომ, მაგრამ შვილიშვილს ხათრი არ გაუტეხა, რაც იქნება, იქნებაო, და ახალ ზღაპარს უხმო.
- იყო ერთი დათვი.
- დათვი კი არა, დათუნა, - შეუსწორა ვატომ.
- დათვი რამ მომაგონა, დათუნა, - მოიბოდიშა ბებომ, - ეს დათუნა ცხოვრობდა დაბურულ ტყეში.
- დათუნას კუს მანქანა ჰქონდა.
ვატომ ერთი პატარა სათამაშო კუს მიამსგავსა და კუს მანქანა დაარქვა.
- ჰქონდა, როგორ არა ჰქონდა! დააქროლებდა აღმა-დაღმა.
- ჰერიიი, არემარე თან მიჰქონდა.
- ხი, ხი, ხი! - ჟღურტულებდა ვატო.
- ჰოდა, ერთხელ ერთ მშვენიერ მწვანე ბუჩქს ისე მაგრად დაეჯახა, რომ ძირფესვიანად ამოაგდო.
- პოლიციელი კურდღელი სად იყო? დაუსტვინა?
- დაუსტვინა და ეგრე?! იქაურობა გააყრუა. შუქნიშანი წითლად ენთო, ის კი მიჰქრის...
- ჰერიიი...
- ცქვიტამ აღარ დააყოვნა და უკან გამოუდგა.
- ბებო, ცქვიტა ვინ არის?
- პოლიციელ კურდღელს ცქვიტა ერქვა.
- ჰმ, ცქვიტა! ჩაიცინა ვატომ. - ქუდი ეხურა?
- ეხურა, მაშ არ ეხურა?! აი წამოეწია დაუთუნას და სადაც არის კისერში ჩაავლებს...
- ვერ დაიჭერს! დათუნა ცაში ახტა! - სიტყვა მოუჭრა ვატომ. ბებო ამას კი არ მოელოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ახლა ცაში დაატრიალა ამბავი.
- ცქვიტამ დიდი, ძალიან დიდი ჯოხი მოიტანა და ცას შეუდგა.
- დათუნავ, ახლავე ძირს ჩამოდი.
- არა არ ჩამოვა, - გულიანად ხითხითებს ვატო.
- ჩამოხვალ! - რაკირუკი აუყენა ცქვიტამ ჯოხს. - ვაი, ფეხი, ვაი, კუდი! - ხტუნაობდა დათუნა.
- არაფერიც არა სტკიოდა, - ჯიუტობდა ვატო.
- ცქვიტამ რაკი ჯოხით ვერა გააწყო რა, ადგა და ისიც ცაში ახტა.
- დაიმალება დათუნა, ვერ იპოვის, - ვატომ თავზე საბანი წაიხურა.
- ხო, დათუნამ უმალ ვარსკვლავთან მიირბინა - დამმალეო. ვარსკვლავმა უთხრა, აბა, როგორ დაგმალო, ვერა ხედავ, როგორ ვბრწყინავო?
- ბებო, უთხარი... - საბანქვეშ შემოძვრეს.
- ვარსკვლავმა დათუნა ლეგა ღრუბელთან გაგზავნა. ღრუბელო, ღრუბელო, დამმალეო, - შეევედრა დათუნა.
ვატომ საბნიდან თავი ამოყო.
- ღრუბელმა, რაშია საქმეო? - ცქვიტა მომდევსო. - ალბათ დააშავე რამეო: ჯერ დამმალე და მერე ყველაფერს გიამბობო. - ყელი გამოუწია დათუნამ და ვიდრე ღრუბელი პასუხს ეტყოდა, იმის კალთაში გამოეხვია. ცქვიტამ აქეთ ირბინა, იქით ირბინა. სად არის დათუნა! უცებ იმის კუდს შეასწრო თვალი, გარეთ დარჩენოდა, - გიპოვე დათუნაო.
- კუდიც დამალა, ვერ იპოვის. - თანაუგრძნობს დათუნას ვატო.
- მართალაც ვერ იპოვა. ისეთი ნიავქარი ამოვარდა, რომ ეს შენი ლეგა ღრუბლის ქულა თავის დათუნიანად გზას გაუყენა. დათუნამ მაინც მოასწრო, თათი გამოყო, ცქვიტას ქუდი მოხადა და დაუქნია, კარგად იყავიო. გასკდა გულზე ცქვიტა.
ვატო გულიანად ხითხითებს:
- მერე აღარ გაეკიდა ცქვიტა?
- რაღას მიეწეოდა. ადგა და ისევ მიწაზე ისკუპა. ბზრიალ-ტრიალით წამოვიდა, და ვინ იცის რა მოხდებოდა, რომ ერთ მაღალ ხის კენწეროს არ გამოსდებოდა იმისი ქამარი. ქრის ქარი და აქეთ- იქით ქანაობს ცქვიტაც.
- როგორც საქანელაზე!
- ხოო, სწორედ ისე.
- დათუნა რაღა იქნა?
- დათუნაც ძალიან დაიღალა, ღრუბელს სთხოვა, ჩემს ბუნაგთან მიმიყვანეო. - სად, ხეებთანო? ლეგა ღრუბელი ნება-ნება დაეშვა... დათუნას უთხრა, ჩახტიო... - აქედან რა ჩამახტუნებსო? - შეშინდა დათუნას. - თუკი იქიდან ამოხტიო? - მე როდის ამოვხტი, ვატომ ძალით ამომახტუნაო. ჰოდა უთხარი, ახლაც ვატომ ჩაგახტუნოსო.
- ჩუ, ჩუ, ჩუ... - თითი ტუჩებთან მიიტანა ბებომ. ვატომ უკვე დაიძინაო. ლეგა ღრუბელი მაინც უჯავრდებოდა დათუნას, როგორც გინდა, ისე ჩახტიო. ნისლი კი არა ვარ, მიწას გავეკრა, სადაც არის ჟუჟუნა წვიმად უნდა წამოვიდეო!
სხვა გზა არ იყო, ბებომ ხელი მიაწვდინა დათუნას და ციმციმ ჩამოსვა.
- მე რაღას მემართლებით? ასე რომ მტოვებთ საკონწიალოდ? - გამოსძახა ცქვიტამ.
ბებომ ისიც იხსნა, თავზე დათუნას წართმეული ქუდი დაახურა და უთხრა: აბა, ფეხაკრეფით შეიპარეთ ზღაპრების გუდაშიო.
- ჯერ დათუნამ კეთილი ინებოს და იმ ძირფესვინად ამოგდებულ მწვანე ბუჩქს ისევ გაუმაგროს ფესვი, წყალიც დაუსხას, და მერეო, - განზე გადგა ცქვიტა.
- მართალი ხარო, - დაეთანხმა ბებო.
დათუნამაც კეთილი ინება, ბუჩქს მიხედა; ცქვიტაც მიეხმარა.
- ვატოს ხომ ეტყვით დილით, მე და დათუნა როგორ დავმეგობრდითო, - დაიჩურჩულა ცქვიტამ.
ბებომ თავი დაუქნია, ზღაპრების გუდას პირი მოუკრა და ყველა პატარას უსურვა ძილი ნებისა.