THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნოდარ დუმბაძე

ქეთინო, გამოიცანი!
გამოცანა:მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიადის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიადი,
ზვიადი,
ნაზი და კეთილი
იძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.
პასუხი: ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიადი,
დიადი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია:
არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.


ბეკეკა 


გამიგონე, ბეკეკა,
გეყო ხტუნვა-თამაში,
ხედავ? დამეტაკე და
ამომსვარე ტალახში.
ერთხელ თუ გაგებუტე,
ვეღარ გადამიბირებ,
მერე მთელი საათი
დაჯექი და იტირე.
თუგინდ ჩემი მურიაც
შენი ცოდვით იწვოდეს,
შენ დედიკოს მონაწველ
რძეს არ დავლევ იცოდე.


დათუნია


გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ. . .
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი,
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.


კრუხი


ახლოს მისვლას არ დამაცლის,
იკივლებს და იწივლებს,
თითქოს რამეს ვუპირებდე
თავყვითელა წიწილებს.
ეს რა ავი კრუხი არის,
როგორ შემომაფრინდა!
ამის შემდეგ მე მაგასთან
ლაპარაკიც არ მინდა.
შენიაო წიწილები,
თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
სანამ კრუხს არ მომაშორებთ,
არავისიც არ მჯერა.


დღეობა


ხვალ არის ჩემი დღეობა,
იქნება დიდი ღრეობა.
უკვე დღე არის მესამე
დანებს და ჩანგლებს ლესავენ,
ჩამოვლენ როგორც სვავები,
მშიერი ნათესავები,
ვეღარ გიშველით ვერაფერს,
გადასანსლავენ ყველაფერს.
ვარიკებო და ტახებო,
კარებს გაგიღებთ ახლავე,
ვნახოთ, მშიერი სტუმრები
რას შეჭამენ და დახრავენ.
ოღონდ ზეგ დილით დაბრუნდით,
ვარიკებიც და ტახებიც,
ხომ იცით, თქვენი გულისთვის
რა მაგრად გავილახები!


გაზაფხულო, ლამაზო 


ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო?
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?


მამალი


როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-
ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.-
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა...
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.


სახლობანა
ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაში
მოვირბინე ეზო,
წამო ჩემთან, სახლობანა
ვითამაშოთ, რეზო!
რა კარგია, ჩხუბს და ცემას
ვეღარ გამიბედავ,
შენ იქნები ჩემი შვილი,
მე ვიქნები დედა.
მე ბაზარში გავიქცევი,
ხელს ნუ ახლებ ამას. . .
არაფერი დააშავო. . .
დაუჯერე მამას.
მაინც ჩხუბობ? მაინც მირტყამ?
ასე იცი მუდამ.
არ გრცხვენია, უსირცხვილო,
დედას ცემა უნდა?!

საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფიქი ცვივა.
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს,
და გისურვებთ, რომ თქვენს გულში
არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული,
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.


უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.