THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დიდთოვლობისას

არჩილ სულაკაური

გარეთ თოვს...
ფანჯრიდან ვხედავ, როგორ თოვს გარეთ და თეთრად როგორ იბარდნება სახურავები, ხეები, ქუჩა და ხალხი. ახლახანს დაიწყო ბარდნა. დაიწყო უცებ, მოულოდნელად, ქუჩას თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნის. ჰაერში პეპლის ფრთისოდენა ფთილები დაუსრულებლად ირევა და ეფინება ყველაფერს, რაც კი გარეთაა.
- თოვს, - მესმის მეორე ოთახიდან ცოლის ხმა, - გაიხედე.
ცოლს ხმაზე ვატყობ, თოვლის მოსვლა უხარია და ვეუბნები:
- ვხედავ.
- ასეთი თოვლი დიდი ხანია არ მინახავს.
არც მე მინახავს დიდი ხანია...
ბუსუსიანი, დიდ-დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობა და მაშინვე დნება.მინა გარედან სველია და გამდნარი თოვლის წვეთებით დასერილი.
ფილაქანზე მოკიდებულ თოვლს გამვლელები თანდათან ტკეპნიდნენ. მე არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ხრაჭუნებს გამვლელთა ფეხქვეშ ახალი თოვლი.
ეზოდან თბილადშეფუთული, ლოყებდაწითლებული ბავშვები გამორბიან, თან ციგები გამოაქვთ გამოაქვთ და თოვლის ცვენასა და ბარდნაში უჩინარდებიან.
- დაინახე ბავშვები? - მეკითხება ცოლი.
- დავინახე,- ვეუბნები მე.
ოთახში თბილა. ფანჯარასთან, საწერ მაგიდას იდაყვით ვეყრდნობი. ღუმელი ყრუდ, დაგუბული ხმით ბუბუნებს და სითბოს აფრქვევს. კარგია, ოთახში რომ თბილა, ხოლო გარეთ თოვლი მოდის: მგონია, სითბოს ახლა უფრო მეტი ფასია აქვს-მეთქი.
თოვს...
ქუჩა თანდათან ნახატს ემსგავსება და ფიფქების კორიანტელი იდუმალებით მოსავს...ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.
მხარზე ჯერ ხელის შეხებას ვგრძნობ, მერე - თბილი სხეულის.
- ჩვენი ბავშვებიც ასევე ირბენენ თოვლში,- მეუბნება ცოლი.
- რა თქმა უნდა,- ვეუბნები მე,- რა თქმა უნდა, ასევე ირბენენ.
ჩემს თმაში იხლართება ცოლის თითები. ვბრძნობ, რაღაც უნდა მითხრას, ვიცი, იღიმება და ნახევრად მოხუჭული თვალებით ჩასცქერის დათოვლილ ქუჩას.
-უცნაურია,- მეუბნება ცოლი,- ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. ასე არ თოვდა, მაგრამ კარგი ზამთარი იყო შარშან... კარგი ზამთარი...- იმეორებს განსაკუთრებული კილოთი,- ბასიკის ქუჩით მივდიოდი თავქვე. ფეხი მისრიალებდა და მეშინოდა, არ დავცემულიყავი. ქვევით ბიჭები შევნიშნე - ქუჩის კუთხეში გროვად იდგნენ, გოგოებს გუნდებს ესროდნენ, სწორედ ისე, როგორც ესენი.
მართლაც, ჩვენი ქუჩის კუთხეჩი თოვლში ამოგანგლული ბიჭები ტრიალებდნენ და ჟრიამულით იკლებდნენ იქაურობას, სწრაფად აკეთებდნენ გუნდებს და ქუჩის გაღმა ისროდნენ. მე ვერ ვხედავდი, ვის ესროდნენ, მაგრამ ხანდახან წამოკივლება მესმოდა და ვიცოდი, ჩემი ფანჯრის ქვემოთ შეშინებული და ამავე დროს, მაინც კმაყოფილი ქალიშვილები სხეულის სხარტი მოძრაობით იცილებდნენ გუნდებს და კივილით გარბოდნენ.
-მე იმდენად გუნდის მოხვედრის არ მეშინოდა, რამდენადაც დავარდნის,- მეუბნებოდა ცოლი,- მეშინოდა, გუნდების სროლისას არ გამსრიალებოდა ფეხი და არ წავქცეულიყავი... ამ დროს შენ ჩამოიარე და გთხოვე, ჩაგეცილებინე. სირცხვილი დავძლიე და სრულიად უცნობ ადამიანს ჩემი შიში გაგიმხილე... შენ ისეთი თავაზიანი იყავი... ისეთი კეთილი...
მე ვუსმენ ცოლს და ქუჩაში ვიხედები. გარეთ ისევ ბარდნის. კრამიტის დაბალი სახურავი სულ მთალად დათოვლილა, შეჭვარტლულ საკვამურიდან ბოლქვებად ამოდის რუხი ბოლი, ზევით მიირხევა, იშლება, ფერმკრთალდება და ფიფქებში ქრება.
-მერმე შენ ჩამაცილე რისთაველის პროსპექტამდე, - იხსენებდა ცოლი, - და იქ თავაზიანად დავშორდით ერთმანეთს... რას ვიფიქრებდი, ანდა როგორ უნდა მეფიქრა, თუ...
კარგად არ მახსოვს, როდის იყო, ორი თუ სამი წლის წინათ, შესაძლოა, ოთხი წელიც გავიდა მას შემდეგ... ბაკურიანის პარკში, გორაკზე ნაცნობი ბიჭები და გოგოები შემხვდნენ, ჩემსავით სტუდენყები იყვნენ, ყველას სალმით ვიცნობდი. თხილამურებით ლიბანში წასვლა გადავწყვიტეთ. მეც შევუერთდი და გორაკიდან დავეშვით. ვჩქარობდით. ლიბანში როგორმე მატარებლისთვის უნდა მიგვესწრო, რომ იმავე საღამოს უკან დავბრუნებულიყავით. არც ერთმა არ ვიცოდით ხეირიანად თხილამურებზე დგომა, მაგრამ დავადექით უკვე გაკვალულ სათხილამურო ბილიკს, რომელიც ლიანდაგივით მიჰყვებოდა ხელუხლებელ თოვლს. ბილიკი თავისთავად მიგვასრიალებდა, დიდი სიმარჯვე და ოსტატობა არ გვჭირდებოდა. ერთ რიგად გაბაწრულები მივსრიალებდით თოვლით დაფარულ ფიჭვის ტყეში. ცა მოწმენდილი იყო და მზე გვაცხუნებდა. ქათქათა თოვლი მზეზე ბრწყინავდა და თვალებს გვტკენდა. ჩვენკენ გამორბოდნენ თოვლით დამძიმებული ფიჭვები და სადღაც უკან რჩებოდნენ.
ხანდახან ვრჩებოდით და ტყის დუმილს მივაყურადებდით. შორიახლოს კოდალა უკაკუნებდა ხეს და ამ თოვლიან დიდმყუდროებას ბზარავდა. თოვლით ვისრესდით და ვიგრილებდით გახურებულ სახეს, მერმე თვალებს ვხუჭავდი და მზისკენ ვაბრუნებდით პირს გასათბობად. მერმე ისევ მივსრიალებდთ ხეებსა და დაღვლარჭნილ ტოტებს შორის...
ტყის იქით მზე ჩადიოდა. თოვლზე იისფერი ჩრდილები მოსრიალებდა, ჩრდილები თანდათან იზრდებოდა, უსაშველოდ გრძელდებოდა და ერთმანეთს ეხლართებოდა.
უცებ მატარებლის კივილი მოგვესმა, მატარებელმა სულ ახლოს იკივლა. უნებურად ყველანი შეთანხმებულებივით შევჩერდით, ერთმანეთს გადავხედეთ და სმენად დავიძაბეთ. ახლა კივილი უფრო ახლოდან ისმოდა. ზოგმა ისიც კი თქვა: ბორბლების ხმაური გავიგონეო, მე ბორბლების ხმაური არ გამიგონია და ამიტომ გაჩუმებული ვიდექი. პირველად მოვდიოდი ასე შორ მანძილზე თხილამურებით და უეცრმა შიშმა შემიპყრო. მატარებელს რომ გაესწრო, ღმერთმა იცის, სად მოგვიწევდა ღამის გათევა.
ლიბანში წასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტად ჩათვალეთ. საკოჭავისკენ გავუხვიეთ. იქნებ იქ მაინც მიგვესწრო მატარებლისათვის.
სულ ექვსნი ვიყავით. მე მეხუთე მივსრიალებდი, ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს წინარეთ. მატარებლის ყოველი წამოკივლება გულს მიხეთქავდა. კივილი ხან – ბაკურიანის მხრიდან, ხან – ლიბანისა. შემკრთალი და დაბნეული მივქროდით.
მწუხრის ბინდი მოგვდევდა უკან. თანდათან გვეწეოდა. ისიც ჩვენსავით მოსრიალებდა ტყეში. ხეებს შორის სივრცეს იპყრობდა საღამოს გამჭვირვალე ბინდი, რომელიც ჩვენსკენ შეუბრალებლად მოდიოდა, მოდიოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ მივქროდით.
უკნიდან ძახილი გავიგონე, მივიხედე და შევჩერდი, მეექვსე წაქცეულიყო და ხელს მიქნევდა. მე აღარ მახსოვდა, ვინ იყო მეექვსე. ბინდბუნდში ვხედავდი, შავ, მოძრავ ლაქას, რომელიც წამოდგომას ლამობდა. ხმაზე მივხვდი, ერთ-ერთი ქალიშვილთაგანი იყო, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას. ვალდებული ვიყავი, მივშველებოდი.
როგორც იყო, მივტრიალდი, თხილამურები აჩხა-ბაჩხად გამექცა. კინაღამ წავიქეცი. მერმე კვალში ჩავდექი და სწრაფად მივსრიალდი. წაქცეული ლელა აღმოჩნდა, უნივერსიტეტელი ქალიშვილი, რომელსაც შორიდან ვიცნობდი. იგი მუდამ კეთილად მესალმებოდა და მე სულ ვცდილობდი, მასთან დაახლოებას, თუმცა ვერ მივმხვდარიყავი, მაინც რით მხიბლავდა ეს შავგვრემანი, კაფანდარა ქალიშვილი.
-მე მეგონა, წინ ვიყავი, აქ როგორ გაჩნდი? - გავოცდი.
ლელა უხერხულად ეგდო თოვლზე. თხილამურიანი ფეხები ერთმანეთში გადახლართვოდა. ცდილობდა, ხელით დაყრდნობოდა თოვლს და წამომდგარიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა – მკლავი მთლიანად ეფლობოდა თოვლში.
ლელა იღიმებოდა, თუმცა შევატყვე, ღიმილი სიმწრისა იყო. გაჭირვებით წამოვაყენე, სათხილამურო კოსტუმს ხელთათმნით მოვაშორე მიკრული თოვლი. ქალიშვილი ბილიკზე დავაყენე და ჩემს წინ გავუშვი. დაიძრა თუ არა, მაშინვე ჩაიმუხლა, კოჭზე იტაცა ხელი და სახე ტკივილისაგან დაემანჭა.
ფეხსაცმელი თხილამურისთვის არ მომიშორებია, ისე გავხადე. წინდაც გავაძრე. ფეხი ჯერ გავუზიდე, მერმე დავუზილე. საწყალი გოგო ტკივილისაგან ყვიროდა, ფეხის წართმევას ცდილობდა. ისევ ჩავაცვი წინდა, ჩავადგმევინე ფეხი ფეხსაცმელში და თასმები შევუკარი ...
ფრთხილად დავეშვით ქვევით. ასე ერთხანს ვიარეთ უხმოდ, ჯერ მეგონა, წინ წასულებს დავწეოდით, მაგრამ როდესაც მივედით გზაჯვარედინზე, სადაც თხილამურების მრავალი კვალი ერთმანეთს სერავდა და ერთმანეთში ირეოდა, დავიბენი და შეშფოთებული შევაჩერდი ლელას. არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ლელა მშვიდად იდგა და ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა იქაურობას. ჩემზე იყო მონდობილი, ალბათ ეგონა, ეს გზები თბილისის ქუჩებივით ვიცოდი ...
-მერმე ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით ქუჩებში, - მაწყვეტინებს ფიქრს ცოლი, - შემთხვევით ვხვდებოდით და ვესალმებოდით.
შემდეგ მიამბობს, თუ როგორ გავაჩერე ერთხელ ქუჩაში და როგორ გამოველაპარაკე. მე მესმის ცოლის რბილი, ოდნავ ნაღვლიანი ხმა. თავად სულაც არ არის ნაღვლიანი, მაგრამ ხმა აქვს ასეთი და მე ძალიან მიყვარს მისი საუბრის მოსმენა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამეს იხსენებს ... მაგრამ ახლა გარეთ თოვს და მე ფანჯრიდან გავცქერი დიდთოვლობას. ისევ ბაკურიანი მაგონდება. ის გზაჯვარედინი, სადაც მე და ლელა ვიდექით. ახლა ვერ ვიხსენებ, საით დავეშვით. ის კი მახსოვს, მალე მატარებლის ვიწრო ლიანდაგთან აღმოვჩდით. ლელა იქაც დაეცა და მითხრა ... ფეხი ძალიან მტკივა და სიარულიც გამიჭირდებაო. მე მივიხედ-მოვიხედე, ჩვენი ამხანაგები აღარსად ჩანდნენ, როგორც ეტყობოდა, ისინი სხვა გზით წასულიყვნენ.
ორთქმავლის კივილი ქვევიდან მოგვესმა.
- მგონი, მოვასწროთ, - ვუთხარი ლელას, - სადგური ახლოს უნდა იყოს.
მოვიხსენი თხილამურები და ლელასაც მოვხსენი. ორი წყვილი თხილამური მხარზე გავიდე და ლიანდაგს ქვევით გავყევი. ლელა კოჭლობით მომდევდა, უკვე ბნელოდა და ლელასაც ვაჩქარებდი, მინდოდა მატარებლისთვის მიმესწრო სადგურში.
ლელა მეხვეწებოდა, - ნელა იარეო. მე იმის შიშით, რომ ღამე გარეთ არ დავრჩენილიყავით, თითქმის გავრბოდი. მხარზე გადადებული თხილამურების ლითონის სამაგრები ხანდახან სახეზე მომედებოდა და ისე ამიწვავდა, თითქოს ცხელი შანთით მდაღავენო.
- მოიცადე, - მეძახდა უკან დარჩენილი ლელა, - აღარ შემიძლია.
ჩემი აზრით, მოცდა აღარ შეილებოდა. გაბრაზებული ვუყვიროდი და ისეც მორჩილად მომყვებოდა კოჭლობით.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ მესმოდა:
- შევისვენოთ, სული მოვითქვათ.
- სულ ცოტაღა დაგვრჩა. არ გესმის მატარებლის ქშენა?
- რანაირი ყოფილხარ!
- ხომ ხედავ, როგორიცა ვარ, გამოადგი ფეხი!
- შენ წადი, თუ გინდა, მე აღარ მოვდივარ.
- აქ აპირებ დარჩენას?
- ჰო, აქ ვაპირებ.
- გამოადგი ფეხი!
- არ წამოვალ, არ წამოვალ! .. აქ დავჯდები ლიანდაგზე და არ წამოვალ! .. გაიგე, არ შემიძლია!
ლელა მაინც მომყვებოდა. ეცემოდა, დგებოდა, ისევ მომდევდა. მე წინ მივიწევდი ღამეში. ლიანდაგები ელავდნენ და ამ ცივ ელვას მივყვებოდი ბრმად: ხანდახან ვყოვნდებოდი და უკან დარჩენილ ლელას ველოდებოდი, ხან ვუყვიროდი, ხან ვამხნევაბდი. მე ჩემი თავი ნებისყოფიან კაცად მიმაჩნდა და მინდოდა, ამ იარაღით მემოქმედა უკან კოჭლობით მომავალ, მოწუწუნე ადამიანზე.
ლელა ატირდა, ამიჯანყდა. მის ტირილზე გული მომივიდა. ნერვები დამეწეწა. ისევ ვუყვირე, კი არ ვუყვირე, ვუბრძანე,- ტირილი შეწტვიტა.ლელა გაჩუმდა, ტირილი შეწყვიტა...
მოდიოდა, ეცემოდა, დგებოდა და ისევ მოდიოდა...
ცოლი რაღაცას მეუბნება. ვერ გავიგე, ვთხოვე, გამიმეოროს და ისიც მიმეორებს:
-ასე მგონია, სხვისთვის თოვს.
გაოცებული ავხედავ ცოლს.- უცნაურია, არა?- მეუბნება.
ვიღიმები და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ:
-ჰო... რამე დასალევი მომიტანე...
ცოლი ღვინოს მისხამს ჭიქაში და მოაქვს.
- შენ არ გინდა?
- არა.
- სულ ცოტა ერთი ყლუპი...
- არა. არ შეიძლება.
- მართლა, შენთვის არ შეიძლება.
მე ნელ-ნელა ვწრუპავ ქარვისფერ, სურნელოვან სითხეს და სიგარეტს ვაბოლებ.
...ბოლოს გამოჩნდა სადგური და მე შვებით ამოვისუნთქე, სიხარულის ყიჟინა აღმომხდა:
-აგერ, სადგური!
მატარებელი ბაქანს მისდგომოდა, ორთქლმავალი ქშინავდა და მილიდან ბოლთან ერთად ნაპერწკლებს ისროდა.
უხმოდ შევვარდი სადგურის შენობაში. იქ თბილოდა, ღუმელი ყრუდ ბუბუნებდა. გახურებული და გაოფლილი ვიყავი, მაგრამ ის სითბო მაინც მეამა და სიამოვნებისაგან შევიშმუშნე. ბაკურიანამდე ორი ბილეთი ვიყიდე და ერთ წამში გავჩნდი ვაგონის კიბესთან, სადაც დაღლილი და გაწამებული ლელა მელოდებოდა.
ერთ-ერთ ვაგონში ჩვენს ამხანაგებს მივაგენით და იქვე კუპეში მოვთავსდით. მე ვუსაყვედურე ბიჭებს შუა გზაზე ჩვენი მიტოვება, მათ გაიღიმეს და არაფერი მიპასუხეს. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ იღიმებოდნენ საეჭვოდ და ალმაცერად რატომ უმზერდნენ თოვლით გაგანგლულ ლელას. მეორე ქალიშვილი, რომლის სახელი ახლა აღარ მაგონდება, გაბუტულივით იჯდა განზე და ლელასკენ არც იხედებოდა. მე გახარებული ვიყავი, რომ მოვასწარით მატარებელში ჩასხდომა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
პატარა ვაგონი მოთხილამურეებით იყო გაჭედილი.გაუთავებელი ლაპარაკი ისმოდა. ყველა ცდილობდა სხვისთვის დაესწრო შთაბეჭდილებების გაზიარება, ვაგონის ბოლოში ვიღაც ბიჭები მღეროდნენ.
მატარებელმა ერთი შეჰკივლა და ბაკურიანისაკენ ქშენით და ქოთქოთით შეუდგა აღმართს. მე ლელასკენ გადავიხარე და ხმადაბლა, თითქმის ნიშნისგებით ვუთხარი:
-ასე არ სჯობდა?!
ლელა დუმდა და ფანჯარაში იხედებოდა, უკან რჩებოდა მკრთალად განათებული, თოვლით გადაგლესილი ბაქანი, სადგურის პატარა შენობა, რომლის საკვამური ბოლავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე.
ლელას შალის სვიტერსა და შარვალზე თოვლი შეადნა და გარკვევით ემჩნეოდა სველი ლაქები. ეტყობა, შესცივდა. კუთხეში მიიყუჟა და თვალები დაზუჭა. წამწამების ჩრდილი დაღლილსა და გაფითრებულ სახეზე ეცემოდა. სინათლე აწეწილ თმაში ალაგ-ალაგ გამდნარი თოვლის წინწკლებს აციმციმებდა.
მატარებელი კივილით მიჰყვებოდა აღმართს, გზადაგზა სვლა უჭირდა, ჩერდებოდა კიდეც, თითქოს სულს იბრუნებსო. მერმე ისევ მოიკრებდა ღონეს, თოვლიან ტყეებს შეჰკივლებდა, ერთს ლაზათიანად შეგვანჯღრევდა და ბორბლების გრუხუნით დაიძრებოდა.
“ასე არ სჯობდა?!“ ვიმეორებდი დაუფიქრებლად, თითქოს ჩემთვის ვღიღინებდი ნაცნობ სიმღერას, მაგრამ უცებ გავიფიქრე: “რატომ სჯობდა ასე?“ რა მოხდებოდა, არ ავჩქარებულიყავი, მხარში შევდგომოდი ლელას და ფრთხილად წამომეყვანა, რომ ნაღრძობი ფეხი არ გაღიზიანებოდა. ასე მოვიდოდით სადგურში... ბოლოს და ბოლოს სადგურში გავათევდით ღამეს, იქ ხომ ღუმელი ენთო და თბილოდა...
ვგრძნობდი, ლელას ფეხი სტკიოდა და ითმენდა. იმასაც ვგრძნობდი, თვალები რომ გაეხილა, ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა და ატირდებოდა. ამიტომ მოიმძინარა თავი. ძილი ნიღაბივით ააფარა მწვავე ტკივილებს.
ვაგონში ვეღარ გავძელი და ბაქანზე გავედი. ბაქანზე ყინავდა და ვინანე, რომ გამოვედი. უკან შებრუნება მინდოდა, მაგრამ ლელასი მრცხვენოდა... მაინც რატომ მეშინოდა, მატაებელს არ გაესწრო... რა ლაჩრულად გავყურებდი ღამეს.
მატარებელი მიჰკიოდა ბაკურიანის დათოვლილ ტყეებს. ბაქანზე ვიდექი და გავცქეროდი ღამის სიბნელეს. უცებ მომეჩვენა, მატარებელს ვიღაც აედევნა. მე თითქოს მოძრავ ლანდს ვხედავდი და ლანდი კოჭლობით მორბოდა. ვაგონში ისევ მღეროდნენ ბიჭები. სიმღერა ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა, რადგან მოთხილამურეებს უკვე დაეცხროთ ლაპარაკის ჟინი და დაღლილები თვლემად მიგდებულიყვნენ.
- შენ თავაზიანიც იყავი და უშიშარიც... შენ არ შეგეშინდა იმ ბიჭების, გუნდებს, რომ ისროდნენ...- მესმის მეორე ოთახიდან ცოლის ხმა.
ოჯახში თბილა, ღუმელში ცეცხლი ანთია. სარკმელს მიმდგარა გარეთ ისე ვიხედები, როგორც თევზი აქვარიუმიდან. გავცქერი დიდთოვლობას და ჩემთვის ვამბობ: აჰა, მოვიდა დიდი ზამთარი!
ჩემი ცოლი ოჯახში ტრიალებს და ძალიან უხარია თოვლის მოსვლა, რადგან თოვლი ჩემთან შეხვადრას აგონებს... ცოლს ზედმიწევნით ახსოვს ყველაფერი...
გარეთ თოვს...