THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ქორწილი ქილაში ანუ ღვთის წყალობა

თამარ გაბროშვილი

ბაღჩაში ხასხასებენ ჩითილები. პამიდვრის ერთი ჩითილი გამორჩეულად მაღალი და მშვენიერია. დღედაღამ მოკითხვას უთვლის შორიახლოს აყოჩებული კიტრის ჩითილი.
ქა, რა დროს მაგათი სიყვარულია, ჯერ ყვავილობაშიც კი არ არიან... ცხოვრება წინ წავიდა, ლამისაა აღმოცენებამდე, ჩანასახშივე გაჩნდეს ეს გრძნობა, ვერაფერს გაიგებ, ღმერთმანი... ჭორაობენ ჩითილები. ბაღში ერთი ფუსფუსია. გამოფენილა ქალი და კაცი, მიწას ამუშავებენ, თოხნიან, კვალავენ, პაწია ორმოებში გადააქვთ ჩითილები, რწყავენ, თავს დასტრიალებენ.
პირველი ყვავილი, პირველი ნაყოფი ჩვენმა გამორჩეულმა პამიდვრის ჩითილმა გამოიღო, დასრულდა, გავარდისფრება რომ დაიწყო, სარზე აცოცებულმა შეყვარებულმა შუშა კიტრმა ლამის თავი ჩამოიხრჩო, ათასიდან მხოლოდ ამ ერთს ვხედავ და ცოლად ამის მეტს არავის მოვიყვანო.
აქეთ პამიდორი ღუის, იქით კიტრს კიტრად მოაქვს თავი. საპატარძლოდ ისე ემზადება პამიდორი, მის ჩაკბეჩას არაფერი სჯობს, მაგრამ როგორ ჩაივლის ქორწილი, როდის იქნება, არავინ იცის...
მწკრივად დარგულ პამიდვრებს კვალდაკვალ ჩამოუვლის მაცოცხლებელი წყალი და საქალბატონე პამიდორს ჩამოუტანს ჟრუანტელით დასუსხული კიტრის ფოთოლბარათს:
“მიყვარხარ, ვეღარ ვძლებ უშენოდ!”
შეკუნწლული სამურაბე და სამარინადე მეზობელი პამიდვრები მაყრიონში წასავლელად ემზადებიან.
გამრჯე და საზრიანი დიასახლისი თვალდათვალ და გულდაგულ არჩევს ლამაზ-ლამაზ პამიდვრებს და კიტრებს. ზამთრის თადარიგს იწყებს.
მოწყვიტა საპატარძლო პამიდორი. ვაი, დაიძახა პამიდორმა.
მოწყვიტა სასიძო კიტრი. ვუი, ამოიკვნესა კიტრმა.
მაყრიონიც თან მიაყოლა.
ათლიტრიან მინის ქილაში ყველაზე გამორჩეულ ადგილას, ნიახურისფოჩიან მაგიდასთან აყვავებული კამის სკამებზე ერთად ჩამოსხა ნეფე-დედოფალი კიტრი და პამიდორი. ნეტა გენახათ, რა ბედნიერად უღიმოდნენ ერთმანეთს. ახლო ნათესაობა და მეზობლობა იქ იყო. კიტრებს წელზე წიწაკის ხანჯლები უელავდათ, ნიორს ფაიფურის კბილებს შუა შავი პილპილის მარცვლები სასაცილოდ გაჩროდა, ყველა გაბადრული იყო. ერთადერთი პირშუშხა დარდობდა: ესეც ნანატრი ქორწილი, მაგრამ რად გინდა, ეს ბედნიერი და მშვენიერი წუთები მალე დამთავრდება, ცხოვრება კანს გაგაძრობს, თანაც არაერთხელ, შენი სიყვარული თაფლობის თვეს თან გაჰყვება, მანამდე თუ შეგეწია, ეგეც საკვირველია... ნეტა შეგვეძლოს ცხოვრების სხვაგავარად მოწყობა, მაგალითად, ბუნების მიმოქცევის უბრალო მსხვერპლნი არ ვიყოთ, ამ ქორწილს მაინც ჰქონდეს ისეთი ღირებულება, ამდენ მხიარულებად რომ ღირდეს, სულ ჭამა და სმა, ვერაფერი გამიგია, ალბათ, ჩემი მწლაკე, არომატული გენი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ღრმად ჩავწვდე ამ უთავბოლობას... ან ჩემი ბუზღუნით რას გავაწყობ...
ქორწილი გაჩაღდა.
აბა, მთელ მაყრიანს ნეფე-დედოფლის წყალი გადაგსხმოდეთ! ჩაირაკრაკა ქილის ყელში ჩაიდნიდან ჩამოსხმულმა ქაფქაფა წყალმა.
კიტრებმა მართლაც ვაჟკაცურად გაუძლეს, მაგრამ პამიდვრებს თხელი კაბები ზედ შემოასკდათ და სირცხვილით კიდევ უფრო გაწითლდნენ.
მერე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ქილიდან ნათლობის წყალი უკან გადმოღვარეს:
სუფრას მარილი აკლდაო! და მოვიდა მამიდა მარილი, ბიძია ძმარიც თან მოიყოლა.
ახლა რაო? რა ჭკვიანია დიასახლისი. ვაითუ, ათლიტრიანს ათი ტაბლეტი არ ეყოსო, ცამეტი ტაბლეტი უცხოური ასპირინი დაფშვნა და, ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე, მოქეიფეებს თავზე დააყარა.
თამადას წინათგრძნობამ არ უმტყუნა, ნიახურის ფოჩს მოეჭიდა და წამოიმართა:
ახლა, მეგობრებო, ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი დგება. ჩვენ დამოუკიდებელი ოჯახის სადღეგრძელო უნდა შევსვათ, ნეფე-დედოფალმა ერთმანეთს აკოცოს და სურათი გადავიღოთ, რათა ეს განუმეორებელი წამი მარადისობას შერჩეს. Kკიტრებმა ცერეცოს ბაფთები, პამიდვრებმა კი დაფნის გვირგვინები შეისწორეს და თქვენც კარგად იყავით, ისინიც, მდუღარე წყალი თავზე კიდევ ერთხელ ჩამოესხათ და მარჯვე დიასახლისმა ოქროსფერი თავსახური ქილას მჭიდროდ შემოახუფა.
დიდებული სურათი გამოვიდა. ქილიდან მშვენივრად გამოიყურებოდნენ ერთმანეთს ჩაკონებული ნეფე-პატარძალი.
ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ქორწილი ბნელი სარდაფის ერთერთ თაროზე დაბინავებულ ქილაში, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა.
ოჯახის დიასახლისმა ვაჟიშვილის დაქორწინება გადაწყვიტა. შესაფერისი საპატარძლო შეარჩიეს და ქორწილის დღეც დანიშნეს. დაიწყეს სამზადისი.
ქორწილის დღეს შესანიშნავი ამინდი დადგა და მდიდრული სუფრა ღია ცის ქვეშ გააწყვეს, მოკლედ, ჩიტის რძეც არ აკლდა. გახსნეს ჩვენი ქილაც, თეფშებზე დაწყობილი წითლად მოკვარკვარე პამიდვრებისა და ქართულ ჩოხაახალუხში გამოწყობილი კიტრების მადისაღმძვრელი სურნელი მთელ სუფრას მოეფინა.
მოგროვდა ხალხი და ქორწილიც დაიწყო.
შექეიფიანებულმა ხალხმა სიმღერა წამოიწყო და ჰოი, საოცრებავ, ბანი მისცა ქილიდან ამოსულმა და მთელ სუფრაზე გაშლილმა მაყრიონმა... ბანიო, ვამბობ, მაგრამ ეს იყო მრავალხმიანი ღვთიური საგალობელი. ყველა გაოცდა, გაკვირდა, მიაყურადეს და დარწმუნდნენ, ამ არაჩვეულებრივ ხმას ნამდვილად ჯადოსნური მწნილეული გამოსცემდა.
რა კარგად მღერიან თურმე... მაგათი შეჭმა როგორ შეიძლება...
აუუ, ზუსტად მაგიტომ არიან კარგი ჩასახრამუნებელ-ჩასაწუწნები... მათი ტკბილი ხმა, გემო, არსი მთლიანად ჩვენში გადმოვა და ჩვენც მათსავით ძლიერნი და მშვენიერნი გავხდებით! ედავებოდნენ უმეტესნი.
ცაზე შავი ღრუბელი აიგრაგნა. ისე ჩამოშავდა და ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, სამყარო თითქოს დანგრევას აპირებდა. ხალხი წამოიშალა და თავქუდმოგლეჯილი, ვინ საით გარბოდა არ იცოდა, თავშესაფარს ეძებდა, მაგრამ გადაუღებელმა თავსხმა წვიმამ ყველა და ყველაფერი წყალში აატივტივა. მხოლოდ მარინადგამოვლილი, წყალში განბანილ-განახლებული რჩეულ-რჩეული კიტრები და პამიდვრები გადარჩნენ, მთელ სამყაროს მოეფინნენ, გამრავლდნენ და გაიხარეს.