THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კნუტის ზამთარი

ნატალია აბრამცევა
(თარგმანი მაკა ლდოკონენის)



სოფლის განაპირას, ხის პატარა სახლში, ბაბუა კნუტთან ერთად ცხოვრობდა. სახლში წრუწუნაც ბინადრობდა, თუმცა, ამას არც ბაბუა იმჩნევდა და არც კნუტი, თორემ მისი გაგდება მოუწევდათ - აბა ვინ აიტანს თაგვს სახლში?!
წრუწუნა უწყინარი და მშვიდი არსება გახლდათ. არ ხმაურობდა, მხოლოდ იატაკზე დაყრილ ნამცეცებს მიირთმევდა და კვლავ თავის სოროში ბრუნდებოდა.
ბაბუასთან, კნუტთან და წრუწუნასთან ერთად ოფოფიც ცხოვრობდა. სახლში კი არა, იქვე, ძველი მუხის ფუღუროში. ჩამოსკუპდებოდა ხოლმე მუხის ტოტზე, ქოჩორსა და მარაოსავით გადაშლილ კუდს შეისწორებდა და ბაბუას აი ასე ესალმებოდა: “უდუ-უდუ-უდუ-დუ!”
ხის სახლის ფანჯრების წინ მშვენიერი ვაშლის ხე იზრდებოდა, სახელად აგრიპინა. ეს სახელი ვაშლის ხეს ბაბუამ დაარქვა. თუმცა, არავინ იცის რატომ. აგრიპინა გემრიელ ნაყოფს ისხამდა და, როგორც ბაბუა ამტკიცებდა, ჭკვიანი და კეთილი ხე იყო.
აი, ახლა ყველაფერი იცით და შემიძლია ისე დავიწყო ამ ამბის მოყოლა, როგორც ნამდვილ ზღაპარს შეეფერება:
იყო და არა იყო რა, იყო ბაბუა კნუტით, წრუწუნა, მშვენიერი ოფოფი და ვაშლის ხე აგრიპინა. ცხოვრობდნენ მშვიდად: მზე ათბობდათ, მწვანედ მოხასხასე მოლი ახალისებდათ, ნაირფერი პეპლები თავს დაფარფატებდნენ.
თუმცა, სამ-ოთხ თვეში დღეები დამოკლდა, მზემ ძალა დაკარგა, წვიმა გახშირდა და ყველამ მოიწყინა.
ერთ დღეს ბაბუამ კნუტს ზურგზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
- არ იდარდო, პატარავ, მალე ზამთარი მოვა და გამხიარულდები.
“- ზამთარიო? ზამთარი ვინღაა?” - გაიფიქრა კნუტმა, - “ჩვენთან რა უნდა? აქ უნდა იცხოვროს? როგორ დავეტევით? თუმცა, თუ კარგი ვინმე აღმოჩნდა, სივიწროვეს გავუძლებ კიდეც... ნეტავ როგორია ეს ზამთარი?”
საქმე ის გახლდათ, რომ კნუტი გაზაფხულზე გაჩნდა და ზამთარი ჯერაც არ ენახა.
- ვის ვკითხო ზამთრის შესახებ? - აფორიაქდა კნუტი და სწორედ ამ დროს ოფოფის “უდუ-უდუ-უდუ-დუ!” შემოესმა. ხესთან მიირბინა, ტოტზე აცოცდა და დაუძახა:
- ოფოფო, გთხოვ, დამეხმარე!
- სიამოვნებით. - უპასუხა ოფოფმა.
- მითხარი, ზამთარი ვინ არის?
- ოოო! - ოფოფმა ქოჩორი შეისწორა და მედიდურად დაიწყო მოყოლა, - ყველაფერს თანმიმდევრულად აგიხსნი, პატარა კნუტო: ჯერ ერთი, რომ ზამთარი “ვინ” კი არა “რა” არის! მეორეც, ზამთარი პირადად ჩემთვის თბილი ქვეყნებია და მესამეც, სწორედ დღეს მივფრინავ იქ!
- ზამთარში? აი თურმე რაში ყოფილა საქმე! მაშ ზამთარი ქვეყანაა?
- მგონი გასაგებად ვსაუბრობ! - გაბრაზდა ოფოფი, - პირველად ზამთარს რამდენიმე წლის წინ ვესტუმრე, მახსოვს, მაშინაც წვიმები მოხშირდა, პატარა ვიყავი და საშინლად დავიბენი, არ ვიცოდი სიცივეს როგორ გავუმკლავებოდი, მაგრამ უფროსმა ჩიტებმა ამიხსნეს: დროა გზას გავუდგეთ, წინ ზამთარი გველისო და გავფრინდით. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მწვანე პალმებიან და ლურჯ ზღვიან ქვეყანას მივაღწიეთ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ზამთარი სწორედ იმ თბილ ქვეყანას ერქვა. გასაგებად აგიხსენი? - მკაცრად ჩაეკითხა ოფოფი.
- გასაგებად კი ამიხსენი, მაგრამ... მაინც დავიბენი: შენ ამტკიცებ, რომ ზამთარში მიფრინავ, ბაბუა კი ამბობს ზამთარი თავად მოდის ჩვენთანო. ეჰჰჰ! . . წავალ, აგრიპინასაც ვკითხავ.
- ნება შენია, - ამაყად აიქნია ქოჩორი ოფოფმა და “თავის ზამთარში” გაფრინდა.
კნუტმა აგრიპინასკენ გასწია, მაგრამ ვაშლის ხე დაკავებული დაუხვდა: ბაბუას ტოტებს უწვდიდა, მოხუცს იოლად რომ მოეკრიფა არომატული და ხასხასა ყვითელი ვაშლები. როდესაც კალათა ვაშლებით გაივსო, ბაბუა სახლში შევიდა, კნუტი კი აგრიპინას მიეპარა, წინა თათები მიადო და ჩაიკრუტუნა:
- ეჰ, აგრიპინა, როგორც ჩანს, არაფერი გამეგება ამ ქვეყანაზე! იქნებ თქვენ დამეხმაროთ...
- სიამოვნებით, პატარავ.
- მითხარით, თუ შეიძლება, ვინ არის... არა, არა, ვინ კი არა, რა არის ზამთარი?
- ზამთარი “რა” კი არა “ ვინ” არის, - შეუსწორა აგრიპინამ, - ვინაიდან იგი მშვენიერი ჯადოქარია, რომელიც ხანგრძლივი წვიმების შემდეგ მობრძანდება და ხეებსა თუ ბუჩქებს საოცარი თეთრ ქურქით მოსავს. თავიდან ეს ქურქი ცივი გეჩვენება, მაგრამ მერე გათბობს და თანდათან ტკბილად და ღრმად გაძინებს. დიიიდხანს, დიიიდხანს გძინავს და ზღაპრულ სიზმრებს ნახულობ, ხოლო როდესაც გაიღვიძებ, ჯადოსნური თეთრი ქურქი აღარ გაცვია, სამაგიეროდ დასვენებული, ძალით აღსავსე ხარ და სულ მალე საღ ფოთლებს, ლამაზ ყვავილებსა და გემრიელ ნაყოფს ისხამ. ზამთარი კი ამ დროისათვის უკვე სადღაც შოოორს, შოოორსაა... გაიგე, პატარავ?
- გავიგე, გავიგე, მაგრამ, - კნუტი ჩაფიქრდა, - რასაც თქვენ ყვებით, სულაც არ გავს ოფოფის ნაამბობს.
- თუ გსურს გაიგო ვინ არის ჩვენ ორს შორის მართალი, კიდევ ვინმეს ჰკითხე ზამთრის შესახებ, - ურჩია ვაშლის ხემ დაბნეულ კნუტს.
- მართალი ხართ, აგრიპინა! - გამხიარულდა კნუტი, თაგვის სოროსკენ მოკურცხლა და დააკაკუნა:
- წრუწუნააა! წრუწუნააა!
თაგვი გაისუსა.
- წრუწუნააა! წრუწუნააა, გთხოვ, გამოდიიი!
- მე აქ არ ვარ, ტყუილად მიძახი, - უპასუხა თაგვმა.
- ვიცი, ვიცი, - დაამშვიდა კნუტმა, - ვიცი აქ რომ არ ხარ, ბაბუამაც იცის და საერთოდ ყველამ, მაგრამ, მაინც გამოდი, ნუ გეშინია! რაღაც უნდა გკითხო, სხვას არაფერს გთხოვ.
- ნამდვილად?
- პატიოსან სიტყვას გაძლევ!
- კარგი, კარგი, - წრუწუნამ სოროდან ცხვირი გამოყო, - აბა, მკითხე!
- ზამთარზე თუ გსმენია რამე?
- ოოო, ზამთარიიი! - თაგვი სოროდან გამოცუნცულდა, - ზამთარი მშვენიერია, ეს... ეს... ეს... , - აღფრთოვანებული თაგვი თავდავიწყებით აცეკვდა კატის თათებთან - არც კი ვიცი როგორ აგიხსნა... ზამთარი არის სითბო, ბუხარში მოგიზგიზე შეშა, ჩვენი ბუხრის გარშემო შეკრებილი პატარა გოგო-ბიჭები, როდესაც გასუსული და თბილად მოკალათებული უსმენ და უსმენ ბაბუას ზღაპრებს! - თაგვი უცებ შიშმა აიტანა და სოროში შეძვრა, - მორჩა, სხვა არაფერი ვიცი! - გამოსძახა იქიდან კნუტს.
სამწუხაროდ ვერც წრუწუნას ნაამბობი დაეხმარა კნუტს იმის გარკვევაში, ვინ იყო მართალი - ოფოფი თუ აგრიპინა. დაღონებული ზღურბლზე ჩამოჯდა და ეზოს გახედა: ქარი აგრიპინას ყვითელ ფოთლებს აფრიალებდა, ცოტა ხანში კი ისევ გაწვიმდა.
კნუტი დიდხანს ფიქრობდა მშვენიერსა და იდუმალ ზამთარზე, თან წუხდა, ადამიანების ენა რომ არ იცოდა და არ შეეძლო ბაბუასთვისაც ეკითხა სინამდვილეში როგორი იყო ზამთარი. ცოტა ხანში ძილი მოერია, ბაბუას ფეხებთან მოკალათდა და მთქნარებ-მთქნარებით გაიფიქრა:
“- ნეტავ რას მიპასუხებდა ბაბუა? ეჰჰ, ვინ იცის...”