THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



აკაკი წერეთელი

ლექსები

ამირანი
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა!

ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გააოცა!.. –
და ის ღვაწლი მაგალითად
მიწის შვილთა მან გადმოსცა.

კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!..

ვაშლი და შაქარა

მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო საამო და ნელი.

დიდი ხანია შესცქერის
მაღლა ვაშლს ცელქი შაქარა,
ოჰ, ნეტავ ერთი მოსწყდესო,
ამბობს თვის გულში პატარა.

თითქოს უსმინა ქარმაო,
ხე შეარხია გრიალით,
ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი,
ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით.

ყმაწვილმა ხელი დასტაცა,
ქარს მადლი უძღვნა გულითა
და სახლისაკენ მოჰკურცხლა
აღვსილმა სიხარულითა.

ყმაწვილი და პეპელა

ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.


მახეში გაბმული ჩიტი
ბავშვები:
გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?
ჩიტი:
ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?
ბავშვები:
ვერ შეგელევით, მალხაზო,
აგაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.
ჩიტი:
რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.
ბავშვები:
ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალია
შენთვის ახლავე მზად არი!
ჩიტი:
ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვეობაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!
ბავშვები:
ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით, ღმერთმანი,
ნიავს არ მოგაკარებდით.
ჩიტი:
ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
შეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?
გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

* * *
გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადაიარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.