THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბოროტი რობოტი რობი

ირმა მალაციძე

ყველა იცნობდა რობოტ რობის, ყველაზე ბოროტს მთელს სარობოტეთში. დანარჩენები ჩვეულებრივი რობოტები იყვნენ, რკინის ხელ-ფეხი, რკინის თავი და გულიც კი რკინისა ჰქონდათ, მაგრამ არც ბოროტები იყვნენ და არც არავის აყენებდნენ ზიანს. ცხოვრობდნენ თავისთვის რკინის სახლებში. ყველა მათგანს ძალიან უყვარდა საპოხი ზეთის ყლაპვა. ეს მათი ერთადერთი და ყველაზე საყვარელი კერძი გახლდათ. საპოხ ზეთს სარობოტეთის მთავარი მზარეული, სახელად ზუთია ამზადებდა. მერე რობოტებს რკინის თასებში ჩამოურიგებდა და ეტყოდა:
-მიირთვით, ჩემო კარგებო, ღმერთმა შეგარგოთ. კარგად უნდა იკვებოთ, თორემ დაჟანგდებით და ვეღარ ივლით. რობოტისათვის კი უმოძრაოდ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია.
რობოტებიც გემრიელად შეექცეოდნენ ზეთს და ახალი ენერგიით იწყებდნენ სიარულს. მართალია, ზოზინით და ნელა გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ეს მათთვის უცხო არ იყო. ყველა რობოტი, რომელიც აქამდე შეექმნათ ადამიანებს, სწორედ ასე მოძრაობდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მათ რიგებს სრულიად ახალი, თანამედროვე, ყველაზე ლამაზი და სწრაფი რობოტი, ბატიტო არ შეემატა. ბატიტო ისეთი მშვენიერი, ისეთი განსხვავებული იყო, ყველა აღფრთოვანებული შეჰყურებდა და კეთილი შურით შურდათ კიდეც. რობი კი დაიბოღმა.
-ეს მეტიჩარა ვინაა? - იკითხა მან, როცა ბატიტო დაინახა.
-როგორ, ნუთუ არ იცი? - გაიოცეს სხვებმა, - ეს ხომ ყველაზე მოქნილი, ყველაზე სწრაფი რობოტია, რომელსაც დღემდე უცხოვრია სარობოტეთში, ეს ბატიტოა.
რობი კიდევ უფრო დაიბოღმა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავიდან მოეშორებინა სარობოტეთის ახალი ბინადარი. აბა რა, ტყუილად ხომ არ ერქვა მას ბოროტი რობოტი. მართალია, რობის, ისევე როგორც სხვებს, ტვინის ნაცვლად მავთულებითა და ათასგვარი ელექტრონული სქემებით დახლართული მოწყობილობა ედო თავში, მაგრამ მაინც შეუდგა იმაზე ფიქრს, ეს როგორ მოეხერხებინა. იფიქრა, იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, მძინარეს მიპარვოდა და მისი ცენტრალური სქემა დაეზიანებინა. ყველამ რომ დაიძინა, რობის მოიმარჯვა რკინის საკვნეტელი მაკრატელი და ბატიტოს ოთახში შეძვრა. აბა რა იცოდა, რომ ახალი რობოტი ყველსაგან განსხვავებული გახლდათ და ისეთი დამცავი სისტემა ჰქონდა, რობის აქამდე რომ არც დასიზმრებია. ან კი როგორ დაესიზმრებოდა, რობოტები ხომ სიზმრებს ვერ ხედავდნენ, ან მხოლოდ იმას ხედავდნენ, რასაც თვითონ მოისურვებდნენ - დააპროგრამებდნენ სიზმარს, დაიძინებდნენ და ნახავდნენ. ბევრი მათგანი ასეც იქცეოდა და ისეთ სიზმრებს იპროგრამებდა, როგორიც მოეწონებოდა - ზოგს ბევრზე ბევრი საპოხი ზეთი სურდა ენახა, ზოგს სურდა თავისი თავი ისეთივე თანამედროვე და მოქნილი ეხილა, როგორიც ბატიტო იყო. დილით რომ იღვიძებდნენ, ისეთ კარგ გუნებაზე დგებოდნენ, რომ სულ ავიწყდებოდათ თავისი სხეულის სიმძიმე და მოუქნელობა.
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ღამით რობი ბატიტოს ოთახში შეძვრა მის გასაფუჭებლად. ის იყო, მის მუცელზე მოთავსებულ პატარა კოლოფში მავთულები უნდა გადაეჭრა, რომ უცებ ისეთი ყურისწამღები სიგნალის ხმა გაისმა, მთელი სარობოტეთი ფეხზე წამოცვივდა. გაეღვიძა თვით ბატიტოსაც და როცა მიხვდა, რასაც უპირება ბოროტი რობოტი რობი, საშინლად განაწყენდა.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ შესანიშნავი სიზმარი შეაწყვეტინა, მეორეც იმიტომ, რომ გააოცა მისმა ვერაგობამ. სიზმარს კიდევ ეშველებოდა, ბოლოსდაბოლოს, როცა მოისურვებდა, ხელახლა ნახავდა, მაგრამ რობის რომ მისთვის ზიანი მიეყენებინა, შეკეთებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ღმერთმა ნუ ქნას და, დაზიანება რომ რთული ყოფილიყო, შეიძლება სულაც ვერ შეეკეთებინათ და მისი ჯართზე გადაგდება მოუწევდათ. ამაზე ფიქრი არც უნდოდა ბატიტოს, როგორია, ჯანმრთელი, საღ-სალამათი და ასეთი მოქნილი რობოტის ჯართის გროვაზე გადაგდება, სადაც მას ჟანგი შეჭამდა. არა, ნამდვილად საშინელება იქნებოდა.
სარობოტეთში ყველა განაცვიფრა და აღაშფოთა რობის საქციელმა. ყველა ტუქსავდა მას. მართალია, რობი ბოროტი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა, თუმცა რკინის, მაგრამ მაინც გული. ამიტომ ძალიან ინანა თავისი საქციელი და სთხოვა თანამოძმეებს - ამ ერთხელ მაპატიეთ და მეორედ აღარ ვიზამო. მაგრამ ვინ მოუსმინა. იმდენ ხანს კიცხავდნენ მას და ანამუსებდნენ, რომ საბრალო რობიმ თავის მოკვლა გადაწყვიტა. მეორე დღიდანვე შიმშილობა გამოაცხადა და ერთ გრამ ზეთსაც აღარ იკარებდა. მალე დაჟანგება დაიწყო და სიარულისას ისე ღრჭიალებდა, ყურთასმენა აღარ იყო. შეშფოთდნენ სარობოტეთის მკვიდრნი.
-რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, - თქვა ერთმა.
-მართალია, მერამდენე დღეა, ზეთს აღარ მიირთემვს, - შეწუხებულმა თქვა მზარეულმა ზუთიამ.
-მე მგონი, ზედმეტი მოგვივიდა, მან ხომ მოინანია დანაშაული, - დაფიქრდა მეორე რობოტიც.
-მე ვუშველი მას, - წამოხტა ფეხზე ბატიტო. დიახ, სწორედაც რომ წამოხტა. ხომ გახსოვთ, როგორი მოხერხებული და ელასტიური გახლდათ ახალი რობოტი. იგი რობისთან მივიდა და უთხრა:
-ჩემო კარგო, მე სულ აღარ ვბრაზობ. რაც მოხდა, მოხდა. მოდი, ყველაფერი დავივიწყოთ და ისევ ვიმეგობროთ.
რობი ჩუმად იჯდა, არც კი შეუხედავს ბატიტოსათვის. ამის მიზეზი შეიძლება ორი ყოფილიყო - ერთი, რომ მისთვის სახეში შეხედვის სცხვენოდა, მეორე კი ის, რომ დაჟანგებულ კისერს ვეღარ ამოძრავებდა. ამ შემთხვევაში მე მგონი, მიზეზი ერთიც იყო და მეორეც. ბატიტოს რკინის მათლაფით ზეთის სამმაგი ულუფა მიუტანა და კოვზი მოიმარჯვა.
-მოდი, ჩემი ხათრით, ეს ზეთი შეხვრიპე. თუ გინდა, რომ გაპატიო, დამიჯერე, - მოფერებით უთხრა მან.
რობიმ უარის თქმა ვერ გაბედა და მორჩილად გაუღო პირი. ახლაღა მიხვდა, როგორ მონატრებოდა ზეთი, ლუკმას ლუკმაზე ყლაპავდა. ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო, ჰოდა, ისე მადიანად მიირთმევდა, ლამის იყო, კიდევ ერთი ულუფა მოითხოვა. სულ მალე მისმა სახსრებმა ჭრაჭუნი შეწყვიტა, რობი მხრებში გაიმართა და ძველებურად ყოჩაღად დაიწყო სიარული. მარალია, ბატიტოს ვერ შეედრებოდა, მაგრამ არც ბევრით ჩამოუვარდებოდა. იმის შემდეგ რობი და ბატიტო საუკეთესო მეგობრები გახდნენ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ სარობოტეთში