THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ავთანდილ გურგენიძე

ეს გაზაფხული მობრძანდება
გარბის ყინვა,
გარბის თოვლი,
მზის სხივებით დაზაფრული...
კი არ მოდის,
მობრძანდება
საყვარელი გაზაფხული.
მობრძანდება
გადახატულ
მინდვრებით და ქუჩებითა,
სამ თვეს უნდა იმუშაოს
უხილავი ფუნჯებითა.
სილამაზით
და სინაზით
მარტო თბილისს კი არ მოსავს,
საქართველოს დაამსგავსებს
მწვანე მთების კრიალოსანს.
სიხარული,
სიყვარული
ლანქერივით მოძალდება...
გზა დაუთმეთ,
კი არ მოდის,
გაზაფხული მობრძანდება!


ზარი
ათასგვარი
არის
ზარი -
ხმატკბილი და
ხმანარნარი
თეატრის თუ
კინოს ზარი,
ცირკის ზარი,
კინოს ზარი,
ბინის ზარი...
თითქოს ჩიტი
ჭიკჭიკებსო...
თითქოს ჩვილი ტიკტიკებსო...
ათასგვარი
არის
ზარი -
ხმატკბილი და
ხმანარნარი...
მაინც ყველას მირჩევნია, -
საყვარელი
სკოლის ზარი.


ყურცქვიტა და მელია
ყურცქვიტა და
მელია
ერთად მოიმღერიან:

ეს ქუჩა ხომ ჩვენია,
ეს ქვეყანაც ჩვენია,
მომღერლები მოვდივართ,
მოიღერეთ ყელია,
აბა, დელი-დელია,
აბა, დელი-დელია!..
შუქნიშანთან შეჩერდნენ,
ენთო მწვანე ფერია.
მელაკუდა ხითხითებს:
- ჩემი მინდვრის ფერია!..
ყურცქვიტა კი კისკისებს:
-ეს კომბოსტოს ფერია!
იცინიან,
მღერიან:
- აბა, დელი-დელია!..
- ეს რა ფერი აინთო!?
- უჰ, ყვითელი ფერია! -
მელაკუდა ხითხითებს:
- ეს ვარიას ფერია. -
ყურცქვიტა კი კისკისებს:
- ეს სტაფილოს ფერია! -
იცინიან,
მღერიან:
- აბა, დელი-დელია!..
მერე კიდევ აინთო...
ეს წითელი ფერია!
მელაკუდა ხითხითებს:
- მამლის ბოლოს ფერია!.. -
ყურცქვიტა კი კისისებს:
- არა, ჭარხლის ფერია! -
იცინიან
მღერიან:
- აბა, დელი-დელია!..
გადავიდნენ წითელზე,
შეეცვალათ ფერია,
მოჰყვნენ ავარიაში...
წვანან, ვეღარ მღერიან.
კურდღელს ყური წააჭრეს,
გრძელი კუდი - მელიას;
დაივიწყეს სიმღერა:
“აბა, დელი დელია!..”
ყურცქვიტას და მელიას
საწოლების გარშემო
შევიკრიბოთ ახლავე,
საყვარელო ბავშვებო...

და ვურჩიოთ,
სიმღერა
კვლავ რომ არ ჩაიმწარონ,
მოძრაობის წესები
წესიერად ისწავლონ!


პატარა ფერეიდნელის ნატვრა
ღამით დასიზმრებულო,
ლურჯთვალება იაო,
ჩემი საქართველოდან
მოფრენილო ნიავო,

სურნელება მამულის
გამოიძღვანიეო!..


დათუნა
ამისთანა ამბავი

არც ერთ ტყეში არ თქმულა:
დათვის ბელი - დათუნა
წიგნის კითხვით გართულა.
რა ენაზე კითხულობს?
რა თქმა უნდა, დათვურად.


ბროლია და მელა
- საით გაგიწევიათ,
მელაკუდა-მელია?
- საქათმეში მივდივარ,
საქათმეში მელიან.
გული შეწუხებიათ
ვარიას და ყვინჩილას;
ვერა ხედავ, რამხელა
თერმომეტრი მიჭირავს?!
გავუსინჯავ სიცხეს,
გავუკეთებ ნემსებს,
მივუჯდები, ვუმღერებ

უსაყვარლეს ლექსებს!.. -
გამოენთო ბროლია:
- ეს რაები მესმისო,
საქათმეში რა უნდა
შენისთანა ექიმსო!