THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



არჩილ სულაკაური

ქართული სიმღერა

გიორგის - ჩემს შვილიშვილს
ჯერ საქართველო, გიორგი,
ჯერ საქართველო ვახსენოთ,
რისთვისაც სული გვიდგას და
ქვეყნად რისთვისაც ვარსებობთ!
ვიდრე ჩვენს აგურს დავდებდეთ,
მიმოვიხედოთ გარშემო,
ჯერ საქართველო, გიორგი,
ჯერ საქართველო ვაშენოთ!
თავს სატკივარი არ მალავს,
რამდენიც უნდა დავმალოთ,
ჯერ საქართველო, გიორგი,
ჯერ საქართველო ვამრავლოთ!
გავუუკვდავოთ საწუთრო
ჩვენი სიცოცხლის ვადითო,
ჯერ საქართველო, გიორგი,
ჯერ საქართველო ვადიდოთ!

და სანამ სიტყვა წაგვცდება,
დავფიქრდეთ, რისთვის ვარსებობთ,
ჯერ საქართველო, გიორგი,
ჯერ საქართველო ვახსენოთ!

მამული

არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვე,
როცა აქვეა მტკვარი...
ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...
ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.