THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაკა მიქელაძე

ჩიკი-ჩიკი
ჩიკი-ჩიკი- ჩხიკი-ჩხაკ,
პაპა ჩორკნის ჩიჩილაკს,
რაკ-რაკ, ტაკ-ტუკ, რაკი-რაკ,
_ ბებო რას ჭრიის? _ გოზინაყს.
_ ახალ თოვლზე, სუფთას,
დედა რას შლის? _ სუფრას.
ალაგებს და ალაგებს
ნაირ-ნაირს ნუგბარს,
_ რა გვაკლია? _ ჩიტის რძე
მამა ამბობს: – ვიყიდე.
_ მე დავანთებ სანთლებს,
სახლი ათინათდეს.
უხ-უხ-უხ, რა არი?!
მხიარულობს ბუხარი!
მივუცუცქდი ჩურჩხელებს,
სანამ დროა, უშველეთ.
ტკბილი კვერი, ქადა,
არ ვემდურით მადას.
ჩირიმ-ჩირიმ-ჩირიმ,
ჩამიჩი და ჩირი.
წკირიმ-წკარუნ-წკარე,
ვაწკრიალებთ ზარებს.
ჭიქებს გვივსებს მე და შენ
მაჭარი და ზედაშე.
თოვლს მოკვალავს მეკვლე
საბა, მათე, თეკლე,
გამოაღეთ კარი
სურვილების ზღვარი,
_ აქ რას ეძებ? ნაზუქებს,
თოვლის პაპის საჩუქრებს.
პაპა, პაპებს არ მეტყვი,
თოვლის პაპა რას ჩუქნის?
_ წელს მაჩუქა ჩუბუხი,
პაჭიჭებიც ფაფუკი,
მე მაჩუქეს წიგნი,
და თოჯინა დიდი.
მე – ნაქსოვი კაბა,
_ მეც მაჩვენე, სად გაქვს?
მყავს ახალი ცხენი,
მოსართავი შვენის.
მერე რა რომ ხისაა?
ცხრა მთას გადიჭენებს.
თეკლა, საბა, მათე,
გარეთ თეთრად ბარდნის.
გარეთ გადით, გარეთ,
ვერცხლი ფარავს მთვარეს.
ვარსკვლავების ციმციმით,
ცაზე შობა იცინის.


ცხენის ზღაპარი
ცუმპა-რამპა, ცუმპა-რამპა,
მოგიყვები ცხენის ზღაპარს:
გაცრეცილი ფეტრის ცხენი,
მომწვანო და ბრძენთაბრძენი,
გახლდათ ერთ დროს კოხტა შლაპა,
ამშვენებდა მელოტ პაპას.
განაცხადა ერთ დღეს პაპამ,
დაძველდაო ჩემი შლაპა,
მოიტანა ფუნჯი, წებო,
ნახერხი და ცოტა ბამბა.
მოიმარჯვა ძაფი, ნემსი,
მაკრატელიც აწკაპწკაპა.
ძალზე სწრაფად გაჩნდა ცხენი,
უფრო სწრაფად გაქრა შლაპა.
შევუძინეთ პაპას კეპი,
ცხენს დავარქვით ფეტრის `მეტრი~.
ვინაიდან პაპას თავში,
მიქრი-მოქრის, მოქრი- მიქრის,
ბევრზე-ბევრი საღი აზრი,
უფრო ბევრი ბრძნული ფიქრი,
ამიტომაც ფეტრის ცხენი,
გამოვიდა ბრძენთაბრძენი.
თუ ირწევა სავარძელში,
ბუხრის გვერდით თუ თვლემს პაპა,
პაპას ნაცვლად, ფეტრის `მეტრი~,
ახალ-ახალს ჰყვება ზღაპარს
ცუმპა რამპა, რამპა, რამპა…


თხუპნიები
იკამ, ნენემ, მარი-მურიმ,
მოითხვარეს ცხვირი მურით,
ალხოს, მალხოს, ჩიტმა გნახოს,
ჩამომსხდარან ბუხრის ახლოს.

სხედან მორთხმით, ფორთხვენ ოთხით,
ბუხრის მწმენდთა სადარები,
ხალიჩას და კედლებს შვენის
ფეხისგულთა ნაკვალევი.
იატაკზე დაუხატავთ:
მზე,მთვარე და ვარსკვლავები.
მალე მოვლენ უფროსები,
ნახეთ გულის გახარება!
იკას,ნენეს, მარი-მურის
გაუმართავთ ტაშ-ფანდური.
ხორუმი და განდაგანა,
თამაშობენ ზანგობანას.
იკა,ნენე,მარი-მური,
თქვენს მაგივრად მეწვის ყური.


რა ვაკეთოთ?
რა ხანია ვუცქერ გვანცას,
გვანცა ძერწავს აცა-ბაცა,
_ ეს რა არის? _ ვკითხე როცა,
გვანცამ ძლიერ გაიოცა:
_ რა არის და ცუდი ვაშლი,
_ ეს რა არის?
_ ცუდი ბავშვი,
ცუდი ხარი, ცუდი ცხვარი,
ცუდი, მრუდი მაცივარი,
ცუდი, დაღრეცილი კვახი,
ცუდი, დაბრეცილი სახლი,
ცუდი ტუმბოს ცუდი უჯრა,
დეიდები აჯღა-ბუჯღა,
ცუდი კაცის ცუდი გუდა,
ბიძიები აბდა-უბდა,
ცუდი სპილო, ცუდი თაგვი,
_ გვანცა, რამე ძერწე კარგი!
აღარ გვინდა დაჯღანული,
აღარ გვინდა აცა-ბაცა,
გვანცამ უფრო გაიოცა,
_ აბა, რა ვაკეთოთ?!
გვანცა?!