THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი ჭიჭინაძე

დათუნია დრუნჩა
დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო,
მიდიოდა გზაზე
ღიღინებდა ასე:


- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!


უცებ შეხვდა ვირთხა!
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო! -


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:


- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! -


წინ დაუხვდა ზღარბი
მშიერი და ხარბი.
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო!


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:


- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! -


გადმოუდგა მელია,
მელა კუდაგრძელია,
თქვა : - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო,


რას იზამდა დრუნჩა,
მისცა სამი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:


- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! -


ბოლოს შეხვდა კოდალა
დათვს კი არა ჰქონდა რა!




მზეს თქვენთვის მოულხენია
კალმად ვხმარობ მტრედის ფრთასა
სულ თოვლივით ქათქათასა..
მელნად რასა?- იის ცვარსა
და ქაღალდად გვირილასა...
მზის სხივებს ვწნავ ასოებად,
ფიქრის მეტი რაღა მრჩება?
პირველ რიგში მსურს, მოგმადლოთ
სიკეთე და გამარჯვება!


სიმღერა საქართველოზე
მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო, ლიცლიცაო,

დათოვლილო მთაო,
მთაო, ქათქათაო,
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო,
საქართელოს მზეო,
სულ იგიგზგიზეო.


მინდვრის დედოფალი
გამოფარფატდა პეპელა,
ყვავილებს უძღვნა სალამი...
იამ საუზმე მიართვა,
ბალახმა ასვა ცვარ-ნამი.
წყარომ უმღერა რაკ-რაკით:
- რა კარგი ხარო, რა კარგი!
მზემ გადმოხედა ცხრათვალამ,
მინდვრის დედოფლად ჩათვალა.


ზღარბი
ზღარბო, ზღარბო. ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია?!
დამიკაწრეს თითები
მაგ ჩხუტუნა ნემსებმა...
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება?


ვის მოაქვს ჩვენთან ლექსები
ყვავილებივით ჭრელ-ჭრელი,
და დილის ცვარით სველ-სველი
ვის მოაქვს ჩვენთან ლექსები
ან რისთვის მოაქვთ ლექსები?
ზოგმა თქვა: - ლამაზ ნობათად!
ზოგმა კი - გასართობადა!
ზოგმა ესა თქვა, ზოგმა - ის...
და სუყველანი შეცდნენ.
მე მოკლედ გეტყვით: - რად მოაქვთ?
ჭირსა და ლხინში შემწედ!
ვის მოაქვს? ოქროსნიკარტა
ბულბულებსა და მერცხლებს...


ყაყაჩო და ქარი
ქარო, დაეხსენ ყაყაჩოს,
რას ერჩი, მინდვირს ქალია.
- მიყვარს და, როგორ დავეხსნა,
გულს მიკლავს დიდი ხანია...
- მერე სხვა ყვავილებისკენ
რატომ არ მიგიხარია?
- მთელ ყვავილეთად ისა ღირს,
მაგას რომ გიშრის ხალი აქვს.


რა თქვა ანომ ვანოზე და ვანომ ანოზე
ანომა თქვა ვანოზე,
შეუძლია ვანოსო,
ინატროს და ავდარში
მზე ამოიყვანოსო...


ვანომა თქვა: - რას ამბობს,
ეგ სად შემიძლიაო?
ან მზის ნატვრა რად მინდა,
ანო თვითონ მზეაო.


სულელი ჭილყვავი
ყოველდღე ეკითხებოდა
ჭილყვავს პატარა ჭილყვავი:
- დედი, თეთრ კვერცხში რომ ვიჯექ,
იქაც ჭილყვავი ვიყავი?


-ჭილყვავი იყავ, ჭილყვავი! -
კარგი, დამღალე საშინლად..
- დედი, ჭილყვავი ვიქნები,
რომ გავიზრდები მაშინაც?-


დედამ იფიქრა: ` ეს ბრიყვი
ბოლოს მომიღებს კითხვებით~
და ასე უთხრა: - დამშვიდდი,
მაშინ ბულბული იქნები.


პატარა კაცი
პურს რომ იყიდის პატარა კაცი,
მოთეთრ-მორუხო პატარა ხმიადს,
შეუწითლდება ფერმკრთალი ღაწვი
და პური ფრთხილად შინისკენ მიაქვს.
მძიმე ნაბიჯით მიჰყვება ქუჩას
დარჩენილ ხურდას
მათხოვარს აწვიდის,
მერე ბალღივით შეატეხს ყუას
პურს - თავის მცირე არსობის ნაწილს...
მერე შედგება პატარა სახლთან,
ცოტაოდენ ხანს გასაღებს ეძებს,
თავს შეახსენებს უეცრად ასთმა
და ხელს ცახცახით მიიდებს მკერდზე...
ვიდრე დაღლილი სკამზე დაჯდება,
მას ერთი საქმე კვლავ რჩება კიდევ
ხელის კანკალით მივა სარკმელთან
და პურის ნაფშვენს დაუყრის ჩიტებს.


***
ბანზე რომ თვლემს კატა ჭრელი,
ბრჭყალები აქვს დასაჭრელი.
გაიხრა თაგუნიამ:
დრო დაგიდგა სანატრელი
ძია თერძთან მიცუნცულდა,
მათხოვეო მაკრატელი.
თერძმა უთხრა: ამ საქმიდან
არ გამოვა არაფერი
ეგ კატუნა ჩემი სახლის
მოყვარეა, განა მტერი?!
მოწყენილი გაისტუმრა,
აღარ მისცა მაკრატელი.


***
მოგვიტანა დედიკომ
ჭერა-ჭრულა ბაფთები.
დავიმშვენებთ ნაწნავებს
ლამაზები გავხდებით
მიავ, მიავ აკნავლდნენ
ფისუნია კატები
ცრემლს იწმენდენ თათებით
ჩვენც გვინდაო ბაფთები.
ფისუნების კნავილზე
აწკმუტუნდნენ ძაღლები
ჩვენც გვიყიდეთ ბაფთები
რით ვართ სხვაზე ნაკლები.
ძაღლებს აჰყვნენ ხბორები.
ხბორებს თხა და ციკანი,
ჩვენც გვინდაო ბაფთები,
ლამაზები ვიქნებით.
სახედარმა ყროყინით
სულ დააფრთხო ქათმები
მთელი ძალით გაჰყვირის
ბაფთები და ბაფთები.
აყიყინდნენ ბატებიც,
ჩვენც გვიყიდეთ ბაფთები,
ბაფთებს თუ არ გვიყიდით,
სახლში აღარ დაგხვდებით,
ტყისკენ გავემართებით,
მელიების გავხდებით.
ღრუტუნას კი სიცილით,
გაუწითლდა ღაწვები,
ღრუტუ-ღრუტუს იძახის,
არ მინდაო ბაფთები.
ბაფთები რომ მიყიდოთ
ლაფში ვეღარ ჩავწვები.


***
აქეთური-იქეთური
ცეცხლზე რკინის საკიდური,
საკიდურზე - კარდალა.
კარდალაში - თათარა,
აქეთ - ცალყურა ტურა ზის
იქით - მელა ცალთვალა,
იქვე დათუანიაც გორავს,
ტკბილი მაჭრით დამთვრალა.
ხეზე ყვავი შემოსკუპდა.
ყვანჩალია-ყვანჩალა:
- მეც მაგემეთ ეგ თათარა
ერთი ბეწო, პატარა.
მელაკუდამ უარი უთხრა,
დათვმაც არ გაატანა.
- აქშა, გასწი აქედანო,
ტურამ დაუტატანა.
- რადგან ასე წუწკები ხართ, -
დაემუქრა ყრანტალა,
- აღარავის არ გერგებათ
სულ მე შევვჭამ თათარას,
ჩააფრინდა ნისკარტით და
გაიტაცა კარდალა.


***
ეს რა დაატყდა თავსაო
ყაყაჩოს მინდვრის ქალსაო
წითელი ქუდი ლამაზი
წაურთმევია ქაარსაო.
დგას თავშიშველი ყანისპირს
ცრემლი სდის საცოდავსაო.


**
-კუტკალიავ, საით მიხტი ცანცალით?
- წისქვილისკენ, უნდა დავფქვა მარცვალი.
- ეგ მარცვალი შენია თუ ნაქურდალი?
- ო, რას ბრძანებ, ჩემი გახლავთ, საკუთარი.
- სად მომკე და სად გალეწე ასე ადრე?
- სადაც მოვიხასიათე...

 ***
წევს დათუნა ბუნაგში,
არ აწუხებს ზამთარი,
ან და რა შეაწუხებს
თბილ ქურქშია ჩამთბარი.


ძინავს, ძინავს, სულ ძინავს
შიმშილს როგორ გაუძლებს?
თათი უდევს პირში და
ესეც მისი საუზმე.


წუწნის, ლოკავს დღე და ღამ
და ამ სულელ გოლიათს,
ალბათ თავის თითები
კამფეტები ჰგონია.

ზაფხულის დღე


პურის თავთავმა ოქროსფრად
გადააყვითლა სერი.
მწყერი ქოთქოთებს ყანაში,
კი არ ქოთქოთებს, მღერის.


მთიდან ჩამორბის მთის წყარო,
ჩქერს ემატება ჩქერი,
ყანას ჩაუვლის დუდუნით,
კი არ დუდუნებს, მღერის.


ველზე კეკლუცობს ყვავილი,
ნაირ-ნაირი ფერის,
თავს დაზუზუნებს ფუტკარი,
კი არ ზუზუნებს, მღერის.


ჭალაში ბიჭი დაღლილა,
ჭრელი პეპლების ჭერით,
ახლა შემჯდარა ხის ტოტზე
და გულიანად მღერის.


მწყერი, ცივწყარო, ბიჭუნა,
ხე, ბალახი თუ მწერი,
ეს რა ლამაზი დღეაო,
სულ ყველაფერი მღერის.
თვალხუჭობანა

ყანა-ყანა, ღობე-ღობე,
რა ხანია, თამაშობენ,
მზე და მთვარე, დღე და ღამე,
თვალხუჭობანას.
ხან მზე - მთვარეს,
ხან მთვარე - მზეს,
უთვალთვალებს,
დასდევს, ეძებს.
ეძებს, ეძებს, მაგრამ მაინც
ვერ პოულობს, ვერა.
- მზეო, სად ხარ, თეთრო ქალო?
- ჭიტა მთვარე, აქა ვარო!
მოუხმობენ და ერთმანეთს,
იპოვნიან, სჯერათ.
ყანა-ყანა, ღობე-ღობე,
დღემდე ასე თამაშობენ,
მზე და მთვარე, დღე და ღამე
თვალხუჭობანას.