THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გიორგი წერეთელი

გამოცანები


ფერი ბრიალა ალისა,
სანთელი არის ყანისა,
მოშიშარია ქარისა,
პატრონი შავი ხალისა,
ისე ღაღანებს ყანაში,
სიცოცხლე გამიხალისა.
(ყაყაჩო)


ერთი რამე უმსგავსო,
რქებზე თვალებს კუსავსო,
გზაზე ვერცხლის კვალს ტოვებს,
სახლის თრევით კუს ჰგავსო.
(ლოკოკინა)


საშიში და უხეში
ვერ ბრუნდება ბუდეში,
ის იმ ბუდის მკვიდრია,
ჩოხოსანას რომ ჰკიდია.
(სატევარი)


ზამთაში ვართ საჭმელი,
ხმელი ხილის ნაჭრები,
გვამჯობინებთ ჩურჩხელას,
ისე ტკბილად დავჭკნებით.
(ჩირი)


თავია თავსაფრიანი, -
ატლასიან, ფოჩიანი,
იმისგან აცრემლებული
ბევრი ვნახე მომჩივანი.
(ხახვი)


მშობელმა შობა
მშობელი,
კვეხნით აიკლო
სოფელი.
(ქათამი)


ეკიდება ხეზე კუდით,
შვილი დაჰყავს აჩიკუდით.
(მაიმუნი)


თივის ზვინში
ცეცხლი ღვივის
და არ იწვის
ღერი თივის.
(ციცინათელა)


მოვჭერი,
შანთით გავხვრიტე
ერთი პატარა ღერი,
ენა ჩავუდგი უენოს,
სულს ჩავბერავ და მღერის.
(სალამური)


თითზე ახურავს ბებიას,
რკინის პატარა ქუდი,
პატარა შუბი შებმია,
წვერით კი არა კუდით.
(სათითე)


გაგვზარდა,
დაგვავაჟკაცა
თეთრმა,
თბილმა რძემ
იმისმა.
ცოცხალი ყურძენს გვიჭამდა
დაკლეს,
დაიწყო ღვინის სმა.
(თხა)


ცალ ფეხზე დგას ხშირ-ხშირად,
თევზებს მისი შიში აქვთ,
წყალში ბაყაყს თუ ნახავს,
თავს ნისკარტით უნაყავს.

(ყანჩა)


კურდღელი არა ვარ,
მინდორში დავხტივარ,
წყალში დავცურავ და
ჭაობში ტახტი მაქვს.
(ბაყაყი)


კედელზე ბაწრით მივაბი,
თუმცა დგას ფეხმოუვლელი,
სასმელ-საჭმელი მივართვი,
გაყინული აქვს მუცელი.
(მაცივარი)


ოთხფეხი არის,
მაგრამ რა?
ფეხს არ მოიცვლის საწყალი,
ანთია,
კვამლი არა აქვს,
საწვავს არ რჩება ნაცარი,
აცხობს,
ხარშავს და ადუღებს...
ალბათ მიმიხვდით,
რაც არი.
(გაზქურა)


ორჯერ დაბადებული
ხარივით ძოვს ბალახს,
დაცურავს თუ დადის
ზურგზე ფარი ფარავს.
(კუ)


ცეცხლში ჩააგდებ -
გასკდება,
წყალში ჩააგდებ -
გაქრება.
(მარილი)


კბილები აქვს,
არავის კბენს,
თავს ევლება
თავის საქმეს,
სადაც ის წევს,
არის სარკეც.
(სავარცხელი)


თვალში სინათლე უნთია,
ისე ზღაპრული ყუთია,
ყველა ყუთებში ირჩევა;
ცხრა მთის გადაღმა რაც ნახა,
ცხრა მთის გადმოღმა მიჩვენა.
(ტელევიზორი)


მიხატული,
მოხატული,
უჯრა არის პაწია,
მთელ ქვეყანას გადაწვავს
შიგ რომ შეშა აწყვია.
(ასანთი)


ერთმანეთზე გადაბმული
გზაში გარბის ათი სახლი,
გზა წაქცეულ დიდ კიბეს ჰგავს,
სახლი სავსე არის ხალხით.
(მატარებელი)


ვერ გაივლის
ფეხით მანძილს,
ოთხფეხია,
ზედ ზის კაცი.
(სკამი)


დასუნსულებს კუდიანი
და სასუსნავს დაეძებს,
ჩამოივლის ოთახ-ოთახ,
სანსლავს მტვერს და ნამცეცებს.
(მტვერსასრუტი)


ჰერი, ჰერი,
დავდგი ქვევრი
უთავბოლო,
საკვირველი,
შიგ ჩავანთე დიდი ცეცხლი,
ჩავაკარი ასი კვერი.
(თონე)


ტურა-მელას კარგად ვსჯი,
მგელსაც ვალში არ დავრჩი,
ვარ პატრონის ერთგული
და უთოფო დარაჯი.
(ძაღლი)