THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



იოსებ ნონეშვილი

* * *
ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა.
ჩვენი ქართული - რუსთველის ენა,
ილიას ენა, აკაკის ენა.
ხან ყვავილების ნელი შრიალი,
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.
გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
საამო, როგორც შრიალი ხეთა...
ჩვენ ხომ მას დედა-ენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა.


შემოდგომა


ხილით, ლხენით, ზეიმით
შემოდგომა მოვიდა.
- შემოდგომავ, გვითხარი,
მობრძანდები შორიდან?
- არა ჩემო კარგებო,
შორი მგზავრი როდი ვარ,
მე თვენს ვენახებიდან,
ბაღებიდან მოვდივარ.
- გვითხარ, ასე ბარაქით
ნეტავ ვინ დაგამშვენა?
- ვინა? თქვენი მშობლების
დაუღლელმა მარჯვენამ.
- გვითხარ, რა მოგვიტანე,
აგრემც შემოგევლებით?
- პაპის ხელით მოწვდილი
დაშაქრული მტევნები,
მოსავალი ულევი,
თვალით ჯერ არ ნახული
ნარინჯები კოლხური,
ჩურჩხელები კახური.
- ჩვენგან რაღას მოითხოვ,
შემოდგომავ, ლამაზო?
- მინდა კარგად ისწავლოთ,
მინდა, არ იზარმაცოთ.
მემრის, როცა ოქროსფრად
კვლავ მოგირთავთ ვენახებს,
შემდეგ კლასში ხუთებზე
გადასული მენახეთ!
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი


იაკობ გოგებაშვილს


შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.


გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.


წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.


წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან...


ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი...


წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.


ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.


ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.


ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?... ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია...


ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.


განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა...
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.


დედა


დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


მასწავლებელი
მასწავლებელი - მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი;


მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება;


მასწავლებელი - დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი,
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი;


მასწავლებელი - გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად,
მასწავლებელი - მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა;


მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული,
მასწავლებელი - დედანაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული;


მასწავლებელი - სიტყვაფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული;


მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი,
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.


მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა,
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა.


ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.


მასწავლებელი - გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი,
მასწავლებელი -მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები ოქროცურვილი.


მასწავლებელი - ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი,
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.


მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი,
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
**
ჩვენი ქართული - სიტყვაქართული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა,
ჩვენი ქართული - რუსთველის ენა
ილიას ენა, აკაკის ენა.
ხან ყვავილების ნელი შრიალი,
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.
გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
საამო, როგორც შრიალი ხეთა,
ჩვენ ხომ მას დედაენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა!