THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბუზღუნა იხვი

შორენა ომანაშვილი

ფუმფულა - ეს ყვითელი დედა იხვის სახელია, მიაბიჯებს არეული ნაბიჯებით და თან ჭუჭულებს მოუხმობს თავისთან.
უყვარს ფუმფულას წყალში ჭყუმპალაობა, მზეზე წაძინებაც უყვარს, მაგრამ ვინ აცდის - ოთხი ჭუჭული ჰყავს მისახედი, თანაც თავისი მეგობარი, გიო ბიჭი მოსვენებას არ აძლევს. მართალია, ეზოში გასაბერი აუზით საჭყუმპალაო მოუწყო, მაგრამ ისეთი ონავარია, ფუმფულა როგორც კი დაინახავს, ხასიათი უფუჭდება. აგერ, ამას წინათაც, ჭუჭულები დაუწიოკა, ხელშიც კი აიყვანა და კოცნა დაუწყო. - რა საშინელებაა, პატარებს გულები დაუხეთქა! - ფიქრობდა ფუმფულა,იმას კი ვერ ხვდებოდა რომ გიო ამას სიყვარულით აკეთებდა.
აგერ ახლაც გამოჩნდა გიო ბიჭი, ხელში საკენკი უჭირავს. - ოჰ, რა ველურივით გვიყრის, სულ ზედ დაგვაბნია! - გაიფიქრა ფუმფულამ და ლამაზი, ყვითელი ტანი გაბრაზებით დაიბერტყა. მერე თავის ჭუჭულებს წაუძღვა და გასაბერ აუზში ატეხეს ჭყაპა-ჭყუპი. აი, მამლაყინწაც მობრძანდა და ფუმფულას მიესალმა. - რაო მამლაყინწა, მეზობლის ღობეზე ფრენა მოიწყინე და მობრძანდი? - მიუგო სალამზე ფუმფულამ.
- არა ფუმფულა,შენი ნახვა მომინდა და იმიტომ მოვედი, - სიცილით უთხრა
- ოჰ-ოჰო, წყალში ბანაობა შენ არ იცი და ყვიტყვიტი, რომ ერთად ვიმღეროთ და აბა, რაში მარგია შენი მოსვლა? - ზურგი აქცია ფუმფულამ.
გაბრაზდა მამლაყინწა ფუმფულას უხეშობით....და იმდენი უნისკარტა გასაბერ აუზს სანამ არ გახია, აუზი ჩაიფუშა, წყალი დაიღვარა და ფუმფულა და თავისი ჭუჭულები გუბის გარეშე დარჩნენენ. განაწყენდა ფუმფულა მამალზე, გაირეკა პატარები წინ და ბუზღუნით გასწია - ამ ეზოში არავის ვუყვარვარო..
პატარები კი მამალაყინწას ჟივჟივით შეახტნენ და გაამხიარულეს. სად იყო სად არა, ტალახში ამოთხუპნული გოჭუნაცგამოჩნდა, მობრძანდა და ახალნაბანავებ ფუმფულასთან დაჭერობანას თამაში დაიწყო, სულ ტალახში ამოთხუპნა, თვითონ კი მხიარულად ჭყვიტინებდა. ახლა კი გაცეცხლდა ფუმფულა და ყველას გამოუცხადა:
- მე თქვენთან ცხოვრება აღარ მინდა, უზრდელები ხართ თქვენც და გიოც, ჩემი ფასი არ იცითო! - მოუყარა თავი ჭუჭულებს, გაძვრა ეზოს კარიდან და გზას გაუდგა.
ბევრი ეძახეს მამალმა და გოჭმა:
-ფუმფულა სად მიდიხარ, ჩვენ ხომ გვიყვარხარ და იმიტომ გეთამაშებით, გარეთ საშიშია,
არაფერს გადაეყაროო, მაგრამ ფუმფულა ყურსაც არ იბერტყავდა, მიუძღვებოდა ჭუჭულებს და ამაყად მიაბიჯებდა.
მალე დაბინდდა, ცოტა არ იყოს, შეშინდა ფუმფულა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა,მიაბიჯებდა ამაყად და არც კი იცოდა სად მიდიოდა.
ამ დროს კი სახლში გიო ბიჭი გამწარებული ეძებდა იხვს და ჭუჭულებს. სად აღარ ეძება -ეზოში, საქათმეში, ოთახებშიც კი შეიხედა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბოლოს, დაღონებულმა ფარანი აიღო და იხვების მოსაძებნად გაემართა - იქნებ გარეთ გავიდნენ და დაიკარგნენო. მამალი და გოჭიც გაჰყვნენ, კუთხე-კუნჭულს არ ტოვებდნენ, მაგრამ იხვები არსად ჩანდნენ. საკმაოდ შორს წასულიყო ფუმფულა, როდესაც უცნობი ძაღლის ყეფა მოესმა. შეშინებული ჭუჭულებს ფრთებით გადაეფარა,მაგრამ როცა დაინახა, რომ გაავებული ძაღლი ყეფით უახლოვდებოდა, მიხვდა რომ ვერაფერი უშველიდა და სახლიდან წამოსვლაძალიან ინანა. შვილებზე გადაფარებულმა იხვმა თვალები დახუჭა, მაგრამ მისდა გასაოცრად .....არაფერიც არ მოხდა. პირიქით,ძაღლის წკავწკავი მოესმა და თვალები ნელ-ნელა გაახილა.
ის, რაც დაინახა, ჯერ სიზმარი ეგონა, მერე მიხვდა, რომ მეგობრებმა გადაარჩინეს - მამალი ძაღლს კლანჭებით ჩაფრენოდა და ცხვირში უნისკარტებდა, გოჭი ფეხზე კბენდა, გიომ კი ერთი-ორი სახრე უთავაზა და ავი ძაღლი თვალის დახამხამებაში გადაიკარგა. ფუმფულა გახარებული გაექანა მათთან შესახვედრად,მამალი და გოჭიც მიესიყვარულნენ, თან გამოაჯავრეს - ლამაზი ფეხები დაგსვრია ამდენი სიარულითო.
გზად დარცხვენილმა ფუმფულამ მეგობრებს გადახედა და უთხრა:
- მაპატიეთ ასეთი ბუზღუნა და კუდაბზიკა რომ ვიყავი, მე სულ გიბრაზდებოდით, თქვენ და გიოს კი როგორ გყვარებივართ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს, ჩვენი ეზო კი საუკეთესოა! ოღონდ მამლაყინწა, ჩემს აუზს შეაკეთებ,შენ კი გოჭუნია ჩემი ტალახში ამოსვრა აღარ გაბედო! - თქვა ფუმფულამ.
- შენი გამოსწორება არ იქნება ფუმფულა - შესძახა მხიარულად მამალმა.
- მაგრამ ჩვენ ასეთი გვიყვარხარ, - დაუმატა გოჭუნიამ და გახარებულებმა გიოს ეზოსაკენ განაგრძეს გზა.