THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



“წელიწადის ოთხი დრო”

თამაზ ბიბილური

შემოდგომა
(ნაწყვეტი)

შემოდგომა რთვლით იწყება, გლეხი კაცისათვის იწყება რთველით. თქვენთვის კი შემოდგომის მაცნე პირველი სექტემბერია, სწავლის დაწყების დღე, საზეიმო. რა ხანია ამ დღისათვის მზად იყავით. წიგნებიც შეიძინეთ, ჩანთაც. ვინც თქვენში უფრო ბეჯითია, ვისაც სწავლა მართლა უყვარს და სკოლისაკენ წასვლაც არ ეზარება, ის ხშირად მიდიოდა იმ წიგნებთან, ჩაალაგებდა ჩანთაში და ისევ ამოალაგებდა, გულში კი იმ დილაზე ოცნებობდა, როდის გაუდგებოდა სკოლის გზას, როდის შეხვდებოდა ამდენი ხნის განშორების შემდეგ, ტოლ-მეგობრებს და მასწავლებლებს.
სწავლის დაწყება ვიზეიმეთ და ახლა დროა, რთველზედაც ვიფიქროთ.
როდის იწყება რთველი?
ილია პაპა ტყეში მიდის... ის ილია პაპაა, გაზაფხულზე, ყველაზე ადრიანად რომ დაადგა ვენახის გზას, გასხვლა უნდა დავიწყოო და სოფელი მისძახოდა - ილია პაპავ, რა დროს სხვლაა, ჯერ ისევ თოვლი დევს, ყინვამ არ მოუჭიროს გასხლულ ვაზს, არ გაგიფუჭოს, რა გეჩქარებაო... ის პასუხს კი არ იძლეოდა, თავისთვის გულში ფიქრობდა - ჩემი საქმისა მე ვიციო, თქვენ მუშაობა გეზარებათ, ზამთრის ნეტარ-ყუჩობა და ძილ-ღვიძილობა გაგიტკბათ და არ კი იცით, რომ ვენახი რა ხანია გელოდებათო...
ვენახს გუშინაც დახედა, გუშინწინაც და იმის წინაც. ყურძენი თვალში შესულა, მოსავალს ცუდი პირი არ უჩანს და რთველიც კარზეა მომდგარი. პაპა ახლა ტყეში მიდის, სავენახე გოდრების დასაწნავად, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომა მართლა დამდგარა.
«უკვე აცივდა», ესეც იმის მაუწყებელია, რომ შემოდგომა მართლა მოვიდა.
და მაინც როდის იწყება რთველი? რაღა თქმა უნდა, მაშინ, როცა მთელი სოფელი, დიდიან-პატარიანად, ვენახებში გაიკრიფება. ეს მოხდება სექტემბრის შუახანებში ანუ, ძველებურად, ენკენისთვეში. მერე ენკენისთვეს ღვინობისთვე მოჰყვება. ამ თვის სახელი რთველთან იქნება დაკავშირებული, რაკი ღვინო ნაყოფია რთველისა. და მაინც როდის იწყება რთველიო, თუ დაიჟინებთ, შორს გამხედვარე მოპასუხემ იქნებ ასეც გითხრათ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაზაფხულზე თოვლი ყველგან არც კი გამდნარა, როცა ენძელებიც ჯერ მხოლოდ აქა-იქ ამოწვერილან და ჩვენი პაპაც სასხლავით ხელში პირველად გავა ვენახში.