THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კუკური გოგიაშვილი

თაგუნა და ლამპარი
იყო კუდაბზეკია,
მეტიჩარა თაგუნა,
მოდიოდა სიმღერით:
- ბედმა ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
წინ შემოხვდა ვირთხა
და თაგუნას ჰკითხა:
-ეს რა მიგაქვს თაგუნა?
- ძია ბედმა მარგუნა.
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,
დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
ვირთხამ გადიხარხარა:
- ეგ არა ჰქნა, პატარავ,
დაგიდგება თვალები,
არ ჰქნა, გენაცვალები.
გზა განაგრძო თაგუნამ.
- ბედმა, ეს რა მარგუნა,
ცამპა-ცუმპა, პა-მპა-რი,
გზაზე ვნახე ლამპარი,

დავდგამ ტახტის ბოლოსა,
გავინათებ სოროსა.
საღამო ხანს სოროში
ლამპა დგას და ანათებს
და ლამპარის გარშემო
ბუქნა-ცეკვა გამართეს.
თაგვებს ბედმა უმტყუნა,
გაჩნდა ფისო კრუტუნა,
თათი მაღლა ასწია,
ატყდა გაწამაწია.
ფისომ თაგვი ნაცარა
სადღაც წააცანცალა…
არ ერწმუნა წრუწუნა
ბიძამისის სიმართლეს…
იმის შემდეგ თაგვები
გაურბიან სინათლეს.
ახლაც იქ დგას ლამპარი...
გაგვითავდა ზღაპარი.