THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მშიშარა ჩრდილი

ლელა ცუცუქირიძე

იყო ერთი ჩრდილი.
ისეთი, ისეთი მშიშარა, რომ გარეთ ვერ გაიყვანდით.
კარადის კუთხეში იჯდა და შიშისგან სულ ცახცახებდა - თავის პატრონისაც ეშინოდა!
პატრონი წესიერი კაცი იყო და ქუჩაში უჩრდილოდ გავლის ძალიან რცხვენოდა.
როგორ არ ეცადა, ერთხელ თავისი ჩრდილი თოკითაც გამოიბა, იქნებ ვეღარ გამექცესო, მაგრამ ჩრდილმა თოკი გადაჭრა და შეშინებული ისევ კარადაში შეძვრა.
დაღონდა წესიერი კაცი. ვეღარც სასეირნოდ გამოდიოდა, ვეღარც ბავშვები მიჰყავდა პარკში სათამაშოდ, ხალხი რას იტყვის, უჩრდილოდ რომ დამინახავსო.
იჯდა სახლში და თანთადან უფრო ღონდებოდა.
შეწუხდა წესიერი კაცის ლამაზი ცოლი, ამდენი დარდისგან ქმარი გამიჭაღარავდებაო. ხან კამფეტები მიუტანა ჩრდილს, ხან ტორტის ნაჭერი, ხან დასამშვიდებელი წვეთები, მაგრამ მშიშარა ჩრდილი კარადიდან ვერც მან გამოიყვანა.
ერთხელ კაცს მოსაწვევი ბარათი მიუტანეს, ქალაქის მერი ძალიან მნიშვნელოვან წვეულებაზე ეპატიჟებოდა მეუღლესთან ერთად.
- ნამდვილად ვერ წავალ, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - აბა, უჩრდილოდ როგორ მივიდე, იქ ხომ ფრიად პატივცემული სტუმრები იქნებიან?
ცოლს ძალიან შეეცოდა, თანაც თვითონაც უნდოდა წვეულებაზე წასვლა და ქმარს უთხრა, მოდი, შენს ჩრდილს ჩემი ჩრდილი მივუგზავნოთ, იქნებ მოეწონოს და გარეთ გამოიყვანოსო.
ნამდვილად გამოიტყუებსო, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა კაცს. ლამაზ ქალს ხომ ლამაზი ჩრდილი ჰქონდა!
ჰოდა, სარამოს, წვეულებაზე წასვლის წინ, კარადის კარზე ნაზად დააკაკუნეს.
მშიშარა ჩრდილმა ჭუჭრუტანიდან გამოიხედა და რას ხედავს!
დგას კარადის კართან ძალიან ლამაზი ჩრდილი. ისეთი, ისეთი ლამაზი, რომლის მსგავსიც აქამდე არ უნახავს, კეკლუცად ირწევა აქეთ-იქით და სწორედ ეს ულამაზესი ჩრდილი უკაკუნებს კარზე!
მშიშარა ჩრდილი ისე დაიბნა, რომ ფერი-ფური წაუვიდა: ჯერ გაშავდა, მერე გათეთრდა, მერე ისევ განაცრისფერდა, გულმა ხომ სულ რაკა-რუკი დაუწყო...
მოკლედ, ლამაზი ჩრდილი ერთი ნახვით შეუყვარდა! გამოყო ცხვირი კარადიდან და ვვვინ გნებავთო, - იკითხა ენადაბმულმა.
- იცით, ამ საღამოს წვეულებაზე მივდივარ და იქნებ ჩემთან ერთად წამობრძანდეთ?
- თვალები ააფახულა ჩრდილმა.
- მმმეეეე? - ძლივს ამოილუღლუღა მშიშარა ჩრდილმა.
- დიახ, დიახ, თქვენ.
- მმმეე... - ჩრდილს ლამის წამოცდა, მეშინიაო, მაგრამ თავი დროზე შეიკავა. ასეთ ლამაზ ჩრდილს უარს როგორ ეტყოდა!
- ძალიან გთხოვთ, წამობრძანდეთ, მარტო წასვლის მეშინია, თქვენზე კი მითხრეს, რომ გულადი და მამაცი ბრძანდებით... თანაც, მე თქვენ ძალიან მომწონხართ, - კეკლუცად შეირხა ჩრდილი და ვითომც შემთხვევით, მშიშარა ჩრდილს ცხვირზე გაეხახუნა.
მშიშარა ჩრდილი სულ გადაირია! ისე დაგრძელდა, რომ კარადაში ვეღარ დაეტია და გადმოვარდა.
- იქნებ არ მოგწონვართ? - კაბის ბოლოები ააფრიალა ჩრდილმა
- თქვეენ? პირიქით, ძალიან მომწონხართ... - აბუტბუტდა მშიშარა ჩრდილი.
- როგორ გამახარეთ, ესე იგი, წვეულებაზე ჩემი კავალერი იქნებით?
- სიამოვნებით, - გული მოეცა მშიშარა ჩრდილს, სულ გადაავიწყდა, რომ მშიშარა იყო.
უნდა გენახათ წესიერი კაცის სიხარული!
წვეულებაზე ფრიად პატივცემული სტუმრებიც გაიცნო და მერე მთელი საღამო თავის ლამაზ ცოლთან ერთად ცეკვავდა ადა ცეკვავდა.
ძალიან ბედნიერი იყო: ჩრდილი თან ახლდა და არსად გაქცევას აღარ აპირებდა.
თუმცა, სად გაიქცეოდა, კეკლუც ჩრდილს დააბზრიალებდა და აღარც ახსოვდა, რომ ძალიან, ძალიან მშიშარა იყო!