THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ღორი

თამარ გაბროშვილი

იყო ერთი ღრუტუნა ღორი, რომელიც ლაზათიანად მოწყობილ-მობუნაგებულ საღორეში ცხოვრობდა. იქვე, ეზოში ჭრელა კნუტი დაცანცალებდა. კნუტი აღარც კი ეთქმოდა, უკვე კატობაში იყო გადასული და თავად უხდებოდა საკუთარ თავზე ზრუნვა. ხშირად სტუმრობდა საღორეს. კაი დედაბერივით ჩამოუჯდებოდა ღორს და ჭორაობას გაუბამდა ხოლმე.
ერთხელაც, სასეირნოდ გამოშვებული, მთლად ამოტლაპული ღორი რომ დაინახა, გულმა ვეღარ მოუთმინა და კნავილი აუტეხა:
მიაუუ... აუუუ... აუუუუ... რას დამსგავსებიხარ, ხშირად მინახიხარ ასეთი ამოწუნკლული, რაღა მაინც და მაინც გუბეში ჩაწვები და კოტრიალებ, არა გრცხვენია? რავი, მე სულ თავ-პირის ბანვაში ვარ, ლამაზი რომ ვიყო, შენ რა გემართება?!
ეჰ, შენ რა იცი, ჩემო პატარავ, ცხოვრება როგორი ომია, გაძლება უნდა ვისწავლოთ! ახლა წავალ, ამ ტალახიან ჯაგარს რომელიმე ფისიან ხეს გავუხახუნებ და მერე შენ ნახე, მტერსაც კი შეშურდება, ისეთი მაგარი ჯავშანი გამიხდება! თქლაფ-თქლუფო და თავისი მებრძოლურ-კონუსური თავ-დინგი ნახევრადდამპალი, გადამწიფებული მსხლის გროვაში წაყო ღაბაბგასიებულმა ქუცუნამ.
რა კარგია ღორობა, არა? არ შეეშვა ფისო, დიდ ფუფუნებაში ყავხარ შენს პატრონს. რომ გიყურებ, გაოცებული ვრჩები. ყოველ დილა-საღამოს შეფუებული სიმინდის ფქვილი ან ქატო შენთვის მზადაა; ბაღი შენი საყვარელი ნაქარი პანტით და ჭანჭურითაა სავსე, ათასგვარი ხილია ძირს მოფენილი, ამდენი ჭამით პირი სულ აქაფებული გაქვს; რომ გძინავს, მაშინაც კი სიამოვნებისგან ღრუტუნებ.
კაი, კაი, შენც გემრიელად კრუტუნებ. მგონი შენც არ გაკლია სიამოვნება.
რას ამბობ, ნეტა მეც ღორი ვიყო და ერთი თაგვის საპოვნელად ამდენი წანწალი არ მჭირდებოდეს. მეც გაურჯელად მომდიოდეს საჭმელი. ხანდახან, თაგვს თუ ვერ დავიჭერ, ვწუწკობ; ჩემს გრძელ ულვაშებს რძეში, ხან კარაქში ჩავყოფ, ყველი და ძეხვიც ბევრჯერ დამითრევია. აბა, ერთი კარადის კარი დარჩეთ ღია, ან მაგიდაზე რაიმე, პირის ჩასატკბარუნებელი, მერე მე ვიცი და ჩემმა ვაჟკაცობამ; მაგრამ თუ შემომისწრეს, ვაი ჩემი ბრალი, ისე მოვცოცხავ ხოლმე, მათი წყევლა-კრულვაც ვერ მომეწევა... აბა, ესაა ყოფა, ჩემო ღორუნი?!
ეჰ, ჩემო კატუნი, რა ვიცი, აბა, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს და ამდენს ნუღა დამკნავიხარ, იქნებ ჭამა მაცალო, თორემ საჭმელი ყელში გადამცდება. გინდა დავიხრჩო? მერე ჩემს პატრონს რა პასუხი გავცე?
კაი, კაი, წავედი... კატამ თათები აილოკა, მერე პირზე მიისვ-მოისვა, რომ იტყვიან, პირი დაიბანა და მზეს შეხედა: ესაა სამართალი?! მას მუცელი ისე აქვს გამოტენილი, ლამის გაუსკდეს, მე კი ფერდები შიმშილით ლამის ერთმანეთზე მიმეკრას ზმორებით გაუყვა ორღობეს.
ერთხელაც, საახალწლოდ, საშოვარზე რამდენიმე დღით წავიდა; რომ დაბრუნდა, გადაწყვიტა, ღრუტუნას მეზობლურად მოვიკითხავო, მაგრამ... სადღა იყო ღორი.
გაიარა ზამთარმა და გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ხედავს, აივნის ბოძზე სახლის პატრონს ღორის ბარკალი გადმოუკიდავს; რაღაც გაიფიქრა, წამით შეყოვნდა, ეშმაკურად მოწკურა ფოსფოროვანი თვალები, შეხტა მოაჯირზე, თავის სიგრძეზე მეტად აიჭიმა და ხორცს კარგად დააკვირდა. სულ ფენა-ფენა ბზინავდა კანი, ქარვისფერ-ვარდისფერი მსუქანი თუ მჭლე ხორცი. თან რა სურნელი ჰქონდა?! ოჰოჰოჰო... სულ პილპილ-დაფნისა. ფისომ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა, ერთი ნერწყვი კი გადაყლაპა, სანამ ჩაიკნავლებდა: კიდევ კარგი მეც ღორი არა ვარო, რომ, სად იყო და სად არა, მოაჯირზე ამხტარ და სალაზე ბრჭყალჩაჭიდებულ კატას პატრონმა მოჰკრა თვალი; როგორ თუ სარჩოში მეცილებაო, ისეთი ვაიუშველებელი ატეხა, კატამ გამოქანებულ ხელკეტს ძლივს ჩაასწრო კიბეებზე. კუდაპრეხილი ელვის სისწრაფით ჩარბოდა და კნაოდა: ღორი! ღორი!