THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბროწეულა და პატარა მომღერლები

ლამარა ესართია

ერთ საღამოს თაკო და თიკო აივნიდან გადასცქეროდნენ ციმციმა ვარსკვლავებს და მათ შორის ყველაზე ლამაზის ამორჩევას ცდილობდნენ.
- აი, ეს არის ყველზე ელვარე! - ამბობდა თაკო.
- არა, ეს უფრო მეტად კაშკაშებს! - ამტკიცებდა თიკო.
და როცა ეგონათ, რჩეულს მივაგენითო, - ცაზე მაცდურად უფრო და უფრო მშვენიერი ვარსკვლავი გამოგოგმანდებოდა და სხვების სილამაზეს დაჩრდილავდა.
- აი, აი! - აჟრიამულდებოდნენ ბავშვები, მაგრამ ერთმანეთზე უფრო კოპწია მნათობთა რიალს დასასრული არ უჩანდა. მერე გოგონები ცივწყალდასხმულებივით გასუსულები თვალს აყოლებდნენ მათს ზემოთ მოზეიმე ვარსკვლავთა ჯარს.
ერთხელ თიკომ დაიკოს ახარა:
- აი, შეხედე, ერთი მნათობი ჩამოვარდა!
- არა, დაია, - არ დაეთანხმა თიკო. პაპამ თქვა, ვარსკვლავები ძირს კი არ ცვივიან, არამედ ადგილს იცვლიან ცაზეო.
თიკომ თავი დახარა. დაფიქრდა. მერე ის ზღაპარი მოაგონდა, ბებომ რომ უამბო. ერთი საბრალო გოგონა თურმე ყოველ საღამოს ტყე-ღრეში დაეხეტებოდა და ამაოდ ეძებდა ვარსკვლავს, რომელიც თითქოს სულ ახლოს, ხელს ერთ გაწვდენაზე ჩამოვარდა.
ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ამღერდნენ. მოეჩვენათ, თითქოს თბილისური სახლების სახურავების ანარეკლს ხედავდნენ ცის კაბადონზე. მოგვიანებით შენიშნეს, რომ უამრავ ლამაზ მნათობთა შორის ყველაზე გამორჩეულმა ადგილი მოინაცვლა და ზედ მათი აივნის თავზე დაბრძანდა. პატარებს ნატვრა აუსრულდათ. თითქოს მფარველ ანგელოზად მოევლინათ ოცნების ვარსკვლავი.
თაკომ და თიკომ ბროწეულის ყვავილივით მოელვარე მნათობს ბროწეულა შეარქვეს. საღამოობით გოგონები აივანზე გამოდგებოდნენ და ბროწეულას შეჰხაროდნენ, მას უმღეროდნენ. ისიც ციმციმებდა, კაშკაშებდა და მომღერალ პატარებს უნაზეს სხივებს უგზავნიდა.
გავიდა დრო. ბავშვებს სიხარულის ახალი ჯადოქარი ეწვიათ. ახლა საღამოობით, ჯერ ბაბილინას ზღაპრებით ტკბებოდნენ, შემდეგ კი სერიალის ყურებით ირთობდნენ თავს. ტელევიზორის წინ ჩაძინებული გოგონები დედას რიგრიგობით მიჰყავდა საწოლამდე. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოეძალათ ბროწეულას სიყვარული და გარეთ გამოფრთხიალდნენ. დიდხანს იდგნენ აივნის მოაჯირზე ხელებდაყრდნობილნი, მაგრამ ამაოდ, - ცის კაბადონზე ბროწეულა არ გამობრძანდა. ასე გაგრძელდა კარგა ხანს.
- გაგვებუტა. - დაასკვნა თაკომ და კამკამა, ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო.
- რატომ? - რატომ? - კუნწულა ცრემლები გადმოჰყარა თიკომაც. დაიებს საფიქრალი გაუჩნდათ.-მოდი, დაიკო, ყოველ საღამოს საზეიმო კაბები ჩავიცვათ! - გამოსავალს მიაგნო თაკომ.
- ასე მოვიქცეთ! - თიკოს თვალებში ეშმაკუნები გაკრთა. თმებიც ლამაზად დავივარცხნოთ!
- ხან გავიშალოთ, დავიკულულოთ, ხან კიკინები გავიკეთოთ!
- დედაც არასოდეს გავაჯავროთ!..
ახლა დაიები, თითქოს სამეჯლისოდ ემზადებიანო, - აივანზე კოპწიად ჩაცმულები გამოდიოდნენ, დედიკოსაც ყოველთვის უჯერებდნენ, ეალერსებოდნენ, მაგრამ მეგობრებზე შემომწყრალი ბროწეულა უჩინმაჩინის ქუდს მაინც არ თმობდა.
ერთ საღამოს, გოგონებმა თავიანთი დარდები მთვარეს გაანდეს. მნათობმა გაიცინაL
- ბროწეულას არც თქვენი ტანსაცმელი აინტერესებს და არც ვარცხნილობა. იმას მხოლოდ სიმღერები მოსწონს. აბა, დაფიქრდით, რამდენი ხანია, რაც თვენი ხმა არ გვსმენია? მოდით, სერიალებს თავი დაანებეთ. იმღერეთ ისე, რომ თითოეულ მელოდიაში სიყვარული იგრძნობოდეს. ჰაიჰარად ნამღერი ბროწეულას არ მოხიბლავს. იცოდეთ, არცერთი ვარსკვლავებიანი ღამე არ გამოტოვოთ! ძილის წინ, მეგობარს სიმღერით დაემშვიდობეთ და მერე ვნახოთ! - დაიბუბუნა მთვარემ და სიფრიფანა ღრუბლების მდინარეში შეცურდა.
მას შემდეგ თაკო და თიკო ბროწეულას ყოველ ვარსკვლავებიან ღამეს უმღეროდნენ, ეჩვენებოდათ რომ მათი ნამღერი ცას სწვდებოდა, იქიდან კი ჯადოსნურ მელოდიად ქცეული უკან ბრუნდებოდა. მნათობი კაშკაშებდა, თითქოს სიხარულზე სიხარული ემატებოდა, დაიების სიმღერები კი ანკარა წყაროსავით რაკრაკა და ჟღერადი ხდებოდა. მეზობლებმა თიკოს და თაკოს მომღერალი ჩიტუნები შეარქვეს. საღამოობით ისინი ფანჯრებთან მოჯარულნი, ყურებდაცქვეტილები ისმენდნენ დაიების გალობას. გოგონები საბავშვო ბაღს დაემშვიდობნენ. ახლა ხელიხელჩაკიდებულნი სკოლაში დადიოდნენ. უსიმღეროდ უკვე ვეღარ სძლებდნენ. მათთვის აივანი სცენა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კი მელოდიების მოყვრულთა დიდი დარბაზი.
ერთხელ დედამ მიახარა:
- ხვალ კონცერტზე მიდიხართ. იქ თქვენი საყვარელი სიმღერები უნდა იმღეროთ.
- როგორ? ვინ თქვა? - გაოცდნენ ბავშვები.
- მასწავლებელმა დამირეკა.
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და დამფრთხალი ჩიტებივით აჟივჟივდნენ.
- არ შეგვიძლია!
- არაფერი გამოგვივა. ჩვენ მხოლოდ აქ, აივანზე ვმღერით ხოლმე!
- რა აივანი აიჩემეთ. ყველამ ასე რომ მოისურვოს, სცენაზე არც ერთი მომღერალი არ გამოვა და კონცერტებიც არ გაიმართება! - გაბრაზდა დედა.
ჩვენ ჩვენი საიდუმლო გვაქვს!
- დიახ!
- რა საიდუმლო?
- არ გეტყვით!
დედა საგონებელში ჩავარდა. ოთახის შუაგულში იდგა და ხელებს უმწეოდ ასავსავებდა. ტელეფონთან მივიდა, გადაწყვიტა, მასწავლებლისათვის ყველაფერი აეხსნა და ბოდიშიც მოეხადა, მაგრამ თიკომ შეაჩერა.
- მოვიფიქრე! - წამოიძახა. მერე თიკოს ყურში რაღაცა უჩურჩულა. ბავშვებმა ტაში შემოჰკრეს და დაბზრიალდნენ:
- რამპამპიური, რამპამპიური!..
- დედა, შენ უნდა დაგვეხმარო!
- როგორ?
- საზეიმო კაბების გულისპირებზე ვარსკვლავები უნდა ამოგვიქარგო.
დედამ შვილებს თხოვნა შეუსრულა. მეორე საღამოს კონცერტმა ჩინებულად ჩაიარა. უხაროდათ პატარებს, თავს იწონებდა დედა. მას შემდეგ დაიები კონცერტებზე ყოველთვის ვარსკვლავებიანი კაბებით გამოდიოდნენ. - რა ამბავი, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს?
- რას გადაეკიდნენ ვარსკვლავებს? - ტუჩებს იბზუებდნენ მარი და ნინი.
- დაიკოებს კი თავიანთი საიდუმლო ჰქონდათ. ბროწეულა უფრო იდუმალ ფიქრებს შეეპყრო. იგი თაკოსა და თიკოს დიდ სცენაზე, დიდ არენაზე გამოსასვლელად ამზადებდა.