THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კუდიანი ვარსკვლავის და პატარა ბიჭის ამბავი

ლელა ფირცხალავა

ერთხელ კუდიანი ვარსკვლავი დეიდა მთვარის ჰამაკში ჩახტა და იმდენი იქანავა, პირდაპირ ერთი პატარა ბიჭის ჩაის ჭიქაში მოადინა ტყაპანი.
პატარა ბიჭს ხმაურზე გამოეღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და რას ხედავს?
ჩაის ჭიქა ვერცხლისფრად ანათებს და სულ წკარა-წკური გაუდის!
შეშინებულმა პატარა ბიჭმა თავზე საბანი წაიფარა და გაიტრუნა.
-ეი, მიშველეთ, იქნებ ამ ორმოდან ამომიყვანოთ - მოისმა ჭიქიდან.
პატარა ბიჭს უფრო შეეშინდა და ახლა საბანთან ერთად თავზე ბალიშიც წაიფარა.
მიშველეთ, მიშველეთ - ისევ აწკარუნდა კუდიანი ვარსკვლავი.
პატარა ბიჭმა გული გაიმაგრა, ამ ჭიქაში ვერც ლომი ჩაძვრებოდა და ვერც ვეფხვი, ალბათ ციცინათელა თუ ჩავარდა და აბა, ციცინათელის როგორ უნდა შემეშინდესო, საბნიდან ჯერ გაბურძგნული თავი ამოყო, მერე დაჭყეტილი თვალები, მერე პაჭუა ცხვირი და ჩაის ჭიქას მიაჩერდა.
- მანდ ვინ არის? - იკითხა ჩუმად.
- კუდიანი ვარსკვლავი, ციდან ჩამოვვარდი, ამ ორმოში გავიჭედე და სახლში ვეღარ ვბრუნდები.
- ეს ორმო კი არა, ჩაის ჭიქაა - გაეცინა ბიჭს და კუდიანი ვარსკვლავი ხელისგულზე დაისვა.
- ესეც ასე - დაიწკარუნა ვარსკვლავმა - დიდი მადლობა, პატარა ბიჭო, სიამოვნებით ვითამაშებდი შენთან, მაგრამ ძალიან მეჩქარება - კუდიანმა ვარსკვლავმა პატარა ბიჭს პაჭუა ცხვირზე აკოცა და ახტა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჭაღზე კუდით ჩამოეკიდა.
- არა, არა, ასე არაფერი გამოვა, უფრო კარგად უნდა ავხტე - ჩაიბურტყუნა შერცხვენილმა, მაგრამ რა? ვერაფრით მოახერხა ცაზე შეხტომა.
დაჯდა და დაიწყო ტირილი.
პატარა ბიჭს ძალიან შეეცოდა კუდიანი ვარსკვლავი, ჩასვა ბადურაში და მეზობელ ძია ასტრონომთან წაიყვანა, ის ნამდვილად უშველისო.
ძია ასტრონომი სახურავზე იჯდა და ოცნებობდა. პატარა ბიჭის დანახვა ძალიან გაეხარდა, მოდი, ერთად ვიოცნებოთო და ჩაიჩოჩა.
- არა, მეჩქარება, - საქმიანად უთხრა პატარა ბიჭმა და კუდიანი ვარსკვლავის გასაჭირი უამბო.
ძია ასტრონომი გაოცებისგან ლამის სახურავიდან გადმოვარდა, ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ მქონიაო. დიდხანს უტრიალა კუდიან ვარსკვლავს, ტელესკოპითაც დააკვირდა, რვეულში რაღაც გამოითვალა, მაგრამ ამაოდ, ვერაფერიც ვერ მოიფიქრა.
დაღონებული პატარა ბიჭი სახურავზე ჩამოჯდა და სწორედ ამ დროს...
- უუუ! - გზაზე სახანძრო მანქანამ ჩაიხრიგინა, მერე გვარიანად დაიქშუილა და გაჩერდა. მანქანიდან ღიპიანი, ულვაშა მეხანძრე ხოხვით გადმობობღდა.
- რამე ხომ არ გიჭირს, პატარა ბიჭო, იქნებ სახურავიდან ვეღარ ჩამოდიხარ? - ასძახა პატარა ბიჭს.
- მე არაფერი, მაგრამ ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება - ჩამოსძახა პატარა ბიჭმა. მერე დაავლო ხელი ვარსკვლავიან ბადურას, სახურავიდან ჩამოვიდა და მეხანძრესაც უამბო კუდიანი ვარსკვლავის გასაჭირი.
- ხა-ხა-ხა-ხა! - აროხროხდა მეხანძრე - მაგაზე ადვილი რა არის? - მანქანაში ისევ ოხვრით შებობღდა და სახანძრო კიბე გაშალა, - აბა, შე მართლა კუდიანო, ახტი კიბეზე და აქ აღარ დაგინახო - თვალი ჩაუკრა ვარსკვლავს.
გახარებული კუდიანი ვარსკვლავი მეხანძრეს და პატარა ბიჭს დაემშვიდობა და კიბეზე შეხტა.
- სკუპ-სკუპ-სკუპ - მიხტოდა საფეხურებზე.ჯერ სახლის სახურავებს ასცდა, მერე ხის კენწეროებს, მერე კიდევ ერთხელ ისკუპა და ცას შეახტა.
ის დღე იყო და ის დღე, კუდიან ვარსკვლავს დეიდა მთვარის ჰამაკისკენ აღარ გაუხედავს, მხოლოდ ეგ არის, რომ კეთილი პატარა ბიჭი ძალიან ენატრება, ყოველ საღამოს მის ფანჯარაში იჭყიტება და ხმამაღლა წკარუნობს.
პატარა ბიჭს ძილში ნაცნობი წკარუნი ჩაესმის და ტკბილად ეღიმება.