THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ილია ჭავჭავაძე

ქართვლის დედას
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...


გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.


მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?


მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,


ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთი ვალი!


აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -


რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.


დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.


გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა სტირის.


აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები,
მამულო, საყვარელო,
შენო როსღა აყვავდები?


ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...


არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“


* * *
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?


დამაკვირდი
I
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.
III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.
IV
წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.
V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.
VI
შუბი დიდია და მძლავრი,
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წყნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.
VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს

ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.
VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„ძალა აღმართის მხვნელია“.
IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.
X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,

ვინცა უბედურთ მხსნელია.
XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,
უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
შენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე;
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, -
არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.
XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.
XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია.
XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.