THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კრუსუნა

თამარ გაბროშვილი

იყო ერთი დამჯერი თაგუნა. დედის დარიგება მუდამ ახსოვდა: ”შვილო, შორს ნუ წახვალ, ახლომახლო ისეირნე და მალე ისევ სოროში დაბრუნდიო”.
იზრდებოდა თაგვი, მაგრამ სოროს მაინც ვერ სცილდებოდა.
იქვე ახლოს ჩამომჯდარი ფისო, თავისი მბზინავი თვალებით, თაგუნიას შესცქეროდა და ულვაშებში ეღიმებოდა:
- ეს რანაირი თაგვია, არაფერი აინტერესებს. სოროდან შიშით ცხვირი ვერ გამოუყვია, რა წამს გამოცუნცულდება, იმწამს უკანვე შეცუნცულდება. ასეთი თაგვი გინდა ყოფილა ამ ქვეყანაზე, გინდა არა. მოდი, სოროსთან ჩავუსაფრდები, გამოვა თუ არა, კლანჭებში მოვაქცევ მაგ წრიპინას და შორს წავაბურთავებ. Mერე, მერე კი ვაჩვენებ, ჩემს მუცელში რა ხდება.
ასეც მოიქცა.
- ჩემი სორო, ჩემი სორო... - ფისოს თათებით მოთეთქვილი თაგვი სულს ძლივსღა ითქვამდა.
- ახლავე გაჩვენებ კარგ სოროს, - უთხრა ფისომ თაგუნიას და თვალის დახამხამებაში გადასანსლა.
- აუ, რა თბილა, - მოეწონა წრუწუნას ახალი ადგილ-სამყოფელი.
ფისოს მუცელი დიდ საკონცერტო დარბაზად ქცეულიყო, სადაც თაგვებს ტაშფანდურა გაემართათ. ყველა მხიარულობდა. არც ჩვენს ფისოს მოუწყენია. მზის გულზე გაწვა, თვალები მილულა და თაგუნიების კონცერტი საამო კრუტუნით გაახმიანა. ზოგიერთს კი ეგონა, ზღაპარს ყვებაო.