THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბროლის ციგა

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

ნათია ლამაზ სოფელში ცხოვრობს.
ჰოდა, სწორედ ამ სოფელში დიდი თოვლი და ახალი წელი ერთად მოვიდა. ნათიას პაპას დიდი თოვლის არ შეშინებია, ადგა და ტყეში წავიდა. ნათია ელოდა, ელოდა პაპას, მერე ბუხართან მიწვა და ტკბილად მიეძინა. ძილში ვიღაცის კვნესა მოესმა. გამოეღვიძა, მიიხედ-მოიხედა და რას ხედავს, - პაპას ნაძვის ხე მოუტანია, თვითონ ტახტზე წევს და დევივით ფშვინავს.
- შენ ტირი?.. - ნათიამ ფრთხილად შეახო ხელი ნაძვს წიწვებზე.
ნაძვმა ტოტები შეარხია და ისევ აზლუქუნდა. ნათია დაიბნა. აღარ იცოდა, რა ექნა. ჯერ პაპასთან მივიდა, შეანჯღრია, მაგრამ დაღლილმა პაპამ მხოლოდ გვერდი იცვალა. მერე ნათია ისევ ნაძვს მიუბრუნდა, იფიქრა, სცივაო, და ბუხართან მიიტანა.
- იჰ, ქარბუქში გამოზრდილს სითბო რად მინდა, მე ჩემი დედა მინდა, ტყეში მინდა!.. - ტიროდა ნაძვი.
- დედასთან გინდა? შე საწყალო, ნუ ტირი, ახლავე წაგიყვან... - დედისეული თავშალი სწრაფად შემოიხვია, ნაძვი ეზოში გაიტანა, პაპას გაკეთებულ თხილამურებზე შედგა და ტყის გზას დაადგა.
კაშკაშა მთვარის შუქზე თოვლი ბროლივით ციმციმებდა. ყინვამ ნათიას სახე აუწვა და თითები გაუთოშა, ქარმა ნაძვი ერთიორად დაამძიმა.
მაგრამ სიკეთე ვის დაკარგვია ქვეყნად?!
ყინვამ სუსხი უბეში შეინახა, ქარმა ფრთები დაიმოკლა, თოვლმა ზურგი გაიმაგრა. სად იყო და სად არა, ნათიას ბაჭია წამოუხტა და წინ დაუცუცქდა.
- ნათია, მომყე, ნურაფრისა გეშინია, - უთხრა და სკუპ-სკუპით წინ გაუძღვა.
ახლა ბუნაგიდან დათუნია დრუნჩა გამოგორდა, ნათიას თავი დაბლა დაუკრა და, ნაძვის ხეს წამოგიღებო, უთხრა.
მელაც გამობრძანდა სოროდან, ჯერ ხეებს ამოფარებული ქურდულად უთვალთვალებდა მგზავრებს, მერე გათამამდა და ისიც უკან გაჰყვა.
ნათია თოვლით დაბარდნილ ტოტებსა და ბუჩქებში მიიკვლევდა გზას. წინ მეგობრები მიუძღოდნენ. უეცრად რაღაც ხმაური გაისმა, ნათია შეჩერდა და ყური მიუგდო.
- ამ შუაღამისას ჩვენს სამფლობელოში ვინ შემობედა!.. - გაჰკიოდა ჭოტი.
- ჩემი არ გეშინიათ?! - ყმუოდა მგელი.
ტყის ხმაურმა ისე შეაშინა ნათია, აღარ იცოდა, საით წასულიყო, მაგრამ აქაც ბაჭიამ უშველა.
- ჩვენი მოკეთეა, ნათლიებო! - გასძახა ტყეს, თან ნათიას ანიშნა, მომყევიო.
შუა ტყეში დედა ნაძვი იდგა, ტოტებს კენწეროზე იცემდა და მოთქვამდა. უეცრად შეჩერდა და ნათიას დააცქერდა. ჯერ ეგონა, მეჩვენებაო, მაგრამ პატარა ნაძვი თვითონ გაეხმაურა დედას:
- დედი! მე ვარ, ვერ მიცანი?! - შესძახა ნაძვმა და ნათიას შეეხვეწა, დედასთან მიმიყვანეო.
ნათიამ ხე დედასთან მიიყვანა. დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. გახარებული ნათია ხან დედას შეჰყურებდა, ხან შვილს.
- დათუნი, აბა, ერთი მომეშველე, ფეხზე დავაყენოთ პატარა ნაძვი, - უთხრა ნათიამ დრუნჩას.
- მოიცა, ნათია, ჭოტს წამალი ვთხოვოთ, თორემ ისე ჭრილობა არ მოუშუშდება.
- მოვდივარ, მოვდივარ! - ჩანთა მოიმარჯვა ჭოტმა და პირდაპირ ხის ძირას დაეშვა.
დრუნჩამ მალამოს გასაკეთებლად გეჯით თაფლი მოიტანა, კოდალამ ხის დახვეული ქერქი გადმოაფინა, ზღარბმა ნემსი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგნენ.
დრუნჩამ ნაძვი გულზე მიიკრა, ჭოტმა და ნათიამ ჭრილობაზე მალამო წასცხეს და ციმციმ შემოდგეს თავის ფესვებზე. მერე გოგონამ კოდალას მიწოდებული ხის ქერქი ზემოდან შემოახვია და თხუნელას დაუძახა, მომეშველეო. ისიც გულმოდგინედ ამუშავდა და ფესვებს მიწა მიაყარა.
- დაგიამდა ფესვები? - შესცინა ნათიამ ნაძვის ხეს.
- დედას გეფიცები, აღარაფერი აღარ მტკივა, - ტოტები გაშალა ნაძვმა და ნათიას შემოეხვია, - აბა, რით გადაგიხადო სიკეთე?
- ნათიას უპატივცემულოდ ნუ გავუშვებთ! - ახმაურდა ტყე.
- ნუ შეწუხდებით! - ხელები გაასავსავა ნათიამ.
- ეს ჩვენგან, - კუდბუთქუნა ციყვმა ხმელი ნიყვი და ჩირი ჩამოარბენინა თავისი ფუღუროდან.
- ეს ჩემგან, - მაჟალო და ჩაშავებული პანტა ამოზიდა ზურგით ზღარბმა.
- რა ვქნა, მოუხარშავ ქათამს არ მიირთმევ, თორემ... - გაინაზა მელა და თავსაფარი შეისწორა.
- მეხი კი დაგაყარე, ვის რად უნდა შენი ნაქურდალი! - შეუტია დრუნჩამ და ნათიას თაფლი მიართვა.
- აჰა, პაპას წაუღე, საახალწლო გოზინაყი და ალვახაზი მოგიხარშოს!
- გეთაყვა, როგორ წავიღო ამდენი რამე... თანაც, სადაცაა მთვარე ჩავა და გზას ვეღარ გავიგნებ.
- ეგ ნუ გედარდება, ჩემო ნათია! სხივებით ციგას დაგიწნავ, შიგ ჩაგაბრძანებ და შენს ეზოში მიგასრიალებ, - გაიბადრა მთვარე და ვერცხლისფერი სხივებით კრიალა ბროლის ციგა დაუშვა ციდან.
ნათია მეგობრებს გამოემშვიდობა და ბროლის ციგით შინისაკენ გასრიალდა. ბაჭიამ მოასწრო და ციგას უკან შეასკუპდა.